არ გავაიაფოთ საქართველოს პასპორტი!

არ გავაიაფოთ საქართველოს პასპორტი!


       ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბათუმში სტუმრობისას, საჯარო იუსტიციის მინისტრის მოადგილე-რეფორმატორმა გიორგი ვაშაძემ მას საქართველოს პასპორტი გადასცა. ეს მაშინ მოხდა, როცა ჰილარი ბათუმის იუსტიციის სახლს ათვალიერებდა და აღფრთოვანება ვერ დამალა სერვისების სიიოლისა და გამჭვირვალობის გამო. თუმცა, ხსენებული ეპიზოდი სხვა მხრივ უფროა საინტერესო: კლინტონისთვის პასპორტის ჩუქებას ამერიკულ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გამოხმაურება ძირითადად კრიტიკული იყო. ზოგიერთ შემთხვევაში სარკასტული და აგრესიულიც კი.
    პასპორტი ნებისმიერ ქვეყანაში ისეთ სიმბოლოებს უტოლდება, როგორიცაა დროშა, ღერბი და ჰიმნი. ზოგიერთებს გვახსოვს ვლადიმერ მაიაკოვსკის შესანიშნავი ლექსი (მხატვრული თვალსაზრისით ჭეშმარიტი შედევრი) საბჭოთა პასპორტზე. მის იდეოლოგიურ დატვირთვას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია; თუმცა იყო კომუნისტი თუ არ იყო, მაიაკოვსკი მაინც რჩება გენიალურ პოეტად და პოეზიის დიდ რეფორმატორად. თანაც, მისი დამოკიდებულება პასპორტის მიმართ დიდად არ განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეთა აღქმისაგან.
    ამდენად, პასპორტის თემისადმი მეტი ყურადღბა და სიფრთხილეა საჭირო. მით უმეტეს, როდესაც საქმე უცხოელისთვის ამ დოკუმენტის ჩუქებას ეხება. და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ კლინტონმა „მხოლოდ და მხოლოდ“ სიმბოლური (არანამდვილი) პასპორტი მიიღო, ანუ სასაცილოა მის მოქალაქეობაზე საუბარი, პასპორტი იმდენად მნიშვნელოვანი სიმბოლოა (ვიმეორებ), რომ მისი ჩუქება თავისთავად ხდება პოლიტიკური აქტი. თანაც აქ ქართულ პოლიტიკას არ ვგულისხმობ, ანუ იმას, რამდენად მომგებიანი იყო ხელისუფლებისთვის წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით ასეთი ჟესტი მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პასპორტს არ უბრუნებენ. ამით ხომ ხელისუფლებამ ოპონენტებს არგუმენტები შემატა? შესაბამისად, დაუყოვნებლივ წამოიშალნენ კრიტიკოსები და მოჰყვნენ მოთქმას, რომ აი „დამაშვრალ მეცენატს ხელისუფლება პასპორტს არ უბრუნებს მაშინ, როცა „ვიღაც“ კლინტონს აჩუქა“ და ასე შემდეგ. დოკუმენტის სიმბოლურობას ამ შემთვევაში მართლაც არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.
    რასაკვირველია, საჯარო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძეს მხოლოდ და მხოლოდ ის გათვლა ჰქონდა, რომ მოეხდინა დემონსტრირება, თუ გატარებული რეფორმების შედეგად რა ადვილია საქართველოს მოქალაქისთვის ნებისმიერი დოკუმენტის აღება, რომ ამ სფეროში კორუფცია მოისპო და ა.შ.
    მაგრამ როცა საქმე დიდი პოლიტიკას ეხება, სწორედაც „კეთილი სურვილებითაა გაკიწყლული გზა-ჯოჯოხეთისკენ“. თუ ასეთი მიზანი ჰქონდა, მაშინ კლინტონისთვის არა პასპორტი, არამედ, ვთქვათ, მანქანის მართვის მოწმობა უნდა დაემზადებინათ ხუთიოდე წუთში. არა მხოლო თვით ქალბატონი ჰილარის, არამედ ნებისმიერი ამერიკელისთვის ეს ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა: მართვის ლიცენზია (Driver's Licence) ამერიკაში ყველა სხვა დოკუმენტს ცვლის, მაგრამ მას არა აქვს ის მნიშვნელოვანი სიმბოლური, საკრალური და პოლიტიკური დატვირთვა, რაც პასპორტს. ამიტომ, კლინტონისთვის „მართვის მოწმობის“ ჩუქებას არავინ და ვერავინ გააკრიტიკებდა, რადგან ეს ნამდვილად აღიქმებოდა, როგორც საჯარო სამსახურის ეფექტურობის სიმბოლო და გამოვლინება. პასპორტის ჩუქება კი სულ სხვა სიმბოლოებს ქმნის.
