არჩევანი მარიონეტებს შორის

არჩევანი მარიონეტებს შორის

     აფხაზეთში ჩატარებული უბადრუკი ფარსი სახელწოდებით «საპრეზიდენტო არჩევნები» მხოლოდ იმდენადაა საინეტრესო, რომ ზოგიერთი დასკვნის საშუალებას გვაძლევს.
მაგალითად, ოფიციალური ცნობით, «დამოუკიდებელ რესპუბლიკაში» რეგისტრირებული იყო 138 447 ამომრჩეველი. მაშასადამე, მოსახლეობის ოდენობა მაქსიმუმ 160-170 ათასია. მაშინ, როდესაც ომამდე 500 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და აქედან 240 ათასი ქართველი იყო.
    ამ ციფრებს სეპარატისტები ბოლო დრომდე გულდაგულ მალავდნენ, თუმცა დღეს ვეღარ დამალეს, რაკი მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავისი «დამოუკიდებლობის» დემონსტრირებისათვის სჭირდებოდათ.
        ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადეს, რომ არ ცნობენ დამოუკიდებლობას, რომელიც ეთნოწმენდის შედეგადაა მოპოვებული. მით უმეტეს, დამოუკიდებლობას რუსულ ხიშტებზე.
        მაგრამ სეპარატისტებს უცნაური ფსიქოლოგია აქვთ. დღეს აფხაზეთი ყველა თვალსაზრისით იმდენადაა დამოკიდებული რუსეთზე, როგორც არასდროს ყოფილა დამოკიდებული საქართველოზე, ოღონდ ეს დიდად არ აწუხებთ და არ ლახავს მათ «ეროვნულ სიამაყეს».
        რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, გალის რაიონში დაახლოებით 55-60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან აფხაზური პასპორტი სულ 3,5 ათასმა მიიღო და ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მხოლოდ ამ ოდენობას ჰქონდა.
        პრაიმ-ტაიმის ცნობით, გალელი ქართველები, ვინც აფხაზური პასპორტი აიღო, მასობრივად მონაწილეობდნენ არჩევნებში, რაკი სეპარატისტებმა დააშინეს, რომ ამიერიდან ენგურის საზღვარზე გადმოსვლისას აუცილებლად შეუმოწმებდნენ პასპორტს და თუ იქ შესაბამისი შტამპი არ ექნებათ (არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე), მაშინ საზღვარზე აღარ გადმოუშვებდნენ.
        საერთოდ ეს «შტამპი პასპორტში» რაღაც ახალია მსოფლიო დემოკრატიისათვის. «მარკირება» კიდევ ჰო – ამომრჩეველთა საქონელივით «დადაღვის» ამ მეთოდს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. მათ შორის (ოპოზიციის მოთხოვნით) საქართველოშიც, მაგრამ პასპორტში სპეციალური შტამპის ჩარტყმა ჯერ აზრად არავის მოსვლია.
        როგორც ჩანს, სეპარატისტებმა ეს სპეციალურად მოიფიქრეს გალელი ქართველებისათვის. ამავე დროს ისიც არ არის შემთხვევითი, რომ მათთვის სულ 3,5 ათასი აფხაზური პასპორტი გაიმეტეს. ესე იგი გალის რაიონისა მაინც ეშინიათ – მიუხედავად იმისა, რომ საზღვარს რუსები აკონტროლებენ და საქართველოს მხრიდან საფრთხე არ ემუქრებათ.
        გალელებმა ისევ სერგეი ბაღაფშს მისცეს ხმა. პრაიმ-ტაიმთან საუბარში სამურზაყანოს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ეს შემდეგნაირად ახსნა: «ხმა მივეცით ბაღაფშს არა იმიტომ, რომ ქართველი ცოლი ჰყავს (მარინა შონია-პ.ტ.), უბრალოდ მას უკვე ვიცნობთ, ვიცით რისი გამკეთებელია, ანუ მისი პრეზიდენტობისას უარესი მაინც ვერ მოხდება».

