არძინბა აფხაზურ სახელმწიფოს აშენებს

არძინბა აფხაზურ სახელმწიფოს აშენებს

 

    აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს, როგორც ჩანს, აფხაზეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს და სრულიად ახალი «ძირითადი კანონის» მისაღებად ემზადება.
    მისი განცხადება ცოტა არ იყოს გასაკვირია, ვინაიდან ნაცვლად 1924 წლის საბჭოთა კონსტიტუციისა (რომელშიც მთავარი სეპარატისტებისთვის ის იყო, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მხოლოდ «სამოკავშირეო» ურთიერთობებს ამყარებდა), უკვე მიიღეს «ახალი კონსტიტუცია», რასაც ოფიციალური თბილისის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა
    თბილისის რეაქციას კი არძინბამ მშვიდად უპასუხა: ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო დოკუმენტებში დაფიქსირებულია: აფხაზეთს აქვს უფლება, საკუთარი კონსტიტუცია ჰქონდესო. შემდგომში აღმოჩნდა - ქართული მხარე ამ «კონსტიტუციაში» შეთანხმებულ დოკუმენტს გულისხმობდა, აფხაზური კი - სოხუმში შემუშავებულს.
    საინტერესოა არძინბას «განახლებული» კონსტიტუციის ის დებულება, რომელიც თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს 1924 წლის «ძირითადი კანონის» პოსტულატს - საქართველოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობათა დამყარების შესაძლებლობის შესახებ. როგორც ჩანს, მაშინ სეპარატისტებს ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოს მოატყუებდნენ და დაითანხმებდნენ «თანასწორსუბიექტურობაზე», რათა შემდეგ გამოეცხადებინათ სრული დამოუკიდებლობა, თავი კი საქართველოს «თანხმობით» ემართლებინათ: აკი თბილისმა თავად გვაღიარა თანაბარ სუბიექტადო;
    მაგრამ ეს იმედი არძინბას თანდათან გადაეწურა - საქართველო არ შეცდა და სეპარატისტთა პროვოკაციულ «პროტოკოლს» (რომლის შემუშავებაში უდიდესი წვლილი ჩვენმა «ძველმა მეგობარმა», ბორის პასტუხოვმა შეიტანა) ხელი არ მოაწერა.
    ამრიგად, სეპარატისტები აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, როცა იძულებულნი ხდებიან, თავად გამოაცხადონ «სრული დამოუკიდებლობა» - მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების შესაძლო რეაქციისა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა არძინბა «ახალ კონსტიტუციაში». მაშასადამე, სეპარატისტები უკვე ღიად, მოურიდებლად აფუძნებენ (იურიდიულად) დამოუკიდებელ აფხაზურ სახელმწიფოს. თუმცა, იურიდიული დამოუკიდებლობა ფაქტობრივადაც განმტკიცებულია - ისინი ამჟამად ტერიტორიის ცხრა მეათედს აკონტროლებენ საკუთარი შეიარაღებული ძალებით. რაც უფრო მწვავე (უმწეო) რეაქცია მოჰყვება ამ განცხადებას და გადაწყვეტილებას თბილისიდან, მით უკეთესი სეპარატისტებისთვის. სწორედ ამიტომ აწყობენ ისინი ხშირად გამაღიზიანებელ დემარშებს. მაგალითად, არჩევნებს, რასაც უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პროტესტი ახლავს.
    რაც უფრო მწვავეა ეს პროტესტი, მით უკეთ და მკაფიოდ ფიქსირდება მთავარი: საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთის ტერიტორიას. აფხაზეთი დე-ფაქტო უკვე დამოუკიდებელია. «დე-ფაქტო» კი ადრე თუ გვიან უეჭველად გადაიზრდება «დე-იურეში».
    ამდენად, ფუჭი პროტესტების განცხადებას აზრი არა აქვს. საკმარისია, ქვეყანა დაკმაყოფილდეს ერთი განცხადებით, რომლითაც სახელმწიფოს პოზიცია დაფიქსირდება და საქმით კი, პარტიზანების მეშვეობით, გაცილებით მეტი გაკეთდეს.
    საქართველოს საამისო შესაძლებლობა უკვე აქვს.

მერიდიანი, 27 მარტი, 1998 წ.