ანტიქართული საშიშროების საბჭო

ანტიქართული საშიშროების საბჭო

    გუშინდელმა დღემ, ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ კრიტიკულ ვითარებაში რამდენად ზუსტად და ქმედითად მუშაობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების განმახორციელებელი ყველაზე კომპეტენტური ორგანო - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭო, რომელიც აჭარის გარშემო ვითარების გართულებისთანავე იყო მზად, მთლიანად ჩართულიყო პროცესებში. ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების სფეროში კონფლიქტის წარმოშობისთანავე, ასევე ზუსტად და ქმედითად მოქმედებს კონდი რაისის სამსახურიც.

    სხვათა შორის, გუშინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის და ამერიკის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებმა «დაინტერესებულად» განიხილეს აჭარის გარშემო შექმნილი ვითარება“. ამერიკის მხრიდან ინტერესი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ იმ დოზის, რომ საკითხი იგორ ივანოვთან განხილულიყო და სტრატეგიული ურთიერთქმედება ამით ამოწურულიყო კიდეც.
    ქალბატონ რაისს არ დასჭირდებოდა მის ვეებერთელა სამსახურში შემავალი ანალიტიკური ცენტრების შეწუხება, რომელთაც ერთი პატარა ცნობისა და «წრფივი პროგნოზირების» მცირე მასალისათვის ათეულობით ათას დოლარს უხდიან. მან სავსებით საკმარისად ჩათვალა რუს კოლეგასთან მოთათბირება.
    აი, რუსეთის უშიშროების საბჭო კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უკვე მრავალი წელია მუშაობს ამ პრობლემაზე და დიდი წვლილიც შეიტანა (ვერ დაუკარგავ) საბოლოოდ ვითარების «დუღილის წერტილამდე» მიყვანაში, რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება. იგორ ივანოვის უწყება რომ კარგად მომზადებული შეხვდა «ჩოლოქის დაპირისპირებას», იქედანაც ჩანს, რამდენად ოპერატიულად და გონებამახვილურად რეაგირებდა ქართული მხარის მოქმედებაზე - შესაბამისი ტექნოლოგიის სრული დაცვით: უპირველესად, მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის, ვითომდაც, სპონტანური ვიზიტი «ძმასთან» ბათუმში. თანაც სწორედ ლუჟკოვი «ეძმოდა» აჭარის ლიდერს წლების განმავლობაში, თითქოს წინასწარ იცოდნენ, რომ რუსეთის დედაქალაქის ხელმძღვანელის სტუმრობა, კრიტიკულ ვითარებაში, ერთი მხრივ, მთლიანად პოლიტკორექტული იქნებოდა (რას ერჩი კაცს, ძმასთან ჩამოვიდა), ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის დაინტერესებასა და პრიორიტეტსაც დაადასტურებდა მთელი მსოფლიოს თვალში.
    რუსეთის დედაქალაქის მერი ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის - თუმცა კი, ფორმალურად რეგიონის ხელმძღვანელია და მეორე რეგიონის მეთაურთან «მეგობრობს». იმავდროულად, ბათუმში სასწრაფოდ აღმოჩნდნენ «რეაქციული ძალების» წარმომადგენლები. სწორედ ისინი, ვისაც აფხაზეთის ომის დროს ედუარდ შევარდნაძე «წითელ-მიხაკისფერებს» უწოდებდა - გენერალი ალქსნისი და ძმანი მისნი.
    ვერაფერს იტყვი: ვლადიმირ პუტინის მომხრეებად ნამდვილად ვერ ჩაითვლებიან. ისევე, როგორც ბორის ელცინის მომხრეებად ვერ ჩაითვლებოდნენ, როდესაც რუსული ავიაცია «რეაქციული ძალების მითითებით და მხარდაჭერით» ბარბაროსულად ბომბავდა სოხუმს, რუსეთის პრეზიდენტი კი «მხრებს იჩეჩდა»: აბა, რა გავაწყო, ხომ ხედავთ «წითელ - მიხაკისფერებს» გენერალიტეტში რა ძლიერი პოზიციები აქვთო.
    დაახლოებით ასეთი ტექნოლოგია იყო მზად აჭარასთან დაკავშირებითაც, თუმცა, საბედნიეროდ, მისი ამოქმედება ჯერ ვერ მოახერხეს და «სარეზერვო ვარიანტად» აქვთ შემონახული.
    პარალელურად, მოსკოვში ეპატიჟებიან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და ყოველნაირად აიმედებენ, რომ რუსეთი, რასაკვირველია, ნათლად აცნობიერებს, რამდენად კანონიერია თბილისის მოთხოვნა, ეკონომიკური საზღვრის გაკონტროლების შესახებ.
    ესეც ტექნოლოგიის კომპონენტია. დაახლოებით იგივე რიტორიკა ჟღერადა აფხაზეთის ომის საწყის სტადიაზე.
    თუმცა, პარალელურად, გაისმის მოწოდებები «ძალადობის დაუშვებლობის» შესახებ, ოღონდ ეს იმდენად მორიგე ტონით კეთდება, რომ სერიოზული ყურადღება არავინ მიაქციოს, ხოლო ურემის გადაბრუნების შემთხვევაში, აუცილებლად აღმოჩნდება, რომ სწორედ ეს განცხადებები იყო მოსკოვის ჭეშმარიტი პოლიტიკა.
    ისევე, როგორც 1992 წლის აგვისტოში, როცა ბორის ელცინი «ცალყბა განცხადებებს» აკეთებდა აფხაზეთიდან ქართული გვარდიის გამოყვანის აუცილებლობის შესახებ, ხოლო გენერალი სუფიან ბეპაევი თენგიზ კიტოვანს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკებით ამარაგებდა. შემდგომ კი აღმოაჩნდა, რომ ხსენებული განცხადებები «ცალყბა» სულაც არ ყოფილა, ოღონდ, ურემი რომ გადაბრუნდა, უკვე გვიან იყო.
    საბედნიეროდ, ქართული მხარის წარმომადგენლები რუსეთს ამ გონებამახვილურ თამაშებში, ჯერ-ჯერობით, კი მიჰყვებიან, მაგრამ მათი განსაკუთრებული რწმენა და იმედი ნამდვილად არ ეტყობათ.
    საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი დაიმედებული ჩანდა, თუმცა ეს «დაიმედებული რეაქცია» უფრო იური ლუჟკოვის ძმადნაფიცზე იყო გათვლილი, რათა რუსების ერთგულებაში მასაც ეჭვი შეეპაროს.
    მთლიანობაში, რუსული სცენარი ამჟამად საეჭვოა ომს ითვალისწინებდეს. თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლები რომანტიზმი და მეტი პრაგმატიზმი ახასიათებს;
    სწორედ ეს პრაგმატიზმია საქართველოს უკანასკნელი შანსი, რათა გამოუსწორებელი შეცდომა თავიდან აიცილოს და, იმავდროულად, სიტუაციიდან მაქსიმალურად შესაძლო შედეგიც გამოსწუროს; ანუ აჭარის მმართველი რეჟიმის თანდათანობითი ეროზიის დაწყება, - სამომავლოდ მისი შეცვლის პერსპექტივით.
    ამ შემთხვევაში, ანტიქართული «საშიშროების საბჭოს» რესურსები საკმარისი არ აღმოჩნდება რუსეთის ინტერესთა სრულად განსახორციელებლად.

დილის გაზეთი
    18 მარტი, ხუთშაბათი, 2004 წელი