ან პოლიცია გაზვიადისტდება, ან ზვიადისტები გაპოლიციელდებიან

ან პოლიცია გაზვიადისტდება, ან ზვიადისტები გაპოლიციელდებიან

 

    10 დეკემბერს, «ზვიადისტების» მიტინგზე, კორესპონდენტის კითხვაზე თბილისის პოლიციის შეფმა, სოსო ალავიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია პოლიციაში იწყებს მუშაობას. ბევრს ეს განცხადება ხუმრობა ეგონა, მიუხედავად თავად გიორგი გამსახურდიას დასტურისა. მაგრამ მეორე დღესვე აღმოჩნდა: სოსო ალავიძეს სულაც არ «ეხუმრებოდა».
    ისტორიისათვის უნდა დაფიქსირდეს, დამარცვლით უნდა დაიწეროს ფაქტი: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის პოლიციის კადრების განყოფილებაში შეიტანა განცხადება და ითხოვა პოლიციის შემადგენლობაში «შესაბამის თანამდებობაზე» მიღება. თანაც, წარადგინა ჩეჩნეთის რესპუბლიკა – იჩქერიის სათანადო სამსახურების რეკომენდაცია.
    ამჟამად სოსო ალავიძეც და კახა თარგამაძეც, როგორც ჩანს, დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილნი - არ იციან, რა უყონ გიორგი გამსახურდიას განცხადებას. ერთი მხრივ, არა აქვთ უფლება, უარი უთხრან, მეორე მხრივ, გიორგი გამსახურდია იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ანუ მხოლოდ «რიგით» თანამშრომლად (ე.წ. «პუსტა-პუსტად») შეიძლება მიიღონ თუ, რასაკვირველია, კანონს არ დაარღვევენ, რისი სურვილიც (მით უმეტეს ამ შემთხვევაში) ნამდვილად არა აქვთ.
    როგორია? - გიორგი გამსახურდია რიგითი პოლიციელი! თუმცა, ექსპრეზიდენტის ვაჟს, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეობაც არ აქვს გაფორმებული; ეს კი საკმარისი საფუძველია უარის სათქმელად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, არც ეს არის მთავარი - საგულისხმოა თვით ფაქტი: გიორგი გამსახურდიას სურს, იმსახუროს თბილისის პოლიციაში და კანონის შესაბამისად, როგორც რიგითი პოლიციელი, იძულებული (ვალდებული) იქნება მონაწილეობა მიიღოს «ზვიადისტთა» მიტინგების დარბევაში, რომელსაც დედამისი, ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია მოაწყობს.
    კი ბატონო, უნდა და უნდოდეს. ეს გამსახურდიების «საოჯახო» საქმეა, ისევე როგორც ის, თუ რამდენად კონფლიქტურია დედა-შვილის ურთიერთობა. გაზეთის გასარჩევი ნამდვილად არ არის ჭორი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ქალაქში დადის, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ზვიად გამსახურდიას ფენომენი, აგრეთვე ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, კვლავინდებურად რჩება პოლიტიკურ ფაქტორად საქართველოში.
    გიორგი გამსახურდიას, ზოგიერთი დამკვირვებელი «დიდი მამის» ქარიზმის მიღებასაც კი უწინასწარმეტყველებდა, შემდგომში «მოძრაობის ლიდერობას» და პრეზიდენტობას. ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ალბათ, მას უფრო მეტი შანსი ჰქონდა პრეზიდენტობისა, ვიდრე დედამისს. მაგრამ ის «ზვიადისტები» რომლებიც «ზვიადი-ზვიადის» ძახილით იჭაჭებიან ბოლო დროს გამართულ მიტინგებზე, როგორ გამართლებასა და ახსნას მოუძებნიან გიორგი გამსახურდიას განცხადებას «პოლიციაში მუშაობის» შესახებ? არადა, მაინც შეეცდებიან ახსნან - ასეთია მათი მენტალიტეტი. ძნელი წარმოსადგენია რა არგუმენტს მოიტანენ, მაგრამ რაც მთავარია, შეეცდებიან! ცნობილი კლინიკური (უკურნებელი) დაავადების: - შიზოფრენიის უმთავრესი თვისებაა იდეაფიქსი, რომელსაც ვერაფრით გადაათქმევინებ და გადააფიქრებინებ ადამიანს.
