ასლან აბაშიძემ ზღვარი გადალახა

ასლან აბაშიძემ ზღვარი გადალახა

     
       

        ის, რაც გუშინ აჭარა-გურიის საზღვარზე მოხდა, უდავოდ მეტყველებს, რომ კონფლიქტი საქართველოს ხელისფლებასა და აჭარის რეჟიმს შორის თვისებრივად ახალ სტადიაში გადადის: ასლან აბაშიძის ერთგული მონების მიერ ჩოლოქზე ხიდების აფეთქებით, აბაშიძის რეჟიმმა განვლო ე.წ. «უკანმოუბრუნებლობის წერტილი», რომლის შემდეგ რაიმე კომპრომისი (ტუნდაც ტაქტიკური) იკვე გამორიცხულია.
        არადა, უამრავი საბუთი, ნიშანი და დასაბუთებული ვარაუდიც მეტყველებდა იმ ტენდენციაზე, რომ ხელისუფლება მზად იყო ამგვარი კომპრომისებისათვის აბაშიძესთან, რაც მან თავად ისურვა.
        მკითხველს ემახსოვრება, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჟურნალისტთან ერთ-ერთი საუბრისას განაცხადა, რომ იგი მადლობელია ასლან აბაშიძისა _ რუსეთიდან აჭარისათვის ელექტროენერგიის იმპორტის გამო, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის.
        სააკაშვილის განცხადება იყო ერთგვარი სიგნალი, რომ ორმხრივი დათბობის პირობით, კომპრომისი შესაძლებელი იყო. ოღონდ ეს მესიჯი გუისხმობდა სწორედ ორმხრივ დათმობებს, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ფეოდალები კი, საუკუნეთა განმავლობაში უცვლელი ტექნდენციის შესაბამისად, ხელისუფლების მზადყოფნას კომპრომისისათვის უცილებლად სისუსტის გამოვლინებად მიიჩნევენ.
        გარდა ამისა, კომპრომისი მათ სწორედ ცალმხრივ დათმობად წარმოუდგენიათ. ჩვენს შემთხვევაში შესაძლო კომპრომისის არსი მკაფიოდ ჩამოაყალიბა ზურაბ ჟვანიამ _ ამერიკის შეერტებულ შტატებში გამოსვლის დროს, თანაც ზბიგნევ ბჟეზინსკის ცენტრში _ ამ აუდიტორიის (პოლიტოლოგიური ელიტის) წინაშე გამოსვლისას, რომელსაც შესანიშნავად ესმის კომპრომისის ფასი: «მეც, ნინო ბურჯანაძეც და თვით მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ვესაუბრებით ასლან აბაშიძეს როგორც პირადად, ასევე ტელეფონით. ვთავაზობდით კომპრომისს ორმხრივი, რაციონალური დათმობის საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა აჭარის ოპოზიციისათვის კანონიერი მოქმედების თავისუფლებას, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და თვით აჭარაში ამგვარი არჩევნებისათვის მზადებას )იგულისხმება აჭარის სახელისუფლებო ორგანოების არჩევნები), საქართველოს ხელისუფლების მტკიცე, კონსტიტუციურ კონტროლს ეკონომიკურ საზღვარზე, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას. ამ პირობით ჩვენ მზად ვიყავით, მიგვეცა ასლან აბაშიძისათვის გარანტია, რომ ის შესძლებდა თავისი სახელისუფლებო ვადის ამოწურვას».
        პრემიერ მინისტრის განცხადება იმითაა საინტერესო, რომ სინამდვილეში, როგორც იგი ნათელყოფს, «ტრიუმვირატის» პოზიცია ასლან აბაშიძის მიმართ სრულებითაც არ იყო ისეთი «უკანმოუხედავად შეურიგებელი და აგრესიული», როგორც ზოგიერთს ეჩვენება, ვინც ჯერ კიდევ 1998-1999 წლების ბათუმის «ალტერნატიული ცენტრის შეკრებებში» მონაწილეობდა, იმ ეპოქაში ჩარჩა და ვეღარ ამჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში 21-ე საუკუნეა,
        ასეთები კვლავაც უმღერიან «ოსანას» რეჟიმის უფროსს და ყველაფერში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ეს უკანასკნელი უცოდველი და უნაკლო ნამდვილად არ არის, მაგრამ აჭარის პრობლემა სტრატეგიული საკითხია, სტრატეგიულ საკითხში კი ხელისუფლება ან შეცდომას უშვებს და ისტორიულად მარცხდება, ან მართალია და მხარდაჭერას იმსახურებს.
