აბსანძე და ბურჭულაძე პაიკები არიან, «დედოფალი» გიორგაძე კი საგულდაგულოდ გადამალეს

აბსანძე და ბურჭულაძე პაიკები არიან, «დედოფალი» გიორგაძე კი საგულდაგულოდ გადამალეს

   

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყანაში გადახიზნულ «ზვიადისტებს» ბართლომეს ღამე მოუწყო. ოთხშაბათს, გამთენიისას, სპეციალურმა ქვედანაყოფებმა დააკავა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე და ყოფილი ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე (ბურჭულაძე გუშინვე გაათავისუფლეს).
    აბსანძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცება და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება; საქართველოს პროკურატურიდან კომპეტენტურმა წყარომ კორესპონდენტს განუმარტა, რომ აბსანძე დააკავეს სმოლენსკში, სადაც საკმაოდ მსხვილი წარმოება ჰქონდა (კერძოდ, არყის ქარხანა).
    ადრე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო - სიმართლეს არ შეეფერება. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ აბსანძეს ყალბი პასპორტი აუღია, რათა თავი დაეზღვია შესაძლო გართულებებისგან.
    კერძოდ, მან შესანიშნავად უწყოდა, რომ რუსეთის მოქალაქის უცხო ქვეყნისათვის გადაცემა, რუსული კანონმდებლობით, ძალზე გართულებულია. ეს, ალბათ, არანაკლებ კარგად იცოდნენ რუსულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც აბსანძეს სმოლენსკში «დაკონსერვებულად» ინახავდნენ. არ არის გამორიცხული, ყალბი პასპორტი ექსფინანსთა მინისტრმა მათივე დახმარებით მიიღო და «თავიც ქუდში ეგონა», მაგრამ ნურას უკაცრავად - რუსეთში ტკბილად დაბერების საშუალებას მას, რა თქმა უნდა, არავინ მისცემდა.
    რუსული დაზვერვა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ფრთხილად და გეგმაზომიერად ამზადებდა ტერორისტულ აქტს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. «ფეთქებად მასალად» გამოიყენეს განაწყენებული ან ჩიხში მომწყვდეული ზვიადისტები, რომლებიც რუსეთსა და, ნაწილობრივ, ჩეჩნეთში ცხოვრობდნენ. გურამ აბსანძეს მათ საქმეებში ჩარევა შეიძლება სულაც არ უნდოდა, მაგრამ «დამაჯერებლად აუხსნიდნენ», რომ საქართველო დაჟინებით მოითხოვს მის გადაცემას პასუხისგებაში მისაცემად და თუ ფინანსთა ყოფილი მინისტრი თავის ფინანსურ შესაძლებლობებს არ გამოიყენებს «ზვიადისტთა» დასახმარებლად, მაშინ რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიძლება, «აღმოაჩინონ» მისი რუსული პასპორტის სიყალბე და საქართველოს გაალმასებულ პროკურატურას მეორე დღესვე გადასცენ.
    ასე რომ აბსანძეს რომც სდომოდა «მშვიდი ცხოვრება», ამის საშუალებას არავინ მისცემდა. სმოლენსკში აკუმულირებული ათეულობით მილიონი დოლარი კი შესაბამისად მუშაობდა მოსკოვი-გროზნო-თბილისი-ზუგდიდის ხაზზე. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ «მოტოროლას» ტიპის რაციები, რომლითაც სარგებლობდნენ ტერორისტები, მთლიანობაში ასი ათას დოლარზე მეტი ღირს. გარდა ამისა, აუცილებელი იყო მანქანების და იარაღის ყიდვა, ბინების დაქირავება, მგზავრობა, ჭამა-სმა და ა.შ.
    სპეცსამსახურთა მუშაობის ტრადიციული მეთოდები არ ითვალისწინებს ამგვარი ოპერაციების უშუალო ფინანსირებას საიდუმლო ფონდიდან, თუ არსებობს სხვა წყაროები.
    მართლაცდა: საქართველოს გარდა კიდევ უამრავი ასეთი «ოპერაცია» აქვთ ჩასატარებელი და სახელმწიფო სახსრებს რატომ დახარჯავდნენ, როდესაც აგერ - სმოლენსკში ჰყავდათ გურამ აბსანძე გუგულივით გამოჭერილი?
    სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომელიც მრავალმა დამკვირვებელმა გამოთქვა: თებერვლის მოვლენები საქართველოში რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურთა ერთობლივი ოპერაცია იყო - ზვიადისტთა გამოყენებით. რადუევის დანაშაულს ჩეჩნები მხოლოდ იმაში ხედავდნენ, რომ მან საიდუმლო გასცა და ამის თაობაზე ღიად განაცხადა.
    ჭეშმარიტად, უდიდესი სისულელე იქნება საქართველოს მხრიდან, თუ იგი ოდესმე კიდევ გაიხედავს ამ ხალხისკენ.
    «რისთვის სჭირდებოდათო» - ზოგიერთი დღემდეც ვერ მიმხვდარა, რომ გროზნო ტყუილად არ მოითხოვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. ივანე რიბკინი (ჩეჩნეთის პრობლემის კურატორი) ტყუილად არ დააწინაურეს ვიცე-პრემიერად და დსთ-ს საქმეთა კურატორად; ასლან მასხადოვსაც ტყუილად არ უთქვამს მრავალგზის: «თუ რუსეთი ცნობს ჩეჩნეთის სუვერენიტეტს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დასაცავად, ვინაიდან რუსეთისა და ჩეჩნეთის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევაო».
