არ გვინდა ვიყოთ «ხლისტების სოფელი!»

    საქართველო, როგორც ქვეყანა და მთელი ქართული საზოგადოება ზის ბომბზე! ეს არის «თერმობირთვული საინფორმაციო ბომბი», რომელიც შეიძლება აფეთქდეს წინასაარჩევნოდ და ყოველივე გაანადგუროს, მთლიანად დაანგრიოს საზოგადოება!
    თუ გახსოვთ, ათეული წლის წინ ბევრს მსჯელობდნენ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირის დროინდელი «კგბ» – ს საიდუმლო მასალების გამოქვეყნება (რაც დარჩა საქართველოში და ვერ მოასწრეს გატანა), რომლებიც შეიცავდნენ ინფორმაციას, თუ ვინ, რომელი «ცნობადი სახე», ცნობილი პოეტი, სასიქადულო მწერალი, საყვარელი მსახიობი, სპორტსმენი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე თანამშრომლობდა «სუკ»–თან.
    მაშინ ბევრი ლუსტრაციის შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვდა იმ საბაბით, რომ «სიმართლე უნდა ითქვას რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს». მაგრამ აღმოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანები, ვინც გაგვაფრთხილა: საქართველოში (!) ამ სიმართლის გამოქვეყნება იმ წამლის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც კი არ განკურნავს, არამედ მოკლავს! ეს მასალები დაანგრევს და გაანადგურებს საზოგადოებას!
    ჩეხურ საზოგადოებას არ დაანგრევდა, პოლონურ საზოგადოებას ვერ დაანგრევდა და ვერც დაანგრია, მაგრამ ქართულ საზოგადოებს, ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, სრულიად დაანგრევს და მოსპობს!
    ამჟამინდელი საფრთხე ბევრად უფრო მომაკვდინებელია, ვინაიდან უსასრულოდ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, არის თუ არა «ჩარეული» დღევანდელი ხელისუფლება, ან წინა ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ აბსოლუტურად ცხადია: ათასობთ ფაილი, რაც ცნობადი სახეების (მათ შორის პოლიტიკოსების) პირად ცხოვრებას ეხება, აღმოჩნდა ისეთი გარეწარი და ნამუსგარეცხილი ადამიანების ხელში, რომელთაც ვერავინ და ვერაფერი შეაკავებთ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        რაც შეეხება მოტივს: ყველა, რასაკვირველია, პირველ რიგში პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. არადა, სულაც არ არის გამორიცხული, იყოს ბინძურად მერკანტილური მოტივიც: რაღაც ჯგუფი, რომელიც ამ ჩანაწერებს აკეთებდა, ან აკოპირებდა, ან ვითომ «განადგურების» შემდეგ დააკოპირა, მერე ქვეყნიდან წავიდა თუ გაიქცა, შესაძლოა ცდილობდეს მასალის გამოყენებას ელემენტარული გამოძალვისთვის: თუ ათასობით ფაილზეა ლაპარაკი, «მსხვერპლი» 5 ათას დოლარს არ გადაიხდის, რათა სკანდალი და ოჯახის დანგრევა თავიდან აიცილოს?
    მერე და, მთლიანობაში, ეს რა თანხა გამოდის? – მილიონები!
    არც პოლიტიკური მოტივია გამორიცხული რომელიმე მხრიდან. არგუმენტები ამ დისკურსში ორივე მხარეს აქვს.
    წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ჩათვლით, ხშირად დაუსვამთ ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვა (სახეცვლილი სახით ასე ჟღერს): კი ბატონო, აკეთებდნენ ჩვენი სპეცსამსახურები ამგვარ ჩანაწერებს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს, ესე იგი 2012 წლის არჩევნებამდე, ვინმეს თუ გსმენიათ რაიმე ინტიმური ჩანაწერების შესახებ? სადმე თუ გაჟონილა? სადმე თუ გამოქვეყნებულა?
    ამ კონტრ–ბრალდების ლოგიკა «ცოტა არ იყოს» უცნაურია: ესე იგი, რაკი ხელისუფლებიდან გაგვიშვით, ჩვენ უკვე აღარ ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ ვინმე, რომელიმე ექს–აგენტი ამ მასალებს უცხეოთში წაიღებს და მერე შანტაჟისთვის გამოიყენებსო. არადა, მთავარი ეს კი არ არის: მთავარი თვით ჩანაწერთა მოპოვების კანონიერებაა და სტილი, რომლითაც სპეცსამსახურები მაშინ მოქმედებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული თვალთვალი სასამართლოს ფორმალური სანქციით ხორციელდებოდა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში სანქციაც არ არსებობდა. და, საერთოდ, არ არსებობდა არანაირი ლეგიტიმური საფუძველი – პოლიტიკურის გარდა.
    ხოლო დღევანდელი ხელისუფლების (და არა წინა ხელისუფლების) პასუხისმგებლობაა, მსოფლიო შეძრას, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიმართულებად აქციოს, ოღონდ კი დაადგინოს, რა ხდება ბოლოს და ბოლოს, «ვინ», «როდის», «სად», «როგორ», «რა მიზნით» და ასე შემდეგ.
    თუ საერთოდ ვარგიან, ეს უნდა მოახერხონ. თუ არა და, დემოკრატიულ ქვეყანაში პასუხს ყველაფერზე ხელისუფლება აგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვითონ არ არის დამნაშავე, რადგან ხელისუფლების უსუსურობა იგივე დანაშაულია.
