ასლანის გამბიტი

ასლანის გამბიტი

 

        საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 20 ნოემბერს უნდა გაიხსნას ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სესია. ახალი რეგლამენტის შესაბამისად კი, იგი უნდა გახსნას ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც (იმავე რეგლამენტის თანახმად) სიტყვას გადასცემს პარლამენტის უხუცეს წევრს;
        სწორედ პარლამენტის უხუცესი წარუძღვება პირველ სხდომას, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. არავის ეპარება ეჭვი, რომ თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ ჟვანიას აირჩევს უმრავლესობა, მაგრამ როგორი იქნება «უმცირესობის», ანუ «აღორძინების კოალიციის» პოზიცია?
        ამას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. არ არის გამორიცხული, ისეც მოხდეს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა «მოქალაქეთა კავშირმა» უმძიმესი შეცდომები გაიმეოროს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს დაუთმოს ინიციატივა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პოლიტიკაში გამარჯვება არ არის საკმარისი – მთავარია, შეინარჩუნო გამარჯვებით მოპოვებული, ანუ ისარგებლო ამ გამარჯვების შედეგით.
        დავაკვირდეთ ამჟამად შექმნილ ვითარებას: «აღორძინების კოალიცია», რომელიც არჩევნებამდე «მოქალაქეთა კავშირს» ისტორიის სანაგვეზე გადატყორცნას უპირებდა, დამარცხების შემდეგ (რაც სავსებით ბუნებრივია), «კონსტრუქციული დიალოგის» იშტაზე მოვიდა – ძირითადად იმ მიზნით, რომ მიიღოს საპარლამენტო თანამდებობები.
        რა თქმა უდა, იგი თანამდებობების გარკვეულ ოდენობას ნამდვილად მიიღებს, მაგრამ იმავდროულად შეეცდება, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მიიღო ის, რაც ისედაც ეკუთვნოდა და «უმრავლესობის მხრიდან» კომპრომისი არაფერ შუაშია. თუ «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერები ნამდვილად ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან, მათ ეს «კომპრომისი» უეჭველად ისე უნდა გააფორმონ და განახორციელონ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმცირესობაზეც განაწილდეს.
        მაგალითად: «აღორძინება» უეჭველად შეეცდება, მიაღწიოს კომპრომისს «მოქალაქეებთან» საპარლამენტო თანამდებობების მისაღებად, მაგრამ თავად არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ იკისროს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოპოზიცია კომპრომისს მიაღწევს, მიიღებს და «დააკანონებს» თანამდებობებს, მაგრამ (ვთქვათ) პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს.
        «მოქალაქეთა კავშირის» ამოცანაა, მას (ოპოზიციას) ამის საშუალება არ მისცეს, ანუ თუ იქნება მიღწეული კომპრომისი, იგი უნდა იყოს «პაკეტური» ხასიათისა: კეთილს ინებებთ და ყველანი მისცემთ ხმას ჩვენს კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, აგრეთვე, ჩვენსავე კანდიდატებს თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტთა ხელმძღვანელების პოსტებზე და მხოლოდ ამ პირობით დავუჭერთ მხარს «ოპოზიციის» კანდიდატურებს.
        უეჭველია, საკითხის ასე დასმა «აღორძინებას» ძალიან არ ეპიტნავება, ვინაიდან ამით, სურს თუ არა, ძალაუნებურად იკისრებს პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს არა მხოლოდ იმისათვის, რაც 4 წლის განმავლობაში მოხდება (ყოველ შემთხვევაში, «ასოცირებულად»), არამედ იმისთვისაც, რაც უკვე მოხდა.
        ამის შემდეგ «მოქალაქეთა კავშირისაგან» თვისებრივ, კარდინალურ გამიჯვნას იგი ვეღარ შეძლებს, - გაძლიერდება «გარეოპოზიცია», რომელიც სულ უფრო აქტიურად და წარმატებით დაამკვიდრებს აზრს «მოქალაქეთა» და «აღორძინების» იდენტურობის შესახებ.
        თუმცა, «ქუჩის ოპოზიცია» თავისთავად, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების პროვოცირებას ვეღარ შეძლებს. მეორე მხრივ, «აღორძინებასთან» კომპრომისის მიღწევა არც ისე იოლია, ვინაიდან ისინი ამ კომპრომისს მეტისმეტად «ძვირად» აფასებენ: ითხოვენ ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობას და სამი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს, რაც აბსოლუტურად არარეალურია.
