ანდრეი ნიკოლაევი იმპერიულ პრინციპებს არ ღალატობს

ანდრეი ნიკოლაევი იმპერიულ პრინციპებს არ ღალატობს

 

    ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უფროსის, გენერალ ანდრეი ნიკოლაევის გადადგომამ რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია. სასაზღვრო ჯარების რამდენიმე ოფიცერმა თანადგომის ნიშნად ზემდგომი ხელმძღვანელობის სახელზე პატაკი დაწერა და ჯარიდან გათავისუფლება მოითხოვა.
    სახელმწიფო სათათბირო კი ნამდვილმა ისტერიამ მოიცვა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ანდრეი ნიკოლაევი «ქართულ მაფიასთან ბრძოლას გადაჰყვა». ერთდროულად რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ელცინს წერილობით გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა. თუმცა, ელცინი, რასაკვირველია, ბრძანებულებას არ შეცვლის. ანდრეი ნიკოლაევით იგი დიდი ხანია უკმაყოფილოა - ჯერ კიდევ ყიზლარის ამბებიდან, როცა სალმან რადუევმა ჩეჩნეთის საზღვრებთან განლაგებულ რუს მესაზღვრეთა პოსტების გავლით (!) დაღესტნის ტერიტორიაზე შეაღწია. მაშინ ელცინმა ნიკოლაევი ლაზათიანად გამოლანძღა, რის შემდეგაც გენერალმა პირველად დაწერა პატაკი გადადგომის შესახებ, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
    ამჯერად, ანდრეი ნიკოლაევმა იგივე ხერხს მეორედ მიმართა: რაკიღა არ ეთანხმებოდა პრეზიდენტ ელცინის ბრძანებას დარიალის ხეობაში განაპირა სასაზღვრო პოსტის ძველ პოზიციაზე დაბრუნების შესახებ - ისევ დაიმუქრა გადადგომით, მაგრამ ელცინმა თამაში აღარ აცალა და დამაშვრალი გენერალი თანამდებობიდან მოისროლა. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი დაუმორჩილებლობამ გააღიზიანა - რომ გეუბნებიან პოსტი უკან დააბრუნეო, მაშასადამე ასეა საჭირო!!!
    ნიკოლაევმა ქართული მხარის «გამარჯვება» ვერ აიტანა. რუსეთის სასაზღვრო ჯარის ხელმძღვანელმა რუსეთის უკან დახევად, ლამის კაპიტულაციად აღიქვა თბილისში მიღწეული შეთანხმება ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის ვიცე-პრემიერ სეროვს შორის. ნიკოლაევისთვის ეს პირადი ტრაგედია იყო, ვინაიდან საქართველოს იგი რამდენიმე წელიწადია ებრძვის. ჯერ კიდევ 1995 წლის ზაფხულში, როცა აფხაზეთის შავიზღვისპირეთთან ლამის საზღვაო ბრძოლა გაიმართა აფხაზურ სამხედრო კატარღასა და რუსეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შორის, ანდრეი ნიკოლაევი სოხუმში ტელეფონით დაუკავშირდა ვლადისლავ არძინბას. ამ უკანასკნელმა იეშმაკა და ნიკოლაევს განუცხადა: ასეთი პრობლემები ტელეფონით არ წყდებაო.
    არძინბამ ნიკოლაევს სოჭში შეხვედრა შესთავაზა, მან ხომ შესანიშნავად იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი შეხვედრა თბილისში. მას აშკარა სურდა, გამოეწვია კონფლიქტი ოფიციალურ თბილისსა და რუსეთის სასაზღვრო ჯარების სარდლობას შორის. არც შემცდარა გათვლაში. როგორც კი ნიკოლაევი სოჭში შეხვდა არძინბას, ედუარდ შევარდნაძემ მწვავე განცხადება გააკეთა. აქედან დაიწყო დაპირისპირება, რომელიც პარასკევს ნიკოლაევის დამარცხებით დამთავრდა. იგი ჩვეულებრივი რუსი სამხედროა, ამდენად, პოლიტიკისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, ბუნებრივია, რომ დათმობა იყო საჭირო, არც ერთი ნაბიჯით უკან არ იხევდა. ამით ნიკოლაევი დიდად განსხვავდებოდა ვთქვათ გენერალ გრაჩოვისაგან, რომელსაც პოლიტიკოსის თანდაყოლილი ნიჭი აღმოაჩნდა - დათმობაც შეეძლო და ლავირებაც. გენერალი ნიკოლაევი მეტისმეტად ხისტად და სწორხაზოვნად იცავდა რუსეთის ინტერესებს, მაშინ როცა შექმნილ ვითარებაში, რუსეთისათვის ლავირება და დათმობა უფრო მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ნიკოლაევს სერიოზულად აშფოთებდა ქართველ პარლამენტართა გადაწყვეტილება - გაეყვანა რუსეთის სასაზღვრო ჯარები საქართველო-თურქეთის საზღვრიდან. მას არ ეყო ჭკუა მიმხვდარიყო, რომ ოფიციალური თბილისი ამ კარტს განგებ ათამაშებდა, ვინაიდან რეალურად საქართველოს ხელისუფლებას დღემდე სწამდა, რომ არ არის მზად, საკუთარი ძალებით დაიცვას თურქეთის საზღვარი, რაც შეეხება ნიკოლაევის გადადგომის შესაძლო შედეგებს - ახალი სარდალი ალბათ უფრო მოქნილი და ნაკლებად ხისტი იქნება, თუმცა, თვისობრივად რუსეთის პოლიტიკა (ამ სფეროში) საქართველოს მიმართ ნამდვილად არ შეიცვლება - რუსი მესაზღვრეები არც სპირტს გაატარებენ და არც პროვოკაციებს შეწყვეტენ.
   
   მერიდიანი, 22 დეკემბერი, 1997 წ.