ბუტბას ოცნება და აფხაზური დამოუკიდებლობის საპნის ბუშტი

        მიმდინარე არჩევნებისას ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო პირველი (და ჯერ-ჯერობით ერთადერთი) აფხაზი მულტიმილიონერის, ბესლან ბუტბას გამოჩენა ასპარეზზე.
        ბუტბამ ფული მოსკოვში იშოვა სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესში. ამის მიუხედავად, იგი მკაცრად აკრიტიკებდა სერგეი ბაღაფშს და ბრალად დებდა, რომ «აფხაზეთი ფაქტობრივად რუსეთის შემადგენლობაში შეჰყავს». Bამით საზღვარგარეთ (პირველ რიგში თურქეთში) მცხოვრები აფხაზების დამოკიდებულებას გამოხატავდა, რომლებსაც არ მოსწონთ მოსკოვის გავლენის ზრდა და აფხაზეთის ქცევა რუსული გენერალიტეტის სათამაშო თოჯინად. ისინი ხომ სწორედ იმ «მოჰაჯირთა» შთამომავლები არიან, რომლებიც რუსეთმა გაასახლა კავკასიიდან.
        ამიტომ, ბუტბამ ორიგინალური საარჩევნო პროგრამა მოიფიქრა: აფხაზეთი არა მასობრივი, არამედ «ელიტური ტურიზმის» კერად უნდა ვაქციოთო. იგულისხმება, რომ აფხაზეთმა ასეულობით ათასი რუსი ტურისტი კი არ უნდა მიიღოს ზაფხულობით, არამედ რამდენიმე ათასი დამსვენებელი. თანაც არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ თურქეთიდან და დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც იმაზე ბევრად მეტს გადაიხდიან ბერიასა და ხრუშჩოვის აგარაკებზე დასასვენებლად, ვიდრე ამჟამად კრასნოიარსკელი და მურმანსკელი ბომჟები იხდიან – სოჭისთვის რომ არ ყოფნით ფული და აფხაზეთის კურორტებზე მხოლდო ამიტომ ჩამოდიან.
        რუსებს კი დღემდე უხარიათ «აფხაზებს ძალიან ვუყვარვართო».
        გარდა ამისა, ბესლან ბუტბა ბაღაფშსა და ხაჯიმბას აკრიტიკებდა «რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის აფხაზეთის მიყიდვის გამო». იგულისხმება რკინიგზის გადაცემა, ნავთობმოპოვება და სხვა. მაგრამ თვითონ მსხვილი რუსული ბიზნესის შემოყვანის მომხრეა. როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ ამ ბიზნესს სეპარატისტული ხელისუფლება უფრო გააკონტროლებს, ვიდრე «გაზპრომს» ან «რუსეთის რკინიგზას».
        ბაღაფშის მთავარი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არჩევნებამდე აცხადებდა, რომ მიზანი მეორე ტურამდე მიღწევაა. პირველ ტურში საკუთარ გამარჯვებას თავიდანვე გამორიცხავდა «ადმინისტრაციული რესურსის» გამო. მეორე ტურში კი იმედი ჰქონდა, ბუტბას მომხრეები ხმას მისცემდნენ.
        თვით «აფსუა ნუვორიშ» ბუტბას «დამოუკიდებლობაც» ზღაპარია რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება «მოსკოვისგან დამოუკიდებელი» იყოს მილიონერი, რომლის ბიზნესი სწორედ მოსკოვშია თავმოყრილი? ესე იგი, თუ სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას კრემლი ადმინისტრაციული რესურსით და სპეცსამსახურებით «აცუნდრუკებდა» სცენაზე, ბესლან ბუტბას ჩეკისტურ-კაპიტალისტური მეთოდებით მართავდა. სამივე ერთად კი იმ «საპნის ბუშტს» ქმნიდა გამოთაყვანებული მოსახლეობისათვის, რომელსაც «აფხაზეთის დამოუკიდებლობა» ეწოდება.