        კანონის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს (ეს პოსტი უკვე დაკავებულია და «პერსონიფიირებული») ოთხი მოადგილე ჰყავს; აქედან ორ ვაკანსიას უეჭველად შეავსებენ აფხაზეთისა და აჭარის წარმომადგენლები (ნადარეიშვილი და ჯაფარიძე). რჩება ორი ადგილი. «უმრავლესობას», რა თქმა უნდა, ეკუთვნის ვიცე-სპიკერი. ამ დებულებას «უმცირესობა» რომც არ დაეთანხმოს, «უმრავლესობა» მაინც «მიიკუთვნებს» და, კაცმა რომ თქვას, ლოგიკურადაც მოიქცევა.
        მაშასადამე, რჩება ერთი ადგილი, მაგრამ «აღორძინება» ხომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა არ არის? რატომ არ ეკუთვნის ვიცე-სპიკერი «მრეწველებს?»
        «აღორძინების ალიანსს» კი იუმორნაზავი სერიოზულობით ეტყვიან, რომ «აჭარის ვიცე-სპიკერი» მათი წარმომადგენელიცაა – რაკი «ბათუმური ალიანსი» ეწოდება. ხოლო თუ ამგვარ «გადანაწილებას» ალიანსი არ დაეთანხმება, მაშინ «უმრავლესობას» შეუძლია, მოიშველიოს კონსტიტუცია, სადაც არსად წერია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აუცილებლად უნდა აირჩიონ «ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი».
        ქვეყნის ძირითად კანონში აღნიშნულია რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მიიჩნევა ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ეს კი ერთი და იგივე სულაც არ არის. კონსტიტუცია არ ცნობს ამ პრეროგატივის (კონსტიტუციური პრეროგატივის) ვინმესთვის «დელეგირების» უფლებას. აქედან გამომდინარე «უმრავლესობამ» შეიძლება სკრუპულოზურად დაიცვას კონსტიტუცია და ამით «ოპოზიცია» საერთოდ ვიცე-სპიკერის გარეშე დარჩება, ვინაიდან ასლან აბაშიძე (სამწუხაროდ) თბილისში არ ჩამოვა პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად.
        როგორ განვითარდება მოვლენები სინამდვილეში – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უკვე ცხადია: მიუხედავად «ალიანსის» დამარცხებისა, ასლან აბაშიძე ამ არჩევნებში არ დამარცხებულა. მან მიიღო ის, რაც სურდა, ანუ მიაღწია (მისთვის) უმთავრესს: არ დაუშვა თბილისური ელიტის კონსოლიდაცია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და (კონკრეტულად) აჭარის სტატუსის დადგენის საკითხში. სწორედ ეს იყო მისი მიზანი და არა რაღაც მითიური «კურსის» შეცვლა. ამ თვალსაზრისით, აჭარის ლიდერი მოიქცა უაღრესად ჭკვიანურად.
        ნურავის ეგონება, თითქოს მისი მიზანი იყო «ემართა სიტუაცია» პარლამენტში. აბაშიძემ შესანიშნავად უწყის, რომ ბათუმიდან ამას ვერ შეძლებს. ამიტომაც, აირჩია სხვა ტაქტიკა:
        დავაკვირდეთ «აღორძინების» სიას - «აღორძინების ალიანსის» საერთო სიაში ბათუმელები თითქმის არ არიან, მაშასადამე, პარლამენტის სხდომათა «ბოიკოტის ტაქტიკა» საბოლოოდ უარყოფილია, ვინაიდან არათუ «ტრადიციონალისტები», «სოციალისტები», «ზვიადისტები», არამედ საკუთრივ «აღორძინების» თბილისელი წევრებიც არასდროს დათანხმდებიან პარლამენტის დატოვებას.
        არ არის სამართლიანი და სწორი მოსაზრება, თითქოს ასლან აბაშიძე რამენაირად შეძლებს, ზემოქმედება მოახდინოს ვახტანგ რჩეულიშვილის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, აკაკი ასათიანის, ჯუმბერ პატიაშვილის საპარლამენტო პოზიციაზე.
