აკაკი ელიავა კვლავ ასპარეზზეა

აკაკი ელიავა კვლავ ასპარეზზეა

   

    19 ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, პოლკოვნიკი ელიავა ათამდე თანამზრახველთან ერთად უკვალოდ გაქრა.
    თუმცა «უკვალოდ», მაინც სწორი არ არის. დღევანდელი გადასახედიდან თვალნათელია, რომ ისევე, როგორც ჯიხაშკარის ცნობილი მოვლენების დროს, ხელისუფლებამ «შეიარაღებულ ოპოზიციას» მიმალვის საშუალება მისცა, რათა მასშტაბური შეტაკება აეცილებინა თავიდან.
    აკაკი ელიავა სენაკიდან გაიქცა ლუგელას მიუვალ ხეობაში, სადაც 1994 წლამდე («შემორიგებამდე») იმალებოდა. ეს ხეობა თითქოსდა «აუღებელ ციხესიმაგრედ» იქცა, თუმცა, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, რა თქმა უნდა (სამხედრო თვალსაზრისით,) შესაძლებელია ამ ციხესიმაგრის «აღება», მაგრამ ამ შემთხვევაში დიდძალი მსხვერპლისა და მაშტაბური სისხლისღვრის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება;
    ამიტომ, ხელისუფლება ბოლო დრომდე ურიგდებოდა გარკვეული «სტატუს-კვოს» არსებობას.
    ეს მდგომარეობა დაარღვია თვით კაკო ელიავას მუქარამ. მან ლუგელას ხეობიდან «შემოთვალა», რომ თუ უახლოეს მომავალში ციხეებიდან არ გაათავისუფლებენ 19 ოქტომბრის ამბოხების მონაწილეებს, იგი თავს დაესხმება ფოთს.
    იგულისხმება ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალების მცდელობასა და ცხენისწყალთან გამართულ სამხედრო მოქმედებებში;
    პროკურატურამ მათ ბრალად წაუყენა სამშობლოს ღალატი», რომლითაც კვალიფიცირდება სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობა.
    კაკო ელიავამ შესანიშნავად უწყის, რომ პასუხისმგებელია მათ წინაშე. ამიტომ, მისთვის «დემარში» აუცილებელი იყო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, «იმიჯის» შესანარჩუნებლად, ურომლისოდაც მომხრეთა შეკავება გაუჭირდება.
    როგორც ჩანს, ხელისუფლება პოლკოვნიკ ელიავას მუქარას საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, «ამჟამად სამეგრელოში ძალიან სერიოზული ძალებია კონცენტრირებული». აქედან ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს: ელიავას აქტიურობა ხელისუფალთათვის მოულოდნელი არ არის. მის გააქტიურებას ელოდნენ საკმაო დაძაბულობით.
    რაც შეეხება «ფოთზე თავდასხმას», საეჭვოა, ელიავამ ფოთის «აღება» სცადოს იმ ძალებით, რაც ამჟამად გააჩნია.
    მაქსიმუმ, რასაც მიაღწევს, არის შეტაკების პროვოცირება; რაც სავსებით სავსებით საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ საქართველოს მიმართულებით მომავალმა სატვირთო გემებმა მიმართულება შეიცვალონ და ჩვენი ქვეყნის ნაცვლად რუსეთის ან თურქეთის პორტებს მიადგნენ დასაცლელად.
    ელიავას შანტაჟი სწორედ ამაში მდგომარეობს, თორემ სერიოზულ სამხედრო ძალას იგი ნამდვილად არ წარმოადგენს.
    სიმართლეა, რომ აკაკი ელიავა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული მხარდაჭერით ნამდვილად სარგებლობს; სხვაგვარად ტყეში ამდენ ხანს ვერავინ გაძლებდა.
    საქართველო კვლავ აღმოჩნდა სამარცხვინო მოვლენის წინაშე და ახლა არავითარი აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას, ვის რა მოტივაცია აქვს, ვინ რამდენად განაწყენდა 1991-93 წლების მოვლენათა შედეგად, ვისი ბრალია, «ვინ ისროლა პირველმა მთავრობის სასახლესთან?» და ა.შ.