    ეს სცენა რამდენჯერმა ვნახე და სულ ვცდილობ გავარკვიო, მაინც ვისი ინიციატივა იყო ჰილარი კლინტონსითვის პასპორტის გადაცემა: თვით გიორგი ვაშაძის თუ ეს იდეა „ზემოდან“ მოდიოდა? დააკვირდით: კლინტონმა საკმაოდ ნერვიულად გაიცინა. ელჩ ბასის სახეზე კი ვერავითარ ემოციას ვერ ამოიკითხავდა ადამიანი. ელჩი იმის ელჩია, რომ ემოციები დაფაროს. არადა, ამ დონის ვიზიტებისას ყველა დეტალს, პროგრამის თითოეულ პუნქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და პროტოკოლურად წინასწარ თანხმდება, რა უნდა აჩუქონ მასპინძლებმა - სტუმარს, რა ვითარებაში უნდა გადასცენ ეს საჩუქარი, სად უნდა მიიყვანონ, ვისი თანდასწრებით და ა.შ.
    ანუ, ის, რაც მაღალი რანგის ვიზიტებისას ზოგჯერ მოულოდნელი ჩანს, სინამდვილეში წინასწარ შეთანხმებულია და ზუსტად გათვლილი. შეათანხმა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინასწარ ამერიკის საელჩოსთან კლინტონისათვის პასპორტის საჯაროდ გადაცემა? ვგონებ რომ არა. ამერიკელებს ასეთი ექსპრომტები არ უყვართ და მათ დიპლომატიურ პრაქტიკაში დიდი იშვიათობაა. გარდა ამისა, თვით კლინტონი უაღრესად სერიოზული ფიგურაა ამერიკულ ისტებლიშმენტში და უბრალოდ წარმოუდგენელია მას ხელს აძლევდეს მრავალრიცხოვანი მტრების ქილიკი მისი „მეორე მოქალაქეობის“ გამო. მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში, როდესაც დემოკრატიული ადმინისტრაციის ბედი ბეწვზე ჰკიდია.
    კვლავ და კვლავ ვიმეორებ: სულ სხვა საქმე იქნებოდა იუსტიციის სახლში მყისიერად დამზდებული მართვის მოწმობა! ამას ვერავინ გააქილიკებდა. ასეთი ჟესტი დიპლომატიურად გამართული და გონებამახვილურიც იქნებოდა, ანუ მთლიანობაში, ძალიან ლამაზი.
    მაშასადამე, მთავარი საკითხი მაინც ისაა, პირადად გიორგი ვაშაძემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება თუ ვინმე სხვამ. იქნებ გიორგი ვაშაძეს ეგონა, რომ ამგვარი ექსპრომტით არა მხოლოდ სტუმარს, არამედ მასპინძლებსაც ასიამოვნებდა? თუ ასეა, მაშინ რამდენად კარგი მენეჯერიც არ უნდა იყოს იგი და რამდენად მადლიერნიც არ უნდა ვიყოთ მისი მართლაც შესანიშნავი რეფორმებისთვის საჯარო მომსახურების სფეროში - ამ პიროვნების გაკარებაც კი არ შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ თანამდებობასთან! ერთია ორგანიზაციული ნიჭი, კრეატიულობა და მეორეა, როდესაც საქმე ეხება ურთულეს ხელოვნებას - პოლიტიკას. აქ სულ სხვა ალღო და მიხვედრილობაა საჭირო. არადა, ბოლო დროს მედიაში ხშირად ჟონავს კულუარული ინფორმაცია გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრად დაწინაურების შესახებ.
    ბათუმის ინციდენტი (სწორედაც რომ ინციდენტი) ჩვენს ყურადღებას კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემაზე მიაპყრობს: საერთოდ, საქართველოში შემოსვლა მეტისმეტად გაიაფდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ვინ აღარ შეგხვდება თბილისი ქუჩებში. თანაც, არა ტურისტები, არამედ აშკარად მაწანწალები, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა ევროპაში „შესაპარი“ წინკარია. გასაგებია, რომ უვიზო რეჟიმი დავაწესეთ ევროკავშირის და ამერიკის მოქალაქეებისთვის (თუმცა მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ ისინი ასეთივე რეჟიმს არ დააწესებენ ჩვენთვის) მაგრამ ბევრი „ვიზიტორი“ აშკარად აზიიდან და აფრიკიდან გვესტუმრა.
    გაუგებარია, რა სარგებლობა მოაქვთ მათ ქვეყნისთვის ან მისი ბიუჯეტისთვის? ეს თემა ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხს ბევრად სცილდება. სახელმწიფომ უცხოელებისთვის შემოსვლა, როგორც იმერეთში იტყვიან, უნდა დააძვიროს. არა „გააძვიროს“, არამედ სწორედ „დააძვიროს“. ქართული სემანტიკა და სალაპარაკო - საყველპურო ენა ამ შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას, აზრი ზუსტად გამოვხატოთ და ვთქვათ ის, რასაც ლიტერატურული ენით ვერ ვიტყვით.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდაც გაუფასურდება. მათ შორის ტურისტებისა და ინვესტორებისთვის, რაკი მიმზიდველია მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც მოხვედრა არ არის ისევე იოლი, როგორც გამჭოლ ეზოში. აი, რუსები რომ „Проходной двор» -ს უწოდებენ.

2012