        მათ ამ თვალსაზრისით არანაირი «შეზღუდვა» არ ექნებათ. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, მოითხოვონ, რაც მოესურვებათ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე საუბრისას, მაგრამ, როგორც კი საქმე შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებს (მაგალითად, ავტონომიის სტატუსის განსაზღვრას, ან «ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას) ისინი უეჭველად დაიკავებენ ისეთ პოზიციას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შემდეგ არჩევნებში კვლავ «დაირეზერვონ» აჭარის ამომრჩეველთა 200 ათასი ხმა.
        აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული!
        მთელი ეს ხანგრძლივი პარტია, რომელიც (უნდა ვაღიაროთ) ასლან აბაშიძემ და აჭარის ელიტამ საკმაოდ ოსტატურად გაითამაშა უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, მიზნად ისახავდა ძალთა ისეთი განლაგების შექმნას «თბილისურ ელიტაში», რომელიც უზრუნველყოფდა ამჟამინდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას აჭარასა და «ცენტრს» შორის ურთიერთობათა თვალსაზრისით.
        ამ სტატუს-კვოს არსი კი ისაა, რომ აჭარის ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილებებს, კანონებსა და თვით კონსტიტუციასაც კი ასრულებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭიროდ მიიჩნევს.
        მოვიყვან მარტივ მაგალითს: ვინ აკონტროლებს დღეს (ვთქვათ) აჭარის საზღვაო აკვატორიას – უფრო სწორად, საქართველოს საზღვაო აკვატორიის აჭარის მონაკვეთს? რა თქმა უნდა, საქართველოს სასაზღვრო ძალთა შესაბამისი ქვედანაყოფები და «ქართველი მესაზღვრეები». თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ სინამდვილეში, პრობლემის არსის ამოსაცნობად დასასმელია კიდევ ერთი (მთავარი) კითხვა: ვის ემორჩილებიან, ვის ბრძანებას ასრულებენ მესაზღვრეები – თბილისის თუ ბათუმის?
        პასუხი ამ კითხვაზე კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს, რამდენად თვალთმაქცური იყო «ორმაგი» და «სამმაგი» სუვერენიტეტის თაობაზე ლენინურ-სტალინური თეორია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ეგრეთ წოდებული «საბჭოთა ავტონომიები» - უფრო ზუსტად «სახელმწიფოები სახელმწიფოში».
        კიდევ უფრო ზუსტი განსაზღვრება («შეყოვნებული მოქმედების ნაღმები») ჩვენმა «ეროვნულმა მოძრაობამ» დაამკვიდრა 1988-89 წლებში; მაგრამ ის განსაზღვრება იმ მოძრაობის ზოგიერთ შუბლძარღვგაწყვეტილ ლიდერს დღეს «აღარ ახსენდება».
        სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი ერთადერთია და განუყოფელი.
        ამიტომ, ის ქართველი მესაზღვრე, რომელიც ასრულებს საქართველოს ხელისუფლების ბრძანებას, არის «საქართველოს მესაზღვრე», ხოლო ის ქართველი მესაზღვრე, რომელიც ასრულებს რეგიონის ხელისუფლების ბრძანებას, არის არა «საქართველოს მესაზღვრე», არამედ იმ რეგიონის მესაზღვრე!
        არავითარი «მაგრამ» აქ არ შეიძლება არსებობდეს ისევე, როგორც არ არსებობს გამონაკლისი და «მაგრამ» საჯარისო ერთთმმართველობის პრინციპში.
        ახლა კი, ღმერთმა დაგვიფაროს და წარმოვიდგინოთ, რომ განმეორდა ვითარება, როდესაც საქართველოს სასაზღვრო გემი, ანუ «საქართველოს მესაზღვრეები» (იხილეთ ზემოთ) ცდილობდნენ, გაეკონტროლებინათ აკვატორიის ეს ნაწილი, ხოლო რეგიონის მესაზღვრეებმა (აგრეთვე, იხილეთ ზემოთ) მათ ამის საშუალება არ მისცეს!!!
        ღმერთმა დაგვიფაროს და წარმოვიდგინოთ, ეს ეპიზოდი განმეორდა და საუბედუროდ, ისე მშვიდობიანად არ დასრულდა, როგორც ადრე ანუ იმათ, ვისაც კატეგორიულად მოსთხოვეს «ამ მონაკვეთს ჩვენ თავად დავიცავთ და თქვენ აქედან მიბრძანდითო» - გადაწყვიტეს განსხვავებულად ემოქმედათ, ანუ დროულად არ გასცლოდნენ ვითარებას.
