ადგილობრივი არჩევნები: რეგიონულ ელიტათა ტრიუმფი

ადგილობრივი არჩევნები: რეგიონულ ელიტათა ტრიუმფი

    2 ივნისს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ყურადღება, ძირითადად, თბილისზეა აქცენტირებული. ეს სავსებით ბუნებრივია, რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, «პარტიული სიებით» არჩევნები მხოლოდ თბილისში ტარდება. პოლიტიკურმა ელიტამ (ინტერესთა თანხვედრის მიუხედავად) ვერ «გაიტანა» წინადადება სხვა დიდ ქალაქებში, აგრეთვე, «პროპორციული» არჩევნების ჩატარების შესახებ, რაც იქნებ ადსტურებს მოსაზრებას, რომ «პარტიული ცხოვრება» საქართველოში დასასრულს უახლოვდება.
    გარდა ამისა, თბილისი, რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი პოზიციაა სამომავლოდ «საპარლამენტო განაცხადის» გასაკეთებლად.
     თბილისელ ამომრჩეველთა ხმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამ მხრივ თბილისში გამარჯვების აბსოლუტიზებაც არ შეიძლება.
        აქედან გამომდინარე, 2 ივნისის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დასრულდება ადგილობრივი ელიტების კონსოლიდირებისა და ლეგიტიმაციის პროცესი. ამის შემდეგ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგთა პროგნოზირებაც უფრო გაიოლდება. «ლოკალური არჩევნები» ტარდება მაჟორიტარული სისტემით. თანაც, რაიონის საკრებულო კომპლექტდება სოფლების, დაბებისა და ადგილობრივი დაქვემდებარების ქალაქთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთაგან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია: ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს თბილისიდან დანიშნული გამგებელი ამით განსაკუთრებულ ზეგავლენას მოიპოვებს საკრებულოზე.
       უფრო პირიქით: ასეთი წესით დაკომპლექტებული საკრებულო უშუალო ზეგავლენას მოახდენს რაიონის თავკაცზე, ვინაიდან, მათი მხარდაჭერის გარეშე იგი (გამგებელი) საერთოდ ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს.
     ამრიგად, 2003 წლის არჩევნებისთვის ადგილობრივი (რეგიონული) ელიტა, იგივე ადგილობრივი ოლიგარქია შეკავშირებული და გაერთიანებული იქნება. ბუნებრივია, იგი მხარს დაუჭერს «შეთავსებად» პოლიტიკურ ძალებს. ეს ძალებიც ამიერიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, «პოლიტო-ფინანსური» ხასიათის იქნებიან: სხვაგვარად თუ ვიტყვით, რაკი «ადგილებზე» ოლიგარქია გაიმარჯვებს, იგი შეეცდება, თბილისში (მთელი საქართველოს მასშტაბით) «ანალოგიურ ძალთა» გამარჯვებას შეუწყოს ხელი. ეს კი უდავოდ იმას ნიშნავს, რომ «ეროვნული მოძრაობიდან» მოსული პარტიების ეპოქა საბოლოოდ დასრულდება: დამთავრდა ქონებისა და წარმოების საშუალებათა გადანაწილება ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებს შორის; ისინი უეჭველად შეეცდებიან პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი გარანტიები შექმნან. ნებისმიერი «არასისტემური წინააღმდეგობა» უპერსპექტივო გახდება.
        «ადგილებზე» გაიმარჯვებენ მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მომავალ პარლამენტში შესაბამისი ფენის ინტერესებს განახორციელებენ. რეგიონებში ეს გაცილებით დიდი ალბათობით მოხდება, ვიდრე დედაქალაქში.
      სწორედ ამიტომ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის «რეგიონებში პოპულარული ძალა» ყველაზე პერსპექტიული იქნება: თბილისში კიდევ შეიძლება ხმები «გაიბნეს» და სხვადასხვა ჯგუფებს შორის «გაიფანტოს», მაგრამ რეგიონებში – ბევრად ნაკლებად.
        ჯერჯერობით, რეგიონებში «აღორძინება» ლიდერობს. ეს იმას კი არ ნიშნავს და იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ 2 ივნისის არჩევნებში, მაინცდამიანც, ამ პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ – ამჯერად შეიძლება სწორედაც პოლიტიკურად ნეიტრალურმა («აპოლიტიკურმა») ფიგურებმა გაიმარჯვონ, მაგრამ, აი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა უკვე პარტიული სიებით ჩატარდება, რეგიონებში «აღორძინების» მაღალი რეიტინგი სერიოზულ ფაქტორად იქცევა.
       თუ ამას დაემატა თბილისში რომელიმე ოლიგარქიული (ეს ყოველთვის უარყოფითი ცნება როდია) დაჯგუფების მეტნაკლები წარმატება – მეოთხე პარლამენტის სტრუქტურა და შინაარსი ამთავითვე შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ.
       ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ «აღორძინება» ერთ-ერთი ოლიგარქიული დაჯგუფებაა, ძალიან სერიოზული ფინანსური პოზიციებით არა მარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც. «ახლებთან», «მრეწველებთან» და «სოციალისტებთან» ერთად, იგი ერთიან (არაფორმალურ) ძალას შექმნის.

დილის გაზეთი, 23 მაისი, 2002 წელი