        «საშუალო პოზიცია» აქ არ არსებობს. მივაქციოთ ყურადღება, რომ ასლან აბაშიძე გარკვეულ კომპრომისს დათანხმდა მხოლოდ იმ საკითხებში, თუ მოთხოვნათა განხორციელება მის რეჟიმის არსს არ შეცვლიდა: მან დაუშვა პრეზიდენტის წარმომადგენელი ბათუმის პორტსა და ფოთის საბაჟოზე, ეს, რასაკვირველია, თბილისის სერიოზული წარმატება იყო, მაგრამ შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ისისც ვაღიაროთ რომ, ჯერ-ჯერობით, წარმომადგენლები მხოლოდ დამკვირვებელთა ფუნქციას ასრულებენ.
        რეალური ბერკეტები ვითარებაზე და რესურსების გადაადგილებაზე კონტროლისათვის მათ არ გააჩნიათ, ანუ რეჟიმის ხელმძღვანელი არც აპირებდა ამ ბერკეტების დათმობას.
        იგივე შეიძლება ითქვას თბილისში ცენტრალური ხელისუფლების კუთვნილი თანხების გადმორიცხვაზე, რაც მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდება. ესეც იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნდება უკან _ რესპუბლიკაში, ანუ ქვეყნის ხელისუფლება მათ ვერ განკარგავას სახელმწიფოებრივი პრიორიტეტის შესაბამისად: სუვერენული ვალის მოსამსახურებლად და გადასახდელად, პენსიონერთა დავალიანების დასაფარავად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, არმიის საჭიროებისათვის, აგრეთვე ექსტერიტორიული პრინციპით და ასე შემდეგ.
        მაშასადამე, ამ დათმობასაც, დიდწილად, ფორმალური ხასიათი აქვს და არა თვისებრივი. რაც შეეხება რეჟიმის არსთან დაკავშირებულ საკითხებს, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვას, ოპოზიციის თავისუფლებას, (მათ შორის თვით აჭარაში დამოუკიდებელი გაზეთების გამოცემასა და დამოუკიდებელი ტელეარხის არსებობას), დემოკრატიული არჩევნებისათვის მზადებას (თუნდაც ეს არჩევნები ავტონომიაში მხოლოდ 2 წლის შემდეგ იყოს დაგეგმილი) _ აქ არათუ რაიმე დათმობა, კომპრომისი, არამედ მცირეოდენი ძვრაც კი არ შეიმჩნევა.
        გასაგებია რატომ: ეს თემები უშუალოდ უკავშირდება რეჟიმის საყრდენებს. მის მკვებავ რესურსებს _ აქ დათმობა რეჟიმისათვის ნელი სიკვდილის ტოლფასია ან (შემდგომ წინააღმდეგობის შემთხვევაში( რევოლუციის მომასწავებელია. თანაც თბილისურივით მშვიდობიანი რევოლუციისა _ რაკი აღარ იარსებებს ტყუილსა და ცილისწამებაზე აგებული სისტემა და რეჟიმს დასაყრდენი საერთოდ აღარ ექნება.
        ჯერ ასლან აბაშიძის სისტემა «ლპობის» ამ სტადიაზე არ მისულა, მაგრამ აშკარაა თვითYტენდენცია, რომლის შეცვლა რეჟიმის თავკაცს არ ძალუძს. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც, როგორც ჩანს, უკვე აღარ შეიცვლება, რაკი «უკანმოუბრუნებლობის წერტილი» განვლილია.
        მეთოდიც გარკვეულია: მუდმივი ზეწოლა, რეჟიმისა და მისი თავკაცის მუდმივი «ძაბვის ქვეშ ყოლა», ამით რეჟიმის თანდათანობით გამოფიტვა, ოღონდ ძალისმიერი შემადგენლის გარეშე.
        გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ ასლან აბაშიძესთან საუბარს აზრი არა აქვს _ იგი სხვა სისტემის პირმშო და მისივე დამცველია. საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს, განსხვავებული სისტემა შექმნას. ამგვარად, მათ შორის კონფლიქტიც აბსოლუტურად გარდაუვალი იყო.