ალიევ - კოჩარიანის საიდუმლო შეხვედრას პარლამენტარების დახვრეტა მოჰყვა

ალიევ - კოჩარიანის საიდუმლო შეხვედრას პარლამენტარების დახვრეტა მოჰყვა

      

        გუშინ ერევანში ერთობ კომიკურად დასრულდა საშინელი ტრაგედიით დაწყებული ისტორია. პარლამენტში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის მონაწილე «დაშნაკცუტუნის» წევრებმა განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის წევრთა «დაშინება» ჰქონდათ განზრახული, ხოლო «ლეგენდარული» კარენ დემირჭიანი და ყარაბაღის ომის არანაკლებ ლეგენდარული გმირი ვარსგენ სარქისიანი მხოლოდ «შემოაკვდათ».
        თურმე მათი მიზანი ყოფილა საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ სომხეთში არსებული უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური ვითარებისადმი, ხოლო «ყარაბაღი» არც კი გახსენებიათ; რას ბრძანებთ - აბა სად «დაშნაკცუტუნი» და სად - სომხური ნაციონალიზმი და «თურქების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება»? ამის შემდეგ, ტერორისტები, რომლებმაც, თავიანთი აქციით უდიდესი ზიანი მიაყენა სომხეთის იმიჯსა და ამ ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს (ისევე, როგორც საზოგადოებრივ თანხმობას) - ხელისუფლებას ჩაბარდნენ პირადად პრეზიდენტ კოჩარიანთან მოლაპარაკების შემდეგ.
        ინციდენტი თითქოს ამოწურულია; დაშნაკები ციხეში გამოამწყვდიეს, მაგრამ ამ სისხლიანი აქციის «ქვედა დინება» გარკვეული არ არის. პოლიტიკაში «დამთხვევა» იშვიათად ხდება. უპირველეს ყოვლისა, უპრიანია დაისვას კითხვა: ვისთვისაა ეს ხელსაყრელი? გავითვალისწინოთ, რა პოლიტიკურ ფონზე განხორციელდა მართლაც უპრეცედენტო ტერორისტული აქტი სომხეთის პარლამენტში.
        «უპრეცედენტო», ვინაიდან მართალია 1982 წელს ესპანელი «გვარდიელებიც» შეიჭრნენ პარლამენტში, მაგრამ არავინ მოუკლავთ, მხოლოდ ჰაერში ისროდნენ.
        გარდა ამისა, მათი აქცია გაცილებით უფრო «აზრიანი» იყო - ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და სამხედრო დიქტატურის აღდგენას მაშინ, როდესაც სომეხი ტერორისტების (უფრო ზუსტად, მათ მიღმა მდგომი ძალების) მიზანი ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და იმ პროცესების ჩაშლა იყო, რომლებიც ყარაბაღის გარშემო ვითარდებოდა.
        იოტისოდენი ეჭვიც არ არის, რომ პროვოკაცია სომხეთის პარლამენტში რუსეთის სპეცსამსახურთა განხორციელებულია. იმავე კითხვის შესაბამისად - «ვისთვის არის ხელსაყრელი?», მხოლოდ რუსეთისთვის იქნებოდა ხელსაყრელი სომხეთში ვითარების დესტაბილიზაცია, და აი, რატომ:
        საქმე ის არის, რომ კავკასიაში ვითარების გართულებამ აქ ამერიკული დიპლომატიის გააქტიურება გამოიწვია. დღეს ვაშინგტონი ჩვენს რეგიონში გაცილებით მეტად აქტიურობს, ვიდრე 5-6 წლის წინ.
        შეადარეთ თუნდაც «თეთრი სახლისა» და «სახელმწიფო დეპარტამენტის» ამჟამინდელი პოზიცია ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით - 5 წლის წინანდელს.
        ცოტამ თუ იცის საქართველოში (ვინაიდან ჩვენი მასმედია საერთაშორისო პრობლემატიკის გაშუქებისას კვლავ რუსული მედიის კუდში მიჩანჩალებს და მხოლოდ მისი პროდუქციით საზრდოობს), რომ ბილ კლინტონის დავალებით, ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა «ღია ტექსტით» დაადანაშაულა ბორის ელცინი კრიმინალური კლანების მფარველობასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდში.