    ეს ყოველივე თეორიის დონეს არ გასცილდება.
    დაბოღმილ ადამიანს, ვისაც ტიკინასავით ათამაშებენ (უეჭველად) ქვეყნის გარედან, რაციონალური არგუმენტით ვერაფერს შეასმენ.
    რაციონალიზმი ამ შემთხვევაში მხოლოდ ის იქნება, თუ როგორ აიცილოს ქვეყანამ (ქვეყანამ და არა ხელისუფლებამ) თავიდან მორიგი ექსცესი, რომელიც სულ ცოტა, 1999 წლის ბიუჯეტის ფასად დაგვიჯდება.
    კაკო ელიავას ეს ყოველივე, რასაკვირველია, არ აინტერესებს.
    სამაგიეროდ, აინტერესებთ მის «მრჩევლებს» და «გულშემატკივრებს», რომლებიც უეჭველად მრავლად ჰყავს.
    ამდენად, ალბათობა იმისა, რომ ერთ საშინელ დღეს დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში, ხონში ან ისევ სენაკში «იფეთქებს» და მორიგი «სენსაციების» მსხვერპლნი გავხდებით ალბათ - საკმაოდ დიდია.
    ხელისუფლებას არავითარი შესაძლებლობა არა აქვს, ეს «აფეთქება» თავიდან აიცილოს. ერთადერთი საშუალებაა ლუგელას ხეობაში გამაგრებული შეიარაღებული ხროვის განადგურება, რაც შეუძლებელია ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო.
    სხვა შემთხვევაში კი, ელიავა და მისი რაზმი არის «დამოკლეს მახვილი», რომელიც კვლავინდებურად ჰკიდია (ჩამოჰკიდეს) ქვეყნის თავზე. დღემდე თუ არ იმოქმედეს, ალბათ მხოლოდ ერთი მიზეზით: ხელსაყრელ დროს ელიან, საჭირო მომენტს, - როდესაც დარტყმა ყველაზე ეფექტიანი იქნება.
    ელიავას ულტიმატუმი უეჭველად იმასაც ნიშნავს, რომ იგი უკანდასახევ გზას იჭრის. მისი განცხადების შემდეგ ხელისუფლება მით უფრო ვერ გაათავისუფლებს პუტჩის რიგით მონაწილეებს, ვინაიდან შეიქმნება შთაბეჭდილება (ალბათ, არცთუ ყალბი), რომ იგი ულტიმატუმს დაჰყვა და შეეშინდა.
    «შეშინებული ხელისუფლება» კი განწირულია დასამარცხებლად, ვინაიდან ყოველგვარ ავტორიტეტს კარგავს.
    ელიავა «შერიგებას» არც დათანხმდება, რაკი ასეთ განცხადებებს აკეთებს.
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად უმწეოა დღევანდელი საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო და (რაც მთავარია) რამდენად «წვრილ ბეწვზეა» ჩამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა.
    იმათ, ვინც უზბეკეთის პრეზიდენტს აშკარა «დასაშინებელი აქცია» მოუწყო, მას შემდეგ, რაც ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა დსთ-ს სამხედრო სისტემიდან გასვლის შესახებ, - სულ ადვილად შეუძლიათ კვლავ აამოქმედონ საქართველოში «მართვადი ქაოსის» დოქტრინა სხვადასხვა ჯურის ნაძირალების მეშვეობით, რომელთაც კარგა ხანია აღარაფერი ამოძრავებთ ბოღმისა და ბრმა სიძულვილის გარდა.
   

«ჭყონდიდელის» ლიდერი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს
   

    უკვე არაერთგზის ითქვა, რომ ეგრეთ წოდებული «ზვიადისტური მოძრაობა» თანამედროვე საქართველოში საბოლოოდ გადაშენდა და გადაგვარდა გულისამრევ მარაზმში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო არც ცხონებულ ზვიად გამსახურდიას იდეებთან თუ მის პოლიტიკურ ფიგურასთან და არც «ეროვნულ მოძრაობასთან».
