Shenგენაცვალე!
   
ვიზალიბერალიზაცია: ბენეფიტები და რისკები

    «ევროკომისიის» სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა მაინც გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს მიერ «ვიზალიბერალიზაციის სამოქმედი გეგმით» გათვალისწინებული «საშინაო დავალების» შესრულებას აფასებს.
    დასკვნა პოზიტიურია და (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს) სწორედ ამის გამო შეფერხდა მისი გამოქვეყნება რამდენიმე დღით: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცხარედ იკამათეს, გამოექვეყნებინათ თუ არა პოზიტიური დოკუმენტი, რადგან შესანიშნავად ესმოდათ, რომ თუ ასეთი დასკვნა მზის სინათლეს იხილავდა, მაშინ რჩება ერთადერთი პროცედურა ვიზების გაუქმებამდე: უნდა შეიკრიბოს ევროკავშირის საბჭო (პრეზიდენტებისა და პრემიერ–მინისტრების შემადგენლობით), მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ევროპარლამენტი იღებს საბოლოო რეზოლუციას.
    რა თქმა უნდა, ევროკავშირში იყვნენ და არიან დადებითი ვერდიქტის მოწინააღმდეგეები, მაგრამ რაკი დასკვნა პოზიტიურია, ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი ვერ მიიღებენ ნეგატიურ გადაწყვეტილებას: უარი, ამ შემთხვევაში, უკვე პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა: მაშინ უნდა თქვან, რომ «ტექნიკური თვალსაზრისით» კი შეასრულეს უკრაინამ და საქართველომ ყველა წინაპირობა, შეზღუდეს უკანონო ემიგრაცია მესამე სახელმწიფოებიდან, შეუსაბამეს კანონმდებლობა ევროპულ ნორმებს, მაგრამ ამ ქვეყნებში არ არის დემოკრატიული წყობა, ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არსებობს სიტყვის თავისუფლება და ა.შ. ამის თქმა კი არც სამართლიანი იქნება და არავითარ შემთხვეაში არ შეესაბამება ევროპულ სტრატეგიას პირველ რიგში უკრაინის, აგრეთვე საქართველოს მიმართ.
    აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინამ, ნაცვლად საქართველოს «ჩაძირვისა», პირიქით, «ორთქმავალის» როლი შეასრულა: ბევრი წერდა, თითქოს შეცდომა იყო საქართველოსა და უკრაინის «ურთიერთმიბმა» და ქართულ დიპლომატიას უნდა ეცადა, ამ ორი სახელმწიფოს თემა, ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში, ცალ–ცალკე განხილულიყო.
    დრომ და მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა – ამ შემთხვევაში ჩვენი დიპლომატია სწორად და ჭკვიანურად მოიქცა: მეომარი უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმა მეტისმეტად ცუდად გამოჩნდებოდა და რუსულ აგრესიასაც წაახალისებდა, რაც ევროკავშირს არაფრის დიდებით არ აძლევდა ხელს. ისე გამოვიდოდა, რომ ევროპამ ხელი ჰკრა უკრაინას, რომელიც სწორედ ევროპული ორიენტაციის გამო ისჯება მაშინ, როდესაც აღმოსავლური პარტნიორობის სხვა ქვეყნები (ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მოსკოვმა, შანტაჟით და სხვადასხვაგვარი ზეწოლით აიძულა უარი ეთქვა პროევროპულ ორიენტაციასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    უკრაინისთვის უარი მისთვის «ზურგში დანის ჩაცემას» ნიშნავდა. ამიტომ უარი ვერ უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ აკმაყოფილებს «შენგენის» ნორმებსა და მოთხოვნებს. ხოლო რაკი საქართველო და უკრაინა სწორედაც ერთ კონტექსტში განიხილებოდა, ასევე ვეღარ უთხრეს უარი საქართველოსაც და ეს გახდა წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ანუ ჭეშმარიტად კეთილი ნების გამომჟღავნება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან თუ გულწრფელნი ვიქნებით და ვიტყვით იმას, რასაც ქართველი პოლიტიკოსები არ ამბობენ და არც უნდა თქვან, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ერთ, თუმცა ფუნდამენტურ და ყველაზე მნიშვნელოვან პირობას: საქართველოს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის დიდ ნაწილს! ეს იმდენად სერიოზული მანკია, რომ მარტო ეს მიზეზიც კი საკმარისი იქნებოდა უარის სათქმელად, თუმცა (ვიმეორებ) ევროპამ კეთილი ნება გამოამჟღავნა და ამაზე თვალი დახუჭა, რაც ძალიან დიდი დათმობაა.
