ამერიკა მექრთამეების ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს

ამერიკა მექრთამეების ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს

  

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე ისეთი შეხვედრა ჰქონდა, რომელიც აშკარად მიუთითებს: ზურაბ ჟვანიას სტუმრობა ოკეანის გაღმა არ ყოფილა მხოლოდ წმინდა სიმბოლური და «ცერემონიული» ღონისძიება - მას რეალური დატვირთვა გააჩნდა.
    ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო თუ გავითვალისწინებთ დროს, როდესაც ეს ვიზიტი გაიმართა: თებერვლის მოვლენათა შემდეგ ვითარება საქართველოში კვლავინდებურად დაძაბულია, იწყება «აჭარის თემის» დამუშავება, ოპოზიციურმა პარტიებმა ჟვანიას ბრალად დასდეს «გასართობად წასვლა» ამერიკაში - მაშინ, როცა ქვეყანას ძალიან უჭირს; არადა, საღი აზრის შესაბამისად, ქვეყანას თუ «უჭირს» სწორედ ამიტომ უნდა გაემგზავრო ვაშინგტონში. ამ სახელმწიფომ განვლილი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს მილიარდ 200 მილიონი დოლარის მატერიალური დახმარება გაუწია, ჰუმანიტარულის სახით, - რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, იგი ჯერ კიდევ პასიური ხასიათისაა და, ძირითადად, რუსეთის «შეკავებაში» გამოიხატება.
    საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლის ცნობით, ვინც დაწვრილებით ინფორმაცია მოგვაწოდა ვიზიტის შესახებ, სამუშაო პროგრამაში (ეს პროგრამა წინასწარ იყო შეთანხმებული) ერთი ასეთი უცნაური ჩანაწერი გაჩნდა: «შეხვედრა ანალიტიკურ ჯგუფთან». არც მისამართი, არც ხანგრძლივობა, არც დამსწრეთა ვინაობა . . . . .
    შეხვედრაზე არავინ შეუშვეს და არავის გადააღებინეს, რათა თვით შეხვედრის ფაქტი ან მასპინძელთა ვინაობა არ დაფიქსირებულიყო. სარწმუნო წყაროს ცნობით, «ანალიტიკურ ჯგუფში» იგულისხმებოდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის სპეციალური, ელიტური განყოფილება, რომელიც დაწვრილებით სწავლობს, აანალიზებს და ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, შემდგომ კი შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის თეთრი სახლის ადმინისტრაციას.
  შეხვედრის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება დანამდვილებით, რომ «ანალიტიკური ჯგუფის» წევრებმა ზურაბ ჟვანიას გააცნეს კონფიდენციალური ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შემდგომი შესაძლო განვითარების, აგრეთვე (რაც ძალზე საყურადღებოა) საქართველოში არსებული კორუფციის თაობაზე. არ არის გამორიცხული (სავარაუდოცაა), რომ შეხვედრისას მას დაუსახელეს კონკრეტული გვარები იმ სახელმწიფო მოღვაწეებისა, რომლებიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტად არიან ჩაფლულნი კორუფციაში. სულაც არ არის გასაკვირი, თუ ამერიკელები ასეთ ინფორმაციას ფლობენ, ვინაიდან მათ საკმარისად დიდი შესაძლებლობები აქვთ, რომ იგი საქართველოდან სპეციალური არხებისა და ინფორმატორების მეშვეობით მიიღონ.
    იმავე წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია იმავდროულად აქტიური ქმედებისკენაც მოუწოდებს, ვინაიდან ვაშინგტონში გადაწყვეტილი აქვთ უფრო რადიკალურად იმოქმედონ საქართველოში და ნამდვილად არ სურთ კორუმპირებულ სისტემასთან «საქმის დაჭერა». ასე რომ, უახლოეს მომავალში თბილისში «დიდი წმენდის» ახალი ეტაპია მოსალოდნელი, ვინაიდან, შეხვედრისას გვარები საკმაოდ ზუსტად დასახელდა, ოღონდ შესაბამისი დასაბუთებით და ფაქტოლოგიური მასალის მაგიდაზე დადებითაც კი.
