არძინბა «მამალი გიჟია» და მასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს

არძინბა «მამალი გიჟია» და მასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ფართოდ რეკლამირებულ ვიზიტს მოსკოვში არავითარი (ყოველ შემთხვევაში, საქართველოსათვის სასარგებლო) შედეგი არ მოჰყოლია. ორი დღის განმავლობაში რუსეთის ყველა ძალისმიერი სტრუქტურის ხელმძღვანელი ცდილობდა, «სოხუმელი პროფესორი» დაერწმუნებინა, რომ აუცილებელია გარკვეულ დათმობებზე წასვლა საქართველოსთან - ეს მართლაც შედის რუსეთის ინტერესებში, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხერხდეს კომპრომისის მიღწევა რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
    მაგრამ არძინბასთან მოლაპარაკებამ არავითარი ხელშესახები შედეგი არ გამოიღო - იგი კვლავინდებურად ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავეს: საქართველოსა და აფხაზეთს შორის შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ «ფედერაციული კავშირის» ხელშეკრულება, რომელიც გაითვალისწინებს «ჰორიზონტულ კავშირებს» ორ რესპუბლიკას შორის. თვით ფედერაციულ კავშირშიც იქნება მხოლოდ ორი სუბიექტი - აფხაზეთი და საქართველო. აფხაზებს ამ პოზიციიდან არცერთი ნაბიჯით არ დაუხვევიათ 1992 წლიდან დღემდე.
    ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თბილისურ პრესაში გამოქვეყნდა აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგის, პროფესორ შამბას წერილი, რომელშიც ზუსტად იგივე პოზიცია იყო გადმოცემული და დაცული. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საქართველო ეწევა წყლის ნაყვას, ამ საქმეში მას უკვე რუსეთიც ეხმარება - სხედან და ერთად ნაყავენ წყალს.
    ნურავინ იფიქრებს, თითქოს რუსები ამჯერადაც ცდილობენ ქართველების მოტყუებას - არა, საქმე ის გახლავთ, რომ კისლოვოდსკში მომხდარმა ამბებმა რუსი პოლიტიკოსები ძლიერ შეაშინა და ისინი ყოველნაირად ცდილობენ საქართველოს ჩრდილოეთისკენ შემობრუნებას. ისინი ხვდებიან, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე ეს შეუძლებელია, მაგრამ ელემენტარულად აღარ შეუძლიათ რაიმეს შეცვლა. ბლოკადამ არ გაჭრა. უკანასკნელი ვარიანტია ძალის გამოყენება, რასაც აფხაზები და ჩრდილოკავკასიელები ძალასვე დაუპირისპირებენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ისინი რუსებს არ ესვრიან - ძალიან ცდება.
    არძინბას მოსკოვში შეხვდა ვაჟა ლორთქიფანიძეც. რასაკვირველია, არც ამ შეხვედრამ გამოიღო რაიმე შედეგი და, საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ: არძინბასთან მოლაპარაკებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რეალურ დათმობებზე წავა და მიხვდება, რომ უომრად (სისხლის დაუღვრელად) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.
    არძინბას რომც უნდოდეს, მას აფხაზი ხალხი არ მისცემს საშუალებას, ამდენი მსხვერპლის შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში შეიყვანოს აფხაზეთი, ანუ საქართველოს წინაშეა შემდეგი ალტერნატივა: ან დაიწყოს ომი და შეურიგდეს ახალი დესტაბილიზაციის გარდაუვალობას (ციხეებში განწესებული კრიმინალური ხროვა «კბილების კაწკაწით» ელის ახალი ომის დაწყებას), ან რეალურ დათმობებზე წავიდეს აფხაზეთის საკითხში, ოღონდ არა რუსეთის ეგიდით, არამედ დასავლეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მონაწილეობით.
    არძინბას მიერ მოსკოვში ჩატარებულმა პრესკონფერენციამ საბოლოოდ დაადასტურა რუსეთ-საქართველოს ძალისხმევის უნაყოფობა და ისიც თვალნათლივ დაგვანახა, რა პოზიციას დაიკავებს რუსეთის ტელევიზია აფხაზეთში ომის განახლებისთანავე.

მერიდიანი, 13 ივნისი, 1997 წ.