თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს
    ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე
    ეკლესიასტე

   
   
   

ვირთხების დოღი ანუ
    მარაზმიდან - მარაზმამდე

    მას შემდეგ, რაც ყოფილი გენერალური პროკურორი ოქრუაშვილი დააპატიმრეს (მის მიერვე ჩამოყალიბებული, დამკვიდრებული და მრავალგზის უმოწყალოდ გამოყენებული «დასაბუთებით», ხერხებით, მეთოდიკითა და ტექნოლოგიით), ატეხილი კაკაფონიისა და გნიასის საპასუხოდ «მმართველი პარტიის» ნაწილმა ვითომ სასხვათაშორისოდ განაცხადა: ოქრუაშვილის ბრალდებები კი ნამდვილად აბსურდი და ცილისწამებაა, მაგრამ პროკურატურამ მაინც გამოიძიოსო.
    დარწმუნებული ვარ, ეს მოწოდება («რა იცი რა ხდება») არა ყველა «ნაციონალის», მაგრამ ზოგიერთების მხრიდან უეჭველად იმ გათვლით გაკეთდა, რომ თუ «მიშა დაემხობა» სათქმელი ჰქონდეთ: «ხომ გახსოვთ, მე (ჩვენ) ჯერ კიდევ როდის მოვითხოვეთ პრეზიდენტის საწინააღმდეგო ბრალდებების გამოძიებაო».
    ანუ აქაც, უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში, საოცარი სიზუსტით მეორდება ვითარება, როდესაც, სახელისუფლებო და პოლიტიკური ელიტის ნაწილი იმ ნაკლებ კეთილშობილი არსების თვისებრიობას ამჟღავნებს, რომელიც მუდამ მზად არის გადახტეს ჩასაძირი გემიდან.
    ასე იყო 1991 წლის დეკემბერში, ასე იყო 2003 წლის ნოემბერში, ასეა ამჟამადაც.
    ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხსენებულ არსებას ყნოსვა და ალღო არასდროს ღალატობს (ანუ ყოველთვის ზუსტად გრძნობს, როდის იძირება გემი მართლა), ხოლო ჩვენს პოლიტიკოსებს, როცა «ყოველი შემთხვევისათვის» (ისევ და ისევ «რა იცი რა ხდება») ტრამპლინს იმზადებენ «სკუპისთვის», ეს ალღო ხშირად ატუებთ ანუ საკუთარ მისწრაფებებს მაშინაც ავლენენ, როცა ჯერ მხოლოდ ეჩვენებათ(!), რომ გემი იძირება.
    ამ ფონზე, ბოლო დროს დემონიზებული გიგა ბოკერიაც კი ბევრად უფრო სიმპატიურად გამოიყურება, რაკი საკუთარი ღირებულებების და შეხედულებათა დაცვისას «ფეხებზე მკიდიას» პრინციპით მოქმედებს და იმ ცხოველს ემსგავსება, ხშირად ანეგდოტებისა და იდიომატური გამოთქმების პერსონაჟი რომაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვირთხაზე ბევრად მეტ თანაგრძნობას იწვევს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -

    არა, მაინც რამდენჯერ შეიძლება განმეორდეს ამ ქვეყანაში ერთი და იგივე მარაზმი?
    1991 წლის შემოდგომაზე უკვე შეიქმნა ერთი «დიდი კოალიცია», რომლის სუბიექტებს აბსოლუტურად არაფერი აერთიანებდათ ზვიად გამსახურდიასადმი სიძულვილის გარდა და არაფერი ამოძრავებდათ გარდა ძალაუფლების წყურვილისა.
    ისინი მაშინაც მოქმედებდნენ მეთოდით: მთავარია ეს მოვიშოროთ, მთავარია ყველანი ერთად მოვიდეთ მის შემდეგ ხელისუფლებაში და ჩვენს შორის ურთიერთობას მერე გავარკვევთ, მერე დავჯაბნით სხვა ორიენტაციისა და მისწრაფების ჯგუფებს.
    სწორედ ამ ინტენციით გაერთიანდნენ მაშინ ერთის მხრივ «ეროვნულ დემოკრატები» «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია» და «რესპუბლიკელები», ხოლო მეორეს მხრივ, ავთო მარგიანი, ვალერი კვარაცხელია, ვახტანგ გოგუაძე და ელდარ შენგელაია.
    ზუსტად ასევე, ამავე მეთოდით, დღეს ერთ დიდ «ანტისაპრეზიდენტო კოალიციაში» ერთიანდებიან ამჟამინდელი ლიბერალები, იგივე «რესპუბლიკელები» და «ლეიბორისტები» თუ «ელიტარული ინტელიგენციის» წარსული ეპოქის ლანდები.
    «მთავარია ეს მოვიშოროთ» და მერე . . . მერე გამოჩნდება».
    ეგ არის მხოლოდ, «მერე გამოჩნდა» შევარდნაძე, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში «აბალანსა» ეს ორი შეურიგებელი უკიდურესობა და ამით ქვეყანაც «აბალანსა» ერთსა და იმავე გაყინულ წერტილზე.
    საეჭვოა ამგვარი «დამაბალანსებელი» ახლაც გამოჩნდეს.
    რა აერთიანებთ, მაგალითად, პროდასავლურ ლიბერალებსა და იმ «მუშურ-გლეხურ» ძალებს, რომლებიც საერთოდ ყოველგვარი პრივატიზების წინააღმდეგნი არიან? რა ერთიანი პროექტი შეიძლება მათ შეიმუშაონ ქვეყნის განვითარებისა? არავითარი! უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება მორიგი მრავალწლიანი ტკეპნა ადგილზე, უარეს შემთხვევაში კი, მორიგი სამოქალაქო ომი.
    ამასობაში კი, ორივე მხარეს «დიდ კოალიციაში» გასაერთიანებლად ის გათვლა და შიში ამოძრავებს, რომ მეორე მხარემ თუ მარტომ გაიმარჯვა, თუ მან მარტომ შეძლო «ტირანის» მოშორება, იგი საკუთარ პროექტს განახორციელებს. ამიტომ აუცილებელია ტალღას არ ჩამორჩნენ, მათთან იყონ, რათა საკუთარი პროექტი, საკუტარი ორიენტაცია არ დააკნინონ და მას შანსი შეუნარჩუნონ. მხოლოდ ამ მოტივით მიიღო მონაწილეობა გია ჭანტურიამ ზვიად გამსახურდიას დამხობაში, თორემ რა ჰქონდა საერთო გურამ მგელაძესთან ან ჯანსუღ ჩარკვიანთან? დღეს რა აქვს საერთო ლევან ბერძენიშვილს შალვა ნათელაშვილთან? ანუ მთავარია აყვნენ ტალღას, არ აღმოჩნდნენ გარიყულნი – ის ტალღა სადღაც გაიტანს და «მერე გამოჩნდება».
    დღესაც, ისევე, როგორც 16 წლის წინ, იგივე პერსონაჟები გულჩვილად ჩივიან და მდუღარე ცრემლს ხშირად აპკურებენ რუსულ ტელეკამერებს, რაა ქართული დემოკრატიის მძიმე ხვედრით გულდათუთქულ რუსულ საზოგადოება და ელიტა «ტირანის» მხილებაში დახმარონ. არადა მაშინაც და დღესაც პასუხგაუცემელია კითხვა: რატომ ვახარებთ მტერს? ან რატომ გეხმარებათ მტერი? იმას რა ამოძრავებს, ის რატომ ცდილობს დაგეხმარო?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    1991 წლის შემოდგომით ასეთებს ვერაფრით შეასმენდი, რომ ხელისუფლების ამ ფორმით შეცვლა ქვეყნისთვის უარეს შედეგს გამოიღებდა. თუმცა. მრავალმა მათგანმა ძალიან კარგადაც იცოდა, მაგრამ საკუთარ ინტერესებს უფრო ითვალისწინებდა.
    ასეთებს ვერც 2003 წლის ნოემბერში შეაგნებინებდი, რომ 75 წლის პრეზიდენტის არაკონსტიტუციური გზით გადაყენება აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გაუცხოებას პოლიტიკური (ანუ სახელმწიფოებრივი) პროცესებისგან, რადგან იმ უმრავლესობას, რომელმაც 2 ნოემბრის არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ლიდერებს დაუჭირა მხარი (ლიდერების მეტი რა იყო მაშინ?!) ხოლო შემდეგ სახლში დარჩა და 22-23 ნოემბრის მიტინგებში «ხბოს აღტაცებით» მონაწილეობა არ მიუღია (სინამდვილეში ეს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო), შეექმნა განცდა, რომ მის დამოკიდებულებას, მის განწყობას, მის არჩევანს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ვიღაცეებმა მის ნაცვლად, მის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება და განსაზღვრეს ქვეყნის მომავალი.
    სწორედ ამით აიხსნება, რომ 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში მოსახლეობის მეტისმეტად (საეჭვოდ) დიდი ნაწილი მონაწილეობას არ იღებს.
    მაგრამ განა ამას ვინმეს შეასმენდი? უბრალოდ აღმაშფოთებელია, რომ სწორედ ის ხალხი, ვინც მაშინ თავხედურად გაიძახოდა «არ ვიქნებით ობიექტურნი», დღეს იმავე თავხედობით, უტიფრად(!) შემოგცქერის უკვე სხვა ტელევიზიების ეკრანიდან და ისევ ცდილობს საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი შეხედულება, თავისი წყენა და ბოღმა მოგახვიოს თავს.
    ისევ დარბიან, როგორც 16 თუ ოთხი წლის წინ, ეს «ქრონიკული ოპოზიციონერები» ეს უწიგნური და უტვინო ჟურნალისტი «გოგოშკები», უმეცარი პოლიტიკანი ქალბატონები მიტინგიდან – მიტინგზე და კვლავ გასწავლიან ჭკუას, თითქოსდა დღევანდელი რეალობა თავად არ შექმნეს – შენი განწყობისა და სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ არ აინტერესებდათ.

