ამერიკა საქართველოში მალე მთელი ძალით «შემოიჭრება»

ამერიკა საქართველოში მალე მთელი ძალით «შემოიჭრება»

        ზურაბ ჟვანიას «აღმოჩენა» - ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ოფიციალური ლობისტი, პოლ ჯოელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა, ჯერ-ჯერობით იმედებს ამართლებს.
        მაგალითად, სწორედ მის მიერ გამართული ინტენსიური ყოველდღიური მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა საბოლოოდ ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენების გადმოცემა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ასე რომ, ჯოელი ტყუილად როდი იღებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან. თუმცა მისი აქტიურობაც (იგი საკმაოდ ენაწყლიანი და გამჭრიახი ამერიკელია) ვერაფერს გახდებოდა, რომ არა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უკვე აშკარა კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ.
        პოლ ჯოელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა: ამერიკა განიხილავს საქართველოს, როგორც შესაძლო სტრატეგიულ პარტნიორს.
        სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ამერიკის თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი საქართველოში (და არა, ვთქვათ, სომხეთში), მაშინ, როდესაც სომხებს ორმილიონიანი დიასპორა ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ჩანს, ეს დიასპორა კარდინალურად მაინც ვერაფერს წყვეტს; ისევე, როგორც ვერ გადაწყვეტს სომხეთის ევროსაბჭოში მიღება.
        პოლ ჯოელმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრზე მიუთითა – დავით თევზაძე ვაშინგტონში პროამერიკული ორიენტაციის სიმბოლოდ მიაჩნიათ, რასაც, ამერიკის თავისებურებათა გათვალისწინებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელები (ხელისუფალნიც კი) ცუდად ერკვევიან სხვა ქვეყნებისა თუ რეგიონების თავისებურებებში, ამიტომ «ორიენტაციის» თაობაზე კონკრეტული პიროვნებებით მსჯელობენ და არცთუ ხშირად ცდებიან, ვინაიდან ესა თუ ის ფიგურა-სიმბოლო, უმრავლეს შემთხვევაში, საკმაოდ ზუსტად მეტყველებს ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის არსზე.
        მაგალითად, მილოშევიჩის შეცვლა იუგოსლავიაში პოლიტიკური სისტემის შეცვლასაც ნიშნავს; ამიტომაც მოითხოვს ვაშინგტონი ესოდენი დაჟინებით «სლობოს» გადადგომას. რუსეთში «დემოკრატიის» მომავალს ვაშინგტონი, უპირველეს ყოვლისა, ელცინს და მის გუნდს უკავშირებს, საქართველოში – შევარდნაძესა და შევარდნაძის გუნდს და ასე შემდეგ.
        დავით თევზაძეც ერთ-ერთი «ფიგურა-სიმბოლოა». ნამდვილად არ არის შემთხვევითი, თუ ამერიკამ სამხედრო დახმარების გამოგზავნა მას შემდეგ დაიწყო (საქმით და არა სიტყვით), რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე გახდა.
        სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებს მალე სხვა კონკრეტული დახმარება, მაგალითად, ახალი სასაზღვრო კატარღები მოჰყვება. გარდა ამისა, კონგრესმა უკვე დაამტკიცა დახმარება საქართველოსათვის მომავალ, 2000 წელს 97 მილიონი დოლარის ოდენობით – თანაც, რაც ნიშანდობლივია სხვა ქვეყნებისათვის დახმარების შემცირების ხარჯზე;
        ესეც სავსებით ეთანადება ამერიკის საერთო სტრატეგიას - რუსეთთან ურთიერთობა დღითიდღე უარესდება. ბორის ელცინის წასვლის შემდეგ ცივი ომის ნაწილობრივი განახლება გარდაუვალია. ამის ნიშანი უკვე გამოჩნდა – რუსული ბომბდამშენები და სამხედრო გემები ამერიკის სანაპიროებთან და ნატოს საზღვრებთან პროვოკაციულ მანევრებს აწარმოებენ; რასაც დღეს თუ გვიან ამერიკელთა მოთმინების ფიალის ავსება მოჰყვება და ადეკვატური ზომებიც არ დააყოვნებს; ამერიკის შეერთებული შტატები უფრო აქტიურად «შემოიჭრება» რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში – მათ შორის, სამხრეთ კავკასიაშიც.

მერიდიანი, 9 აგვისტო, 1999 წელი