აფეთქებები მოსკოვში

აფეთქებები მოსკოვში

    

        რუსეთის დედაქალაქი მორიგმა საზარელმა ტერაქტმა შეძრა. დილით, როდესაც ზრდასრულ მოსკოველთა უმრავლესობა სამუშაოდ მიიჩქაროდა, ხოლო მოსწავლეები და სტუდენტები – უმაღლეს სასწავლებლებში, მცირე დროის განმავლობაში ორ სადგურზე - «ლუბიანკასა» და «კულტურის პარკ რადიალურზე» შაოსანმა ქალებმა თვითნაკეთი ბომბები ააფეთქეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვის მეტრო მსოფლიოში უნიკალურია. დედამიწაზე არც ერთ ქალაქში ამდენი მგზავრი არ სარგებლობს მიწისქვეშა ტრანსპორტით. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს. საკმარისია ითქვას, რომ გასულ წელს მოსკოვის მეტრომ ორმილიარდნახევარი (!!!) მგზავრი გადაიყვანა.
        ბუნებრივია, ასეთ ტრანსპორტზე ტერაქტი ქალაქის პარალიზებას იწვევს და გამოიწვია კიდეც. სამაგიეროდ, მოსკოველმა ტაქსისტებმა «იყოჩაღეს» და ფასები გააათმაგეს იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც მობილურების გადატვირთვის გამო სახლში მირბოდა, რათა ახლობლები დაემშვიდებინა.
        სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ამის შესახებ ქადაგებაში ისაუბრა და ტაქსის მძღოლები დაანამუსა(?!). რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპატრიარქო თანამედროვე რუსეთში ყოფილი კომპარტიის ცკ-ს იდეოლოგიის განყოფილების ფუნქციას ასრულებს. ამას წინათ იგივე კირილი პუტინს წერილით თხოვდა, »უკრაინის ქიმიური მრეწველობის საწარმოებს ბუნებრივი აირი ნახევარ ფასად მივაწოდოთო». როგორც ჩანს, იმ «ნახევარი ფასიდან» თვითონაც ერგებოდა რაღაც.
        თუმცა, დავუბრუნდეთ ტერაქტებს. რასაკვირველია არ არის შემთხვევითი, რომ ტერორისტებმა «ლუბიანკას» სადგური აირჩიეს. ლუბიანკას მოედანზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ ძერჟინსკის ძეგლი იდგა და პუტინის გამომზრდელი კგბ-ს შავბნელი შენობაც იქაა განლაგებული. ესე იგი, ტერაქტი თითქოს პირადად პუტინის წინააღმდეგაა მიმართული.

შაოსანი ქალები

        ტერორისტები დაუნდობლად, სასტიკად, თუმცა საკმაოდ პროფესიულად მოქმედებდნენ: ბომბები მაშინ ააფეთქეს, როდესაც მატარებელი სადგურზე გაჩერდა, კარები გაიღო და მცირე მონაკვეთზე ბევრი ადამიანი შექუჩდა. ორივე ტერორისტი ქალი კი ამ დროს კარებებთან იდგა, მაშასადამე ეს «ტექნოლოგია» წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული. ჰექსოგენი და პლასტიდი კი ჩანთებში ჰქონდათ და არა ტანზე, როგორც თავდაპირველად იტყობინებოდა რუსული სპეცსამსახური.
        ორი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ეს ციფრი იზრდება, რაკი ათეულობით მძიმედ დაჭრილი უკანასკნელ დღეშია. რაც შეეხება ტერაქტის მოტივს, დანამდვილებით ცნობილია, რომ ამფეთქებლები ჩრდილოკავკასიური წარმოშობის ქალები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მათ შური იძიეს რუსული სპეცსამსახურების მიერ თავისი ქმრების და შვილების დახოცვის გამო. ჩეჩნეთში ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ნიღბიანი სპეცნაზელები ღამით სახლში შევარდებიან, ადამიანებს იტაცებენ და იქვე ტყეში კლავენ მხოლოდ იმის გამო, რომ (ვთქვათ) პროკლამაციები გაავრცელეს. თანაც არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც. საკმარისია გავიხსენოთ ადამიანის უფლებათა დამცველი ნატალია ასტემიროვა, რომელიც პუტინის ნიღბოსნებმა გროზნოს ქუჩაში მოიტაცეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს, მოკლეს და გზაზე დააგდეს, რათა სხვა «სეპარატისტები» დაეშინებინათ. Aანუ, ამ ვერსიის შესაბამისად, ეს იმ ადამიანთა შურისძიებაა, ვინც ყველაფერი დაკარგა. მათ შორის ცხოვრების აზრიც. უფრო ზუსტად, მათი ცხოვრების აზრი რუსებზე შურისძიება გახდა. სიცოცხლე (საკუთარიც და სხვისიც) მათთვის ჩირის ფასია.
        ტყუილად ცდილობენ რუსი პროპაგანდისტები ეს «ისლამური ფანატიზმით» ახსნან. სინამდვილეში ისლამი აქ არაფერ შუაშია: ტერორისტი ქალები საკუთარი სიცოცხლის ფასად «სისხლს იღებენ» თავისი ამოწყვეტილი ოჯახებისათვის. განსხვავებით იგივე ისრაელისაგან, სადაც ტერორისტებს არა კერძო შურისძიება, არამედ სწორედ რელიგიური მოტივები ამოძრავებთ. თუმცა, რუსებისთვის ამ ორი სხვადასხვა ტერორისტული მოძრაობის გაიგივება ძალიან ხელსაყრელია - დასავლეთში პროპაგანდის თვალსაზრისით.
        აფეთქების ადგილზე მისვლისას, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ «დედაწულიანად ამოწყვიტა» მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის ჩქარი მატარებლის «ნევსკი ექსპრესის» ამფეთქებლები. იგულისხმება, რომ არა მხოლოდ ტერორისტი აუშევი მოკლეს, არამედ მთელი მისი ოჯახი: ქალიან-ბავშვიანა. საინტერესოა, რომ რუსულ მედიას ამის შესახებ დღემდე არაფერი უთქვამს, სანამ პირადად პრეზიდენტმა არ გააჟღერა.

