არძინბა ნარკობიზნესში ქართველი სამართალდამცავების ჩაბმას აპირებს

არძინბა ნარკობიზნესში ქართველი სამართალდამცავების ჩაბმას აპირებს

              კახა თარგამაძის განცხადებამ აფხაზეთიდან - თურქეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის ექსპორტის შესახებ, სოხუმში დიდი აურზაური გამოიწვია.
        სეპარატისტთა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა სასწრაფოდ გააკეთეს «მრისხანე» განცხადებები და თარგამაძის ინფორმაცია «კატეგორიულად უარყვეს». თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მაინც ადასტურებს, რომ მისი ცნობებით, ნარკობიზნესმა აფხაზეთში ლეგალური სახე შეიძინა, - ნარკოტიკული ნივთიერებები «გადახდის საშუალებად» (ანუ, ფაქტობრივად, ვალუტად) იქცა, დაიწყო ყველაზე ძვირადღირებული ნარკოტიკის: ჰეროინისა და «ლსდ»-ს წარმოება; «პროდუქცია» უპირველეს ყოვლისა, შეაქვთ თურქეთში იმ გემების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად კურსირებენ თურქეთის პორტებიდან - სოხუმისა და გაგრის მიმართულებით.
        სეპარატისტთა ლიდერების ასეთი «მღელვარე რეაქცია» უკვე იმთავითვე მიუთითებს, რომ თარგამაძემ «ათიანში გაარტყა» - ნარკობიზნესით შემოსავლების გაზრდა სეპარატისტთათვის საყოველთაო წესია - არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ ნებისმიერ სხვა სეპარატისტულ ტერიტორიაზეც; ნარკოტიკებით ყიდულობდნენ იარაღს ალბანელი და ქურთი სეპარატისტები - ამ შემთხვევაში, არძინბას ხროვა შეიძლება სრულებითაც არ თვლიდეს ნარკობიზნესს დანაშაულად, შესაძლოა ნარკოტიკებს თავად არც ხმარობდნენ, მაგრამ ნარკობიზნესი აუცილებლად მიაჩნდეთ, ვინაიდან «აუცილებელია აფხაზეთის რესპუბლიკის დაცვა საქართველოს შესაძლო აგრესიისგან, საამისოდ კი საჭიროა დიდძალი იარაღი და ფულადი სახსრები».
        ნარკოტიკების წარმოება მოითხოვს მინიმალურ კაპიტალურ დანახარჯს», სამაგიეროდ, უზრუნველყოფს მოგებას 10 000(!) პროცენტს. ჰეროინისა და «ლსდ»-ს წარმოებისას მოგება კიდევ უფრო დიდია. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ომის დროს ნარკოტიკების გავრცელება გარდაუვალი მოვლენაა. «ლაშქრული პრინციპით» შედგენილ სეპარატისტულ არმიას კი უეჭველად უნდა შეეტანა ეს თვისება აფხაზურ საზოგადოებაში, ვინაიდან ნარკომანიის განკურნება გარკვეულ სტადიაში ძალიან ძნელია - თითქმის შეუძლებელიც.
        მეორე მხრივ, ნარკობიზნესის ბიუჯეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკული პრესის მონაცემებით, ტრილიონ დოლარს (!) აღწევს. შესაძლოა კიდევ გაიკვირვოს მკითხველმა - სად კოლუმბია და სად აფხაზეთიო, მაგრამ რეალურად, მთელი მსოფლიოს მაშტაბით (ავღანეთიდან - სამხრეთ ამერიკამდე) მოქმედებს მჭიდროდ ინტეგრირებული ნარკოკონცერნი, რომელიც რამდენიმე სეგმენტისგან თუ ქვესტრუქტურისგან შედგება.
        ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგალიზაციის პირობებში, ეს გრანდიოზული პლანეტარული სინდიკატი ეძებს ისეთ ტერიტორიებს, სადაც «ვერ მისწვდებიან» და მშვიდად შეუძლია ნარკოტიკების წარმოება.
        სწორედ წარმოებაა მთავარი, ვინაიდან ტრანსპორტირება შედარებით ადვილია - არსებობს არათუ ათასობით, არამედ მილიონობით ხერხი და საშუალება «მოსახმარად გამზადებული» ნარკოტიკის გასატანად მსოფლიო ბაზარზე - უპირველესად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
        ამიტომ, ნარკოტიკული შხამის წინააღმდეგ ბრძოლა უპირველესად «წარმოების საშუალებათა» მოსპობას ნიშნავს. სწორედ მათ ებრძვიან, უპირველეს ყოვლისა, კოლუმბიასა თუ პაკისტანში, მაგრამ ვის შეუძლია (ან როგორ) ებრძოლოს ნარკოსინდიკატს აფხაზეთში და ჩეჩნეთში, სადაც არათუ საქართველოსა და რუსეთის, არამედ ზოგადად, ცივილიზებული მსოფლიოს «იურისდიქცია» არ ვრცელდება?
        ნარკოსინდიკატი უეჭველად «შეამჩნევდა აფხაზეთს», ხოლო სეპარატისტთა ლიდერები ასევე უეჭველად განაცხადებდნენ თანხმობას მასთან თანამშრომლობაზე, ვინაიდან მათი უმთავრესი პრიორიტეტი «აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა». ამას კი დიდძალი სახსრები სჭირდება.
        გარდა ამისა, ეკონომიკურმა ბლოკადამ და ომისდროინდელმა ნგრევამ ფაქტობრივად, გაანადგურა აფხაზეთის ეკონომიკა. შემოსავლის ერთადერთი რეალური წყარო ხე-ტყის გატანასთან (ანუ, აფხაზეთის ულამაზესი ტყეების გაჩანაგებასთან), ერთად უეჭველად ნარკოექსპორტია.
        ნარკოტიკული მასალა და «ნახევარფაბრიკატები» (უპირველესად, ჰეროინის დასამზადებლად, რომელიც ნარკოტიკებში ისევე განსაკუთრებით ძვირადღირებულია, როგორც შავი მარგალიტი - ძვირფას თვლებში) აფხაზეთში თურქეთიდან შეაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიზნით გამოიყენება, აგრეთვე, საჰაერო ხიდი, თურქეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის;
        «მზა პროდუქცია» თურქეთში, თურქეთიდან კი - ევროპაში იმავე საზღვაო გზით ხვდება. რასაკვირველია, რუსეთის სპეცსამსახურებმა ამის თაობაზე ყველაფერი უწყიან, მაგრამ რაკი ნარკოტიკები რუსეთში არ შედის და სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს - თურქეთსა და დასავლეთ ევროპას «ალპობს», რა თქმა უნდა, «თითს-თითზე არ დააკარებენ» ნარკოექსპორტის აღსაკვეთად. ისიც არაა გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლებასა და გენერალიტეტში მავანს თავისი «წილი» ჰქონდეს აფხაზური ნარკობიზნესიდან.
        საქართველოს ბუნებრივი მოკავშირე ამ საკითხში, უპირველესად, თურქეთია. ეს ქვეყანა ნამდვილად არ არის დაინტერესებული, რათა «გადამცემ რგოლად» იქცეს ნარკოტიკებისათვის აფხაზეთიდან - ევროპაში.
        შესაძლოა, სწორედ ამით იყო განპირობებული ბოლოდროინდელი შეთანხმება სასაზღვრო უწყებებს შორის, რომლის თანახმად, თურქეთიდან - აფხაზეთისაკენ (და პირიქით) მოძრავი ყველა გემი, თუ იგი თურქეთის მოქალაქეს ან თურქეთში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის - აუცილებლად უნდა შეჩერდეს და გაიჩხრიკოს (შემოწმდეს) ფოთში.
        ამით თურქეთი დამატებით ბარიერს ქმნის ნარკოტიკების შემოღწევის წინააღმდეგ. ოფიციალურად, ქართველი მესაზღვრეები ვალდებულებას კისრულობენ შეუფერხებლად გაატარონ ჰუმანიტარული ტვირთი (ხორბალი, სხვა სურათი, საწვავი და ა.შ.), მაგრამ «ნარკობიზნესის» წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით მოღწეული ეს შეთანხმება საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ზეწოლა სეპარატისტებზე.
        მაგალითად, «ჰუმანიტარული ტვირთის» ნუსხაში არ შედის მერქანი, რომელიც ნარკოტიკთან ერთად «არძინბას მთავრობის» მთავარი საექსპორტო საქონელია.
        თუ სოხუმმა ამ საქონლის ექსპორტიც ვეღარ მოახერხა, მაშინ აფხაზეთში «ჰუმანიტარული ტვირთის» ნაკადიც რამდენიმეჯერ შემცირდება, ვინაიდან სინამდვილეში ეს არ არის «ჰუმანიტარული ტვირთი» - ხორბალსა და საწვავს აფხაზეთში აგზავნიან თურქეთის «მოჰაჯირული ორგანიზაციები» მერქანის სანაცვლოდ, რომელიც ოქროსავით «ლიკვიდურია» მსოფლიო ბაზარზე. უსასყიდლოდ ისინი კარგა ხანია, არძინბასათვის აღარაფერს აკეთებენ.
        საქართველოს ხელისუფლებამ არძინბას ნარკობიზნესი აქტიურად უნდა გამოიყენოს სეპარატისტული რეჟიმის შემდგომი დისკრედიტაციისათვის. ჯერჯერობით, შესაბამისი საშუალებები საერთოდ არ არის ამოქმედებული.
        საქართველოს სახელმწიფოებრივ და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში არსებული კორუფციის გათვალისწინებით, სრულებითაც არაა გამორიცხული, არძინბამ ნარკოტიკების ექსპორტისათვის ახალი არხი გამოიყენოს - გალისა და ზუგდიდის გავლით, რასაც ხელს შეუწყობს ათასობით დევნილის მუდმივი მოძრაობა ენგურის ორივე მხარეს.
        ეს შეიძლება კიდევ უფრო იოლი გზა აღმოჩნდეს, ვიდრე ზღვით ნარკოტიკების ექსპორტი, ამიტომ, ჯერ კიდევ გასარკვევია, საიდან, რა გზით მოხვდა თურქეთში ნარკოტიკების ამას წინათ აღმოჩენილი უზარმაზარი პარტია.

7 დღე, 5 ივლისი, 1999 წელი