ასლან აბაშიძე პრეზიდენტობას უმიზნებს?

ასლან აბაშიძე პრეზიდენტობას უმიზნებს?

   

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილების თაობაზე, თბილისში დიდი შეშფოთება გამოიწვია
    მართალია, ოფიციალური განცხადებებით ეს შეშფოთება გუშინ დილამდე არ გამოხატულა, მაგრამ ყველაფრით ჩანს, რომ დაძაბულობა დღითი დღე მატულობს, ვინაიდან გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია.
    ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, აჭარის რესპუბლიკის მეთაურს (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს) აჭარის მოსახლეობა აირჩევს პირდაპირი კენჭისყრით.
    დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებით, ასლან აბაშიძის ბევრი «თბილისელი» მომხრეც გაოგნებული დარჩებოდა. მათ, ხშირ შემთხვევაში, გულწრფელად სწამთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სწორედ ასლან აბაშიძე უნდა იყოს. მაგრამ თუ დღესვე შედის აჭარის კონსტიტუციაში მუხლი «რესპუბლიკის მეთაურის» საყოველთაო კენჭისყრით არჩევის შესახებ, თანაც ეს ხდება იმ კონტექსტში, რომ (როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ითქვა) «აჭარის ლიდერი მოსახლეობის მანდატით იყოს აღჭურვილი, რათა გამოირიცხოს პროვოკაცია მის წინააღმდეგ», მაშასადამე, ახალი თანამდებობა კონკრეტული პიროვნებისთვის არის შემოღებული, ხოლო აჭარის ავტონომია, მართალია არაფორმალურად მაგრამ, ფაქტობრივად, იქცევა საპრეზიდენტო რესპუბლიკად.
    იურიდიული თვალსაზრისით, «ოფიციალური თბილისი» ამ გადაწყვეტილებას ვერ შეედავება. ჯერ ერთი, საქართველოს კონსტიტუციაში გამოტოვებულია თავი ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, ანუ აჭარის სტატუსი განსაზღვრულია მხოლოდ აჭარაში მოქმედი იურიდიული აქტებით. აჭარაში კი მოქმედებს აჭარის ასსრ კონსტიტუცია, რომლის თანახმად აჭარა ავტონომიური სახელმწიფოა და მის უმაღლეს ორგანოს, ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით, აქვს უფლება, ცენტრის დაუკითხავად განსაზღვროს თავისი სტატუსი.
    აქვე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველო განეკუთვნებოდა ე.წ. «რთული უნიტარული სახელმწიფოს» ტიპს, ისევე, როგორც (ვთქვათ) საფრანგეთი და იტალია, რომლებიც არ არიან ფედერაციული სახელმწიფოები, მაგრამ ავტონომიის სტატუსს ანიჭებენ ამა თუ იმ რეგიონს.
    მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ან იტალიის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიას არ შეუძლია დედაქალაქის დაუკითხავად, მასთან შეუთანხმებლად განსაზღვროს ან შეიცვალოს სტატუსი; აჭარის «საბჭოთა ავტონომია» კი ამის საშუალებას იძლევა.
    აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: აჭარის სააგენტოების ცნობით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე დაახლოებით ასეთი რამ ითქვა: «საქართველოს სხვა რეგიონებმაც უნდა მიბაძონ აჭარის მაგალითს». ესე იგი, გაისმა მოწოდება: საქართველოს მხარეებშიც გუბერნატორები ადგილობრივმა მოსახლეობამ აირჩიოსო.
    ანალიზი ცხადყოფს, რომ სწორედ ამ მოწოდებაშია კოდირებული კონფლიქტის (დიახ, უკვე შეიძლება თამამად ითქვას - ეს სერიოზული კონფლიქტია ცენტრსა და რეგიონს შორის) არსი. საქმე ის არის, რომ აჭარის ხელისუფლებას არაერთგზის, ღიად თუ ქარაგმულად უთქვამს, რომ წინააღმდეგია საქართველოს მხარეებად მოწყობისა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე აჭარის ტოლფასი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების შექმნით ობიექტურად კნინდება აჭარის სტატუსი. ანუ, აჭარის ელიტას ურჩევნია, აჭარა იყოს ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო საქართველოს დანარჩენი ტერიტორია დაყოფილი დარჩეს წვრილ-წვრილ რაიონებად, ვიდრე ეს რაიონები გამსხვილდნენ და ჩამოყალიბდეს თერთმეტი-თორმეტი (მოსახლეობის რაოდენობით, ტერიტორიით აჭარის ტოლფასი) ერთეული, რადგან ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად და იურიდიულად, აჭარა იქცევა საქართველოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ მხარედ, რაც აჭარის მმართველ ელიტას სულაც არ ეპიტნავება.
    მაგრამ რაკი საქართველოს ხელისუფლება «თავისას არ იშლის», საქართველოს სამხარეო მოწყობა გრძელდება და ძლიერდება, აჭარის ელიტამ (ასლან აბაშიძემ, რომელიც მისი ნების აღმსრულებელია) გადაწყვიტა რადიკალური ნაბიჯი გადადგას: კი, ბატონო, მოეწყოს საქართველო მხარეებად, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხარეებმა (ისევე, როგორც აჭარის ავტონომიამ) თავად აირჩიონ ხელმძღვანელი.
