ზვიადისტები საკუთარ წვენში იხარშებიან
       

        დასავლეთ საქართველოს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გრძელდება ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შიმშილობა «პოლიტპატიმართა გათავისუფლების» მოთხოვნით. სენაკში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხორწყუში ასეულობით «ზვიადისტი» შიმშილობს. მათ შორის არიან ექსპრეზიდენტის მომხრე შეიარაღებულ ფორმირებათა წარსულში (და ამჟამადაც) აქტიური წევრები.
        ისინი «იარაღის ხელში აღებით» იმუქრებიან, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს «მშრალად მოშიმშილე» პატიმრების მოთხოვნებს. ეს უკანასკნელნი კი 2 თებერვალს თვითმკვლელობით იმუქრებიან. თარიღი შემთხვევით არ შეირჩა. 1992 წლის 2 თებერვალს თბილსში რამდენიმე ზვიადისტი დაიღუპა დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად. ყოფილი ხელისუფლების მომხრეები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია ე.წ. სამხედრო საბჭომ დახვრიტა. სხვათა შორის, ის მოვლენა იმდროინდელ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანი იყო - სწორედ მან აიძულა სიგუა და კიტოვანი დათანხმებოდნენ ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებას საქართველოში, რათა ყველაფერი მისთვის დაებრალებინათ და მოსახლეობის «ზვიადისტი» ნაწილის სიძულვილიც მისკენ მიემართათ.
        ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვერ შეიწყალებს «ლოთი ქობალიასა და სხვებს», ვინაიდან, ჯერ ერთი, ქობალიას გამოშვება საზოგადოების «ანტიზვიადისტური» ნაწილის აღშფოთებას გამოიწვევს და მას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობს და, მეორე: არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები ლოთი ქობალიას სამეგრელოში დაბრუნების შემთხვევაში.
        არ არის გამორიცხული ახალი «შეიარაღებული ფრონდა» საქართველოს ტყეებში და სამოქალაქო ომის ახალი აფეთქება - მით უმეტეს, რომ ყოველთვის შეიძლება კატალიზატორად აფხაზეთის პრობლემის გამოყენება.
        ხელისფლებაც სწორედ ამიტომ ვერ რისკავს პოლიტიკურად არცთუ წამგებიანი ნაბიჯის გადადგმას და სამოქალაქო ომის უკლებლივ ყველა მონაწილის გათავისუფლებას.
        სხვა რომ არაფერი, საერთაშორისო «ადამიანის უფლების დამცველ» ორგანგიზაციებს მაინც აღარ ექნებათ სასაყვედურო. «ზვიადისტებმა» თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, თუ ვერ ახერხებენ ხელისუფლების დაყოლიებას. ვერც მოახერხებენ, რაკი არ აძლევენ არანაირ გარანტიას რომ «ზვიადისტთა» შეიარაღებული ფრთის ლიდერთა გათავისუფლება არ გამოიწვევს სამოქალაქო ომის განახლებას.
        «დიდი ეროვნული ყრილობის მოწვევა» და «1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს - დღევანდელი პარლამენტთან ერთობლივი სესიის მოწვევა» დიდი ვერაფერი გარანტიაა. 28 ოქტომბრის ე.წ. «უზენაესი საბჭო» სამუდამოდ იქცა ისტორიის კუთვნილებად. მას შემდეგ ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია (ნაცვლად ბრეჟნევის კონსტიტუციის რედაქციისა), რომლის საფუძველზეც ჩატარდა ორი საპარლამენტო და ორი საპრეზიდენტო არჩევნები.
        ანუ, თუ «ზვიადისტებს» ციხეებიდან თავიანთი მიმდევრების გამოშვება სურთ, ძალიან სულელური გზა აურჩევიათ - ხელისუფლებაზე ზეწოლა და მუქარა (რაც, პირიქით, მმართველი დაჯგუფების კონსოლიდირებას გამოიწვევს) და პრეზიდენტისადმი მიმართვა, რათა იგი პირადად ჩაუდგეს სათავეში «შერიგების» კომისიასაც.
        ეს უკვ,ე ცოტა არ იყოს, კომიკურ ელფერს იძენს: როგორც ჩანს, «ზვიადისტებმა» გათვალეს, რომ თუ პრეზიდენტი პირადად ჩაუდგებოდა კომისიას სათავეში, შედმგომ იძულებული გახდებოდა მიეღო მისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება ლოთი ქობალიასა და სხვათა გათავისუფლების შესახებ.
        ამას თუ თივთონ ხვდებიან, შევარდნაძე ვეღარ მიხვდება? რასაკვირველია, მიხვდება, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში საპარლამენტო (?) კომისიას, ნულის ტოლია.
        საოცარია, მაგრამ, იმავე დროს, «ზვიადისტები», რატომღაც, ვერ ამჩნევენ მეორე გზას, რომელიც ყოველ შემთხვევაში, გაცილებით უფრო რეალურია: «შეწყალების» უფლება მხოლოდ პრეზიდენტს როდი აქვს - პარლამენტსაც შეუძლია მიიღოს კანონი «ამნისტიის» შესხაებ.
        რატომღაც, «ზვიადისტები» პარლამენტში ამ საკითხს არ სვამენ. არადა, ამაზე ადვილი რა არის: შეიმუშაონ კანონპროექტი და ამ კონკრეტული კანონპროექტის მიღება-არმიღებაზე დაიწყონ დისკუსია საპარლამენტო ძალებთან.
        ან, იქნებ, იმისი ეშინიათ, რომ თავისივე მოკავშირეები პარლამენტში არ დაუჭერენ მხარს? სხვა ახსნა (სიჩლუნგის გარდა) ამ უცნაურობას არა აქვს - პრეზიდენტი თვითონ არ შეიწყალებს «ბუნტისთავებს», მაგრამ თუ პარლამენტი მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას, არაფრის დიდებით ვეტოს არ გამოიყენებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი მომხრეა, ხოლო პრეზიდენტი «წინააღმდეგია შერიგებისა».

მერიდიანი, 24 იანვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე