აბსურდული კოალიცია არჩევნებამდე დაიშლება        

აბსურდული კოალიცია არჩევნებამდე დაიშლება        

      

        შაბათს, გვიან ღამით, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბათუმში ტრიუმფით გაფორმდა პოლიტიკური კოალიცია «XX1 საუკუნე, დემოკრატია და აღორძინება». მისი წევრები გახდნენ ვახტანგ ბოჭორიშვილის «ზვიადისტები», კაკო ასათიანის «ტრადიციონალისტები», ასლან აბაშიძის «ამღორძინებლები» და ვახტანგ რჩეულიშვილის «სოციალისტები»;
        სადღაც იქვე, «გვერდით», მოიაზრებიან საშა ჭაჭიას მომხრეები, ხოლო «მარად გუშინდელი» «პოლიტიკოსი» ჯუმბერ პატიაშვილი კოალიციაში «უპარტიო წევრის» სტატუსით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გოგუაძე და ვალერი კვარაცხელია - კოალიციიდან გამოაძევეს, რამაც მათი გამძვინვარება გამოიწვია.
        ქართულ პოლიტიკაში ნებისმიერ ფაქტს უეჭველად იუმორით უნდა შეხვდე, თორემ თუ მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამ მოვლენებს, შეიძლება საკუთარი ეროვნულობაც შეგძულდეს და ღრმა დეპრესიაშიც ჩავარდე – ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპი, რაღაც ზნეობა, რომელიც პოლიტიკოსს აიძულებს ისე არ მოიქცეს, რომ პოლიტიკური ასპარეზი «მეძავთა დოღად» აქციოს?
        ეტყობა, ქართველმა პოლიტიკოსებმა მათთვის დამახასიათებელი პრიმიტივიზმით აღიქვეს მაკიაველისტური ფორმულა: «პოლიტიკოსი მოქმედებს სიკეთისა და ბოროტების ცნებათა მიღმა». მათი აღქმით, ეს ნიშნავს პოლიტიკის თვისებრივ უზნეობას. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ, ბრძენ და შორსმჭვრეტელ მაკიაველის ის კი არ უთქვამს, პოლიტიკოსმა უზნეობა «საჯაროობის წესად» აქციოსო. თუ პოლიტიკოსი მეტისმეტად «გაშიშვლდება», იგი ისევე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც თეატრში შევარდნილი ნუდისტი, - თეატრალურ წარმოდგენაზე დამსწრენი ცალ-ცალკე, შესაძლოა, თავადაც უსირცხვილონი იყვნენ, მაგრამ შიშველ-ტიტველი სირბილი მაინც მიუღებლად მიაჩნიათ. ასეთია «საჯარო პოლიტიკის» თავისებურება, რისი გათვალისწინებაც ქართველ პოლიტიკოსებს არაფრის დიდებით არ სურთ.
        თუ ყურადღებით დავაკვირდებით, არავითარი «საარჩევნო კოალიცია» ბათუმში არ დაფუძნებულა იმ გაგებით, როგორც ეს ესმით საქართველოში. «საარჩევნო კოალიცია» უნდა გულისხმობდეს ერთიან პოლიტიკურ ბლოკს, - ერთიანი საარჩევნო სიით, რის თაობაზეც ბათუმში შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან არ არსებობს მთავარი: სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრა; ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამგვარ თანხვედრას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან კოალიციის სუბიექტებს განსხვავებული, ხშირად კი ურთიერთსაწინააღმდეგო სტრატეგიული ინტერესები აქვთ.
        კოალიცია შაბათს გაფორმდა არა იმიტომ, რომ მოლაპარაკების სუბიექტებმა სტრატეგიულ (ან ტაქტიკურ) თანხმობას მიაღწიეს, არამედ სულ სხვა მიზეზით: ამდენი დავიდარაბის, აურზაურის, აყალმაყალის შემდეგ ერთკვირიანი მოლაპარაკების შედეგადაც ხელი რომ არაფრისთვის მოეწერათ, «მოკავშირეთა» უმრავლესობა (ასლან აბაშიძის გარდა) საერთოდ კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებოდა, მოსახლეობა კი საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ ეს ყოველივე ჩვეულებრივი (ქართული პოლიტიკისათვის ჩვეულებრივი) ტაკიმასხარაობაა და სხვა არაფერი.
        იმთავითვე პირწავარდნილი დემაგოგიაა, თითქოს «მემარჯვენეთა» და «მემარცხენეთა» აბსურდული ალიანსი დასაშვებია, ვინაიდან თურმე ევროპაში თანდათან იშლება ზღვარი «მემარცხენეობასა» და «მემარჯვენეობას» შორის - მოჰყავთ ტონი ბლეერის ცნობილი განცხადება, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტაქტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.
        თუმცა ეს ტაქტიკური (პროპაგანდისტული) პოსტულატი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს (ვერც იგულისხმებს) რაიმე სახის ალიანსს, ვთქვათ, ბრიტანელ «ლეიბორისტებსა» და «კონსერვატორებს» ან გერმანელ «სოციალ-დემოკრატებსა» და «ქრისტიან-დემოკრატებს» შორის. სინამდვილეში, ბლეერის განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკაა - მერყევი ამომრჩევლისა და პოლიტიკური წრის «მეორე მხარეს» მყოფი წვრილ-წვრილი პარტიების გადმოსაბირებლად.
        ანალოგიურ განცხადებებს ჰელმუთ კოლი და ჯონ მეიჯორიც აკეთებდნენ (მემარცხენეთა მისამართით), როდესაც თავად ხელისუფლებაში იყვნენ.
        სინამდვილეში, «მემარჯვენეთა» და «მემარცხენეთა» გაერთიანებით თვით პოლიტიკური პროცესი კარგავს ყოველგვარ აზრს და ელემენტარულ იდიოტიზმად იქცევა. პოლიტიკა ხომ პროცესია (ჯონ ლოკის თქმით) და არა პოზიცია. ანუ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში უნდა არსებობდეს როგორც «მემარცხენე» ისე «მემარჯვენე» სეგმენტი – ისინი ერთმანეთს უნდა ცვლიდნენ, ურთიერთმოქმედებდნენ, იბრძოდნენ, თანხმდებოდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ერთიანდებოდნენ.
        აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად შეთავსებადნი არიან «კოალიციის» წევრი პარტიები ან მათი ლიდერები – თითოეულის წარსული პოზიციის გათვალისწინებით.
        ქართული «პოლიტოკრატია» ვერ მიხვდა მთავარს: პოლიტიკაში პოზიცია ქმნის პარტიას და არა პირიქით.
        «ბათუმური კოალიცია» იმდენად აბსურდულია, რომ იგი არათუ ერთიანი საარჩევნო სიის გამო, არამედ მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც ვერ შეძლებს შეთანხმებას, დაიშლება და თავის წევრებსაც საბოლოოდ დაასამარებს პოლიტიკურად, თუმცა, ვინ იცის, ქართველები ხომ ყველაფერში უნიკალურნი ვართ?!

დრონი, 15 ივლისი, 1999 წელი