      სწორედ ამ საუბრის «პოლიტიკური უზრუნველყოფა» გახდა «საქმიანი ლანჩები» სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ზურაბ ჟვანია ესაუბრა სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილეს, - სტროუბ ტელბოტს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კურატორს ამერიკის საგარეო უწყებაში - სტივენ სესტანოვიჩს.
    ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ ეს პიროვნებები თითქოს მძლავრ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიიჩნეოდნენ, მაგრამ ვაშინგტონის ინტერესი პოსტსაბჭოური სივრცის მიმართ დღითიდღე იზრდება, ამიტომ ტელბოტი და სესტანოვიჩი ბუნებრივად «მაღლდებიან» იერარქიულ კიბეზე თავიანთი ფაქტობრივი მდგომარეობითა და გავლენით.
    ისინი პრაქტიკოსები არიან. ანუ ამ შემთხვევაში დიპლომატის რანგს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა თანამდებობას. რანგით კი ორივე ელჩია. საოცარია, მაგრამ ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობისას თითქმის ყოველ ნაბიჯზე (ამ შეხვედრის დროსაც და სხვაგანაც) იგრძნობოდა სომხური ლობის გავლენა.
    ფაქტობრივად, არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, - სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, თვით თეთრ სახლშიც, - რომ ამ თემას არ გაეჟღერა საკმოად აქცენტირებულად. ვგულისხმობ «სომხურ პრობლემას», ყარაბაღის გარშემო შექმნილ ვითარებას, რობერტ კოჩარიანის ხელისუფლებაში მოსვლას, საქართველო - სომხეთის, აგრეთვე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და ა.შ.
    ამერიკელებს ძალიან მოსწონთ, რომ საქართველო ერთდროულად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან, მაგრამ ტელბოტსა და სესტანოვიჩს სურდათ ზურაბ ჟვანიასგან გაეგოთ, რამდენად არის შესაძლებელი სომხეთის ჩართვა «ნავთობსადენის» პროექტში.
    ამერიკელები, რა თქმა უნდა, ეშმაკობენ: თავდაპირველად მათ საერთოდ სურდათ ნავთობსადენს გაევლო სომხეთიდან - თურქეთზე. ამით ერთდროულად «რამდენიმე კურდღელს დაიჭერდნენ» და აი, როგორ: ამერიკაში სომხური დიასპორის გავლენა იმდენად დიდია, რომ ფაქტობრივად, ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს წარმატებას და ვერ დაჯაბნის მოწინააღმდეგეს ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად. სენატორთა არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება, პრეზიდენტად ბილ კლინტონი მესამედ ვეღარ იყრის კენჭს, მაგრამ დემოკრატებს კვლავ სურთ მიიღონ მანდატი - კერძოდ, ამჟამინდელ ვიცე პრეზიდენტ ელ გორს.
    ამ თამაშში «სომხური კოზირი» იმდენად ძლიერია, რომ აზერბაიჯანს უდიდესი და უმძლავრესი ნავთობკომპანიების მიზიდვითაც კი არ შეუძლია, ჯერჯერობით, მისი ზეგავლენის ნიველირება. ბაქოს კოზირი მხოლოდ საქართველოა. მხოლოდ საქართველოს გავლით შეუძლიათ ნავთობის ტრანსპორტირება თურქეთში, ვინაიდან «სომხური» და «ირანული» მიმართულება აზერბაიჯანისთვის მიუღებელია. თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი კი ცდილობდნენ ერთი კურდღელი ნავთობსადენის სომხეთზე გაყვანით «მოეკლათ» (არადა, ეს, მართლაც, უმოკლესი გზაა) ანუ სომხეთი დაეკმაყოფილებინათ და მოემადლიერებინათ, მეორე მხრივ კი აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსი განემტკიცებინათ.