    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა დააკავეს ვინმე ვალერი გაბელია, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საზოგადოება «ჭყონდიდელის» თავმჯდომარეა.
    მისმა მომხრეებმა გასულ კვირას რუსეთის საელჩოსთან ხმაურიანი აქცია მოაწყვეს და «პოლიტპატიმრის» დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვეს.
    ამასობაში, ვალერი გაბელიამ (ყოფილმა პრეფექტმა) წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს. რუსული მასმედიის ცნობით, წერილში ნათქვამია: «ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს რუსეთში. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოსთან კარგა ხანია არანაირი კავშირი არა მაქვს და არც მინდა მქონდეს».
    გაბელია, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ შემცდარა. «ზვიადისტებთან» ასოცირება რუსეთში მისთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ექსფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე გადმოსცა, პრეზიდენტის მაშინდელმა პრეს-მდივანმა იასტრჟემბსკიმ მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: У России нет оснований с симпатией относится к «Звиадистам».
    სხვა საქმეა იგორ გიორგაძე. მას რუსეთის «სამართალდამცავი» ორგანოები არასდროს გადასცემენ ქართველ კოლეგებს, ვინაიდან იგორ გიორგაძეს («ზვიადისტებისგან» განსხვავებით) არასდროს გამოუცხადებია რუსეთი «სატანის ბუდედ».
    არადა, «გაბელიების» ქმედება ცოტა არ იყოს კომიკურ ხასიათს იძენს.
    აბა სად «ზვიადი» და სად - რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნა?
    თანაც, ასეთი ფორმულირებით: «კარგა ხანია არანაირი კავშირი არა მაქვს საქართველოსთან და არც მსურს მქონდეს».
    სად საზოგადოება «ჭყონდიდელი» და სად მოსკოვი? ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი «ზვიადისტები» ყოველგვარ პოლიტიკურ პერსპექტივას უკარგავენ «ზვიადისტთა» იმ ფრთასაც, რომელიც «ორთოდოქსალური მოძღვრების» ერთგული დარჩა.
    სწორედ ამიტომ «ზვიადისტებს» მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე თუნდაც 1995 წელს ჰქონდათ.
    მათ ყოველივე საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, ვინაიდან თავიანთ ლიდერთან ერთად დაარღვიეს პოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებულური კანონი: «რადიკალიზმი პოლიტიკაში, ყველაზე ხშირად, სიბრიყვისა და პრიმიტივიზმის გამოვლინებაა, ვინაიდან მანევრისთვის აუცილებელ სივრცეს არ უტოვებს პოლიტიკოსს».
    რუსეთში «თავშესაფრის» მოთხოვნა «ზვიადისტ-ჭყონდიდელ» ვალერიგაბელიასაგანაა გასაკვირი, თორემ იგორ გიორგაძისთვის ეს სავსებით ბუნებრივია.
    როგორც ჩანს (რაც ყველაზე ნიშანდობლივია) თავად ვეღარ გრძნობენ რა ტაკიმასხარულ მდგომარეობაში ამოჰყვეს თავი და საბოლოოდ იქცნენ პოლიტიკურ მარგინალებად, რაც «გვამზე» უარესია.
   

საქართველოს პოლიციამ ყალბი დოლარის უპრეცედენტოდ დიდი პარტია აღმოაჩინა
   

რამდენიმე დღის წინათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების «ოპერჯგუფმა», რომელსაც უშუალო კავშირი ეკონომიკურ დანაშაულთან არა აქვს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ყალბი დოლარის პარტია აღმოაჩინა.