    გასაგებია ვის წინააღმდეგაც ემთხვევა ეს «სტრატეგიული ინტერესები». გროზნო თბილისზე არანაკლებ არის დაინტერესებული, «დიდმა ნავთობსადენმა» ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გაიაროს და იჩქერიის სუვერენიტეტის გარანტად იქცეს. ამას მხოლოდ გონებაჩლუნგი თუ ვერ მიხვდება - დღემდე რომ სჯერა ზღაპრებისა «ზვიადისა და ჯოხარის მეგობრობის» შესახებ.
    მოსკოვში გურამ აბსანძის «გაწირვა» მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ თებერვლის მოვლენები ფართომაშტაბიან სამოქალაქო ომში არ გადაიზარდა, ხოლო ედუარდ შევარდნაძემ წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა და მაქსიმალურად შესაძლებელი სარგებელიც ნახა პოლიტიკური თვალსაზრისით.
    აბსანძე და «ზვიადისტები» უმალვე იქცნენ სრულიად უსარგებლო, ნახმარ მასალად, რომლის რუსეთში არსებობა მხოლოდ აძლიერებდა თბილისის არგუმენტაციას. ამიტომ ფინანსთა მინისტრს ადვილად შეელივნენ. არავის ეგონოს, თითქოს აბსანძემ «ბევრი იცის» და ამით შეუძლია ზიანი მიაყენოს რუსეთის ინტერესებს. მასთან მოლაპარაკებას სპეცსამსახური აწარმოებდა არა უშუალოდ, არამედ ჯერ კიდევ ადრე «დავერბოვკებული» ზვიადისტების მეშვეობით. ამიტომ აბსანძე ბევრს ვერც ვერაფერს იტყვის და რომც თქვას, ვერავის მიაყენებს განსაკუთრებულ ზიანს.
    «ზვიადისტებით» თამაში მოსკოვმა დაამთავრა. ასევე, როგორც «მხედრიონით». ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული ჩლუნგი ძალა კარგა ხნის განმავლობაში «ათამაშეს» ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაკი ვერ გაუმართლეს, მისია ვერ შეასრულეს - ახლა ორივე მოისროლა, ორივეს ადვილად შეელია.
    დიდი შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს მოსკოვს ამით «კოზირები დააკლდება» - რუსებს სხვა კოზირებიც აქვთ.
    აბსანძეს კი ისევ ის, «ძველი» ბრალდებები ელის. უპირველეს ყოვლისა, 1992 წლის იანვარში თბილისიდან გაქცევისას დიდძალი სახელმწიფო ქონების (ანუ, ფაქტობრივად, ხაზინის) გატაცება, რასაც ექსფინანსისტი კატეგორიულად უარყოფს; მაგრამ უდავო ფაქტია, რომ გროზნოში «კანონიერ ხელისუფლებას» ფული არ აკლდა.
    გარდა ამისა, 1993 წლის ნოემბერში, როდესაც ლოთი ქობალიას ხუთიათასკაციანი არმია «თბილისის გასათავისუფლებლად» დაიძრა, ზუგდიდში «კანონიერი მთავრობა» დადგენილებებსა და ბრძანებულებებს გამოსცემდა, ფოთიდან ჩამოსულ ტვირთებს ზუგდიდისკენ აბრუნებდა და ასე შემდეგ.
    ეს ყოველივე კი ამჟამად, სამოქალაქო ომში გამარჯვებული მხარის მიერ კვალიფიცირდება არა მხოლოდ როგორც «სახელმწიფო ქონების» დატაცება, არამედ როგორც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. ასეთია სამოქალაქო ომში დამარცხებული მხარის ბედი - მისი ქმედება, რა თქმა უნდა, «სახელმწიფო გადატრიალებაა» - ასე იყო ყველგან, ყოველთვის, ყველა ეპოქასა და ქვეყანაში, სადაც კი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
    შეუძლებელია, არ დაეთანხმო დამკვირვებლებს, ვინც პირდაპირ კავშირს ხედავს ედუარდ შევარდნაძის მოულოდნელ გადაწყვეტილებასა (მოსკოვის სამიტზე გამგზავრების შესახებ) და აბსანძის დაპატიმრებას შორის. გავიხსენოთ, რომ 1997 წელს, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა უარი განაცხადა, გამგზავრებულიყო დსთ-ს უმაღლესი დონის სამიტზე (რუსეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით), - მოსკოვმა უმალვე გადასცა აზერბაიჯანს ძებნილი სურეთ ჰუსეინოვი, - 1993 წლის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი.
    იგივე მოხდა ამჯერად აბსანძესთან და სხვა «ზვიადისტებთან» დაკავშირებით.
    ისინი ყოველთვის პაიკები იყვნენ და პაიკებად შეეწირენ დიდ თამაშს. მაგრამ თბილისის ხელში ამჟამად არსებული კოზირები ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს უფრო სერიოზული ამოცანის შესრულებას, ანუ იგორ გიორგაძის გადმოცემას; იგორ გიორგაძე გაცილებით ძლიერი ფიგურაა, რომელიც ჯერ არ ამოძრავებულა «ახალ პოზიციაში».

7 დღე, 20 მარტი, 1998 წ.