    ამით საქართველოს გარდა ყველა მხარე კმაყოფილი დარჩებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ზურაბ ჟვანიამ მასპინძლებს აგრძნობინა, რომ ოფიციალური თბილისი სულაც არ აპირებს საკუთარი ინტერესების დავიწყებასა და იგნორირებას. სომხეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ჩაერთოს «ევრაზიული დერეფნის» პროექტების განხორციელებაში (ნავთობსადენის პროექტი მისი ნაწილია), თუ მოაგვარებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან! ეს ურყევი პირობაა. ჟვანიას პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასეთი დასკვნა საუბრის საერთო შინაარსიდან მაინც გამომდინარეობდა. რატომ უნდა იმტვრიოს თავი საქართველომ სხვის ნაცვლად? ობიექტურობა მოითხოვს ელემენტარული კითხვის დასმას - სომხებს ჰყავდათ ჭკვიანN (ეშმაკი) და წარმატებული პრეზიდენტი: ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელიც გააძევეს მხოლოდ იმის გამო, რომ მის მიერ მიღწეული გამარჯვება (ყარაბაღისა და მესამედი აზერბაიჯანის დაპყრობა) საკმარისად არ მიაჩნდათ.
    ახლა აირჩიეს პირწავარდნილი რადიკალ-ნაციონალისტი რობერტ კოჩარიანი, რომლის მიზანი (არ არის გამორიცხული) თურქეთის მიერ დაპყრობილი «სომხური მიწების დაბრუნებაა» - რა შუაშია აქ საქართველო?
    თუმცა, ზურაბ ჟვანია, რა თქმა უნდა, მსგავსს არაფერს იტყოდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია იმ განზრახულობათა თაობაზე, რომელიც არსებობს ერევანში, მოსკოვსა და ვაშინგტონში ყარაბაღთან დაკავშირებით.
    ისიც აშკარაა, რომ თბილისში სერიოზული შეშფოთებით აღიქვეს სომხეთის ახალარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილება, «დაშნაკცუტუნის» პარტიის აღდგენის შესახებ, რომლის პროგრამული დებულებები ჯავახეთის «გათავისუფლებასაც» ითვალისწინებს.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დეპარტამენტში დაძაბული, ძალიან მძიმე მოლაპარაკებისას ტაქტიკურად სწორი სვლა გააკეთა - მას ყველა საუბარი ყარაბაღის საკითხზე უმალვე გადაჰყავდა «აფხაზეთის სარტყელში», - ტელბოტი და სესტანოვიჩი სულ ტყუილად ცდილობდნენ ამ დიპლომატიური შემოტევის მოგერიების ჯიხაშკარის მოვლენებზე აპელირებით. ბოლოს და ბოლოს, ჯიხაშკარში არავინ დაღუპულა, ხოლო გაეროს დამკვირვებლები მშვიდობიანად გაათავისუფლეს.
    ამრიგად, საქართველო უკვე აღარ არის ამერიკის ჰუმანიტარული დახმარების იმედად არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური მდებარეობა ნამდვილად ღმერთმა უწყალობა - ისევე როგორც მაჰმადიანებს - ნავთობი, სომხებს - განსაკუთრებული პოლიტიკური თვისება, რომლის დეტერმინირება ამჯერად არ ღირს, ვინაიდან «ერთაშორისი შუღლის გაჩაღებად» შეიძლება ჩაითვალოს; ჩინელებს - რაოდენობა, ებრაელებს - ბიბლია და ა.შ.
    ეს, დღევანდელ ვითარებაში, იმდენად დიდი კაპიტალია, რომ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველო ზესახელმწიფოებს აიძულებს, ისევე გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, როგორც სხვათა ინტერესებს ითვალისწინებენ. შესაძლოა, უფრო მეტადაც კი. საქართველომ უნდა აიძულოს ვაშინგტონი, შეურიგდეს იმ რეალობას, რომ კავკასიის ბედი სწორედ თბილისში წყდება და არა რომელიმე სხვა კავკასიურ დედაქალაქში.

7 დღე, 10 აპრილი, 1998 წ.