ამერიკა – საქართველოს ქარტია: სუფთა ფურცელი

ამერიკა – საქართველოს ქარტია: სუფთა ფურცელი

            ვაშინგტონში, ამერიკა – საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერისას (რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ულტრათანამედროვე შენობის საგანგებოდ მე-18 საუკუნის სტილში მოწყობილ ერთადერთ დარბაზში გაიმართა) საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა კონდოლიზა რაისთან «საჯარო გასაუბრებისას»: «ჩვენი მეგობრობა გრძელდება . . . «.
            სარწმუნო წყაროთა ცნობით, მას მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯერ კიდევ 1985-1988 წლებიდან იცნობს, როდესაც ქალბატონი კონდი პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციაში (ეროვნული უშიშროების საბჭოში) საბჭოთა კავშირის მიმართულებას კურირებდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი «სმოლენსკის მოედანზე» ბირთვული განიარაღების განყოფილებაში მუშაობდა.
            ამ «ტკბილ მოგონებას» ქალბატონმა კონდოლიზამ ერთობ დიპლომატიური პასაჟით უპასუხა: « . . . მართალია ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა თანამშრომლობისათვის . . . . .»
            ბუნებრივია სახელმწიფო დეპარტამენტში შემთხვევით არაფერი ითქმება. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ამერიკის ყველაზე სერიოზულ საგარეო პოლიტიკურ მარცხს (აგვისტოს მოვლენების შედეგად), რაც ზესახელმწიფომ განიცადა გასული საუკუნის 60-70 – იანი წლების შემდეგ. და აქ არ არის არანაირი გადაჭარბება!
            ანუ ამერიკის დიპლომატიური უწყების მესვეური, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა სამუშაოდ, ამით აცხადებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, იღებს პასუხისმგებლობას საქართველოსთან უპრეცედენტო დაახლოებისთვის, რაც მისი მმართველობისას განხორციელდა, მიაჩნია ჩვენი ქვეყანა ამერიკისთვის სასარგებლო(!) პარტნიორად, ამრიგად აფორმებს მასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას (ანუ არა იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტს, არამედ, ფაქტობრივად, «განზრახულობათა დეკლარაციას»), მაგრამ ქარტიის კონკრეტული შინაარსით შევსება, მისი დეტალიზაცია, ასე ვთქვათ «გამოყენებითი ფორმის» შემუშავება ახალი ადმინისტრაციისათვის მიუნდია.
            აქედან გამომდინარე, ვაშინგტონში გაფორმებული დოკუმენტი ერთგვარი «სუფთა ფურცელია», რომელიც შეიძლება მართლაც გადაიზარდოს სტრატეგიულ მოკავშირეობაში; თუმცა შესაძლოა დარჩეს მხოლოდ «კეთილი სურვილების» დეკლარაციად, რომელიც ამერიკას არაფერს ავალდებულებს.
            ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობა განხორციელდა, რაც ამ ქვეყნების (მათი ელიტებისა და ხელისუფლებების) სიდინჯის, სიბრძნის, პროფესიონალიზმის, აგრეთვე იმ საზოგადოებათა მაღალი პოლიტიკური კულტურისა და შეგნების დამსახურებაა;
            სრულებითაც არ არის გამორიცხული, «ქარტიამ» ანალოგიური სასიკეთო შედეგი ჩვენთვისაც გამოიღოს, - თუ ქართული ელიტა, ხელისუფლება და საზოგადოება ანალოგიურ თვისებებს გამოამჟღავნებს, «ქარტიის» დებულებებს განავითარებს და მორიგი დესტაბილიზაციის ან ავტორიტარიზმის მარაზმში არ ჩაეფლობა.
            ქარტიაში შემთხვევით როდია ნახსენები «სტაბილური დემოკრატია». საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამერიკელები სწორედ ამ დებულების ხაზგასმას მოითხოვდნენ დოკუმენტზე წინასწარი მუშაობისას: საქართველოში უნდა დამკვიდრდეს არა უბრალოდ სტაბილურობა, არამედ დემოკრატიული (არა ავტორიტარული) სტაბილურობა; არა უბრალოდ დემოკრატია, არამედ სტაბილური დემოკრატია!
            ეს «ოქროს შუალედი» კი ძალიან ძნელი მისაგნებია – ბალტიის ქვეყნებმა მოახერხეს და დღეს მათ საჰაერო სივრცეს ამიტომაც იცავენ ნატო – ს ავიაგამანადგურებლები. სამწუხაროდ, ამერიკელები ხედავენ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ამ თვალსაზრისით, ერთი უკიდურესობიდან – მეორეს ეხეთქება; ხოლო პრობლემას ჩვენს ნაცვლად ისინი ვერ გადაჭრიან.
            მეორე საკითხი, რომელზეც ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა ქართველ და ამერიკელ დიპლომატებს შორის (შემთხვევით როდი გადაიდო დოკუმენტის პარაფირება დეკემბრის ბოლოდან ჯერ 4 იანვრამდე და შემდეგ 9 რიცხვამდე), კომპეტენტურ წყაროთა ცნობით, გახდა 12 აგვისტოს საბედისწერო შეთანხმების (ე.წ. სარკოზი - მედვედევის ხელშეკრულების) ხსენება ქარტიაში.
            ამერიკელები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ქარტიაში დაფიქსირებულიყო საქართველოს ვალდებულება, აღარასდროს მიმართოს ძალას აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემათა გადასაჭრელად.
            ბუნებრივია, ვაშინგტონს ეს დებულება გარკვეულწილად მოსკოვის დასამშვიდებლადაც სჭირდებოდა.
