არძინბას უნდა, ქართველები რუსების წინააღმდეგ გამოიყენოს

არძინბას უნდა, ქართველები რუსების წინააღმდეგ გამოიყენოს

 

    გუშინ მოსკოვში განახლდა «ქართულ-აფხაზური» მოლაპარაკება, რომელშიც კვლავინდებურად ვაჟა ლორთქიფანიძე და ანრი ჯერგენია მონაწილეობენ. პოზიციები უკვე ჩამოყალიბდა და მათი შეცვლა მოლაპარაკებით შეუძლებელია.
    სეპარატისტთა პოლიტიკური პოზიცია ემთხვევა ძალთა ახალ განლაგებას გალის რაიონში ანუ მათ სამხედრო პოზიციებს. საქართველო კი კვლავინდებურად «ხავსს ეჭიდება». ვაჟა ლორთქიფანიძე ანრი ჯერგენიას (მისი სახით აფხაზეთის ხელისუფლებას) სთავაზობს ეკონომიკური სანქციების მოხსნას გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისა და ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის სანაცვლოდ. ქართული მხარე, როგორც იქნა მიხვდა, რომ ლტოლვილთა დაბრუნებას უშუალოდ არძინბას რეჟიმის იურისდიქციის ქვეშ აზრი არა აქვს – ეს საშიშიცაა, რადგან ქართველთმოძულე სეპარატისტები ადრე თუ გვიან უეჭველად გაათამაშებენ «მეგრულ კარტს» და შეეცდებიან ახალი პრობლემა (ამჯერად - საბოლოოდ მომაკვდინებელი) შეუქმნან საქართველოს.
    მაშასადამე, ლტოლვილთა «უსაფრთხოების» გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთობლივი ადმინისტრაცია. მაგრამ არძინბა ამაზე არასდროს დაგვთანხმდება, ვინაიდან «ერთობლივი ადმინისტრაცია» ფაქტობრივად გალის რაიონში აფხაზური იურისდიქციის შეწყვეტას ნიშნავს. იურისდიქციას (ისევე, როგორც სუვერენიტეტს) ასეთი თვისება აქვს: იგი ან არის, ან არ არის, სანახევრო სუვერენიტეტი ან სანახევრო იურისდიქცია აბსურდია.
    მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანრი ჯერგენიას თქმით, შესაძლო ხელშეკრულების გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ თვით ხელმომწერი მხარე. მაშასადამე, სეპარატისტები თვით რუსეთსაც უარს ეუბნებიან «გარანტობაზე» და მხოლოდ «შუამავლის» ფუნქციას უტოვებენ. მკითხველს კარგად ემახსოვრება, რას ნიშნავს და გულისხმობს ეს განსხვავება, - აფხაზეთის ომის მწარე გამოცდილებიდან.
    არძინბამ ძალიან კარგად უწყის, რომ ედუარდ შევარდნაძესთან დოკუმენტის ხელმოწერა, რომლითაც «საქართველო სთხოვს რუსეთს გააუქმოს შეზღუდვები ფსოუს საზღვრებზე», ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და რუსეთმა მიუხედავად საქართველოს თხოვნისა შესაძლოა, მაინც არ გააუქმოს სანქციები, ვინაიდან ეს სანქციები მან თბილისის «თხოვნით» კი არ შემოიღო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ფსოუზე სასაზღვრო რეჟიმი შერბილდება, საქართველოც უეჭველად მიიღებს «ადეკვატურ ზომებს» რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. გარდა ამისა, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, თითქოს რუსეთს ხელს აძლევს აფხაზეთის ეკონომიკური გაძლიერება, ვინაიდან ეს «რესპუბლიკა» სულაც არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას და დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას, რაც შეიძლება «ცუდი პრეცედენტი» აღმოჩნდეს ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკებისათვის.
    ამრიგად, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არძინბას სურს საქართველო აქციოს რუსეთის მიმართ თავისი ინტერესების განხორციელების იარაღად. მაგალითად, როდესაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ხოლო მოსკოვი მაინც «არ გახსნის» საზღვარს ფსოუზე, მიუხედავად თბილისის «მიმართვისა» - სოხუმი შეაჩერებს ლტოლვილთა დაბრუნებას გალის რაიონის ქვედა ზონაში და აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, დაჟინებით მიმართოს რუსეთს, ეხვეწოს, ეაჯოს, დაემუქროს, ერთი სიტყვით, ყველა ღონე იხმაროს, რათა, თავის მხრივ, აიძულოს რუსეთი ეკონომიკურად დაეხმაროს (საზღვრის გახსნით) სეპარატისტულ აფხაზეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია იტყვის, რომ «შევარდნაძე კიდევ ერთხელ მოატყუეს», რაც საბოლოოდ დასცემს მის ავტორიტეტს.
    საერთოდ, შეუძლებელია კაცი არ აღფრთოვანდე არძინბას პოლიტიკური ნიჭით ანუ გაიძვერობითა და ეშმაკობით. იგი კიდევ ერთხელ აპირებს მოატყუოს შევარდნაძე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმაც ალბათ ისწავლა ჭკუა და «ასპროცენტიანი გარანტიების» გარეშე აღარ აპირებს რაიმე დოკუმენტს მოაწეროს ხელი. არძინბას ამ თვალსაზრისით ლტოლვილთა აქტიურობის იმედი აქვს, ანუ იმედოვნებს, რომ მაისის მოვლენათა შედეგად გამოდევნილი გალელები გზებს გადაკეტავენ, დემონსტრაციებს მოაწყობენ და ამით აიძულებენ ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს დამღუპველ დოკუმენტს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს არ მართლდება, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ.
    საქართველოს ერთადერთი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი კოზირი ის გახლავთ, რომ აფხაზეთი არ არის დნესტრისპირეთი. ერთი შეხედვით, თითქოს აბსურდული მტკიცებაა, ვინაიდან ორივე სეპარატისტულ ზონაში კონფლიქტი მსგავსი (მოსკოვში დაწერილი) სცენარით ვითარდებოდა, მაგრამ სინამდვილეში, დნესტრისპირელი რუსებისაგან განსხვავებით, აფხაზ სეპარატისტებს რუსეთი გულზე სულაც არ ეხატებათ. მათი უმთავრესი მიზანი აფხაზეთში ასი ათასობით მოჰაჯირის დაბრუნებაა, რაც სულაც არ შედის რუსეთის ინტერესებში. ამიტომ მოსკოვისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ამჟამად არსებული ვითარების შენარჩუნება. საქართველოს შეუძლია ამ «სტატუს კვოს» დარღვევა, თუ შეურიგდება ბედს და აღიარებს აფხაზეთის დაკარგვას. შესაძლოა დაისვას კითხვა: მერედა რას მოგვცემს ეს ჩვენ? ბევრს არაფერს! მაგრამ «მცირედი» ხომ მაინც მეტია, ვიდრე «არაფერი». საქართველო ადრე თუ გვიან მაინც უეჭველად გახდება იძულებული, ამ გზით წავიდეს და რაც ადრე, მით უკეთესი. «მცირედის შესანარჩუნებლად» აუცილებელი გამოსავალიც ერთადერთია: საქართველომ უნდა ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფსოუდან - ღალიძგამდე, დაიბრუნოს გალის რაიონი, სადაც ომამდე ასი ათასი ქართველი ცხოვრობდა, დაეხმაროს აფხაზეთს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში და ამის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ასოციაციის ან კონფედერაციის შესახებ.
    აფხაზებისთვის ეს წინადადება სავსებით მისაღები იქნება და, თქვენ წარმოიდგინეთ (საოცარია, მაგრამ ნამდვილად ასეა), საქართველოსთან ურთიერთობის საერთოდ გაწყვეტა ანუ ყოველგვარ ხელშეკრულებაზე უარის თქმაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს, ვინაიდან ნუ დავივიწყებთ, რომ აფსუები აფხაზეთში უმრავლესობას მას შემდეგაც არ წარმოადგენენ, რაც ყველა ქართველი გააძევეს. ეს გარემოება უეჭველად აიძულებთ მათ კომპრომისი ეძებონ ისევ იმ საქართველოსთან, რომელიც დაამარცხეს და რომელსაც არაერთგზის მოუწყვეს გენოციდი.
    რა თქმა უნდა, ეს ყოველივე აბსოლუტურად არარეალურია. ამ გეგმის არათუ განხორციელებას, არამედ მასზე კრინტის დაძვრასაც კი ვერ გაბედავს ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩამოყალიბებული «თამაშის წესების» შესაბამისად, ხელისუფლება მოერიდება ოპოზიციისათვის ესოდენ ძლიერი არგუმენტის მიცემას. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ «საქართველოს ტერიტორიის გასხვისება გამორიცხულია». ხელისუფლება ისედაც ატკივებულ თავს კიდევ უფრო არ აიტკივებს და იმპიჩმენტის ამოქმედების საშუალებას არავის მისცემს, ამიტომ ის მარაზმატული ვითარება, რაც ამჟამად გვაქვს, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება; თუმცა ადრე თუ გვიან, სხვა გამოსავალი ამ ჩიხიდან მაინც არ იქნება და ყველაზე ბრძნული ნაბიჯი (სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით) ხელისუფლების მხრიდან ის გახდება, რომ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებში შეიტანოს მუხლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე საერთო-სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესაძლებლობის შესახებ.
    ამჟამინდელი კონსტიტუცია ამასაც კრძალავს, რითაც იურიდიულად აფორმებს ჩიხს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

7 დღე, 3 ივლისი, 1998 წელი