არჩევნებში იმარჯვებს ის, ვისაც «ობივატელი» აძლევს ხმას

არჩევნებში იმარჯვებს ის, ვისაც «ობივატელი» აძლევს ხმას

        გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ შეაჯამა არჩევნების «არაოფიციალური შედეგები», რომელთა თანახმად, დამაჯერებლად გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ.
        საუბარი «გაყალბების» შესახებ აშკარა ტენდენციურობაა, ვინაიდან ჯერ ერთი, ამ ლოგიკით (და იმავე მეთოდებით) მოქმედებდა «მეორე სახელისუფლებო ცენტრი»; გარდა ამისა, თუ «გაყალბებაში» იგულისხმება «ბიულეტენების ჩაყრა», მაშინ შეუძლებელია 1-2 პროცენტზე მეტის გაყალბება, როდესაც პარტიები ერთმანეთს უთვალთვალებენ საარჩევნო ყუთებთან.
        სრული აბსურდია აგრეთვე იმის მტკიცება, თითქოს «გაყალბდა» 10, 15, მით უმეტეს 20 და 30 პროცენტი.
        რაც უნდა მწარე იყოს ოპოზიციისათვის ამის აღიარება, ისინი ვალდებულნი არიან გააანალიზონ, რატომ დაუჭირა მხარი მოქალაქეთა კავშირს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მაშინ, როდესაც (ოპოზიციის მტკიცებით) «მოქკავშირმა» ქვეყანა დააქცია, ხალხი დაამშია, მოსახლეობა მათხოვრად აქცია, საქართველოდან ასეულობით ათასობით ადამიანი გააქცია, ეკონომიკა დაანგრია და ა.შ.
        აღმოჩნდა, რომ «მთლად ასე არ არის საქმე».
        არჩევნების შედეგი ამ თვალსაზრისით ზუსტ ანალიზს მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა იმ კარდინალური სოციალური ცვლილებების თვალსაზრისით, რაც ქართულმა (საქართველოს) საზოგადოებამ განიცადა 1990 წლიდან, როცა დაიწყო ძველი სოციალური ინფრასტრუქტურის ნგრევა.
        ოღონდ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი ნორმალური არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ, ანუ ისეთი არჩევნები, როდესაც მოსახლეობა, დიდწილად, არჩევანს აკეთებდა არა თავსმოხვეული იდეოლოგემის (დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, «ზვიადი, მერაბი», ზნეობრიობა-ანტიკომუნიზმი და ა.შ.) მიხედვით, არამედ მისი ყოფით მისწრაფებების და (დიახაც) ობივატელური ინტერესების გათვალისწინებით.
        სიტყვა – ცნება «ობივატელს» მხოლოდ ბოლშევიკებმა და მათმა იდეოლოგებმა (მაიაკოვსკი და «ძმანი მისნი») მიანიჭეს უარყოფითი მნიშვნელობა, თორემ სინამდვილეში ნორმალური საზოგადოება სწორედ «ობივატელებისაგან» უნდა შედგებოდეს, რომლებიც თავიანთი «ობივატელური ინტერესებიდან გამომდინარე» აკეთებენ არჩევანს.
        და მაინც, მიუხედავად ამისა, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ჯერ ვერ იქცა ნორმალურ საზოგადოებად ანუ ჩვეულებრივ, ნორმალურ ობივატელთა გარდა, კიდევ არის საქართველოში განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც არჩევანს აკეთებს არა ყოფითი მოთხოვნილებების და პირადი მისწრაფებების, არამედ რაღაც «იდეების» ერთგულებით.
        ეს კატეგორია, უკვე (საბედნიეროდ), ძალზე მცირერიცხოვანია. მიუხედავად ამისა, «მთავარმა ოპოზიციურმა» ძალამ მისი მიმხრობაც ვერ შეძლო. მან მხოლოდ მოახერხა, შეკრიბა უნიკალური ერთობა ასეთი კატეგორიის სოციუმის მცირე ნაწილისა ბათუმში.