ძია სოსოს მემკვიდრეობა

        აფხაზეთის არჩევნებში «დამკვირვებლად» მონაწილეობდა . . . . ფინეთის ანტიფაშისტური კომიტეტის წარმომადგენელი იოჰან ბეკმანი. ეს კომიტეტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა საბჭოთა სპეცსამსახურმა იოსებ სტალინის ბრძანებით - რაკი ფინეთის დაპყრობას აპირებდა.
        დღეს კი ჩვენი «დიდი თანამემამულის» მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის წარმომადგენელი აფხაზეთს «დამოუკიდებლობის განმტკიცებაში» ეხმარება. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ყვავილები არ მივიტანოთ «დიდი ქართველის» ძეგლთან გორში?
        არჩევნების დღეს რუსეთმა მის მიერ აღიარებულ სახელმწიფოში საკუთარი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩუროვი მიავლინა. მან პირველ რიგში ახალი ათონის მონასტერი მოინახულა, სადაც ყოფილმა ბანდიტმა, დღეს კი აფხაზეთის «ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქმა» ბესარიონ აპლიამ საჩუქრად ხატი გადასცა.
        ამის შემდეგ ჩუროვმა გულწრფელად განაცხადა, რომ დემოკრატიულობითა და გამჭვირვალებით აფხაზეთის არჩევნები რუსულს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
        უდავოა, რომ მოსკოვი სერგეი ბაღაფშს უჭერდა მხარს ამ არჩევნებში. სწორედ ამაზე მეტყველებს აგრეთვე «რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის», გრიგორიევის განცხადება: «აფხაზებს მოვუწოდებ, იმ კანდიდატს მისცენ ხმა, რომელიც რუსეთთან აფხაზეთის დაახლოების კურსს განაგრძობსო».
        თუკი სამივე კანდიდატი «პრორუსული» იყო ასეთი მოწოდება რა საჭიროა?
        ანუ მოსკოვი დღევანდელი აფხაზური ელიტის და ხელისუფლების «ძაღლური ერთგულებით» კმაყოფილია. თუმცა, საკმარისია რაიმე არ მოეწონოს და მაშინვე აამოქმედებს თავის ბერკეტებს. მაგალითად, მოქმედი «აფხაზური კონსტიტუციით», პრეზიდენტი მხოლოდ ეთნიკური აფხაზი შეიძლება იყოს. ხოლო თუ ეს «ეთნიკური პრეზიდენტი» რუსეთის მითითებებს არ შეასრულებს, მოსკოვი შიფროგრამას გაუგზავნის აფხაზეთის რუსული და სომხური თემის ლიდერებს (რომლებიც ერთად უმრავლესობას შეადგენენ), კონსტიტუციის ხსენებულ ნორმას «არადემოკრატიულად» გამოაცხადებინებს და აფხაზეთის მოქალაქეთა «თანასწორობას» მოითხოვს.
        მაშასადამე, ამჟამად აფხაზეთი ისევე «დამოუკიდებელია» რუსეთისგან, როგორც მისი მონათესავე ადიღე (რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა), სადაც პრეზიდენტად კრემლი ეთნიკურ ჩერქეზს ნიშნავს მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას რუსები შეადგენენ.
        ოღონდ მხოლოდ მანამ დანიშნავს ჩერქეზს, სანამ ეს უკანასკნელი ჭკუით მოიქცევა.
        სიმბოლურია, რომ სწორედ არჩევნების დღეს, ოჩამჩირის პორტში ორი რუსული სამხედრო კატარღა შევიდა: «შევარდენი» და «მანგუსტი». მათი მიზანია თურქეთიდან მომავალი გემების გაკონტროლება ჯერ კიდევ სოხუმის პორტამდე, სადაც მათ რუსი მესაზღვრეები ხვდებიან.
        პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი თავის ხალხს არ ეუბნებოდა, რომ ასეთი უფლება (აფხაზეთში შემავალი ტვირთების კონტროლი) რუსეთს აფხაზეთის «დამოუკიდებლობის აღიარებამდე» არ ჰქონია. ესე იგი, მოსკოვის მხრიდან «დამოუკიდებლობის აღიარება» რეალური დამოუკიდებლობის შემცირებას უფრო ნიშნავს, ვიდრე ზრდას.
        თუმცა, აფხაზებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ რუსეთთან ერთად ამ «დამოუკიდებლობის» აღიარებას კუნძულ-სახელმწიფო ნაურუ აპირებს. საამისოდ მოსკოვმა «ასტრონომიული თანხა» – 50 მილიონი დოლარი გამოჰყო. მაგრამ ამაყ ნაურუელებს ეტყობა მეტი არც უნდათ. ისევე, როგორც ამაყ აფხაზებს, რომლებმაც კრემლის მარიონეტი პირველივე ტურში აირჩიეს, რათა «წარმმართველი ხელი», (რაზეც ძაფებია გამობმული), მეტისმეტად არ დაეღალათ. ამ ხელს სხვა საქმეც ბევრი აქვს.