    ამ იდეის ავტორებმა შესანიშნავად უწყიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერაფრით დათანხმდება მხარეებში გუბერნატორების პირდაპირი კენჭისყრით არჩევას, რადგან დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოებრივი სიმყიფის, მრავალი გარე და შიდა ფაქტორის გათვალისწინებით, - ეს სახელმწიფოს საბოლოო დაშლასა და განადგურებას გამოიწვევს.
    ერთ საინტერესო ნიუანსსაც დავაკვირდეთ: ასლან აბაშიძის ბევრი მომხრე აცხადებს: «საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, აჭარას დააბრალოს აფხაზეთის დაუბრუნებლობა». აქ, თითქოს რაღაც გაუგებრობაა - რა შუაშია აჭარა ან მისი ხელმძღვანელობა აფხაზეთის დაუბრუნებლობასთან? როდის და სად უთქვამს საქართველოს ხელისუფლებას, რომ აფხაზეთის დაუბრუნებლობა აჭარის ბრალია? რა თქმა უნდა, არსად და არასოდეს ამგვარი რამ არ თქმულა, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უეჭველად შევნიშნავთ: ასე უბრალოდაც არ არის საქმე: უკვე სავსებით ნათელია, რომ შევარდნაძეს შესთავაზეს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის კონცეფცია, - იგი შეთანხმებულია რუსეთის ხელისუფლებასთანაც და გამოხატავს სტრატეგიულ კომპრომისს მოსკოვსა და თბილისს შორის.
    ამ კონცეფციის შესაბამისად, საქართველო უნდა იქცეს ფედერაციულ სახელმწიფოდ; ოღონდ ახალი ქართული ფედერაციის სუბიექტები უნდა გახდნენ არა მხოლოდ ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკები, არამედ მხარეებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იქნება საქართველოს, აჭარის, აფხაზეთის ფედერაციული უნია. შევარდნაძეს კი უნდა საქართველო იქცეს აჭარის, აფხაზეთის, კახეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა, მთიანეთის, თბილისის და სხვათა ფედერაციულ სახელმწიფოდ.
    სწორედ აქ არის ძირითადი წინააღმდეგობა. საქართველოს ხელისუფლება მომგებიან ვითარებას შექმნიდა, თუ საქართველო დაუყოვნებლივ გამოცხადდებოდა ფედერაციულ სახელმწიფოდ და მიღებული იქნებოდა კონსტიტუციის შესაბამისი თავი. ამის შემდეგ არძინბა უკვე ვეღარ ისაუბრებდა დემაგოგიურად «ფედერაციულ კავშირზე საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის», მაგრამ ამგვარი გეგმა, ზემოთხსენებული მიზეზის გამო მიუღებელია აჭარის ელიტისათვის. მას საქართველოს შემადგენლობიდან აჭარის გაყვანა არ სურს; ოღონდ, ამავე დროს, კატეგორიული წინააღმდეგია აჭარის იურიდიული გათანაბრებისა საქართველოს ფედერაციის თორმეტ სუბიექტთან. თუმცა, რაკი პირდაპირ ამის თქმას ვერ ახერხებენ და არც აძლევთ ხელს, ქარაგმებს მიმართავენ. გაიხსენეთ ასლან აბაშიძის ძალიან უცნაური ფრაზა: «თუ აფხაზეთის გარდა აღარაფერი გეხსომება, შეიძლება სხვაც ბევრი დაკარგო... «
    ამავე დროს, ბათუმში ხედავენ - უმოქმედობის შედეგად საქართველოს სამხარეო მოწყობამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ხოლო პარლამენტმა შეიძლება, «მოულოდნელად» წამოიწყოს დისკუსია ან დამტკიცდეს კიდეც კონსტიტუციური კანონი საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ.
    პარლამენტსგარე ან საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგობა ნიველირებული იქნება ამ გზით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის დაპირებით (რაც შეიძლება მართლაც რეალური იყოს).
    შესაბამისად, საქართველო რუსეთს დააკმაყოფილებს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების დაკანონებით - თუ მოსკოვი აიძულებს არძინბასა და ჩიბიროვს, დასთანხმდნენ ამ გეგმას;
    რამდენად რეალურია თვით ეს გეგმა, სხვა საკითხია, მაგრამ იგი ნამდვილად არსებობს. აჭარის ელიტა მას არ ეთანხმება. ბათუმის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ უთანხმოების გამოხატულებაა. აჭარას არ სურს, იქცეს მრავალსუბიექტური, ფედერაციული სახელმწიფოს ერთ-ერთ სუბიექტად ისტორიულ მხარეებთან ერთად.
    ამის საწინააღმდეგოდ საკმაოდ სერიოზული პროცესი წამოიწყეს: ფორმალური თვალსაზრისით, თუ საქართველო ფედერაციული სახელმწიფო ხდება, მაშინ ფედერაციის სუბიექტებმა თავად უნდა აირჩიონ ხელისუფლება. «რუსეთის მოდელი» სწორედ ამას ნიშნავს. პირველი ნაბიჯი აჭარამ გადადგა, რათა ფედერაციის მოწინააღმდეგეთა პოზიციები გაეძლიერებინა.

7 დღე, 4 თებერვალი, 1998 წ.