  
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    რა პრეტენზია აქვთ მიხეილ სააკაშვილთან? განა მისი მთავარი მესიჯი, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი 2001 წლიდან დაწყებული მასაში დაუფარავად და ღიად აგზავნიდა, სწორედ ისეთი ხელისუფლების შექმნა არ იყო, როგორიც შექმნა?
    ანუ ძლიერი და «გამკეთებელი» ხელისუფლებისა!
    მიხეილ სააკაშვილის წინასარევოლუციო დაპირება «მეტი თავისუფლება» არ ყოფილა - თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ იმაზე მეტი «თავისუფლება» და «პლურალიზმი», რაც ამ ქვეყანაში შევარდნაძის დროს არსებობდა, უბრალოდ თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. სააკაშვილის მთავარი დაპირება (რასაც დაუჭირა მხარი მასამ) იყო ძლიერი ხელისუფლების ჩამოყალიბება. და ეს დაპირება მან პირნათლად შეუსრულა იმ მასას, რომელიც სინამდვილეში 2003 წლის ნოემბერში მიტინგზე გამოვიდა არა «არჩევნების გაყალბების» საპროტესტოდ, არამედ იმის გამო, რომ მოჰყირჭდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეიძლება ნანა ლეჟავამ და ნათია ლაზაშვილმა «დააჩმორონ», რომელსაც ზიზღნარევად დასცინიან და ტიტლიკანა არბენინებენ «დარდუბალაში» - ის კი «საკუთარ ადამიანურ ღირსებასაც ვერ იცავს, არათუ ქვეყნისას».
    მასას სურდა ისეთი პრეზიდენტი (და მოიყვანა კიდეც), რომელსაც ასე ადვილად, ნურას უკაცრავად, ვერავინ «გაადარდუბალებს». სწორედ ს იყო მისი მთავარი, სიღრმისეული ინტენცია და ახალმა პრეზიდენტმა მასის მისწრაფება პირნათლად განახორციელა!

    შეგვიძლია მეორედ მოსვლამდე ვიდავოთ იმაზე, რა არის «ძლიერი ხელისუფლება». მაგრამ ამ დისკურსში განმსაზღვრელია არა ის, თუ რას უწოდებს «ძლიერ ხელისუფლებას» ინტელექტუალთა მცირე ჯგუფი, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ სუბსტანცია ხალხი, მასა. მასა კი, გამომდინარე მისი მენტალობიდან, აღიქვამს ძალზე მარტივად და ბუნებრივად: ძლიერი და ანგარიშგასაწევი პრეზიდენტი ის პრეზიდენტია, რომლის მეუღლეს შეურაცხყოფის მიყენებას ვერავინ გაუბედავს. ანუ, ერთ-ერთ დეპუტატს «თავყბა დაამტვრიეს» არა კრიტიკისთვის, არამედ იმის გამო, რომ პრეზიდენტის მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა. ასეთია მასის მენტალობა და შეუძლებელია ამ მენტალობას არ ითვალისწინებდეს პოლიტიკოსი - არა ემოციის გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ პრაგმატიკოსია და არ სურს დაამთავროს თავისი მოღვაწეობა ისე სამარცხვინოდ, როგორც დაამთავრა შევარდნაძემ.


