აკაკი ასათიანი დამოუკიდებელ თამაშს იწყებს

აკაკი ასათიანი დამოუკიდებელ თამაშს იწყებს

        მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციონალისტთა ლიდერმა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ «საპირველაპრილო ხუმრობად» გამოაცხადა, ეს დემარში მაინც ძალზე სერიოზული უთანხმოების მაჩვენებელია «აღორძინების» ბლოკში.
        უთანხმოება მოსალოდნელიც იყო იმ ტრაგიკომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც «აღორძინება» საარჩევნოდ აღმოჩნდა. რაც მთავარია, ბლოკის სუბიექტები ამ მდგომარეობას აცნობიერებენ – აბა, «რანაირად» შეიძლება ერთ საარჩევნო ბლოკს (როგორც თავად აცხადებენ – ერთ პოლიტიკურ ძალას) პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავდეს?
        «აღორძინების» სუბიექტებმა (მათ შორის, აკაკი ასათიანმა) იგრძნეს, რომ სულ მთლად ტაკიმასხარულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ, საბოლოოდ, ასლან აბაშიძე თავის კანდიდატურას არ მოხსნის, რაც უკვე სავსებით მოსალოდნელია.
        ასლან აბაშიძემ კი შეიძლება მოხსნას კანდიდატურა, ოღონდ არა ჯუმბერ პატიაშვილის სასარგებლოდ, არამედ, უბრალოდ, მოხსნას – არავის სასარგებლოდ, არჩევნების წინასწარი გაყალბებისა და მარკირების უარყოფისადმი პროტესტის ნიშნად.
        ასეთ შემთხვევაშიც, «აღორძინების ბლოკის» ტრაგიკომიკური მდგომარეობა თვალსაჩინო გახდება. აკაკი ასათიანიც ძალიან ბევრს ეცადა, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და სიმართლე «წამოსცდა».
        ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს, «საპირველაპრილო ხუმრობა» იყოო, - აღარც ამომრჩეველი დაიჯერებს და არც ბლოკის მრისხანე ლიდერი.
        კერძოდ, ტრადიციონალისტთა ლიდერმა თქვა ერთი ფრაზა, რომელიც მისთვის შეიძლება საბედისწრეო აღმოჩნდეს: «შევარდნაძე და ასლანი ვაჭრობენ რაღაცას»... შეუძლებელია ეს საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილიყო.
        აკაკი ასათიანმა, უბრალოდ, გაამჟღავნა ეჭვი, რომელიც ისედაც არსებობდა «აღორძინების ბლოკში».
        შემდეგ რა მოხდა, ძნელი სათქმელია, ალბათ, შეახსენეს, რომ აჭარის 200 ათასი ხმა მის პარტიას შეიძლება კიდევ დასჭირდეს, ამიტომ ვითომ (გარეგნულად) უკან დაიხია, მაგრამ, სინამდვილეში პოზიცია არ შეუცვლია: «ტრადიციონალისტთა კავშირი» ჯუმბერ პატიაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არ დაუჭერს. მხარს დაუჭერს ასლან აბაშიძეს (თუ ის მიიღებს მონაწილეობას) მაგრამ არა კომპარტიის ცკ-ს ყოფილ პირველ მდივანს. ამ პოზიციას კი ასათიანი აღარ შეიცვლის – ამიტომაც არ ჩანდა ჯუმბერ პატიაშვილის მიტინგებზე, თუმცა პატიაშვილის წინასაარჩევნო კლიპის ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს «აქ იყვნენ სოციალისტებიც, ტრადიციონალისტებიც...» რაც შეეხება სოციალისტებს, ვახტანგ რჩეულივშილს სხვა ტაქტიკა აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ რჩეულიშვილი (როგორც პოლიტიკოსი) კაკო ასათიანზე ალღოიანი და ჭკვიანი აღმოჩნდა – ტრადიციონალისტთა ლიდერისაგან განსხვავებით, იგი ადრევე მიხვდა, რომ, სინამდვილეში ასლან აბაშიძეს საქართველოს პრეზიდენტობა არც უფიქრია და მისი ერთადერთი მიზანი საკუთრივ აჭარაში პოზიციათა განმტკიცება იყო.
