აფხაზების გამარჯვება ჟენევის მოლაპარაკებებზე

აფხაზების გამარჯვება ჟენევის მოლაპარაკებებზე

გასულ კვირას აფხაზებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს - ამჯერად მოლაპარაკების მაგიდასთან, ჟენევაში.
    როგორც ცნობილია, უშედეგოდ დამთავრდა ქათულ-აფხაზური დიალოგის მორიგი რაუნდი. აფხაზები, რა თქმა უნდა, არ დათანხმდნენ (და ნებით არც არასდროს დათანხმდებიან) აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ფსოუდან - ენგურამდე სამშვიდობო ჯარების განლაგებას. ისინი მოითხოვდნენ ჯარების განლაგებას მხოლოდ „დაპირისპირების ხაზზე“ - მდინარე ენგურის გასწვრივ.
    აღსანიშნავია, რომ მათ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა გაერომაც. გენერალური მდივნის მუდმივმა წარმომადგენელმა, ედუარდ ბრუნერმა საკმაოდ გაღიზიანებული ტონით განაცხადა, რომ «ქართულ მხარეს ჯიუტად სურს მიანიჭოს სამშვიდობო ჯარებს მათთვის უჩვეულო ფუნქციები - მაშინ, როდესაც ეს ჯარი ყველგან მხოლოდ და მხოლოდ მებრძოლ მხარეთა დაშორიშორებისთვის გამოიყენება».
    მებრძოლ მხარეთა დაპირისპირების ხაზი კი, როგორც ცნობილია, ენგურზე გადის.
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აფხაზებმა ოსტატურად მიაღწიეს ლტოლვილთა პრობლემის გამიჯვნას აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების შეყვანის საკითხისაგან.
    უეჭველად მათი წინადადება იქნებოდა ამ აშკარად ურთიერთდაკავშირებულ საკითხზე ორი სხვადასხვა მოლაპარაკების გამართვა. სეპარატისტებმა ხომ შესანიშნავად იციან - არც ერთი ლტოლვილი აფხაზეთში არ დაბრუნდება, თუ არ ექნება უსაფრთხოების სრული გარანტია. ამგვარი გარანტია კი წარმოუდგენელია რეგიონში ჯარების შეყვანის გარეშე. სიტყვით აფხაზები თანახმანი არიან ლტოლვილთა უმრავლესობა დააბრუნონ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვით.
    საქმით კი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს არ მოხდეს. შედეგად რა მივიღეთ? შედეგად (უკვე თვალნათელია) მივიღეთ ის, რომ საქართველომ, ერთის მხრივ, აღიარა აფხაზეთის კონსტიტუცია, კანონმდებლობა, გერბი, ჰიმნი, დროშა, ხოლო მეორეს მხრივ, ვერ დააბრუნა ლტოლვილები. ეს უკვე კატასტროფაა!
    ჩვენთვის გაუგებარია, როგორ არ ესმის საქართველოს ხელისუფლებს რომ ეს პრობლემა მოლაპარაკებით ვერ გადაწყდება? ჯერ ხომ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა, ომში გამარჯვებულ მხარეს რაიმე დაეთმოს მოლაპარაკების შედეგად? სამაგიეროდ, მოლაპარაკების პროცესი კვლავ და კვლავ აფიქსირებს ორი ლეგიტიმური მხარის - საქართველოსა და აფხაზეთის არსებობას.
    სავსებით გასაგებია, რისი იმედიც აქვს ხელისუფლებას - მას სურს რუსეთის ზეწოლით აიძულოს აფხაზები, წავიდნენ რეალურ დათმობებზე. მაგრამ თუ ასეა, რით ავხსნათ ის განსაცვიფრებელი ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს საგარეო პოლიტიკაში?
    ნუთუ არ არის ნათელი, რომ ასეთ პირობებში რუსეთს საშინლად გააღიზიანებდა საქართველოს მიერთება «ნატოს» სამხედრო პროგრამასთან?  არანაკლებ გააღიზიანებდა სახელმწიფოს მეთაურის განცხადებები სერბიის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების თაობაზე.
    თუ პრობლემის მოგვარება რუსეთის მეშვეობით გვსურს, მაშინ რატომ ვაკეთებთ სწორედ იმას, რაც მისთვის მიუღებელია? მაგრამ ესეც, როგორც ჩანს, იმ «ბალანსირების» კომპლექსში ჯდება, რომელმაც (თუ გულახდილნი ვიქნებით) დააკარგვინა საქართველოს აფხაზეთი. ასეთ საკითხებში ყოველგვარი «ბალანსირება» დაუშვებელია - ამ ფუფუნების უფლება მხოლოდ ძლიერებს აქვთ და არა სუსტებს, რომელთაც ასიოდე ჯარისკაცი ვერ შეუკრებიათ აფხაზეთში უკანასკნელი პლაცდარმის შესანარჩუნებლად.

