ავთანდილ მარგიანის მეორედ მოსვლა

ავთანდილ მარგიანის მეორედ მოსვლა

   

    საქართველოს მთავრობის «მარკშეიდერის» - ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობა ადასტურებს, რომ საქართველოს კომპარტიის უკანასკნელი ლიდერი «ჩრდილოვანი მდგომარეობიდან» გამოსვლას გეგმავს და საკმაოდ მძლავრი არგუმენტებიც გააჩნია: ჯერ ერთი, ეს გახლავთ სტალინის ფენომენი, რომლის «ეროვნულობის» ექსპლუატირებას ქართველ კომუნისტთა ბოლო თაობა აქტიურად ცდილობს.
    გარდა ამისა, მარგიანი პირდაპირ აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობა აქვს რუსული გენერალიტეტის ელიტასთან - პაველ გრაჩოვთან, ალექსანდრე ლებედთან, ლევ როხლინთან . . . პაველ გრაჩოვი (მარგიანის აზრით) «საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებაა».
    ომის დროს მას ორჯერ შეუთავაზებია ჩვენი ხელისუფლებისათვის სოხუმის გადარჩენა, მაგრამ ორჯერვე მტკიცე უარი მიუღია; არადა, რატომ ეტყოდა საქართველოს ხელისუფლება უარს გრაჩოვს სოხუმის «გადარჩენაზე» ცოტა არ იყოს გაუგებარია - მაშინ, როცა აფხაზეთის გადარჩენა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებასა და ამ ხელისუფლების გადარჩენას ნიშნავდა.
    რაც შეეხება ალექსანდრე ლებედთან მეგობრობას, სარწმუნო წყაროს ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და 9 აპრილის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი თითქმის ყოველდღე ურეკავს ტელეფონით ავთანდილ მარგიანს. საუბრის ძირითადი თემა, როგორც ჩანს, რუსი და ქართველი ხალხების «საუკუნოვანი ძმობის» აღდგენაა.
    მარგიანის პოლიტიკური უკვდავება უდავოდ მისი უზადო ტალანტითაა განპირობებული. ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი ერთ-ერთი იშვიათი ნიჭთაგანია. ავთანდილ მარგიანს კი იგი უხვად აქვს, თანაც ეს მხოლოდ საქართველოში როდი ეხმარება საჭირო და სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში.
    მარგიანი, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პატრიოტიზმის ადეპტია და იოსებ სტალინს ქართული ნაციონალიზმის ამაღორძინებლად მიიჩნევს, ამავე დროს კომუნისტური ინტერნაციონალიზმის მიმდევარიცაა - არავის ეხერხებოდა რუსეთში ურთულესი საქმეების ისე ლაზათიანად «მოკვარახჭინება», როგორც ავთანდილ მარგიანს.
    სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს: მისმა ნიჭმა 1992-93 წლებში, როცა საქართველოში ორი-სამი დღის ხორბალი იყო დარჩენილი, ქვეყანა შიმშილს გადაარჩინა.
    სწორედ ამ თვისების გამო გახლდათ იგი შეუცვლელი კარგა ხნის განმავლობაში, - სანამ ექსტრემალურმა ვითარებამ არ გადაიარა და მარგიანის «განსაკუთრებული თვისებებიც» აუცილებელი საჭიროება აღარ იყო.
    ავთანდილ მარგიანის კიდევ ერთი, ჭეშმარიტად უნიკალური თვისებაა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან კავშირისა და თანამშრომლობის შენარჩუნების უნარი. აქ «რიგითი მკითხველისათვის» ბევრი რამ არის უცნობი და დაფარული. რომც ვთქვათ, ბევრი არ დაგვიჯერებს, ამიტომ არჩევნებს დაველოდოთ - ადგილობრივსა და საპარლამენტოს. გარწმუნებთ, ისეთი უცნაური, ფარული თუ აშკარა ალიანსების მოწმენი გავხდებით, - ეს ჩვენი ბრძენი და მაღალზნეობრივი «პოლიტოკრატია» ცხოვრებას შეგვაძულებს.
    ჯერჯერობით კი ავთანდილ მარგიანი იქიდან იწყებს, სადაც დაამთავრა - ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ქართველი კომუნისტები, ქართველი სტალინისტები, ქართული ნომენკლატურა, რომელთათვისაც საბჭოთა კავშირი დიდი და მდიდარი კოლონია იყო და ამ კოლონიას დღემდე მისტირიან. აგრეთვე ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია, რომლის მწველი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნებისა ნებისმიერი ალიანსის წინაპირობა გახდება.
    იგივე ითქმის პარლამენტართა მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის არანაკლებ მწველი წყურვილი ახრჩობს. რაც მთავარია, ამ კაცს იუმორის გრძნობა, თამადობის უნარი, «საქმეში» ხელის გამართვის ნიჭი არ აკლია და პოლიტიკოსისათვის საქართველოში მეტი რაღაა საჭირო?
    თქვენ წარმოიდგინეთ, იგი საინფორმაციო პოლიტიკასაც კი ზუსტად და მიზანმიმართულად წარმართავს, - იქ ჩნდება, სადაც შესაბამისი განწყობა იქმნება და პირიქით - «უჭირო» ადგილზე ვერასდროს იხილავთ.
    ასეთი ტიპის ფიგურა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქართველ ჟურნალისტებს მურმან ომანიძე გვეგონა, მაგრამ თურმე სად ავთანდილი და სად მურმანი.
    ომანიძე კარგა ხანია, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ უწყის - ზოგიერთი ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თუ პაპუა ახალ გვინეაში «იშენებს ქოხს»; ავთანდილ მარგიანი კი, ნურას უკაცრავად, არსადაც არ აპირებს გაქცევას. მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა (ყოველ შემთხვევაში პროკურატურის უმოქმედობა ამას ცხადყოფს), მას საქმე სულაც არა აქვს გასაქცევად. პირიქით, საკმაოდ მშვიდად გრძნობს თავს ბიზნესმენის როლში.
    ვიცე-პრემიერობის დროს «გაკვალული» გზები კი პოსტსაბჭოურ სივრცეზე პირველადი კაპიტალის წარმატებით დაბანდებაში ეხმარება.

მერიდიანი, 12 იანვარი, 1998 წ.