                                                                                                                                პუტინის კვალი

        თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. ტერორისტები ავადსახსენებელ «ჰექსოგენს» იყენებდნენ. ანუ იმ ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომლის სამარკო ნიშანი რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი და ყოფილი (ალბათ მომავალიც) პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
        სწორედ ჰექსოგენით ააფეთქეს 1999 წელს საცხოვრებელი სახლები მოსკოვსა და ვოლგოდონსკში, რის შედეგადაც ვლადიმერ პუტინმა მიიღო საბაბი ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალი ომი წამოეწყო და შოვინისტურ ტალღაზე პრეზიდენტი გამხდარიყო. ახლოვდება 2012 წელი, როდესაც პუტინი კიდევ 12 წლით აპირებს პრეზიდენტად დაბრუნებას - საპრეზიდენტო ვადა პირადად «საერთონაციონალური ლიდერისთვის» სახელმწიფო სათათბირომ 6 წლამდე გაზარდა.
        ბუნებრივია, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ «იპოვიდნენ» რუსული სპეცსამსახურები «ქართულ კვალს» ამ ტერაქტებში და ხომ არ გამოიყენებდნენ ამ პროვოკაციას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგრამ ამის შესახებ კრინტი არავის დაუძრავს. ეს დამაიმედებელია: როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა პუტინს ეს კარტი «გაუჭრა» და «ჩრდილოკავკასიაში სეპარატიზმის მხარდაჭერის» მოტივით მოსკოვი ახალ საინფორმაციო ომს ვეღარ გააჩაღებს საქართველოს წინააღმდეგ.
        თუმცა თვით ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი სადამსჯელო აქციები და უდანაშაულო ადამიანების ამოწყვეტა, ესე იგი «გამომწვარი მიწის» პოლიტიკის გაგრძელება კვლავაც მოსალოდნელია.

                                                                                                                           მოსკოვური ტერაქტების ისტორია

            მოსკოვის მეტროში ტერაქტების ისტორია 1977 წლის 8 იანვრიდან იღებს სათავეს, როდესაც სადგურ «პერვომაისკაიასთან» სომეხმა ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს. 44 ადამიანი დაიღუპა. სომხები დააპატიმრეს და დახვრიტეს. რას ერჩოდნენ უდანაშაულო რუსებს სომხეთის «გაერთიანებული ეროვნული პარტიის» წევრები, დღემდე იდუმალებითაა მოცული. არადა, ქართველები რომ ყოფილიყვნენ (მაგალითად «რესპუბლიკელები» ან «ჰელსინკის კავშირის» წევრები, ამაზე დღემდე ილაპარაკებდნენ. თუმცა არც ირაკლი შენგელაიას, არც ზვიად გამსახურდიას ამგვარი რამ რასაკვირველია აზრად არ მოუვიდოდათ.
        1996 წლის 11 ივნისს სადგურ «ტულსკაიასთან» ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ამფეთქებლები რუსები აღმოჩნდნენ, რომლებიც იმ მეტროს გადასასვლელში მდებარე სავაჭრო კიოსკის მეპატრონესთან «არჩევდნენ საქმეს». რაკი ჩეჩნები არ ყოფილან, ამის შესახებ რუსული მედია (მაშინაც კი – ელცინის ეპოქაში) არაფერს იტყობინებოდა.
        1998 წლის 1 იანვარს (!!!) სადგურ «ტრეტიაკოვსკაიას» ვესტიბიულში იქუხა. ისევ «არსაიდან ხმა», თუ ვინ მოაწყო ეს ტერაქტი.
        2000 წლის 8 აგვისტოს სადგურ «პუშკინსკაიასთან» მოხდა აფეთქება. 13 ადამიანი დაიღუპა და 118 დაიჭრა. ეს ტერაქტი დღემდე გაუხსნელად ითვლება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კვალი არა ჩრდილო კავკასიისკენ, არამედ თვით რუსეთში მოქმედი მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციებისკენ მიდიოდა.
        2001 წლის 5 თებერვალს «ბელორუსსკაია კოლცევაიაზე» აფეთქებას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ათეულობით ადამიანი დაიჭრა. აფეთქება «ხულიგნობად» გამოცხადდა.
        2004 წლის 6 თებერვალს, თვითმკვლელმა ტერორისტმა «ავტოზავოდსკაიასთან» ააფეთქა ბომბი. 41 ადამიანი დაიღუპა. ამჯერად ამფეთქებლები ყარაჩაელები იყვნენ.
        ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოსკოვის ტერაქტები სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად «კავაკსიური წარმოშობისა» და, რეალურად, იმ კრიზისის გამოვლინებაა, რომელშიც რუსული სახელმწიფო უკვე დიდი ხანია იმყოფება.

2010