    დავაკვირდეთ: რა ალტერნატივის მოთხოვნილებას ქმნიდა წლების განმავლობაში იგივე შალვა რამიშვილის დარდუბალა? – მხოლოდ ძლიერი ხელისუფლებისას!
    ჰოდა მიიღეთ ასეთი ხელისუფლება, - რაკი გააკეთეთ ყველაფერი იმის ხაზგასასმელად, რომ შევარდნაძის მთავარი ნაკლი მისი «სისუსტე» იყო - სწორედ ასე აღიქვამდა მასა, მაგალითად, იმავე «დარდუბალას».

     ერთხელ ქართული ლიბერალიზმის „აიათოლლამ“, ლევან ბერძენიშვილმა საოცარი რამ თქვა ედუარდ შევარდნაძეზე: მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე (სააკაშვილთან შედარებით) ის იყო, რომ შევარდნაძე «კრიტიკის ატანა შეეძლოო». ჰოდა, «კრიტიკის ატანა რომ შეეძლო» , იმიტომაც დაამთავრა ისე სამარცხვინოდ, როგორც დაამთავრა!

    საინტერესოა, დღეს რატომ ვეღარ არის ქართული ჟურნალისტიკა ისეთი თამამი და მოურიდებელი, როგორც მაშინ, დღეს რატომ არ იღებთ «დარდუბალას»?. შევარდნაძეს კი, 1992 წლიდან მოყოლებული, ჭეშმარიტად პოსტკომუნისტური სიბრიყვით ეგონა, ამას ვინმე დაუფასებდა, რაკი ნამდვილად არ ეყოფოდა გამოცდილება და ცოდნა მიმხვდარიყო, რომ სიტყვის თავისუფლება ის მარგალიტია, რომელიც ყველგან და ყველას წინაშე როდი განიბნევის.
    მაშ დღეს რა პრეტენზია გაქვთ?  
   

    «კერძო საკუთრების ხელყოფაო». ასეთი უტიფრობა და თვალთმაქცობა უბრალოდ აღმაშფოთებელია! კი მაგრამ, განა მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ პროცესში პირდაპირ, დაუფარავად არ ამბობდა, რომ რევოლუციის მიზანი იმ ქონების ექსპროპრიაცია იქნებოდა, რომელიც მისი და ხალხის აზრით უკანონოდ იყო მოპოვებული? ქონებრივი უთანასწორობით გაბოროტებული მასა, ჩვეული უცდომელი გუმანით გრძნობდა, რომ ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ ჩინოსნებს არ გულისხმობდა და ეს ძალიან მოსწონდა.

  მაშ რაში გამოიხატება მის მიერ ხალხის ან «დემოკრატიული ძალების» მოტყუება?

    აი, ხშირად კითხულობენ ხოლმე (ისევე, როგორც სოციალური საფუძვლის მქონე ყველა რევოლუციის შემდეგ: რევოლუციამ უქონელ ადამიანს რა მისცა განა ახლაც ისევე სიდუხჭირეში არ ცხოვრობსო, როგორც მაშინ? კი ბატონო, ერთი შეხედვით თითქოს ასეთს რევოლუციამ ბევრიც არაფერი მისცა მატერიალურად, რაკი «ახლაც» ისევე ცხოვრობს, როგორც «მაშინ». სამაგიეროდ, მისცა (მისთვის) ძალზე ტკბილი და მნიშვნელოვანი: გაამწარა ის, ვინც «მაშინ» ბედნიერი იყო.

არჩევნები გაყალბდაო. არადა, 2003 წლის 2 ნოემბრის «უსამართლო» არჩევნების შედეგად, 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბეიქტმა და 12 პარტიამ გადალახა. თანაც, არც ერთ მათგანს არათუ საკონსტიტუციო ან კვალაფიციური, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა. ხოლო 2004 წლის 28 მარტის «სამართლიანი» არჩევნების შედეგად პარლამენტში ჩამოყალიბდა ერთპარტიული მმართველობა კონსტიტუციის ნებისმიერ მომენტში შეცვლის უნარით. სინამდვილეში, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი ანტირეფორმისტული იქნებოდა და სწორედ ეს იყო პრობლემა, თორემ იგი ბევრად უკეთ ასახავდა ქართული საზოგადოების ცნობიერ სპექტრს.

