ვის აწყობს ქართულ-აზერბაიჯანული შუღლის გაღვივება?
       

        ბოლო დროს ქართულ და რუსულ მედიაში კვლავ გამოაცოცხლეს «დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის» თემა. განსაკუთრებით ის რუსული რესურსები აქტიურობენ, რომელთათვისაც ნამდვილი მისწრებაა გაუგებრობისა და კონფლიქტის «ჩამოგდება» თბილისსა და ბაქოს შორის. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა ბაქო ნელ ნელა, თუმცა განუხრელად შორდება მოსკოვის ორბიტას.
        თავისთავად ეს თემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 1988 წელს, «ეროვნული მოძრაობა», უფრო ზუსტად იმ მოძრაობს ლიდერები, მას აქტიურად იყენებდნენ. ვრცელდებოდა ხმები, რომ რუსი სამხედროები თითქოს სპეციალურად აწყობდნენ სროლებს გარეჯის მიდამოებში, რათა ქართული ძეგლები დაეზიანებინათ და ა.შ.
        ემოციებისა და ისტერიის ატმოსფეროს გაღვივებას ყოველმხრივ შეუწყო ხელი იმდროინდელმა ე.წ. «ელიტარულმა ინტელიგენციამ» (დღეს რომ ბურჯანაძეს ყავს შემოკრებილი): «დავით გარეჯი საქართველოს საკუთრებაა და მისი ნაწილი აზერბაიჯანის ეტრიტორიაზე რატომ უნდა იყოსო». ამ განცხადებათა ავტორებს აზრად არ მოსდიოდათ (ან მოსდიოდათ და დავალებით მოქმედებდნენ როგორც ყოველთვის), რომ იმ დროს უკვე სომხეთთან ლამის პირდაპირ ომში იყო ჩართულ აზერბაიკანს ამ საკითხზე შეიძლებოდა სხვა აზრი ჰქონოდა. სწორია ეს აზრი თუ არასწორი, აზერბაიჯანში მიჩნეულია, რომ დავით გარეჯის კომპლექსი როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ვინაიდან ასურელმა მამებმა წვლილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის მოქცევაშიც შეიტანეს. კერძოდ, იმ დროს აზერბაიჯანის მკვიდრი მოსახლეობის – ქრისტიანი ალბანელებისა. ალბანელები კი, თურქულ ტომებთან ერთად, აზერბაიჯანელებს თავის ერთ-ერთ წინაპრად მიაჩნიათ.
        ჩვენი ინტელიგენტებისთვის მაშინ რომ გეკითხა ან დღეს რომ ჰკითხო, ბუნებრივია იტყვიან: «ხა ხა ხა, რა სისულელეაო». მაგრამ სისულელეა თუ სიმართლეა, თუ გვინდა მეზობელ ქვეყანასთან კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი შეხედულებები მცირედ მაინც უნდა გავითვალიწინოთ. 1988 წელს არავინ აღმოჩნდა ისეთი, იმდროინდელი «ავტორიტეტებისთვის» რომ ეკითხა: «კი მაგრამ, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტიც ხომ ისტორიულ ძეგლთა წარმომავლობის თაობაზე ატყდა და ახლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორს გინდათ ასეთივე ომის გაჩაღება?»
        1988 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დავით-გარეჯი თითქმის აღარავის ახსოვდა. ფაქტია, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, აზერბაიჯანს არ შეუშლია ხელი ქართველი მღვდლების მოღვაწეობისთვის დევით – გარეჯის იმ ნაწილშიც, რომელიც ფორმალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდეაბრეობს. ეს მონაკვეთი ოფიციალურად სადავოდაა ცნობილი და გაუთავებელი მოლაპარაკებაც მიმდინარეობს «დელიმიტაციის» თაობაზე. თუმცა, ჯერ ჯერობით უშედეგოდ.
        ამიტომაც გაჩნდა აზრი, რომ საქართველომ შეიძლება აზერბაიჯანს სხვა ტერიტორიები (სამჯერ და ოთხჯერ მეტი) დაუთმოს და სანაცვლოდ დავით – გარეჯის კომპლექსი მიიღოს მთლიანად. ეს წინადადება კი «დაიდო», მაგრამ ბაქოში საკმაოდ ცივად შეხვდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ასეთ კომრომისს არ დათანხმდება: ამ ქვეყანას ტერიტორიები არ აკლია: ჩვენზე ბევრად მეტიც აქვს, ამიტომ ტერიტორიების გადაცემით გარეჯის საკითხს ვერ გადავწყვეტთ: აზერბაიჯანელებს არ სურთ, ჯერ ერთი, პრეცედენტის შექმნა სადავო ტერიტორიების გასხვისებისა, რადგან ასეთი მაგალითი შეიძლება ცუდად მიუბრუნდეთ სომხეთის და ყარაბაღის საკითხში და მეორეც, თუ ალიევი ამაზე წავა, იქაური «ელიტარული ინტელიგენცია» დაესხმება თავს.
        ეს უკანასკნელი კი არანაკლებ თავდაჯერებული და პატივმოყვარეა, ვიდრე ქართული. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ყველაფრის ისე დატოვება, როგორც დღესაა: ესე იგი, ტერიტორია სადავოა, მაგრამ დავით გარეჯის კომპლესს (მთლიანად) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს და განკარგავს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფორმალურად მყოფ ნაწილში ამ ქვეყნის მესაზღვრეები ქართველ კლირიკებს ხელს არ უშლიან და მათ საქმეში არ ერევიან.
        იმავდროულად, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმ ხალხს, ვინც ამ მტკივნეული თემით სპეკულირებს, «მაზოლზე ფეხს აჭერს» საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც ანუ ამით პოლიტიკური პრობლემების პროვოცირებას ცდილობს. ყველაზე ჯანსაღი და ბუნებრივი კითხვა, რაც ამ დროს უნდა გაჩნდეს, ჯერ კიდევ ძველმა ლათინებმა გვიანდერძეს რთული და გაურკვეველი ვითარებებისთვის: `qui prodst?~ – ვის აძლევს ხელს?

მთელ გვერდზე