    სწორედ ასეთ კლინიკურ შემთხვევასთან რომ გვაქვს საქმე, სავსებით ნათელია. ეს ფენომენი დღემდე არავის შეუსწავლია სერიოზულად, არადა, იგი ნამდვილად საჭიროებს შესწავლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავიგებთ და ვერ მივხვდებით, რა თვისებები არსებობს ქართულ საზოგადოებაში ისეთი, რომ ამგვარი ფენომენი შესაძლებელი ხდება.
    ზვიად გამსახურდიას ე.წ. «მომხრეთა» შორის ძალიან ბევრი სავსებით ნორმალური ადამიანიც იყო. მათ არ მიიჩნიეს საკმარისად სიგუა-კიტოვანის არგუმენტები დეკემბერ-იანვრის სისხლიანი გადატრიალების გასამართლებლად. მით უმეტეს, კიტოვანი, სიგუა და იოსელიანი თავისთავად იწვევდნენ ანტიპათიას. ამრიგად, მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ზვიად გამსახურდიას «მომხრეობა» პრორუსული კრიმინალური გადატრიალების (ამჯერად ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე) დაგმობის ფორმა იყო. მით უმეტეს, რომ «პუტჩისტთა» გულწრფელობაში არც თუ უსაფუძვლოდ შეჰქონდათ ეჭვი. ამჟამად უკვე ცხადია, რომ მათ უმრავლესობას პირადი მოტივები, პირადი წყენა თუ ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებდა;
    მოსახლეობის ეს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი (თუ უმრავლესი არა) კატეგორია, დროთა განმავლობაში შეურიგდა იმ აზრს, იმ უცთომელ ჭეშმარიტებას, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, თუ ვინმეს ასე ადვილად თავს დაამხობინებს, - ალბათ დამხობის ღირსია თავისი უნიათობით. ჩვეული არგუმენტი: «რუსის ჯარმა და სპეცსამსახურებმა დაამხესო» - აღარ ჭრის, ვინაიდან იმავე ჯარს, იმავე სპეცსამსახურებს, რა თქმა უნდა, ძალიან სურდათ იგივე გაეკეთებინათ სხვა ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებშიც», მაგრამ ვერ შეძლებდნენ.
    მაშასადამე, მთავარი მაინც ხელისუფლების საკუთარი შეცდომებია. ამ ჭეშმარიტების გააზრების შემდეგ კი, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც «არ მიიღო» ე.წ. დეკემბერ-იანვრის გადატრიალება და ჭირის დღესავით სძულდა ჯერ «სამხედრო», შემდეგ «სახელმწიფო საბჭოს» ყველა მესვეური, ბოლოს და ბოლოს შეურიგდა რეალობას, მიიღო (ორჯერ) მონაწილეობა არჩევნებში და შექმნა ხელისუფლება, ოღონდ იოტისოდენად არ შეუცვლია დამოკიდებულება (უარყოფითი დამოკიდებულება) თვით «სამხედრო გადატრიალებისადმი»; მაგრამ მისთვის უმთავრესი გახდა არა ეს ფაქტი, არამედ პოლიტიკა, რომელსაც «ახალი ხელისუფლება», ახალი პრეზიდენტი ანუ შევარდნაძე გაატარებდა.