    მით უმეტეს, როდესაც ევროპა ტერორშია, ხოლო პარიზის საშინელი სასაკლაოდან სულ რამდენიმე კვირაა გასული. ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო ევროპელთა პოლიტიკური ნება, რათა ამ საფრთხეებზე თვალი დაეხუჭათ მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობს «პანკისის», ხოლო უკრაინაში «დონბასის» პრობლემები.
    საიდან და როგორ შეაღწევენ უვიზო რეჟიმის გამოყენებით ევროპულ ქალაქებში სხვადასხვა ყაიდისა და მოტივაციის ბოროტმოქმედები (ისლამისტი ფანატიკოსებიდან, რომლებმაც ISIS–ს «ვაიბერის» მეშვეობით შეჰფიცეს – დონბასში რუსეთის მიერ «დავერბოვკებულ» დივერსანტებამდე) არავინ იცოდა, მაგრამ პოლიტიკურმა ნებამ ეს საფრთხეებიც გადასწონა, რაც მართლა ძალიან დიდი გამარჯვებაა.
    მით უმეტეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროპამ თვალი დახუჭა სხვა სახის პრობლემებზეც. მათ შორისაა უკანონო ემიგრაციის ძალიან მაღალი დონე: იტალიური ქალაქი ბარი ლამის ხაშურისა და გორის ფილიალებად იქცეს და სხვა ქალაქებშიც თბილისურ «რიყის ხელოსანთა ბირჟის» მსგავსი ადგილები არსებობს, რომლებსაც საემიგრაციო პოლიცია ვერაფერს უხერხებს.
    სამაგიეროდ, კრიმინალური პოლიცია ლამის ყოველთვიურად აპატიმრებს ქართველ ბინის ქურდთა სინდიკატებს, რომელთა პროფესიონალიზმით მრავლისმნახველი იტალიელი, ფრანგი და გერმანელი დეტექტივებიც კი განცვიფრებულნი არიან.
    მათ ისიც იციან დაწვრილებთ, რომ ქართველი ე.წ. «კანონიერი ქურდები» ევროპულ დედაქალაქებში დისლოცირდებიან და უამრავ კრიმინალურ სინდიკატთან აქვთ კავშირი. საქართველოსთან საზღვრების გახსნა მათთვის რიგით ჯარისკაცთა შევსება–რეკრუტირების წყაროდ იქცევა.
    და მაინც, ევროპამ, ყველა ამ რისკის მიუხედავად, კეთილი ნება გამოამჟღავნა პირველ რიგში იმიტომ, რომ არ სურდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის უარის თქმა «აღმოსავლური პოლიტიკის» კრახად და რუსული აგრესიის წახალისებად, ანუ პროდასავლური ქვეყნების «მიტოვებად» გამოჩენილიყო მსოფლიო თვალში, რაც ძალიან სერიოზულად შელახავდა ევროკავშირის პრესტიჟს და, გარკვეულწილად, (არც თუ მცირედ) დააზიანებდა თვით ევროპული ერთიანობის იდეასაც კი, რომელიც 65 წელს ითვლის – «ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების» შესახებ 1950 წლის 9 მაისის (!) ისტორიული ხელშეკრულების დროიდან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ეს რაც შეეხება ევროპულ რისკებს, მაგრამ არსებობს რისკები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეხება. მათ შორის უმთავრესი ისაა, რომ ბევრს ცუდად ესმის ან საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს უვიზრო რეჟიმი ევროკავშირთან და ჰგონია, თითქოს უვიზოდ შესვლა ანიჭებს ევროპაში მუშაობის ან ნებისმიერი ვადით დარჩენის უფლებას.
    სინამდვილეში, უვიზო რეჟიმი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარჩეს შენგენის წევრ სახელმწიფოში 90 დღე (ზედიზედ ან წყვეტილად) 1 წლის მანძილზე მხოლოდ 180 დღის განმავლობაში.
    თუ ეს ვადა იწურება, ვთქვათ, 2017 წლის 31 დეკემბერს, ფორმალურად მას შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში და 2018 წლის 1 იანვარს ისევ გაემგზავროს ევროკავშირში. გარდა ამისა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროპელ მესაზღვრეს ბიომეტრულ პასპორტს წარუდგენს, ეს უკანასკნელი პირველ რიგში იმას შეამოწმებს, ნამყოფია თუ არა მოქალაქე «შენგენის» წევრ სახელმწიფოში და ხომ არ დაურღვევია წინათ (თუნდაც 10 წლის წინ!) გაცემული ვიზის ქრონოლოგიური ფარგლები. თუ ასეთი დარღვევა აღმოაჩინა კომპიუტერში, საზღვარზე არ გაატარებს და უკან გამოაბრუნებს!