        ეს კატეგორია (სამარცხვინო კატეგორია - უნდა ვაღიაროთ) მზად იყო ბათუმის ცენტრალურ მოედანზე «ლებედი-ლებედი» ეყვირა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ რუსთაველზე «ზვიადი-ზვიადის» ყვიროდა.
        შეიქმნა ერთგვარი სოციალურ-პოლიტიკური ანეკდოტი, რომელსაც, იმავდროულად, ისტორიული (ჭკუის სასწავლებელი) მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზემოთხსენებული სოციუმის დიდი ნაწილი თავისივე ყოფილი ლიდერების ამგვარმა ქმედებამ აშკარად გააღიზიანა და ან საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში (მიაქციეთ ყურადღება 60 პროცენტი საქართველოსათვის საკმაოდ დაბალი აქტივობაა) ან «ჯინაზე» მოქალაქეთა კავშირს მისცა ხმა, ვინაიდან, მათი აზრით, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, «ზვიადის საქმე ედუარდმა გააგრძელა».
        დიახ, თითქოს აბსურდია, მაგრამ თეორიულადაც კი «ზვიადის საქმეს» გენერალი ლებედი ვერასგზით ვერ გააგრძელებდა. ბათუმში რატომღაც არ აქცევდნენ ყურადღებას ამომრჩევლის ამ კატეგორიის გაღიზიანებას, რაკი ჩათვალეს, იგი ყველაფერს «გადაყლაპავდა» შევარდნაძის სიძულვილით. როგორც აღმოჩნდა, - არ «გადაყლაპა».
        თუმცა, ვიმეორებ, - ეს კატეგორია ამომრჩევლის უკვე საკმაოდ მცირე ნაწილია - «მოძრაობა» ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა საქართველოში.
        გაცილებით საინტერესო და ნიშანდობლივია, რატომ დაუჭირეს მხარი მმართველ პარტიას დიდწილად იმ «ობივატელებმაც», რომლებიც საკუთარი «კუჭის» მოთხოვნილებათა შესაბამისად აკეთებენ არჩევანს (ასეც უნდა იყოს ნორმალურ, სამოქალაქო საზოგადოებაში) არადა, ეს კატეგორია მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.
        მიზეზი ამ «უცნაურობისა» ელემენტარულია: არ გამართლდა «ოპოზიციის» ისტერიკა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილით კვდება.
        «პენსიები» და «ხელფასები» განმსაზღვრელი მნიშვნელობისა აღმოჩნდა 10-15 პროცენტისათვის; დანარჩენისათვის კი «პენსია-ხელფასები» ფრიად უმნიშვნელოა იმ შემოსავალთან შედარებით, რომელიც რეალურად აქვთ.
        თვალნათელია, რომ ე.წ. «აღორძინების» მრჩევლები ძველი «კომუნისტური სოციოლოგები» არიან, თორემ უეჭველად შეამჩნევდნენ რადიკალურ ცვლილებებს საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში: ის ადამიანი, ვინც კომუნისტურ ეპოქაში სადმე ქარხანაში «დამკვრელურად» შრომობდა, ამჟამად 12 ლარი აქვს პენსია – ამ 12 ლარს კი თვიდან-თვემდე ელოდება; მაგრამ ამასობაში სახლთან «ბუტკაც» აქვს და წვრილი ვაჭრობიდან თვეში 120-200 ლარს იგებს. ანუ, მან იპოვა ახალი «ნიშა» განვლილი წლების განმავლობაში და ამ ნიშის დაკარგვის შიშით, ხმას უეჭველად ყოველთვის მისცემს სტაბილურობას ანუ არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას.
        როგორც არ უნდა მისტიროდეს ნოსტალგიით «ძველ დროს», მისი «ობივატელური» არჩევანი ყოველთვის ასეთი იქნება.

        მით უმეტეს, როცა არ არის დარწმუნებული, რომ «ძველის» დანგრევა «მოქკავშირის» ბრალია და არა «მოძრაობის» იმ ლიდერთა, რომლებიც ახლა ბათუმიდან ასწავლიან ჭკუას.

7 დღე, 3 ნოემბერი, 1999 წელი