    სხვათა შორის, სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი «მეორე პრეზიდენტის» საგარეო პოლიტიკური კურსისა. ბევრს ამას ვერ შეაგნებინებ, მაგრამ ელემენტარულად ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის ცხადია, რომ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის «პრორუსული». შევარდნაძე, ფაქტობრივად, იძულებული გახდა გაეგრძელებინა წინა ხელისუფლების «ანტირუსული» პოლიტიკა, რათა «ზვიადისტებისთვის» გამოეგლიჯა მთავარი არგუმენტი, მათი მთავარი იდეაფიქსი - ზვიად გამსახურდია დაამხო რუსეთმა, რათა ხელისუფლებაში მოეყვანა შევარდნაძე. რომელსაც საქართველო რუსეთის წიაღში უნდა დაებრუნებინა.
    მთავარია, რომ საზოგადოებრივ აზრში იგი უკვე აღარ არსებობს. სწორედ ამ მომენტიდან წყება ე.წ. «ზვიადიზმის» გადაზრდა საბოლოო და აშკარა შიზოფრენიის კატეგორიაში, ვინაიდან, ნათელი გახდა, რომ ის ხალხი, ვინც დღესაც «ზვიადის» გაიძახის მიტინგებზე, ამით უკვე აღარც პოლიტიკური კურსის მიმართ გამოხატავს პროტესტს, აღარც შელახული თავმოყვარეობის აღდგენას ცდილობს – ამჟამად გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ პათოლოგიური თაყვანისცემა პიროვნების (ზვიად გამსახურდიას) მიმართ, რაც არასდროს არის და არც შეიძლება იყოს სიმპათიური.
    «ზვიადისტთა» კიდევ ერთი, უაღრესად გავრცელებული სტერეოტიპი იმაში მდგომარეობს, რომ «ზვიადი შევარდნაძემ დაამხო». რასაკვირველია, გამსახურდიას დამხობა შევარდნაძეს არ ეწყინებოდა, მაგრამ თუ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა (სამხედრო გადატრიალების) ორგანიზატორი მართლა ეს უკანასკნელი იყო, მაშინ გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი გააფთრებით სიგუა და კიტოვანი შევარდნაძის დაბრუნებას 1992 წლის მარტში?
    პათოლოგიური «ზვიადიზმის» სინდრომი ხელს უშლის იმ ძალთა გაერთიანებას პოლიტიკურ სპექტრში, ვინც ნებისმიერ პიროვნებას მოტივირებულად უჭერს მხარს და არა პათოლოგიური პიროვნული თაყვანისცემის გამო.
    «ზვიადისტებს» შორის ასეთებიც არიან – მაგალითად, კიკაჩეიშვილის ფრთა, ნუგზარ მოლოდინაშვილი და ა.შ. მათი ძალისხმევით შეიძლება მოხერხდეს «ზვიადიზმის» ქცევა პათოლოგია-შიზოფრენიიდან, ჩვეულებრივ, პოლიტიკურ მიმდინარეობად, რომელიც გარკვეული მიზნის განხორციელებას დაისახავს და პოლიტიკურ ძალებთანაც ითანამშრომლებს, - განურჩევლად იმისა, დაგმეს თუ არა მათ დეკემბერ-იანვრის გადატრიალება.
    სინამდვილეში (ესეც უნდა ითქვას), ზვიად გამსახურდიას გამოცხადება «დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ» არცთუ ბოლომდე სამართლიანია. ეს უფრო მეტად სუბიექტური აღქმაა, «თვითდარწმუნების» გამოვლინებაა, ვიდრე რეალობა.
    რეალურად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (და ამის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს) ნამდვილად ცდილობდა «კრემლთან» კომპრომისის მიღწევას. თანაც, ცდილობდა იმთავითვე, ანუ არჩევისთანავე, ოღონდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების სანაცვლოდ ანუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გორბაჩოვ-ლუკიანოვის დამანგრეველი გეგმის (მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკის გათანაბრების) უარყოფის პირობით.

7 დღე, 14 დეკემბერი, 1998 წ.