აფხაზები ტერორის არეალს გააფართოებენ 

აფხაზები ტერორის არეალს გააფართოებენ 

 

    მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში მომხდარ აფეთქებებს ზოგიერთები «შიდა ქართული» ექსტრემიზმის გამოვლინებად თვლიან, საქართველოს სპეცსამსახურთა წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ტერაქტები მათი აფხაზი «კოლეგების» ნახელავია. ამაზე მეტყველებს დივერსანტთა პროფესიონალიზმი და გამოყენებულ მოწყობილობათა ტექნიკური დონე. სოხუმის ხელისუფლებამ ნამდვილად აღასრულა მუქარა: «თუ არ შეწყდება «თეთრი ლეგიონის» თარეში, მივმართავთ ადეკვატურ ზომებს».
    ამგვარ ზომებში იგულისხმება დივერსიები საქართველოს ტერიტორიაზე - ოღონდ ნურვის ჰგონია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ზუგდიდი იგულისხმება. სეპარატისტები უეჭველად შეეცდებიან ტერორისტული არეალის გაფართოებას არა მარტო სამეგრელოს ან დასავლეთ საქართველოს, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. სრულიადაც არ არის გამორიცხული, ანალოგიური ტერაქტების განხორციელება თბილისშიც - თუ «ლტოლვილებად» შენიღბული აფხაზი დივერსანტები ზუგდიდში ახერხებენ შესვლას, ისინი თბილისამდეც ადვილად ჩამოაღწევენ. დედაქალაქში ათიათასობით ლტოლვილი შემოდის ყოველდღიურად სავაჭროდ, სარჩოს საძიებლად და ა.შ. მათთან ერთად შემოაღწევენ ტერორისტებიც. თბილისში კი სულ ადვილია დივერსიის განხორციელება. საკმარისია შეუმჩნევლად დადო ჩანთა მეტროს ვაგონში ან ბაზრობაზე და ასევე შეუმჩნევლად გაეცალო იმ ადგილს. არ არის გამორიცხული, აფხაზებმა სხვა სახის ტერორისტული აქტებიც განახორციელონ. კერძოდ, სცადონ საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეთა და პოლიტიკოსთა ლიკვიდაცია, ოღონდ არა თვიმიზნურად, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა მოჰყვება კონკრეტულად ამ აქტებს: გამოიწვევენ თუ არა ისინი დამანგრეველ საზოგადოებრივ პოცესებს, დესტაბილიზაციას და ა.შ. სეპარატისტებმა შურისძიების წყურვილი უკვე მოიკლეს და ახლა მხოლოდ რაციონალური მოსაზრებებით იმოქმედებენ. რაც ყველაზე მთავარი და საინტერესოა, ისინი ძალზე აქტიურად მუშაობენ ლტოლვილებთან, ნერგავენ მათ შორის აგენტებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და ა.შ. თუ ქართული სპეცსამსახურები ანალოგიურ ხერხებს არ მიმართავენ, მტრის ასეთმა აქტიურობამ შეიძლება ძალზე მძიმე შედეგი გამოიღოს. აფხაზები ამ შემთხვევაშიც გვჯობნიან ჭკუითა და შორსმჭვრეტელობით. მათ კარგად უწყიან, რომ ლტოლვილთა უზარმაზარი მასა «ფეთქებადსაშიშია» და რაც უფრო აქტიურად «იმუშავებენ» ამ მასასთან. მით უფრო მომზადებული შეხვდებიან ყოველგვარ მოულოდნელობას. სამწუხაროდ, საქართველოს პროფესიონალური ანტიტერორისტული სამსახური არ ჰყავს. ისიც უნდა ითქვას, რომ უშიშროებაში პოლიციის, თუნდაც ძალზე გამოცდილ მუშაკთა მომრავლება ნამდვილად არ ნიშნავს სპეცსამსახურის გაძლიერებას. იმ სპეციფიკური ფუნქციის გათვალისწინებით, რომელიც მან უნდა იკისროს, პოლიცია და უშიშროების სამსახური თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ ეს უკანასკნელი სულ სხვა კვალიფიკაციის, გამოცდილების, თუ გნებავთ, მენტალიტეტის კადრებს მოითხოვს. ამგვარი კადრი კი ძალზე იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელია. გამოუსწორებელ შედეგთა თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სპეციალისტთა მომზადება. სასურველია, რომელიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანაში (ვთქვათ, უკრაინაში) და განსაკუთრებით ისრაელში.
    ამ ქვეყანას უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა ამ ტიპის დივერსანტებთან ბრძოლაში. არაბ ტერორისტთა უმრავლესობა ხომ «ლტოლვილთა» ან «ლოიალურად განწყობილ» სოციალურ ელემენტთა მასაში ინიღბება და ამ გზით აღწევს სასურველ შედეგს.

მერიდიანი, 22 ოქტომბერი, 1997 წელი