    სწორედ ყალბი ფულის ოდენობაა საგულისხმო (ნახევარი მილიონი დოლარი!), თორემ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურად ტეხს აჟიოტაჟს ამ საკითხზე, რათა შეამციროს მოთხოვნა საფინანსო ბაზარზე;
    საყოველთაოდ ცნობილია: ყალბი დოლარების შემოსვლა და მასმედიით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება ყოველთვის ხელს უწყობს ეროვნულ ვალუტის განმტკიცებას, ვინაიდან კლებულობს მოთხოვნა ნაღდ დოლარზე;
    მაგრამ ამჯერად სხვა მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე. საქართველო ყალბისმქნელებს «გასაღების» საკმაოდ ხელსაყრელ ბაზრად მიაჩნიათ, რაკი ერთბაშად გადაწყვიტეს ესოდენ დიდი პარტიის შემოტანა.
    თანაც, ყურადღება მივაქციოთ: 500 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე უკვე «გაასაღეს» - გაყიდეს 15 ათას დოლარად! მაშასადამე, ის ხალხი, ვინც ყალბ დოლარებს ყიდულობდა, მზად იყო ღირებულების მესამედი (!) გადაეხადა, - იმდენად მაღალხარისხოვანი იყო ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.
    რისკის ესოდენ «დაბალი დონე» (ვგულისხმობთ რისკს ყალბი თანხის უშუალო გამოყენებისას) კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფინანსური ბაზარი საქართველოში ფაქტობრივად დაუცველია.
    ყალბი ვალუტის გასაღება იმ პირობებში, როგორშიც მუშაობენ ეგრეთ წოდებული «ჯიხურები», ძალიან ადვილია და ვინ იცის, რამდენი ყალბი ასდოლარიანია უკვე გასაღებული «მუთაქაში შესანახად» - პატრონს რომ ნამდვილი ჰგონია.
    კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ყალბი ფულის წარმომავლობა.
    რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცნობით, ყალბი ასდოლარიანები ურუს მარტანში ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ტერიტორიაზეა დამზადებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამის თაობაზე არაფერი იციან. «ჩეჩნურ კვალზე» რეალურად ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს. თანხა ცხინვალიდანაა შემოტანილი.
    ერთ-ერთი ეჭვმიტანილიც (ბეკოევი) ეროვნებით ოსია. სხვები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები არიან. თუ მივიღებთ იმ ვერსიას, რომ ყალბი დოლარები ჩეჩნეთში დამზადდა (რაც იმთავითვე ნაკლებსავარაუდოა პოლიგრაფიული დონის გათვალისწინებით), მაშინ გაუგებარია, რატომ წავიდოდნენ ჩეჩნები ესოდენ დიდ რისკზე, რატომ ენდობოდნენ «დანასისხლად» მყოფ ოსებს, რატომ გადალახავდნენ ერთდროულად რამდენიმე «საზღვარს» (ჩეჩნეთ-ინგუშეთის, ინგუშეთ-ჩრდილო ოსეთის, ჩრდილო ოსეთ-სამხრეთ ოსეთის და ასე შემდეგ), მაშინ, როდესაც თავისუფლად, მშვიდად შეეძლოთ საქართველოში თანხა შემოეტანათ უღელტეხილით - ვთქვათ, პანკისის ხეობიდან?
    ამჟამად საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩეჩნეთის მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დაუცველია, რითაც ჩეჩენი ყალბისმქნელები უეჭველად უფრო მეტი წარმატებით ისარგებლებდნენ, ვიდრე «ხუთი საზღვრის» გადაკვეთას შეეცდებოდნენ;
    ამრიგად, ყალბი დოლარის პარტია ჩეჩნეთიდან არ არის შემოტანილი.
    მაშასადამე, რუსეთის ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ჰქონდა შესაბამისი «შეკვეთა», რათა «ჩეჩნური კვალის» ვერსია გაეხმოვანებინა. რისთვის დასჭირდათ? შესაძლოა მორიგი საინფორმაციო დივერსია მზადდება საქართველოს წინააღმდეგ და ეს მხოლოდ «მოსინჯვა» იყო შესაბამისი რეაქციის შესამოწმებლად.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, - ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
    თავისთავად ნახევარი მილიონი ყალბი დოლარი დამანგრეველი მასაა (თუ მისი ამოცნობა დროულად ვერ მოხერხდა), მაგრამ კიდევ უფრო საშიშია ფსიქოლოგიური, საინფორმაციო და პროპაგანდისტული დივერსია, რომლის «მოსინჯვაც», უახლოეს მომავალში კარგს არაფერს გვიქადის.