        ვაშინგტონმა ელცინზე საბოლოოდ «ჩაიქნია» ხელი. ისევე, როგორც მის «მემკვიდრე» პუტინზე. იმავდროულად, ამერიკული დიპლომატია გააქტიურდა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ერევანში სისხლიანი ტრაგედიის დროს იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტროუბ ტელბოტი. მანამდე, თბილისი და ერევანი მოინახულა სტივენ სესტანოვიჩმა, რის შემდეგაც, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიმართა იდუმალებით მოცული შეხვედრა რობერტ კოჩარიანსა და ჰეიდარ ალიევს შორის.
         18 ნოემბერს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე დაგეგმილია სპეციალური დოკუმენტის ხელმოწერა, რომლითაც ორივე მხარე მიდის გარკვეულ დათმობაზე. სომხეთი ფორმალურად აღიარებს ყარაბაღს აზერბაიჯანის სუბიექტად. სამაგიეროდ აზერბაიჯანი სამუდამოდ იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე «ყარაბაღის დასაბრუნებლად», სომხეთი კი გაათავისუფლებს ყარაბაღის გარეთ მდებარე აზერბაიჯანულ ტერიტორიებს, სადაც თანდათან დაიწყება ლტოლვილთა დაბრუნება.
        შეთანხმებათა შესრულების გარანტი იქნება არა რუსეთი, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები. აქვე უნდა ითქვას, რომ სტამბოლის სამიტი მართლაც ისტორიულ მნიშვნელობის მოვლენა გახდება და ამ თვალსაზრისით თვით 1975 წლის ჰელსინკის სამიტს გადააჭარბებს.
        გარდა ყარაბაღის პრობლემისა, დაგეგმილია აგრეთვე კავკასიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხის გადაწყვეტა, ახალი დეკლარაციის მიღება ევროპული უსაფრთხოების თაობაზე და ა.შ.
        ბუნებრივია, ეს პროცესები რუსეთის სპეცსამსახურებს არ გამოეპარებოდათ; მოსკოვში ძალიან ეშინიათ, რომ ამერიკამ შეიძლება მოიპოვოს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მომწესრიგებლის სტატუსი. ყარაბაღს უეჭველად აფხაზეთიც მოჰყვებოდა. საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით მეტად გაუადვილდებოდა კომპრომისზე წასვლა ამერიკის შუამავლობით; იგივე პოლიტიკურ - ფსიქოლოგიური ფენომენი «მუშაობს» ყარაბაღის შემთხვევაში.
        შედეგად კი, რუსეთის პრიორიტეტი რეგიონში საბოლოოდ დაკნინდება.. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკი განაცხადა კიდეც ღიად, რომ «კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების ყოველი მცდელობა, რუსეთის ინტერესთა პრიორიტეტულობის გარეშე - განწირულია ჩასაშლელად».
        ანუ, რუსეთს ხელს აძლევს მუდმივი დაძაბულობა, მხარეთა შეურიგებლობა მაშინ, როდესაც ამერიკა პირიქით, - რეგიონში პოზიციათა განსამტკიცებლად და «საკომუნიკაციო პროექტთა» განსახორციელებლად დაინტერესებულია კონფლიქტების მოწესრიგებით და არა მათი მუდმივი «მხურვალების» შენარჩუნებით. სომხური «დაშნაკცუტუნის» წევრები უეჭველად რუსეთის სპეცსამსახურთა გავლენის აგენტები იყვნენ. ეს უკანასკნელნი კი, რადიკალთა შეურიგებლობის გამოყენებით, «დაჰყავი და იბატონეს» დოქტრინის გახანგრძლივებას ცდილობენ.

7 დღე, 29 ოქტომბერი, 1999 წელი