აფთარი შავ ზღვაზე

აფთარი შავ ზღვაზე

  დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში, რიდესაც დასავლეთი და რუსეთი უკევ ღიად, მოურიდებლად, ყოველგვარი დიპლომატიური კორექტულობის გარეშე უპირისპირდებიან ერთმანეთს სირიის საკითხში და ცივი ომის რიტორიკაც კი ისმის ზოგჯერ, მსოფლიო შეძრა ბულგარეთის მშვიდ, „პროვინციულ“, მაგრამ საოცრად ლამაზ შავიზღვისპირა კურორტ ბურგასში დატრიალებულმა ტრაგედიამ.
    სანამ თვით ამ ტრაგედიაზე ვიტყოდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის წინ, როდესაც ამერიკელი, ევროპელი ან საბჭოთა ექსპერტები ბირთვული ომის დაწყების ალბათობაზე საუბრობდნენ, ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ თუ დაიწყება ასეთი ომი, იგი დაიწყება არა ევროპაში (რომელიც იმ დროს „რკინის ფარდით“ იყო გაყოფილი), არამედ სწორედ ახლო აღმოსაველთში!
    ეს გეოპილიტიკური რეალობა მას შემდეგ იოტისიოდენად არ შეცვლილა: მოსკოვი მცირე ხნით დასუსტდა, თუმცა კვლავ აქვს პრეტენზია „მსოფლიოს აზანზარებდეს“, როგორც ერთმა რუსმა ნაციონალისტმა შენიშნა სტალინის ეპოქაზე საუბრისას. მით უმეტეს, სრულებით პრაგმატული ინტერესებიდან (ნავთობზე მაღალი ფასის შენარჩუნების მოსაზრებიდან) გამომდინარე, მუდამ აქვს სურვილი და ცდუნება, „რკინის თითები უტკაცუნოს დასავლეთის ნაზ ხერხემალს იერუსალიმის კედლებთან“. ეს მართლაც დასაველთის „ხერხემალია“, ოღონდ არა მხოლოდ ენერგეტიკული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური, არამედ იდენტობის თვალსაზრისით: აქ დაირწა იუდა-ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი! არადა, დიდი ომი ყოველთვის მცირე პროვოკაციით იწყება. რა შეიძლება იყოს ასეთი პროვოკაცია და ვინ გახდება პროვოკატორი?
    ბურგასი შავი ზღვის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. მას „ოქროს ქვიშებსაც“ უწოდებენ. ებრაელ ტურისტებს იგი განსაკუთრებით უყვარდათ ყოველთვის, რადგან ეგონათ (ბოლო დღემდე ასე ეგონათ), რომ ფანატიკოსი ისლამისტები და არაბი ნაციონალისტები იქ ვერ მისწვდებოდნენ. თუმცა შეცდნენ: ტერორისტმა ამ სამოთხეშიც ააფეთქა „ეშმაკის მანქანა“, რის შედეგადაც 6 ებრაელი ტურისტი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.
    ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ იწყება: ბულგარეთის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს თვითმკვლელი ტერორისტის ვიდეო, რომელიც კამერამ აფეთქებამდე სულ 1 საათით ადრე, აეროპორტში დააფიქსირა. ანუ სანამ ებრაელი ტურისტებით სავსე ავტობუსში ავიდოდა. საოცარი კადრია: ჩვეულებრივი, ევროპული გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, ვისაც ვერაფრით გაარჩევდით მილიონობით ამერიკელი, ფრანგი, იტალიელი თუ ინგლისელი ტურისტისგან, რომლებიც ზაფხულობით ირევიან ევროპულ კურორტებზე, მათ შორის ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებზე: გრძელი თმები, ბრიჯები, ბოტასები, ზურგჩანთა, მზის სათვალე, დამახასიათებელი მანერები და ა.შ და ა.