ამერიკის დასუსტება და ევროპა «ძლიერი ხელის ძიებაში»

ამერიკის დასუსტება და ევროპა «ძლიერი ხელის ძიებაში»

       

        2009 წელს, როდესაც დასავლეთი კრიზისში იხრჩობოდა, კინორეჟისორმა როლანდ ემერიხმა გადაიღო ფილმი «2012», რომელიც იმით მთავრდება, რომ კაცობრიობას 8 უზარმაზარი კიდობანი გადაარჩენს. რატომ 8? რა თქმა უნდა «დიდი რვიანი» იგულისხმება ანუ მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყანა პლუს რუსეთი. ეს უკანასკნელი ამ «გაუგებრობაში» მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ უზარმაზარი ბირთვული არსენალი და უკიდეგანო ენერგორესურსები აქვს, რომელთაც ისევე იყენებს დასავლეთის შანტაჟირებისთვის, როგორც ატომურ ბომბს იყენებდა კომუნისტების დროს.
        ემერიხის «კიდობანებმა» კაცობრიობის ნაწილი კი გადაარჩინეს, მაგრამ ფინანსური «წარღვნის» ტალღები ისევ ეხეთქება კონტინენტიდან-კონტინენტს. ადრე ეკონომისტები თვლიდნენ, რომ კაპიტალისტური სისტემის კრიზისს ციკლური ხასიათი აქვს. ანუ კრიზისს მოსდევს დეპრესია, შემდეგ სტაბილიზაცია, მერე ზრდა და ბოლოს ბუმი, რომელიც ისევ «საპნის ბუშტების ხეთქვითა» და მორიგი კრიზისით მთავრდება. აქედან ყველაფერი თავიდან იწყება და ასე შემდეგ.
        მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ამ სქემიდან ნამდვილად ამოვარდნილია: ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა ფინანსური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ მას ბოლო არ უჩანს. პირიქით - ინდუსტრიული ინდექსების ზრდა მათი სწრაფი დაცემით იცვლება; დოლარისადმი ნდობა კლებულობს, - ადამიანები უკვე შიშით უფიქრდებიან იმ უეჭველ ფაქტს, რომ ეს ქაღალდი, რომელიც ბერ ჩვენგანს ხელში უჭირავს ან შენახული აქვს (ბანკში თუ ლეიბში, არა აქვს მნიშვნელობა), ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ქაღალდია და მეტი არაფერი. ესე იგი ამერიკის მთავრობა, «რამე რომ იყოს», მასზე არანაირ პასუხს არ აგებს. შესაბამისად, იზრდება ოქროს ფასი, რომელმაც საკაცობრიო რეკორდები უკვე მრავალგზის მოხსნა. აუტანლად ძვირდება ნავთობი, კვლავ უძრაობაა «უძრავი ქონების» ბაზრებზე, სულს ღაფავს სამომხმარებლო აქტიურობა, შესაბამისად ჩამკვდარია წარმოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
       
       

ამერიკის მზის ჩასვენება?