            ბოლოს გამოიძებნა სწორედ ასეთი დებულება: პირდაპირი ვალდებულება ქარტიაში ნახსენები არ არის, სამაგიეროდ მოხსენიებულია 12 აგვისტოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს ამ ვალდებულებას ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
            ანუ, ამერიკელები ადასტურებენ, რომ თავად არასდროს სცნობენ სეპარატისტულ რეგიონთა დამოუკიდებლობას; აქვე გულისხმობენ, რომ თავის სხვა მოკავშირეებსაც «დაარწმუნებენ» ამგვარი პოზიცია გაიზიარონ, მაგრამ ესაა მაქსიმუმი, რასაც საქართველო (რეალობის გათვალისწინებით) მათგან უნდა ელოდოს ამ საკითხში და, კაცმა რომ თქვას, კოსოვოს ავბედითი პრეცედენტის შემდეგ (რაც ბუშის ადმინისტრაციამ შექმნა) არც ესაა მცირედი.
            «საქართველოს მზარდ დემოკრატიას ძალუძს შეუქმნას ასპარეზი თავის შრომისმოყვარე, შემოქმედ მოქალაქეებს» - ნათქვამია ქარტიაში. ეს ერთი ფრაზა მთელ ფილოსოფიას მოიცავს. რასაკვირველია, არაფერი მსგავსი არ ჩაიწერებოდა ჯერ კიდევ 1994 წლის თებერვალში შევარდნაძისა და ელცინის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში «მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ».
            ამით ამერიკელები ისევ და ისევ მიგვითითებენ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება, მისი აყვავება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უნარზე, ნიჭზე, შრომაზეა დამოკიდებული.
            ამერიკა დაგვეხმარება, ოღონდ დაგვეხმარება სწორი ტენდენციების გაძლიერებაში და არა მათ ჩამოყალიბებაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრობლემაა.
            ანუ, ისევ და ისევ, «ქარტია» აქ მომავალი თანამშრომლობის «ჩარჩოს» ქმნის და არა რაიმე გარანტიას.
            ამავე კონტექსტშია ნახსენები ნატოს წევრობაც: მიგიღებთ ნატოში, თუ მის სტანდარტებს დააკმაყოფილებთ. როგორ? – ეს თქვენი პრობლემაა, თქვენი საზრუნავია, თქვენი ნიჭის, უნარის, შრომის, შემოქმედების ნაყოფი უნდა იყოს. იგულისხმება, რომ კანდიდატ დემოკრატიულ(!) სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემები და კონფლიქტი რომელიმე, მეზობელ ქვეყანასთან.
            რაც შეეხება სამხედრო შემადგენელს: ამერიკა დაგვეხმარება თვით ინსტიტუტის (ბრძოლისუნარიანი არმიის) ჩამოყალიბებაში, მაგრამ სტრიქონებს შორის კვლავ იკითხება, რომ იგი ჩვენს ნაცვლად როდი შექმნის ამ ინსტიტუტს, ჩვენს ნაცვლად როდი იომებს (თუ საბრძოლველი იქნა) და ჩვენს ნაცვლად როდი გადაჭრის იმ პრობლემას, რომ არმია, ისევე როგორც დასავლური ორიენტაცია რუსეთს აგრესიის საბაბს არ აძლევდეს!
            რთული დილემაა? რა თქმა უნდა! მაგრამ ამერიკელები გვახსენებენ, რომ ჩვენს ნაცვლად ამ დილემასაც ვერავინ გადაჭრის!
            იგივე მიდგომა იკითხება ეკონომიკურ ნაწილში: მაგალითად, ამერიკა რასაკვირველია მიიღებს ქართულ ღვინოს საკუთარ ბაზარზე და შეიძლება გარკვეული პრეფერენციებიც დააწესოს საქართველოს პროდუქციაზე (როგორც ისრაელის შემთხვევაში) მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მთლიანობაში ჩვენი პროდუქცია ამერიკის სამომხმარებლო ბაზრის (უმაღლეს) სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს კი ბევრად რთული ამოცანაა ვიდრე რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოსთან «საქმის ჩაწყობა».
            ამრიგად, ამერიკა – საქართველოს ქარტია სინამდვილეში შეიცავს მხოლოდ ერთ (ერთადერთ) გარანტიას: გლობალური ზესახელმწიფო და მსოფლიოს უდიდესი დემოკრატია ყოველნაირად შეგვიწყობს ხელს დავაფუძნოთ, ავაშენოთ და გავაძლიეროთ ევროპული ტიპის სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში წარმოშობილ უმთავრეს შიდა და საგარეო რისკებს თავად გადავჭრით, თვითონ გამოვამჟღავნებთ უნარს გამოწვევებსა და პრობლემებს ადეკვატურად, შემოქმედებითად ვუპასუხოთ; ჩვენი პრობლემები, ჩვენი სირთულენი, ჩვენივე გასაკეთებელი სხვას არ გადავაკისროთ და მოკავშირეებს პრობლემები კი არ შევუქმნათ, არამედ პირიქით – სასარგებლო პარტნიორი ვიყოთ.
            რამდენად მოვახერხებთ ამას და რამდენად იქცევა «კეთილი განზრახვების» დეკლარაცია სტრატეგიული მოკავშირეობის საფუძვლად – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავის ტკივილია.
            ჩვენს გასაკეთებელს სხვა (მით უმეტეს ცივი, პრაგმატული დასავლეთი და მისი ლიდერი ამერიკა) არ გააკეთებს!