«ალ-ქაიდას» აჩრდილი

«ალ-ქაიდას» აჩრდილი

        თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლური სოციუმის ცნობიერებაში, მარქსისა და ენგელსის ნაწინასწარმეტყველები «კომუნიზმის აჩრდილის» ნაცვლად, საერთაშორისო ტერორიზმის აჩრდილი «დაძრწის» - თანაც, არანაკლებ მრისხანედ. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს ერთადერთმა ზესახელმწიფომ სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა აქცია თავისი გლობალური სტრატეგიის ქვაკუთხედად და ამ სამართლიანიბრძოლის კონტექსტში წარმატებით ცდილობს გეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. მაგალითად, სადამ ჰუსეინის «ტერორისტულ განზრახულობათა» ჩაშლის პარალელურად, ამერიკამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ცენტრალურ, ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანაში დაიმკვიდრა ადგილი.

        მაგრამ რივიერასა და ადრიატიკის სანახებში განაზებულ ევროპას უფრო ტერორიზმის «ბოროტი ბუა» აღელვებს, ვიდრე საკაცობრიო დემოკრატიისა თუ ლიბერალურ ფასეულობათა მომავალი. ამიტომაც იყვნენ ერაყში ომის წინააღმდეგნი: აქაოდა, ტერორისტები ამერიკას ვერ მისწვდებიან, ჩვენ კი სამოთხეს დაგვინგრევენო.
        ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ, უპირველესად, ევროპულ პრესას ყველგან «ალ-ქაიდას» ბაზები ელანდება, მათ შორის საქართველოში. ბოლო ორი-სამი დღის განმალვობაში ავტორიტეტულ ფრანგულ და ბრიტანულ გაზეთებში გამოჩნდა ალარმისტული სტატიები უსამან ბინ ლადენისა და მისი «რაზმის» საქართველოში გააქტიურების შესახებ. ხოლო G-8 შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სენსაცია «ააფეთქა»: ავღანეთიდან უსამა ბინ ლადენის ტერორისტები პირდაპირ საქართველოსკენ, პანკისის ხეობისკენ დაიძრნენო. აქ ერთგვარი «პადხალიმაჟიც» არის ამერიკის მიმართ, ვითომდაც იგი უკვე ისე აკონტროლებს ავღანეთს, რომ ისლამისტ რადიკალებს იქ აღარ დაედგომებათ, რაც (თვით ამერიკელთა აღიარებით) სიმართლეს ჯერ არშეესაბამება და სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობაა.
        ჩანს, ევროპელებმა ევრაზიის სივრცეზე სხვა კრიზისული წერტილი ვერ აღმოაჩინეს (ავღანეთს, მათი აზრით, ამერიკელები აკონტროლებენ) და მაინცდამაინც პანკისის ხეობა მიიჩნიეს მოუხელთებელი ტერორისტის უკანასკნელ თავშესაფრად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა, ტენდენცია ერთობ არასასიამოვნო ფორმებს იძენს. ევროპელთა დიდ ნაწილს საქართველო ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევარი და, საუდის არაბეთის მსგავსად, ვაჰაბიტური სახელმწიფო ჰგონია.
        სინამდვილეში, «ალ-ქაიდას» მითი დიდწილად ამერიკული გეოპოლიტიკური მითოლოგემის ნაწილია. მართალია, უსამა ბინ ლადენმა 11 სექტემბრის შემდეგ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა გრანდიოზული ტერაქტების გამო, მაგრამ დღემდე არ არსებობს არავითარი მტკიცება იმისა, რომ 19 საუდელი ტერორისტი, მუჰამედ ატას ხელმძღვანელობით, მაინცდამიანც ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ – განა გიჟი და გადარეული ცოტაა ისლამურ სამყაროში, რომ მხოლოდ ერთ ორგანიზაციას შეაფარონ თავი?
        ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის დროს ბინ ლადენი მოჯაჰედთა მხარდამხარ იბრძოდა და სწორედ მაშინ შექმნა «ალ-ქაიდა» (არაბულად - «ბაზა»). ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას უსამამ (საუდელ მილიარდერთა მემკვიდრემ) ათეულობით მილიონი დოლარი შეალია.
        კენიასა და ტანზანიაში ამერიკული საელჩოების აფეთქება ნამდვილად მისი მოწყობილი იყო, მაგრამ აშკარად თითიდან გამოწოვილია ვერსია, თითქოს ბინ ლადენი საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაში განსაზღვრავდა თავის უკანასკნელ თავშესაფარს. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, საქართველო მაჰმადიან რადიკალთათვის არცთუ კეთილგანწყობილი გარემოა (იმავე პაკისტანისა და ავღანეთისაგან განსხვავებით)9 ხოლო პანკისის ხეობაში პენჯაბის ხეობის მსგავის მიუდგომელი სიმაგრის შექმნა იმთავითვე შეუძლებელი იყო.
        რეალურად, ამ მითის შექმნაში სამი სუბიექტის ინტერესთა გადაკვეთამ ითამაშა გადამწყვეტი როლი: ამერიკას სურდა, საქართველოში წამოეწყო თავისი «მრავალდაფიანი» გეოპოლიტიკური თამაშის ახალი პარტია – ამჯერადაც რუსეთის წინააღმდეგ და სწორედ ამისთვის დასჭირდა «პანკისის პრობლემის» გაბერვა; მოსკოვი აპირებდა, იმავე არგუმენტით გაეფუჭებინა თბილისის ურთიერთობები დასავლეთთან და საქართველოში სამხედრო ჩარევის საბაბი შეექმნა; ხოლო თვით საქართველო ამ გზით ცდილობდა დასავლეთის (პირველ რიგში, იმავე ამერიკის) შემოტყუებას სამხრეთ კავკასიის ფეთქებადსაშიშ სირცეში, რაც (უნდა ვაღიაროთ) წარმატებით მოახერხა კიდეც.
        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკის წონა და რეალური გავლენა რუსეთის რეალურ შესაძლებლობებს ჯერ დიდად ჩამორჩება. ამრიგად, ამჟამინდელი ისტერია «პანკისელი ქაიდელების» შესახებ სრულიად უსაფუძვლოა ისევე, როგრც არ დადასტურდა ვერსია შარშან ლონდონში ნაპოვნი მომწამვლელი ნივთიერების პანკისში დამზადების თაობაზე.
        არავითარი გზა და საშუალება პანკისში (მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩეჩნურ სოფლებს მთლიანად ქართული პოლიცია აკონტროლებს) სერიოზული პროვოკაციის განსახორციელებლად «ალ-ქაიდას» თუ მსგავს ჯგუფებს არ გააჩნიათ.
        საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სარკოზი მტკნარ სისულელეს როშავს, როცა აცხადებს, თითქოს ამჟამად უკვე საქართველო იქცა ავღანეთად _ მულა ომარისა და ბინ ლადენი უახლოესი გარემოცვის გადაწყვეტილებით. არადა, «ალ-ქაიდას» ბანაკებში მომზადებული ათასობით ფანატიკოსისთვის, ჰინდიყუშისა და ტიან-შან-ჰიმალაის გრანდიოზული, მიუვალი ხეობები პანკისის ორღობეებზე ბევრად უფრო ხელსაყრელი საფარი იქნებოდა. ერთი სიტყვით, «ევროპელი პოლიცმაისტერები» სულ გამოთაყვანებულან, თუ ამ ზღაპრებისა სერიოზულად სჯერათ. განსაცვიფრებელია, აეთი «ჭკუისკოლოფების» პატრონი ევროპა კიდევ როგორ ახერხებს არსებობასა და განვითარება.
        თუმცა, მეორე მხრივ, ამ ბრიყვულ განცხადებებს ჩვენთვის ხეირიც მოჰყვება – საქართველოს იზოლირება გამორიცხულია, ხოლო ნატოსა და ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური აქტივობა სერიოზულ გამამართლებელ საბუთს იძენს.

დილის გაზეთი, 7 მაისი, 2003 წელი