    კეთილი ინებეთ, ჟურნალისტებისკენ კი ნუ იშვერთ ხელს (თუნდაც ნამდვილად დაშვებული შეცდომისთვის), არამედ ვინც «გადაიღო», ვინც «გაიტანა» ვინც «იყენებს» – ისინი გამოავლინეთ და დასაჯეთ!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუ სწორია ვერსია, რომ ამ ჩანაწერებს ექს–აგენტები იყენებენ ფულის გამოძალვისთვის, მაშინ თითქოს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს ამკრძალავ ზომებს, რათა ასეთი ინფორმაცია არ ვრცელდებოდეს საზოგადოებრივი კომუნიკაციის საშუალებებით, ვინაიდან ოჯახის წევრთა რეაქცია არანაკლები საფრთხეა.
    თუმცა, თავისთავად ის, რომ ამ სიბინძურის გავრცელებამ ასეთი რეაქცია გამოიწვია და საყოველთაოდ დაიგმო, მათ შორის ჟურნალისტების მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია: მართლაც, ერთადერთი საშუალება, პოლიტიკურ შანტაჟს წინ აღვუდეგთ, ისაა, არავინ მოახდინოს მისი ტირაჟირება, ყველამ დაიცვას დუმილი და აზრი არ ჰქონდეს (ყოველ შემთხვევაში განმსაზღვრელი აზრი არ ჰქონდეს) პოლიტიკური შანტაჟის ამ ოდიოზურ ფორმას.
    ხელისუფლებამ როგორც არ უნდა მოინდომოს, თანამედროვე ტექნოლოგიურ, მათ შორის კომუნიკაციურ სივრცეში ამგვარი ინფორმაციის დაბლოკვა ვერ მოხერხდება: Youtube–მა შეიძლება მოხსნას და მოხსნის კიდეც, თუმცა უამრავი სხვა საიტი არსებობს და ინტერნეტზე ხომ ვერ ვიტყვით უარს? ბოლოს და ბოლოს, ჰაკერული მულტიპლიკაციური პროგრამებით, ინდივიდუალურ მეილებზე გააგზავნიან და ასე შემდეგ.
    ცუდი შედარებაა, მაგრამ ავთვისებიან დაავადებას ჰგავს, რომელიც შეიძლება წლობით და ათწლეულებითაც კი შეაკავო, თუმცა სრულიად განკურნება თითქმის შეუძლებელია, რაკი ქრონიკული ავადმყოფობაა.
    ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საგულისხმო ისაა, რომ, ქართულმა საზოგადოებამ, ამ შემთხვევაში, გარკვეული ღირებულებებისადმი მკაცრი ლოიალობა გამოამჟღავნა: საფრანგეთში ან ამერიკაში სულაც არ იქნებოდა ასეთი რეაქცია. იქ ანალოგიურ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა აქვთ, რომლის დედააზრი ასეთი ფორმულით შეიძლება გამოიხატოს:
    «დემოკრატიულ საზოგადოებაში, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ანონიმურობა დაცულია მხოლოდ ოჯახში. სხვა ყველაფერი უნდა იცოდეს (!) საზოგადოებამ, ვინაიდან პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ხელისუფლებისკენ, ანუ შეეძლება გადაწყვიტოს სხვა ადამიანების ბედი. ამიტომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად გულწრფელია პოლიოტიკოსი».
    აქედან გამომდინარე, ბერლინის მერმა, გერამნისი სააგრეო საქემტა მინისტრმა, სხვა ცნობილმა პოლიტიკოსება, დიდი ხანია ოფიციალურად განაცხადეს, რომ არიან გეები. არავინ მოუტყუებიათ, არაფერი დაუმალავთ და ამას სულაც არ უმოქმედია მათ პოლიტიკურ კარიერაზე.
    ამგვარ მიდგომაში არის ძალიან ცინიკური, თუმცა რაციონალური მარცვალი. მაგრამ ქართული საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისთვის ეს სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა!
    როგორც ჩანს, სწორედ იმიტომ, რომ ოჯახური ღირებულებები, ოჯახის საქმეებში სრული ჩაურევლობა და ამ თემებით ნებისმიერი მანიპულაცია ქართველებმა თვით ამ ღირებულებებზე, ესე იგი იდენტობაზე შეტევად მიიჩნიეს.
    და ვერანაირი მოსაზრება პოლიტიკოსის გულწრფელობა – არაგულწრფელობის თაობაზე, ამ ჯანსაღ დამოკიდებულებას ვერ შეცვლიდა.
    ქართველებმა თქვეს: არ გვინდა ვიყოთ ჭაბუას აღწერილი «ხლისტების სოფელი», რომელიც სიბინძურით იკვებება!
    ამგვარი მიდგომა, ჩვენს პირობებში (!) ბევრად რაციონალურიცაა, ვიდრე ევროპელთა დამოკიდებულება (გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტ, ფრანსუა ოლანდის «ადიულტერთან» დაკავშირებული სკანდალი), ვინაიდან, ყველაფერთან ერთად, სწორედ ასეთი ჯანსაღი მიდგომა გამორიცხავს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და გამანადგურებელი პროცესების პროვოცირებას ჩვენს მყიფე სახელმწიფოებრივ წონასწორობაში, როდესაც ბევრი რამ ისედაც ბეწვზე კიდია.

            მთელ გვერდზე