    ალბათ, მოვიდა დრო, პარლამენტმა შეიმუშაოს ქვეყნის «საინფორმაციო უსაფრთხოების» კონცეფცია, რათა ცნობიერი პროცესების მართვა ისეთი ადვილი არ იყოს, როგორც 1991-1993 წლებში.

აშხაბად-ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტს ალტერნატივა არა აქვს
   

    19 თებერვალს, საკუთარი დაბადების დღეს, თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა კიდევ ერთი «საუკუნის პროექტი» გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, XXI საუკუნეში თურქმენული ბუნებრივი აირი მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდება.
    იგულისხმება შემდეგი მარშრუტი: თურქმენეთიდან - კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილი მილსადენით - აზერბაიჯანამდე, აზერბაიჯანიდან – საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიათა გავლით, - ევროპისაკენ; ეს პროექტი კიდევ უფრო გრანდიოზულია და უფრო მეტად იმსახურებს «საუკუნის პროექტის» სახელს, ვიდრე თვით «ბაქო-ჯეიჰანი».
    თურქმენეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე გაზის საბადოები აქვს.
    უახლოეს წლებში, ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, მას შეუძლია ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს 7 ტრილიონი კუბური მეტრი (!) უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი აირი, რითაც ბოლო მოეღება რუსეთის (გაზპრომის) მონოპოლიას ამ სფეროში;
    რამდენიმე დღის წინ «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნდა «გაზპრომის» ხელმძღვანელის, რემ ვიახირევის ინტერვიუ.
    ეს უკანასკნელი ძალზე ნირწამხდარი ჩანდა და ისე იძახდა:. «რა გაუჭირდა თურქმენეთს საიმისო, - ახალი გაზსადენი რომ ააშენოს, განა ჩვენს მილსადენ ქსელს ვერ «გამოიყენებსო» - თითქოს 5 წლის განმავლობაში თავად არ «ახრჩობდა» პატარა ქვეყანას ამ «მილსადენი ქსელით».
    რუსეთმა თურქმენეთს არ მისცა საშუალება ბუნებრივი აირი გაეყიდა ევროპაში. თურქმენეთისათვის «ღია» მხოლოდ დსთ-ს ბაზარი იყო, რომელიც ბევრს ვერაფერს იხდიდა.
    უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას უზარმაზარი ვალები დაუგროვდათ თურქმენული ბუნებრივი აირისთვის. ევროპაში გაზის გაყიდვა რომ შეძლებოდა, თურქმენეთი, რა თქმა უნდა, არ წამოიწყებდა საკმაოდ სარისკო და ძვირადღირებულ «ტრანსკასპიურ» პროექტს, რომელიც აშხაბადს ბევრ შეხლა-შემოხლას უქადის.
    მაგალითად, თურქმენბაში ნიაზოვის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გამწვავდა ურთიერთობა თურქმენეთსა და ირანს შორის.
    ირანის ისლამურ რესპუბლიკას საერთოდ დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ფართომაშსტაბიანი პროექტის განხორციელება კასპიის ზღვაში, ხუთივე ზღვისპირა სახელმწიფოს (რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის) თანხმობის ანუ კონსენსუსის გარეშე.
    ამ პოზიციას, რასაკვირველია, კვერს უკრავს რუსეთიც. ყაზახეთს, თურქმენეთსა და აზერბაიჯანს კი კომუნიკაციათა თავისუფლად შექმნა, საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრით სარგებლობა სურთ; ამიტომ კასპიის ზღვის სექტორებად დაყოფის მომხრენი არიან.
    მართალია, ასეთი დაყოფის მცდელობამ წარმოშვა მწვავე კონფლიქტი თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის (ერთ-ერთი ნავთობსადენის კუთვნილების თაობაზე), მაგრამ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა; მით უმეტეს, რომ აშხაბადშიც და ბაქოშიც კარგად აცნობიერებენ ინტერესთა თანხვედრას.