    საქმე იქამდე მივიდა, რომ ავტორიტეტულმა სარეიტინგო სააგენტო Standard and poor,s ამერიკის საკრედიტო რეიტინგიც კი შეამცირა: AAA-ს ერთი გამოაკლდა. სხვა სარეიტინგო სააგენტოებმა ეს ჯერ ჯერობით არ დაადასტურეს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და არავინ დავობს, რომ ამერიკისთვის ეს ძალიან ცუდი «ფეხის წამოკვრაა». P
        პრეზიდენტმა ობამამ სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყო და განაცხადა: «რომელიღაც სააგენტომ რაც არ უნდა თქვას, ამერიკა მაინც უმაღლესი კლასის ეკონომიკად დარჩებაო». Aმაგრამ ვაი რომ აღარ არის მთლად ასე საქმე!!!
        რა გახდა მთელი ამ უბედურებისა და გაუთავებელი ფინანსურ-ეკონომიკური მიწისძვრების მიზეზი? ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამერიკის მსოფლიო ლიდერობა ეჭვქვეშ დადგა. არა ის, რომ ამერიკა ზესახელმწიფოა (ერთ-ერთი ზესახელმწიფო კვლავაც არის – უბრალოდ ძალიან დიდია ყველა თვალსაზრისით) არამედ სწორედ ის, რომ მსოფლიო ლიდერია ყველგან და ყველაფერში.
        მე-20 საუკუნეში ამერიკის ეკონომიკური ძლევამოსილება იმას ეყრდნობოდა, რომ ჩამპალი და უძრავი კომუნისტური რეჟიმები მის კონკურენტად (ეკონომიკურ სფეროში) რა თქმა უნდა არ განიხილებოდნენ, ხოლო ნორმალურ ეკონომიკურ სივრცეში ამერიკას კონკურენტი არ ჰყოლია. ამიტომ არა უბრალოდ ზესახელმწიფო იყო, არამედ (ეკონომიკური თვალსაზრისით) ერთადერთი ზესახელმწიფოც.
        მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის ფინანსური, შესაბამისად ეკონომიკური ძლევამოსილება მის გეოპოლიტიკურ ავტორიტეტსა და გავლენას ეყრდნობოდა. დოლარი იმიტომ კი არ გახდა მსოფლიო ვალუტა, რომ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი იყო (სინამდვილეში, როგორც მოგახსენეთ, ქაღალდია და მეტი არაფერი) არამედ იმიტომ, რომ ზურგს ამერიკის უძლეველი ზესახელმწიფო უმაგრებდა. ამერიკული ეკონომიკის (მათ შორის დოლარის) დაცემა მაშინ დაიწყო, როდესაც კაპიტალისტურ სამყაროში რეალური კონკურენტები გამოუჩნდნენ (გაერთიანებული ევროპისა და კაპიტალიზმის გზაზე დამდგარი ჩინეთის სახით) და, გარდა ამისა, ამერიკამ ძალიან სერიოზული საგარეო პოლიტიკური მარცხიც იწვნია.
        ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, «2008 წლის წყენა გალაპარაკებსო», მაგრამ ხომ ფაქტია, რომ 14 აგვისტოს, როდესაც ნათელი გახდა, - საქართველოს დასახმარებლად ამერიკა ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოღმით, სიძულვილითა და სიხარულით განაცხადა: «ჩვენ უკვე პოსტამერიკულ მსოფლიოში ვცხოვრობთო».
        ახლა რამდენიც არ უნდა ეცადონ ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს მოსკოვთან მშვენიერი ურთიერთობა აქვთ და აგვისტოშიც ბევრი არაფერი წაუგიათ, სინამდვილეში მთელი მსოფლიოსათვის ის მოვლენები ოდესღაც ერთადერთი ზესახელმწიფოს ძალიან მწარე მარცხი იყო.
        შესაბამისად, გაჩნდა ეჭვები ამერიკის ეკონომიკასთან, დოლართან, კრედიტუნარიონობასთან, ამერიკის ვალებთან, ამ ქვეყანაში ფულის ჩადებასთან დაკავშირებითაც. დიახ, სწორედ აქ არის ერთ-ერთი მიზეზი დღევანდელი გაუთავებელი კრიზისისა, რამაც ამერიკა (შესაბამისად მთელი დასავლეთი) მოიცვა და არც დამთავრდება მანამ, სანამ ამერიკა კვლავ არ დაამტკიცებს, რომ არ არის ისე იოლად დასამარცხებელი, როგორც 2008 წლის აგვისტოში დაამარცხეს.
        თუ ვერ დაამტკიცებს (მათ შორის საქართველოშიც), - დარწმუნებული ვარ, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება.