    გასულ კვირას СНГ-ს ქვეყნების ხელმძღვანელთა შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან «თანამეგობრობას» საკუთარი დროშა ექნება. ეს სიმბოლურია - ამ დროშით ელცინი უკვე აშკარად ცდილობს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენას.
    საქართველოს დელეგაცია მთავარ ამოცანას აფხაზეთის პრობლემისათვის დამატებითი გარანტიების მიღებაში ხედავდა. როგორც იქნა ხელისუფლება მიხვდა, რომ გაერო მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ იღებს და რომც მიიღოს - ეს ჯარები იქნება ნეიტრალური. რაც ნიშნავს აფხაზეთში ბოსნიის ვარიანტის განმეორებას - პირველი გასროლისთანავე გაეროს ჯარები აიკრავენ ბარგი-ბარხანას და აფხაზეთიდან გაიქცევიან. ომს აფხაზებს ისინი არ დაუწყებენ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ომის წარმოება, ფაქტობრივად, რუსეთის არმიასთან მოუწევთ.
    СНГ-ს საბჭოს რეზოლუცია, ერთი შეხედვით, იმედისმომცემია - რაკი თანამეგობრობა გამოთქვამს მზადყოფნას აფხაზეთში საკუთარი სამშვიდობო ჯარები შეიყვანოს. მაგრამ დავაკვირდეთ - ამ განცხადებაშიც ნათქვამია: «ორივე მხარის თანხმობით». ესე იგი, თუ აფხაზებმა კვლავ უარი თქვეს, მაშინ იგივე «კარუსელი» დატრიალდება.
    ჩვენ (უფრო სწორად ჩვენი ხელისუფლება) ბოლოსდაბოლოს უნდა მივხვდეთ: იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც სამშვიდობო ჯარებს უნდა დაეკისროთ აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებისათვის, შეძლებს მხოლოდ რუსეთის არმია. ეს არმია კი ამას არ გააკეთებს მანამ, სანამ საქართველო არ მოეშვება დასავლეთთან კეკლუცობას და არ დათანხმდება აფხაზეთში ე.წ. «ცხინვალის ვარიანტის» განმეორებაზე.
    ანუ, დღევანდელი სახელმწიფოებრივი კურსის პირობებში, აფხაზეთის დასაბრუნებლად აუცილებელია სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება (СНГ-ს გვერდის ავლით) რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შექმნის რუსეთი ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტიებს. და თუ არძინბა ამ ვარიანტზეც იტყვის უარს, მაშინ მას საქმე უკვე რუსეთთან ექნება. ეს უკანასკნელი მას, რა თქმა უნდა, უმალვე მოუგრეხს კისერს.
    ჩანს, სახელმწიფოს მეთაურს ძალიან აღელვებს საკუთარი იმიჯი - მას არ სურს, ოპოზიციას ახალი «არგუმენტები» მისცეს, მაგრამ თუ შევარდნაძე მართლა სახელმწიფოს მეთაურია, იგი ვალდებულია ასეთი ნაბიჯი გადადგას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აფხაზეთს სამუდამოდ დაკარგავს.
    ზოგჯერ «სახელის გაწირვა» ყველაფერზე ძნელია. რაც შეეხება ოპოზიციას - იგი ბევრს იყვირებს, მაგრამ შინაგანად ისევე შეურიგდება ამას, როგორც СНГ-ს შეურიგდა.
    აქ არის კიდევ ერთი საშიშროება - ბოსნიაში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება თავგზა აუბნიოს ქართველ პოლიტიკოსებს. მათ შეიძლება ეგონოთ, რომ დადგა დრო რუსეთზე «დასავლური ზეწოლის» გამოყენებისა, მაგრამ ეს ილუზია იქნება.
    ჯერ ერთი, აფხაზეთი (ბოსნიისაგან განსხვავებით), უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოებრივი გავლენის სფეროში იმყოფება. მეორეც: ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის «გეოპოლიტიკური კუთვნილების» გამო (ბალტიის ქვეყნების გარდა), დასავლეთი რუსეთს სულაც არ ედავება - დავა მიდის ბალკანეთისათვის და ეს დავაც, ალბათ, ამ რეგიონის გაყოფით დასრულდება.
    ზემოთთქმულთან თითქოს პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სწორედ გასულ კვირას საბოლოოდ მოკვდა კუპონი. მისმა ინფლაციამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის სრული კრახის მაჩვენებელი გახდა.

«მსგეფსი», 19-26 აპრილი, 1994 წელი.