აბა გამოდით, ვის გსურთ მინისტრობა?!

აბა გამოდით, ვის გსურთ მინისტრობა?!

აბა გამოდით, ვის გსურთ მინისტრობა?!
        პირველი უარის შემდეგ «გია ბარამიძის სამინისტროს» არსებობა ეჭვქვეშ დგება

        საკმაოდ სკანდალურად ჩაიშალა ხელისუფლების მცდელობა, შეექმნა ახალი («საგადასახადო შემოსავლების») სამინისტრო. მას შემდეგ, რაც გია ბარამიძემ უარი განაცხადა დაეტოვებინა პარლამენტი, თვით ამ სამინისტროს ჩამოყალიბებაც სათუო გახდა, ვინაიდან ის სწორედ გია ბარამიძისთვის იქმნებოდა.
     ბარამიძეს კორუმპირებულობას ვერავინ დასწამებს. მას რომ ფულის «გაკეთება» სდომოდა, დეპუტატობაზე ადვილად იტყოდა უარს. ერთი წლის ან წელიწადნახევრის შემდეგ კი «დააცურებდნენ», მაგრამ უკვე იმდენი ფული ექნებოდა ნაშოვნი - მშვიდად დაელოდებოდა სიბერეს.
        სწორედ ასე მოიქცა იმავე «ჟვანიას გუნდის» ერთი წევრი, რომელმაც გუნდიდან გაძევების შემდეგ ზუსტად ის სახლი და ის «ჯიპი» იყიდა, რომლებზეც მთელი თბილისი კითხულობდა – «ნეტავ ვისიაო».
   გია ბარამიძე, როგორც ჩანს, მართლა აპირებდა შებრძოლებოდა კორუფციას მინისტრის პოსტზე და ესაჭიროებოდა «პარაშუტი», რათა დამარცხების შემთხვევაში (დამარცხების შიში კი ამ პოსტზე მყოფი ნებისმიერი პიროვნებისათვის უდიდესია) «რბილად» დაშვებულიყო ისევ პარლამენტში; მაგრამ ეს სურვილი თანაპარტიელებმა ვერ გაუგეს, ანუ მათ სურდათ, გია ბარამიძეს სასწორზე შეეგდო არა მხოლოდ მინისტრობა, არამედ დეპუტატობაც.
   თუმცა, მოქალაქეთა კავშირსაც ჰქონდა თავისი არგუმენტები. კერძოდ, დაუშვებელია კონსტიტუციის გაუთავებელი «ჭრა-კერვა», ეს ძალზე ცუდი პრეცედენტია; მით უმეტეს, «ჩასაფრებული ოპოზიციის» პირობებში; ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობა ესოდენ რადიკალურ ცვლილებებზე ვერ წავიდოდა – ეს გამორიცხულია.
   ერთადერთი გამოსავალი იყო - გია ბარამიძეს «თავი გაეწირა» და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში უკანმოუხედავად გადაშვებულიყო, მაგრამ მან ეს არ ისურვა.
     სხვა კანდიდატურაზეც შეიძლებოდა მსჯელობა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ჯერ კიდევ გაურკვეველია, საერთოდ, საჭიროა თუ არა ამ სამინისტროს შექმნა.
     რაოდენ უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს მკითხველს, მიმდინარე წელს «საგადასახადოც» და «საბაჟოც» ასრულებენ საბიუჯეტო გეგმებს, ხოლო ბიუჯეტში «გარღვევა» ძირითადად იმან გამოიწვია, რომ მსხვილი ობიექტების პრივატიზება შეფერხდა.
    გარდა ამისა, ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული საგარეო დახმარება. შესაძლოა მთლიანად არა, მაგრამ დაახლოებით 70-80 პროცენტით წლევანდელი «გარღვევა» სწორედ ამ ფაქტორებითაა გამოწვეული.
        თუ ასეა, რა აზრი აქვს საერთოდ «გადასახადების სამინისტროს» შექმნას? ნებისმიერ შემთხვევაში, ძირითადი საქმე მაინც «საგადასახადო» და «საბაჟო» დეპარტამენტებმა უნდა შეასრულონ (მათ, შესაძლოა «სამმართველოები» დაერქვას – ამით საქმე არ იცვლება); მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება «სამინისტრო» - მინისტრი იქცევა ერთგვარ «მეხამრიდად» ორივე სამსახურისათვის, რომელთა ხელმძღვანელებს შეუსუსტდებათ პასუხისმგებლობა, რაკი ეს პასუხისმგებლობა მთლიანად მინისტრს დაეკისრება.
        გარდა ამისა, «გადასახადების სამინისტროს» შექმნას თან სდევს კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი: სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უმალვე შექმნის ანალოგიურ ინსტიტუტს (ფორმალურად მართალიც იქნება), რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ფისკალურ სფეროში ცენტრსა და რეგიონს შორის არსებულ დაპირისპირებასა და უთანხმოებას.
        მთლიანობაში, ახალი სამინისტრო ნამდვილად ვერ შეძლებდა (ვერც შეძლებს) ვითარების გამოსწორებას. თუ იგულისხმება «გადასახადების აკრეფა», ამის გაკეთება ამჟამად არსებულ უწყებებსაც ადვილად შეუძლიათ, ოღონდ მხოლოდ ფორმალურად, ასე ვთქვათ «ქაღალდზე».
        მაგალითად, როგორც კი ესა თუ ის საწარმო არ გადაიხდის კუთვნილ გადასახადს, «საგადასახადო» უმალვე დაადებს ყადაღას, მაგრამ დღევანდელ პირობებში, როდესაც არ არის ელექტროენერგია, შეფერხებით მუშაობს ტრანსპორტი და ა.შ. ყოველთვის იარსებებს ის არგუმენტი, რომ საწარმოს ობიექტური პირობები უშლიდა ხელს.
        დავუშვათ «საგადასახადომ» არ გაითვალისწინა ეს ობიექტური პირობები, დაადო ყადაღა საწარმოს ანგარიშს; მერედა, ვინ მოიგებს ამით? არავინ! მეწარმე უბრალოდ გააჩერებს საწარმოს, დაიწყება სასამართლო პროცესების სერია, თვით მეწარმესა და მის ოჯახს «პურის ფული» არ მოაკლდება, სამაგიეროდ ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი, ისინი შეავსებენ «სოციალურად დავრდომილთა» უზარმაზარ, ფეთქებადსაშიშ მასას.
        ამიტომ, «საგადასახადოს» «ზემოდან» უეჭველად «ურჩევენ» არ გაართულოს საქმე, «აცალოს საწარმოს მუშაობა» და ა.შ.
        არგუმენტები შემდეგ იქნება: «ყადაღის დადება ადვილია, მაგრამ ვინ დათვალა, რას დაკარგავს სახელმწიფო საწარმოს გაჩერების შემთხვევაში?»
        საქმეც სწორედ ის არის ,რომ თუ მოქმედი საწარმო იხდის (ვთქვათ) 30 ლარს ნაცვლად 100 ლარისა, გაჩერების შემთხვევაში, არაფერს გადაიხდის. რა სჯობს?
        ერთადერთი საშუალებაა ვალების დაგროვება და შემდგომ, საწარმოს აუქციონის წესით გაყიდვა (გადაუხდელი გადასახადის ანგარიშში), მაგრამ ამას ვინ გაბედავს?
        ეს გია ბარამიძემაც კი ვერ გაბედა, ვინაიდან საქართველოში უნდა ცხოვრება და ამერიკაში გადასახლებას სულაც არ აპირებს.

მერიდიანი, 13 დეკემბერი, 1999 წელი