        ამიტომ, თუ ასათიანი იმაზეა «ნაწყენი» - პატიაშვილის კანდიდატურა რატომ წამოაყენესო, ამის მიზეზი მან სწორედ ბათუმში უნდა ეძიოს. ჯუმბერ პატიაშვილს «პრეზიდენტობის პრეტენზია» არ ჰქონია და პრემიერ-მინისტრობაზეც ყაბულს იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ 1, თებერვლამდე, როდესაც იწურებოდა კანდიდატურათა წარდგენის ვადა, ვერა და ვერ ათქმევინეს ასლან აბაშიძეს, ბოლოს და ბოლოს, აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას თუ არა.
        ეჭვი გააძლიერა შევარდნაძის მიპატიჟებამ ბათუმში და საიდუმლო მოლაპარაკებებმა, რის შედეგადაც გაცხადდა ასლან აბაშიძის მთავარი მოთხოვნა: კონსტიტუციაში აჭარის სტატუსის დაფიქსირება. სწორედ ამ გარემოებებმა აიძულა «აღორძინების ბლოკის» მეორე ნაწილი, შეეთავაზებინათ ჯუმბერ პატიაშვილისთვის კანდიდატურის წამოყენება, რადგან 19 თებერვლის შემდეგ ეს უკვე იურიდიულადაც შეუძლებელი გახდებოდა.
        აკაკი ასათიანის პოზიციაში ადვილად შესამჩნევია მისი ძველი ანტაგონიზმი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელიც («სახალხოს» სახით) ამჟამად ჯუმბერ პატიაშვილს უჭერს მხარს. შეიძლება ითქვას, პატიაშვილს მხარს უჭერს «ისტორიული ედპ», ვინაიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სწორედ მათ შექმნეს (ყველა თვალსაზრისით) გია ჭანტურიასთან ერთად.
        მაგრამ ასათიანს ხომ ჯერ კიდევ ის წყენა ახსოვს, რომელიც 1990 წლიდან უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან და შემდგომ, თავმჯდომარეობიდან ჩაჰყვა გულში, ამიტომ პატიაშვილისაგან გამიჯვნით იგი ძველ მტერ-მეგობრებსაც ემიჯნება, ამით ცდილობს კიდევ ერთხელ (10 წლის შემდეგ) დაამტკიცოს, რომ ნამდვილი ეროვნული ძალა სწორედ მისი კავშირი იყო და არა ეროვნულ-დემოკრატიულიო პარტია, რომელმაც თავისი ეროვნული მოღვაწეობა კომუნისტური ეპოქის განმასახიერებელი მოღვაწის მხარდაჭერით დაასრულა.
        აკაკი ასათიანის დემარშს და განსაკუთრებით მის განცხადებას «ვაჭრობის» შესახებ, ტრადიციონალისტთა კავშირისათვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება – ამას ასლან აბაშიძე ტრადიციონალისტებს არ აპატიებს და, ალბათ, აღარც შეაშველებს «აჭარის ელექტორატის» ხმებს, თუმცა ასათიანისათვის ეს გადამწყვეტი აღარ არის – იგი მომავალზე ფიქრობს, წინ კიდევ 4 წელია, მას სრულებითაც არ აკმაყოფილებს ის როლი, რომელიც დაეკისრა.
        4 წლის განმავლობაში კი, საქართველოში ძალიან ბევრი რამ მოხდება, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. გარდა ამისა, აკაკი ასათიანი მიხვდა მთავარს: 31 ოქტომბრის არჩევნები «აღორძინების» კოალიციისათვის პირველი და უკანასკნელი შანსი იყო. ასეთი შანსი აღარ განმეორდება, ამიტომაც «კოალიციის წევრი» პარტიები განწირულნი არიან მუდმივი ოპოზიციონერობისათვის (აჭარის ელექტორატი უზრუნველყოფს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ყველა არჩევნებში), რაც ტრადიციონალისტთა კავშირის თავკაცს სულაც არ ეპიტნავება.

მერიდიანი, 3 აპრილი, 2000 წელი