        ისევ და ისევ, ღმერთმა დაგვიფაროს და წარმოვიდგინოთ, ამ ეპიზოდს რაიმე გართულება («ვთრთი» და მეშინია ვთქვა «ინციდენტი») მოჰყვა – როგორ გგონიათ, რას იტყვის თბილისური პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელმაც სწორედ აჭარის ამომრჩეველთა წყალობით შეინარჩუნა თავი პოლიტიკურ ზედაპირზე? როგორ გგონიათ, ვის დაადანაშაულებს? – რასაკვირველია, «მოქალაქეთა კავშირს», ანუ დაადანაშაულებს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკამაც «მიგვიყვანა» ამ (ღმერთო, შენ გვიშველე და აგვაცილე) «ინციდენტამდე» - აი, კიდევ უფრო მეტი სიზუსტით აქ არის «ძაღლის თავი დამარხული». თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
        მკითხველს ვთხოვ, ნუ აღელდება – არანაირი ინციდენტი (ღმერთმა დაგვიფაროს) აჭარის აკვატორიაში არ მოხდება, - ჩათვალეთ, ზემოთ აღწერილი სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ კოშმარულ სიზმრად.
        ღმერთი დაგვიფარავს და მას ძლევამოსილებასთან ერთად, ამ საშინელებას (ანუ ზემოთ აღწერილ «ინციდენტს») ის მიწიერი გარემოებაც აგვაცილებს, თავიდან, რომ საქართველოს სასაზღვრო გემები არც შეეცდებიან ქვეყნის საზღვაო აკვატორია დაიცვან იმ ნაწილში, სადაც ეს რაიმე გართულებას გამოიწვევს; სწორედ ამიტომ, არაფერიც არ მოხდება.
        მხოლოდ ამიტომ არ მოხდება.

        მაგრამ თუ მაინც მოხდა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაბედა კრინტის დაძვრა იმ არანორმალურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილია ყველა სფეროში – საბაჟოდან დაწყებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულით დამთავრებული, - უმალ ამუშავდება «დამცავი მექანიზმი».
        ვისი ბრალია? – რა თქმა უნდა, «მოქალაქეთა კავშირის»!
        ანუ ცენტრალური ხელისუფლების (დააკვირდით, რა ეშმაკურად ანაცვლებენ ამ ცნებებს)!
        მაშ «აღორძინების» ბრალი ხომ არ იქნება (რომელმაც ისინი პარლამენტში მოიყვანა)?
        ან «სოციალისტების» ბრალი ხომ არ იქნება, «ტრადიციონალისტების» ბრალი ხომ არ იქნება, - მათ კიდევ დასჭირდებათ ის 200 ათასი ხმა, იმისთვის, რომ არ შთაინთქან ისტორიის მოუსავლეთში «ეროვნულ-დემოკრატებივით».
        და (ანუ) – აბა, რეგიონის ხელისუფლების ბრალი ხომ არ იქნება?
        ერთადერთი, ვისაც არანაირი პრეტენზია არც ერთი (მათ შორის, ალბათ, არც მორალური) თვალსაზრისით არ შეიძლება წაუყენო, არის ასლან აბაშიძე. ის აკეთებს საქმეს. იმ საქმეს, რომელსაც ემსახურება. აკეთებს კარგად და ჭკვიანურად.

მის მიერ ბრწყინვალედ გათამაშებული ზემოთ აღწერილი პარტია ამის მაგალითია.
        ხოლო პოლიტიკა, რომ (ზოგადად) უზნეობაა და «სიკეთე-ბოროტების» ზღვარს მიღმა იმყოფება – ჯერ კიდევ მოხუცი მაკიაველი ამბობდა;
        ერთადერთი სიკეთე მაინც (რაოდენ ტრივიალურად და «გოიმურადაც» უნდა ჟღერდეს დღეს), მაინც «სამშობლოს», ანუ ქვეყნის ინტერესებია. ეს ინტერესები კი ხშირად, ძალიან ხშირად, მეტისმეტად ხშირად, არ ემთხვევა სინდის-ნამუსისაგან ერთხელ და სამუდამოდ გარეცხილი პოლიტიკანების ინტერესს.

დილის გაზეთი, 14 ნოემბერი, 1999 წელი