ევროპის შეერთებული შტატები

        ამასობაში კი, მსოფლიოს ერთადერთი ჰეგემონის გარეშე დარჩენილი ევროპა ცდილობს, კრიზისი როგორმე ამერიკის გარეშე დაძლიოს. პარიზში ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი შეხვდნენ ერთმანეთს. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სენსაციური გადაწყვეტილება მიიღეს: ევროზონას ამიერიდან ერთი მმართველი უნდა ჰყავდეს, რომელიც ყველა ფინანსურ პროცესს მკაცრად გააკონტროლებსო. ლაპარაკია «ევროპის მთავრობაზე».
        კი მაგრამ, აბა ევროკომისია რას აკეთებს? რას მიკეთებს ბიუროკრატთა ის მრავალათასიანი არმია, ბრიუსელში რომ ზის და ბერძენი უსაქმურების დასახმარებლად ქაღალდებს ერთი კაბინეტიდან მეორეში დააფრიალებს? ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ კი მთელი ევროპის გასაგონად თქვეს: თუ გინდათ იყოთ დამოუკიდებლები, - იყავით დამოუკიდებლები, მაგრამ თუ გინდათ დარჩეთ ევროზონაში, მაშინ გააკეთებთ იმას, რასაც გეტყვით, ანუ მიიღებთ ისეთ ბიუჯეტებს, როგორსაც ჩვენ დაგიწერთ, დაემორჩილებით იმ ლიმიტებს, რასაც ჩვენ დაგიწესებთ და შემოიღებთ იმ გადასახადებს, რასაც ჩვენ გიბრძანებთ. თუ არა და თქვენი ( ბერძნების, ესპანელების, იტალიელების, პორტუგალიელების და «კაი ცხოვრების» მოყვარული სხვა «სამხრეთელების») რჩენა ჩვენი საქმე არ არის – კისერიც გიტეხიათ!
        გავითვალისწინოთ, რომ საფრანგეთი და გერმანია ის ორი ქვეყანაა, რომლებმაც 50 წლის წინ თანამედროვე ევროკავშირის პირველი შორეული წინაპარი («ქვანახშირისა და ფოლადის ალიანსი») დააფუძნეს. ესე იგი, მერკელი და სარკოზი დაუფარავად ამბობენ: ან იქნება ევროპაში ერთი «ცენტრი», რომელსაც დაემორჩილებით, მაშასადამე ევროკავშირი ფედერაციულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ან ევროკავშირს მომავალი არა აქვს!
        ბუნებრივია, სხვა ევროპელებს ფრანგულ-გერმანული დიქტატი სულაც არ ეპიტნავებათ და დამოუკიდებლობის შენარჩუნება ძალიანაც უნდათ, მაგრამ პარიზიდან შეუძახეს: კი ბატონო, იყავით დამოუკიდებლები, ოღონდ ფული ჩვენ რატომ უნდა გიხადოთ?!
        თვით საფრანგეთი და გერმანია როგორ გაიყოფენ ევროპის დიქტატორობას – სხვა საკითხია. როგორმე გაიყოფენ. სარკოზის ეტყობოდა, რომ გერმანიის ლიდერობას ასე თუ ისე აიტანს და შეგუებულია – გერმანია რომ ევროპის ეკონომიკური ლოკომოტივია! ამაზე არავინ დავობს.
        ესე იგი, მას შემდეგ, რაც ყოფილ «ერთადერთ ზესახელმწიფოს», ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს «ხელი აუკანკალდა» (დიახ, დიახ, მათ შორის 2008 წლის აგვისტოშიც – ეს გადაჭარბება არ გეგონოთ!) ევროპა ცდილობს თვითონ შექმნას ეს «ძლიერი ხელი» და რაკი დაშლა არ სურთ (აბა 50 წელი რისთვის იშრომეს ამდენი?) – უფრო მეტი ცენტრალიზაციისკენ წავიდნენ ეკონომიკური მთავრობის შექმნით.
        პარიზის დეკლარაცია პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. მაგრამ რა გამოვა ამ საქმიდან – ჯერ ძალიან ძნელი სათქმელია. უპირველესად იმიტომ, რომ რუსეთი სულაც არ არის დაინტერესებული, ამერიკის ზესახელმწიფო მის საზღვრებთან ახალმა ერთიანმა სახელმწიფომ (გაერთიანებულმა ევროპამ) ჩაანაცვლოს. ევროპაზე ზემოქმედების ბერკეტები კი პუტინს იმაზე ბევრად მეტია აქვს, ვიდრე ამერიკის შემთხვევაში ჰქონდა.

2011