არძინბა ედუარდ შევარდნაძეს მორიგ მახეს უმზადებს

არძინბა ედუარდ შევარდნაძეს მორიგ მახეს უმზადებს

 

    ნამდვილად უცნაურად (ამდენად ძალზე საეჭვოდ) ვითარდება მოვლენები საქართველოს პრეზიდენტის სოხუმში მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით.
    შევარდნაძემ არაერთგზის განაცხადა ერთმნიშვნელოვნად, რომ მზად არის გაემგზავროს სოხუმში რუსეთის მხრიდან ყოველგვარი გარანტიების გარეშე. სერგეი ბაღაფშისა და სეპარატისტთა სხვა ლიდერების ლოგიკით, რადგან არძინბა უკვე იმყოფებოდა თბილისში, ახლა უკვე «საპასუხო ვიზიტის» ჯერიც დადგა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ განსხვავებას: არძინბა თბილისში პრიმაკოვმა ჩამოიყვანა, ანუ რუსეთის სახელმწიფო მთელი თავისი ძლევამოსილებით იყო მისი უსაფრთხოების გარანტი.
    შევარდნაძე კი აფხაზეთში არა თუ რუსული (ან ნებისმიერი სხვა) გარანტიის, არამედ დაცვის გარეშე აპირებს გაფრენას, ვინაიდან სეპარატისტთა ხელმძღვანელობა არ თანხმდება (ტრადიციულად) შეიარაღებული ქართველების ჩასვლას აფხაზეთში.
    ძალიან საეჭვოა ისიც, რომ არძინბას ე.წ. «აფხაზეთის ტელევიზია» ბოლო დროს საოცრად «დაუტკბა» საქართველოს. სეპარატისტთა ტელევიზიით აღარც შეურაცხმყოფელი გადაცემებია და აღარც ანტიქართული ანეკდოტები. პირიქით, არნახული ფაქტი მოხდა: არძინბას ტელევიზიამ სიტყვა «შერიგება» ახსენა. მანამდე «შერიგებაზე» ლაპარაკი ზედმეტი იყო. სეპარატისტები საუბრობდნენ მხოლოდ «ურთიერთობათა გარკვევაზე», რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გულისხმობდა.
    ახლა რაღაც «აეწვათ» ან ძალიან მძიმე დღეში ჩავარდნენ რუსეთის ფინანსური კრიზისის გამო. არც ისაა გამორიცხული, მორიგი მზაკვრობა ჰქონდეთ ჩაფიქრებული და ცდილობდნენ შევარდნაძე აფხაზეთში «ჩაიტყუონ». მათგან ყველაფერი მოსალოდნელია.
    არძინბას აღტყინება (გინდა თუ არა პრეზიდენტს უნდა შევხვდეო) კიდევ უფრო საეჭვო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ გაუგებარია, რა მიზანს ისახავს ეს შეხვედრა, - რა შედეგით უნდა დამთავრდეს იგი, რას მოელიან მისგან სეპარატისტები?
    «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბური მოწესრიგების ოქმზე» საუბარი საერთოდ შეწყდა, ვინაიდან ამ ოქმში დაფიქსირებულია აფხაზეთისა და საქართველოს «თანასწორსუბიექტობა» რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის.
    სეპარატისტები გვთავაზობენ აგრეთვე «საშუალედო დოკუმენტს», რომელიც ითვალისწინებს ფსოუზე საზღვრის გახსნას და სამაგიეროდ ქართველ ლტოლვილთა მცირე ნაწილის დაბრუნებას გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში - აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშ.
    რა არგუმენტები უნდა გამოძებნოს არძინბამ, რათა დაარწმუნოს საქართველოს პრეზიდენტი - დათანხმდეს ამ ფორმულას: ლტოლვილთა დაბრუნება გალის ქვედა ზონაში, აფხაზური ადმინისტრაციის გამგებლობაში, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ?!
    ვერანაირი არგუმენტაცია შევარდნაძეს ვერ დაარწმუნებს, ვინაიდან, ჯერ ერთი, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ სეპარატისტები პირობას შეასრულებენ; გარდა ამისა, რომც დათანხმდეს, დანარჩენ ლტოლვილთა უზარმაზარი მასისათვის ამგვარი კომპრომისი სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
    რატომ უნდა აიტკივოს (კიდევ უფრო) თავი საქართველოს ხელისუფლებამ? იმავდროულად, სეპარატისტები არაფრით არ გვთანხმდებიან შეთავაზებულ კომპრომისზე (კომპრომისის ქართულ ვარიანტზე), რომელიც ითვალისწინებს გალის ნამდვილ საზღვრებში (ანუ ენგურიდან თითქმის მდინარე ღალიძგამდე) ერთობლივი ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციის შექმნას და ლტოლვილთა დაბრუნებას.
    სამაგიეროდ, ეკონომიკური სანქციები მოიხსნება და აფხაზეთიც შედარებით ამოისუნთქებს, მაგრამ ასეთი კომპრომისი არძინბას აღსასრულს ნიშნავს, ვინაიდან სოხუმში ყველაზე უფრო იმის ეშინიათ, ვაი თუ ქართველები დარწმუნდნენ, რომ მოლაპარაკებათა ამჟამინდელ ფორმატში შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა იურისდიქციის საკითხში.
    მაშასადამე, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ იკლავს თავს არძინბა შევარდნაძის აფხაზეთში ჩასაყვანად? რაშია საქმე? მას ხომ არაერთგზის უთქვამს ქარაგმულად: ჩემი ნება რომ იყოს, შევარდნაძეს საეროთდ არ დაველაპარაკებოდიო? როდის აქეთ «გაუსკდა» სიყვარულის ძარღვი?
    ალბათ, მიზეზი ისევ და ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედებასა და «ნავთობსადენში» უნდა ვეძიოთ. ნავთობსადენის უსაფრთხოება არძინბამ შემთხვევით არ ახსენა წერილში საქართველოს პრეზიდენტისადმი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ პირობებში ედუარდ შევარდნაძის მხრიდან აფხაზეთში ჩასვლა «ვაჟკაცობა» კი არა, სიგიჟე იქნებოდა. ეს შეიძლება მისი საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს.

მერიდიანი, 30 სექტემბერი, 1998 წ.