ანატოლი ჩუბაისი ქართულ სიტუაციას «დათირავს»

ანატოლი ჩუბაისი ქართულ სიტუაციას «დათირავს»

        დღეს თბილისს «რუსეთის ერთიანი ენერგოქსელების» დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისი ეწვევა.
        ეს მისი ოფიციალური თანამდებობაა, თორემ სინამდვილეში, ანატოლი ჩუბაისი თანამედროვე რუსეთში გაცილებით გავლენიანი ფიგურაა. მისი გავლენა შორს სცილდება ენერგეტიკულ სფეროს.
        ექსპერტთა აზრით, ელცინის გაძევება და პუტინის პრეზიდენტად «დანიშვნა» განაპირობა რუსეთის ორი უძლიერესი (ადრე მოსისხლე მტრებად გადაკიდებული) ოლიგარქის – ბორის ბერეზოვსკისა და ანატოლი ჩუბაისის «ალიანსმა». მათ ერთობლივად შეძლეს «ჩაეძირათ» მესამე უძლიერესი რუსი (ებრაელი) ოლიგარქის – გუსინსკის კანდიდატი ევგენი პრიმაკოვი.
        გამარჯვება თითქოს აბსოლუტურია (პუტინის რეიტინგი 50 პროცენტს ასცილდა, პრიმაკოვის 6 პროცენტს ჩამოსცდა), მაგრამ საბოლოო წერტილი ამ მრავალთვიან ინტრიგას, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ აგვისტოში, სპეცსამსახურთა მიერ დაღესტანში ისლამისტთა შეჭრის პროვოცირებით და მოსკოვური სახლების აფეთქებით _ დაესმება მხოლოდ 26 მარტს, როდესაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება.
        სანამ ჩეჩნეთში რუსული არმია მარცხს – მარცხზე განიცდის, მოსკოვში (და მთელ რუსეთში) ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
        ამრიგად, საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გასამართად ჩამოდის თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ბატონ-პატრონი (რას მოესწრო სტალინის სახელმწიფო?!), რომლის ნებასურვილზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
        ისევ და ისევ ფორმალურად, ედუარდ შევარდნაძესთან მისი მოლაპარაკების საგანია ელექტროენერგიის რეექსპორტი თურქეთში და «ენერგოქსელებისადმი» საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია.
        თუმცა, უეჭველია, რომ ჩუბაისს უფრო მნიშვნელოვანი მისიაც აქვს. კერძოდ, მას უკვე ახალი ხელისუფლების სახელით სურს საქართველოში სიტუაციის ზონდირება და სამომავლოდ, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა პერსპექტივის განსაზღვრა ახალ ეპოქაში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.
        აქვე უნდა ითქვას: როგორც ჩანს, ჩუბაის-ბერეზოვსკისა და მათ მიერ ხელდასხმულ პუტინს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 9 აპრილის არჩევნებში შევარდნაძე გაიმარჯვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩუბაისი თბილისში არ ჩამოვიდოდა. მაგალითად, გამორიცხულია, იგი ჩამოსულიყო საპარლამენტო არჩევნების წინ – როდესაც სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო.
        როგორც ჩანს, კრემლის «ახალი გუნდი» შეურიგდა აზრს, რომ მოსწონს თუ არა, უნდა თუ არა, უახლოესი წლების განმავლობაში საქმე სწორედ ედუარდ შევარდნაძესთან ექნება და აქედან გამომდინარე, აგებს თავის პოლიტიკას.
        თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა კეთილგანწყობილი და მეგობრული იქნება; ოღონდ შევარდნაძე, ჩუბაისი და პუტინი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება აქ არაფერ შუაშია.

მერიდიანი, 17 იანვარი, 2000 წელი