    საქართველოსთვის ეს პროექტი ნიშნავს, ჯერ ერთი, თურქმენეთისადმი 400 მილიონიანი ვალის შემდგომ რესტრუქტურიზაციას. ვალი დაგროვდა 1992-1993 წლებში, - მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის სახით და უმძიმეს ტვირთად აწვება 1999-2007 წლების ბიუჯეტს, როდესაც ძირითადი თანხის გასტუმრება უნდა მოხდეს.
    ბუნებრივია, მილსადენის მშენებლობის დაწყებისთანავე, თურქმენეთი ბევრად უფრო «ლმობიერი» იქნება საქართველოსადმი ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს თანხმობის გარეშე ეს პროექტი მაინც ვერ განხორციელდება.
    მეორე: თუ საქართველოზე გაივლის «დიდი აირი» თურქმენეთიდან, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს.
    ტრანზიტის საფასურად მიღებული ოდენობა საკმარისი იქნება საქართველოსთვის დაახლოებით იმდენივე საწვავის შესაძენად, რამდენსაც «საბჭოთა პერიოდის საუკეთესო წლებში» ვიღებდით.
    თანაც, ბუნებრივი აირი, არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ყველაზე მომგებიანია და ხელსაყრელი.
    გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ განსხვავებით «ნავთობპროექტისაგან», აშხაბად-ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტს ალტერნატივა, ფაქტობრივად, არა აქვს.
    ესე იგი საქართველოს ხელისუფლება არ იქნება იძულებული (კონკურენტთა დასაჯაბნად) გაუთავებლად შეამციროს ტარიფები.
    საქართველო მიიღებს იმდენ ბუნებრივ აირს, რამდენიც სავსებით საკმარისი იქნება მისთვის.
    მესამე: საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია და მნიშვნელობა ამ პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება. თურქეთი კიდევ უფრო მეტად, სისხლხორცეულად იქნება დამოკიდებული საქართველოში სტაბილურობით.
    «დიდი ნავთობსადენი» და «დიდი გაზსადენი» საქართველოსკენ მოიზიდავს არა მხოლოდ დასავლურ კაპიტალს, არამედ დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესსაც.
    გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ამ კონტექსტში განსხვავება ნავთობსა და გაზს შორის.
    ევროპის კონსერვატიულ ცენტრებში კარგა ხანია შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ევროპა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე ბუნებრივი აირის მიღების თვალსაზრისით. ამგვარი დამოკიდებულება (ფაქტობრივად, ასპროცენტიანი) ისეთ ქვეყანაზე, როგორიცაა რუსეთი, ევროპელებს არცთუ ძალიან ეპიტნავებოდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ალტერნატივა არ ჩანდა, - ახლა კი გამოჩნდა ალტერნატივა ისევ და ისევ «საქართველოს მარშრუტის» სახით. პრაგმატული ინტერესი უეჭველად შეისხავს «ხორცს» სხვა ეკონომიკური პროექტების, გრძელვადიანი ინვესტიციების, დამატებითი შეღავათიანი კრედიტების სახით;
    აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკიც უფრო «მოქნილნი» გახდებიან საქართველოს მიმართ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს «მონეტარისტული წნეხი» შევარბილოთ.
    საკომუნიკაციო ფუნქცია საქართველოსთვის დაახლოებით იგივე გახდება, რაც «თერმობირთვული იარაღი» რუსეთისთვის, რაც მას საშუალებას აძლევს, არ «ამოვარდეს» საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს.
    თურქმენეთის პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ გაზსადენი დაახლოებით ორ წელიწადში უნდა აშენდეს. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კონსორციუმის შესაქმნელად.
    საქართველოს «წილი» ამ გლობალურ პროექტში ისევ და ისევ დიპლომატთა ნიჭსა და უნარზე იქნება დამოკიდებული.
   

დილის გაზეთი, 22 თებერვალი, 1999 წელი