შ. ვერაფრით მიხვდებოდი, რომ სწორედ ეს „სტილური“ ახალგაზრდა ადამიანი გასწირავს სიცოცხლეს მისთვის საძულველი, თუმცა სრულიად უდანაშაულო ებრაელების დასახოცად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დაახლოებთ 40 წლის წინ, ევროპაში ბესტსელერად იქცა ფრედერიკ ფორსაიტის რომანი „აფთრის დღე“ (ინგლისურ Jackal-ს უმრავლეს შემთვევაში არასწორად თარგმნიან, როგორც „ტურას“ რაც სემანტიკური ნიუანსებს არ ითვალისწინებს), რომელიც შარლ დე გოლზე ერთ-ერთი თავდასხმის მხატვრულად გაფორმებული ისტორიაა. თუმცა, ამჯერად ეს არ გვაინტერესებს: მთავარია, რომ ნიჭიერმა მწერალმა ჯერ კიდევ მაშინ - შორეულ 1971 წელს შენიშნა ევროპული ცივილიზაციის მთავარი საფრთხე: მისი სიმყიფე, სინატიფე და მოწყვლადობა ტერორისტული აგრესიის მიმართ: ფორსაიტის „აფთარიც“ ზუსტად ასევე ინიღბება, არაფრით განსხვავდება მილიონობით ტურისტისაგან, - იმ ეპოქაშიც რომ სერავდა საფრანგეთის სანახებს, იმდენად ჰგავდა ყველას, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ბოროტი განზრახვა ჰქონდა. . . .
    ბურგასელ „აფთარს“ ყალბი ამერიკული საბუთები აღმოაჩნდა: ამერიკასა და ბულგარეთს შორის მოქმედებს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნებისმიერ ამერიკელს მხოლოდ მანქანის მართვის მოწმობით შეუძლია ბულგარეთში ჩასვლა. ეს ტურისტების მოსაზიდად გაკეთდა. თვითმკვლელ ტერორისტსაც სწოერდ ამერიკული მართვის მოწობა ჰქონდა, რომლის გაყალბება, რასაკვირელია, ბევრად ადვილია, ვიდრე პასპორტისა.
    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთენიაჰუმ მაშინვე ირანს დასდო ბრალი და გაიხსენა, რომ „სწორედ ირანი იდგა ტაილანდსა და საქართველოში განხორციელებული ტერაქტების მიღმა“. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენში ყრუდ გაშუქდა ტერაქტის მცდელობა ირანის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ. ნაღმი, მართთალია არ აფექთქდა, მაგრამ ისარელში ამან არანაკლები რეზონანსი გამოიწვია, ვიდრე ტურისტებზე თავდასხმამ. საერთოდ, ბურგასის სისხლიანი და შემზარავი ისტორია ბევრად უფრო შემაშფოთებელია ჩვენთვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: საქართველოშიც უკვე უამრავი ტურისტი ირევა, მათ შორის ათასობით ევროპელი და ამერიკელი სტუმარია. ბათუმი სულ უფრო პოპულარული ხდება, ისევე როგორც სვანეთი სხვა რეგიონები. ისრაელიდან კი საქართველოში ტრადიციულად ბევრი ადამიანი ჩამოდის. ჯერ ერთი ქართველი ებრაელები და მეორეც, ის ტურისტები, ვისაც მიაჩნია, რომ ბათუმში უსაფრთხოდ დაისვენებს.
    იმავდროულად, ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს არა მხოლოდ ისრაელთან, არამედ ირანთანაც, რომლის ხელისუფლება გააფთრებულია თეირანში ირანელი ფიზიკოსების მკვლელობის გამო და ამას ისრაელის სპეცსამსახურებს აბრალებს: ფიზიკოსები ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. ჩვენში კი ასვე არ გაშუქებულა რამდენიმე წლის წინანდელი ისტორია, როდესაც საქართველოში შემოსული ირანელი ფიზიკოსი, ვისაც ამ პროგრამასთან შეხება ჰქონდა (პროგრამის მიზანი ისრაელის სრული განადგურებაა როგორც ქვეყნისა), მოულოდნელად ამერიკაში აღმოჩნდა, თანაც მისი ნების საწინააღმდეგოდ.
    ანუ, ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული საფრთხეები გვაქვს, მაგრამ ქართულ სპეცსამსახურთა პროფესიონალიზმისა და საზოგადოების სიფხიზლის გარდა მათ სხვას ვერაფერს დავუპირისპირებთ. ისევე, როგორც დე გოლის დროინდელი ევროპა ვერ დაუპირისპირებდა ვერაფერს ცივსისხლიან მკვლელს, სახელად აფთარს, რომლის რეალური პროტოტიპი - „ილიჩ რამირეს სანჩეს კარლოს აფთარი“ - ზუსტად ასევე იყენებდა გლობალიზაციისა და საზვღრების ხსნილობის მსოფლიო ტენდენციას.
    მეტს ვერაფერს ვიღონებთ, რადგან მსოფლიო სისტემაში ჩართულობა და გახსნილობა შეუქცევადი პროცესია

2012