ამერიკელთა საარჩევნო შემოსევა

ამერიკელთა საარჩევნო შემოსევა

        საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო წინასწარი შეტყობინებების მიღება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის თაობაზე. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებს ასეულობით დამკვირვებელი დაესწრება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებიდან.

        ინტერესი იმდენად დიდია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ევროპული დემოკრატიის ბედი სწორედ 2 ნოემბერს წყდება. მივაქციოთ ყურადღება, რომ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ყურადღენბა ბევრად ნაკლებია, რაც, ერთი შეხედვით, უცნაურია, რადგან იმ ქვეყნის მომავლისათვის საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრად უფრო დიდი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის. მაგრამ განსხვავება ის გახლავთ, რომ სინამდვილეში არანაირი არჩევნები აზერბაიჯანში არ იქნება: იქ პრეზიდენტი წინასწარ დანიშნულია, მაშინ, როდესაც საქართველოში მაინც შეიძლება ნამდვილი კენჭისყრა გაიმართოს. ესე იგი, რაც უფრო მაღალია დემოკრატიული არჩევნების ალბათობა (თუნდაც თეორიული ალბათობა _ მეზობელ ქვეყანაში ესეც არ არის)9 მით უფრო დიდია, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დასავლეთის მკაცრი ყურადღება და კრიტიკა.
        სწორედ მომავალ არჩევნებს და ხსენებულ გარემოებას უკავშირდება უახლოეს მომავალში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პოლიტიკოსის – სენატორ ჯონ მაკკეეინისა და სახელმიფო მდივნის ყოფილი მოადგილის – სტროუბ ტელბოტის სტუმრობა. აქვე კვლავ შევნიშნავთ, რომ აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკულ ისტებლიშმენტში არავითარი აჟიოტაჟი არ არის ყოველ შემთხვევაში, არც მაკკეინისა და ტელბოტის, არც ჯეიმს ბეიკერის დონის პოლიტიკოსის ვიზიტები ბაქოში დაგეგმილი არ არის. თუმცა, ასეთ უცნაურობებს უნდა შევეგუოთ – ეს დემოკრატიის ერთ-ერთი თვისებაა. წინასწარ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ, თუ აზერბაიჯანში არჩევნები «ბრეჟნევული პროცენტებით», მაგრამ მშვიდად ჩატარდება, ოლო საქართველოში საარჩევნო უბნებზე ცემა-ტყეპა გაიმართება, დასავლეთი საქართველოს უფრო გააკრიტიკებს «არჩევნების ანარქიულობისათვის», ვიდრე აზერბაიჯანს.
        თავისთავად, მაკკეინისა და ტელბოტის ვიზიტი ნამდვილად ადასტურებს საქართველოსადმი ზოგად ინტერესსაც. ჯონ მაკკეინი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, წარსულში ვიეტნამის ომის მონაწილე, ამერიკის ეროვნული გმირი და პრეზიდენტობის კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან. «პრაიმერიზე» მას მხოლოდ რამდენიმე ხმა დააკლდა გამარჯვებისათვის. მაკკეეინის აზრს ადმინისტრაცია ყოველთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. თანაც, ჯონ მაკკეინი თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმის ბორცვზე რადიკალად ითვლება. საბჭოთა პერიოდში ასეთებს «ქორებს» უწოდებდნენ, რადგან ხშირად შეურიგებელია თავისი შეხედულებების დაცვისას. არყოფილა შემთხვევა, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებისას, ჯონ მაკკეინს გააფთრებით არ დაეცვას საქართველო და კატეგორიულად არ მოეთხოვოს პრეზიდენტ ბუშისაგან ოზიციის მკაფიოდ გამოხატვა, «წვრთნისა და აღჭურვის» პროგრამაც ჯონ მაკკეინის აქტიური მონაწილეობის გარეშე არ დაწყებულა – იგი პროფესიონალი სამხედროა და სამხედრო ინსტრუქტორთა «ყადრი» თუ მნიშვნელობა შესანიშნავად ესმის.
        რაც შეეხება მეორე სტუმარს – სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილე სტროუბ ტელბოტი, ერთი შეხცედვით, ნაკლებ მნიშვნელოვანი მოღვაწეა, რადგან ოფიციალური პოსტები არ უკავია. სინამდვილეში, პოსტიდან გადადგომის შემდეგ,, სტროუბ ტელბოტი (რომელიც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდაპ წარსულში, როგორც სოვეტოლოგი), დაუბრუნდა ამერიკის «ექსპერტულ თანამეგობრობას» და მის აზრს მით უმეტეს ითვალისწინებენ პოლიტიკის შემუშავებისას პოსტსაბჭოურ სივრცეზე. მაკკეინი და ტელბოტი, თბილისში ყოფნისას, აპირებენ შეხვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომიარეს, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს, არასამთავრობო ორგაიზაციებს. მოსალოდნელია «გასვლა» რეგიონებში. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სენატორი მაკკეინი, რომელიც პირადად ედუარდ შევარდნაძემ მოიწვია და მის დიდ თაყვანისმცემლად ითვლება (ეს თავად არაერთაგზის უთქვამს), თვით 2 ნოემბერსაც ჩამოვიდეს საქართვლეოში და არჩევნებს თვალი მიადევნოს. ასეთ შემთხვევაში, სენატორის შეფასებასა და შესაბამის განცხადებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ამერიკა 2ნოემბრის არჩევნების მიხედვით განსაზღვრავს თავის დამოკიდებულებას საქართველოს დემოკრატიისადმი.
        რასაკვირველია, ვაშინგტონი მუდამ პრაგმატულად რჩება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების დემოკრატიულობა, ამერიკული თვალთახედვით, ფორმალობა მიანც არ არის. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება არა იმდენად ადმინისტრაციას, რამდენადაც ისტებლიშმენტის დამოკიდებულებას, ამერიკელებისათვის არჩევნები ერთგვარი რელიგიაა, რომელსაც ჭეშმარიტად რელიგიური პიეტეტითა და კრძალვით ეპყრობიან. შესაბამისად, საქართვლეოსათვის მომავალი არჩევნები ცეცხლთან თამაშია, ვინაიდან, წარუმატებლობის შემთხვევაში (წარუმატებლობა კი, შეიძლება იყოს არა მხოლოდ და არა იმდენად გაყალბება, რამდენადაც ქაოსი და მუშტიკრივი საარჩევნო უბნებში), საქართველო ამერიკის მხარდაჭერას საბოლოოდ დაკარგავს.

დილის გაზეთი, 4 ოქტომბერი, 2003 წელი