    მაგრამ თუ დარღვევა არ ჰქონია და ადამიანს ბოლო 5 წლის მანძილზე რამდენჯერმე უმოგზაურია ევროპაში, მაშინ მხოლოდ სასტუმროსა და უკან დასაბრუნებელ ბილეთს მოჰკითხავს, მეტს არაფერს, ანუ ქვეყანაში იოლად შეუშვებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ოღონდ, სულ სხვა ვითარება შეიქმნება, როდესაც ევროპულ საზღვარს, ბუდაპეშტსა თუ მიუნჰენში, რომსა თუ ამსტერდამში, მიადგება ქართველი, ვინც არც ერთხელ არ არის ადრე ნამყოფი ევროპაში და არასდროს აუღია შენგენის ვიზა. მას უკვე სერიოზულად გამოჰკითხავენ, მოსთხოვენ დაახლოებით იმავე საბუთებს, რასაც სთხოვდნენ ხოლმე საქართველოში ვიზის აღებისას: ცნობას სამსახურიდან, ცნობას საბანკო ბრუნვის შესახებ (ამონაწერს), ცნობას ანაბარზე არსებული თანხის თაობაზე და ა.შ.
    რისკი აქ ისაა, რომ თუ საელჩოში უარის შემდეგ ადამიანი კარგავდა მხოლოდ 36 ევროს (ვიზის ღირებულებას) და სახლში ბრუნდებოდა ვთქვათ, კრწანისიდან ან აღმაშენებლის გამზირიდან, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საკონსულოებია განლაგებული, საზღვარზე უარი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დარჩება რამდენიმე დღის განმავლობაში აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში, რათა დაელოდოს უკანმიმავალ რეისს და მთლიანად კარგავს იმ თანხას, რაც თვითმფრინავის ბილეთის შესაძენად დახარჯა!
    ამ რისკის მიუხედავად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ საელჩოები 100–დან 80–ს ეუბნებოდნენ უარს არათუ ვიზაზე, არამედ საბუთების განხილვაზეც კი, საზღვრიდან უკან გამობრუნებულთა რიცხვი მაინც გაცილებით ნაკლები იქნება; ანუ ის ადამიანები, ვისაც ოცნებად აქვთ ქცეული ევროპაში სამუშაოდ წასვლა, უმრავლეს შემთხვევაში ამას ნამდვილად მოახერხებენ, ესე იგი, დროთა განმავლობაში, გაიზრდება უცხოური გადმორიცხვების ოდენობა, ეს დაეხმარება ამ ჩვენს დავრდომილ ლარსა და ეკონომიკას. ოღონდ შედეგებს არა ხვალვე, არამედ 3–4 წელიწადში ვიგრძნობთ.
    თუმცა, მეორეს მხრივ, ევროპული სახელმწიფოები, სადაც დრაკონული საემიგრაციო კანონმდებლობა მოქმედებს, უეჭველად გაამკაცრებენ კონტროლს ქვეყნის შიგნით, ბევრად მეტი ქართველი მოხვდება, მაგალითად, გერმანიის ან ნიდერლანდის საშინელ საფილტრაციო–სადეპორტაციო ბანაკებში, ხოლო საქართველოს, «რეადმისიის ხელშეკრულებით», მოუწევს მათი სამშობლოში დაბრუნების ფინანსური უზრუნველყოფა.
    ეს რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ვერ გადასწონის იმ უდიდეს გამარჯვებას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს (მათ შორის ოსს, აფხაზს, აზერბაიჯანელს, სომეხს – რაც სამოქალაქო ინტეგრაცის ფაქტორადაც იქცევა) შეუძლია ქუთაისიდან 40 ევროდ გადაფრინდეს ბუდაპეშტში, ხოლო იქედან იმოგზაუროს მთელს ევროპაში ადგილობრივი ტრანსპორტით (ავტობუსით, მატარებლით . . . ), რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მიზერული ფასი დაუჯდება. ბოლოს და ბოლოს, «ავტოსტოპითაც» შეიძლება ევროპაში გადაადგილება სრულიად უფასოდ.
    თავისუფლების ეს შეგრძნება უმნიშვნელოვანესია და მხოლოდ თვით ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ განკარგავს იგი საკუთარ ბედს.
    ყოველ შემთხვევაში, ევროპამ მას კარი გაუხსნა მთელს უკიდეგანო და ზღაპრულად მრავალფეროვან სამყაროში.

           მთელ გვერდზე