  
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    უკვე ათეულობით წელია საშინლად აღიზიანებთ ხალხის წიაღში დაბადებული ბუნებრივი კითხვა: «ის თუ არა, მაშ ვინ?»
    არადა, ეს კითხვა სავსებით ჯანსაღია და სწორედაც კოლექტიური გონის არსებობაზე მეტყველებს, რაკი შინაარსობრივად დაიყვანება მეორე კითხვაზე: ეს თუ არა, მაშ რა?
    ანუ, თუ არა ეს კურსი, ეს პოლიტიკა, ეს პროექტი, რომელიც დღეს ხორციელდება, მაშ რა პროექტი, რა კურსი, რა ვექტორი, რა ორიენტაცია?
    აი აქ კი «ეფლობა» ეს ჩვენი მრავალფეროვანი ოპოზიცია, ვინაიდან არანაირი მკაფიო პროექტი მათ არა აქვთ და თუ «გაერთიანებული ოპოზიციის» შემადგენლობას გავითვალისწინებთ, არც შეიძლება ჰქონდეთ.
    როგორც არ უნდა გაღიზიანდნენ, მათი ლეგიტიმურობის ხარისხი მანამ არ აცდება სამიტინგო დონეს, სანამ ქვეყანას ერთმნიშვნელოვან, მკაფიო საერთონაციონალურ პროექტს ვერ შესთავაზებენ. ისე, როგორც ეს მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის სახით.
    დღევანდელი ოპოზიციონერები მაშინ (2003 წლის ნოემბერში), როცა წამდაუწუმ გაიძახოდნენ «უძრაობით და უიმედობით სული გვეხუთებაო», ვერ მიხვდნენ, რომ რევოლუცია არა მხოლოდ საძულველი, ყოველმხრივ მოყირჭებული შევარდნაძის წასვლას ნიშნავდა, არამედ სწორედ ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბებას და იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა და დღეს ძალიან აღარ მოსწონთ.
    ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მათზე ბევრად თანმიმდევრულია, რადგან საქართველოში(!) მოდერნიზაციული პროექტის განხორციელება (აკი ძალიან უნდოდა ყველას) მხოლოდ და მხოლოდ იმ მეთოდებით და სახელისუფლებო ინსტრუმენტალით იყო შესაძლებელი, რომლითაც და როგორც ხორციელდება.
    ძალიან საინტერესოა, ქვეყნის განვითარების რა ერთობლივ პროექტს შეიმუშავებენ დათო უსუფაშვილი და ჯონდო ბაღათურია?
    ჯერ-ჯერობით ერთადერთი სლოგანი ვიხილეთ და ისიც სრულიად აბსურდული. მართლაცდა, რა იდიოტიზმია ეს «საქართველო პრეზიდენტის გარეშე?». მესმის «საქართველო შევარდნაძის გარეშე» «საქართველო სააკაშვილის გარეშე» «საქართველო დიქტატურის გარეშე», «საქართველო ავტორიტარიზმის გარეშე», მაგრამ «საქართველო პრეზიდენტის გარეშე???».
    დაასახელონ ამ «მომავლის პოლიტიკოსებმა» თუნდაც ერთი რესპუბლიკა დედამიწის ზურგზე პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე (სულ სხვა საქმეა პრეზიდენტის უფლებამოსილება).
    თუ მონარქიის აღდგენას აპირებენ? რესპუბლიკური პარტიის პროგრამა შეიძლება ამას კიდეც ითვალისწინებდეს. საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა.
    - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    და მაინც, აქ მთავარი ის კი არა არის, მოერევა თუ არა დღევანდელი ოპოზიცია ამჟამინდელ პრეზიდენტს. ჯერ-ჯერობით ვერ მოერევა, რადგან არსებული საერთონაციონალური პროექტის «ცვეთის» პროცესი საკმარისად არ გაღრმავებულა.
    მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და სამწუხარო, როდემდე, რამდენჯერ შეიძლება ეს საცოდავი ქვეყანა ერთსა და იმავე წრეში წრიალებდეს?
    გადატრიალება - განხეთქილება ხელისუფლებაში - პათოლოგიური დაპირისპირება – ბრბოს აღტკინება - გადატრიალება - განხეთქილება ხელისუფლებაში - პათოლოგიური დაპირისპირება – ბრბოს აღტკინება - გადატრიალება - განხეთქილება ხელისუფლებაში - პათოლოგიური დაპირისპირება – ბრბოს აღტკინება. . . . . . და ა.შ და ა.შ.
    ხომ მრავლდება ეს წყვილები: შევარდნაძე-პატიაშვილი; გამსახურდია – სიგუა; სააკაშვილი – ოქრუაშვილი . . . ანუ გადატრიალებიდან – გადატრიალებამდე; რევოლუციიდან – რევოლუციამდე; სამოქალაქო ომიდან – სამოქალაქო ომამდე; მარაზმიდან – მარაზმამდე და ასე მარადჟამს, დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე!

30 სექტემბერი 2007

მთელ გვერდზე