ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საფრთხე

    თუ რაიმე დიდი მოულოდნელობა და კატასტროფა არ მოხდა, უკვე გაზაფხულზე ევროკავშირი დაასრულებს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების პროცედურებს. ფაქტიურად, მხოლოდ ფორმალობები რჩება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი ფორმალობანი, რომლებიც ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ურთიერთქმედების წესდებებშია გაწერილი. მათი დაცვის გარეშე პროცედურა მაინც ვერ დასრულდება. ოღონდ, რაკი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც ჩანს, „ვიზალიბერალიზაცია“ უკვე მართლაც მხოლოდ დროის საქმეა.
საქართველოში ამ მომენტისთვის დიდი ზარ-ზეიმით ემზადებიან. მათ შორის ხელისუფალნი და მთელი პოლიტელიტა - „მთავარი ოპოზიციური ძალის ჩათვლით“. მხოლოდ იმაზე კამათობენ, ვისი დამსახურებაა და ვის უნდა ჩაეწეროს „სამომავლო ქულად“, თორემ უდიდესი სიკეთე რომაა, ამაზე არც არავინ დავობს.
არადა, „სიკეთე“ და „ისტორიული მიღწევა“ კი არა, ევროკავშირთან ე.წ. „უვიზო რეჟიმმა“ შესაძლოა ისეთი კატასტროფული შედეგი გამოიღოს ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დასამარდეს „ევროპული იდეაც“ და „ევროპული იდენტობაც“.
გამაოგნებელი უპასუხისმგებლობაა, როცა უბრალო ადამიანებს არავინ უხსნის მკაფიოდ და გასაგებად: არავითარი „უვიზო რეჟიმი“ (როგორც მათ ესმით) ეს არ იქნება! წინა რეჟიმთან განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ მანამდე საქართველოს მოქალაქე იძულებული იყო უამრავი საბუთი შეეგროვებინა და ევროპული სახელმწიფოს საელჩოში მიეტანა, რათა როგორმე დაერწმუნებინა საკონსულოს თანამშრომელი მხოლოდ ტურისტული (არა დასაქმების) მიზნით მოგზაურობის სურვილში, ახლა იგივე საბუთები გერმანელ, ფრანგ, უნგრელ, იტალიელ თუ ბერძენ მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს უშუალოდ საზღვარზე! ეს უკანასკნელი კი, საკუთარი შეხედულებით გადაწყვეტს, შეუშვას ადამიანი ევროკავშირში თუ გააბრუნოს უკან.
ოდნავი ეჭვი თუ გაუჩნდა, უკან გამოაბრუნებს. ოღონდ ეს უკეთეს შემთხვევაში; ხოლო თუ უკანდასაბრუნებელი რეისი რამდენიმე დღის შემდეგაა, აეროპორტს კი „ნეიტრალური ზონა“ და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, ადამიანი შეიძლება ე.წ. „საემიგრაციო ბანაკშიც“ ჩასვან. ანუ, თანამედროვე ევროპის საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც შესაძლოა მთელი კვირის გატარება მოუხდეს ავღანელ, არაბ და აფრიკელ უკანონო მიგრანტებთან ერთად, რომლებიც დეპორტაციისათვის ემზადებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავაკვირდეთ, რა უბედურება ტრიალებს ისრაელის საზღვარზე: ათიდან - რვა (!) ქართველს, ვინც „უვიზო რეჟიმის“ შესახებ ბრიყვული პროპაგანდით მოიხიბლა, უკან აბრუნებენ. ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფას აყენებენ და საშინლად აზარალებენ ფინანსურად. მაგრამ ამის თაობაზე ჩვენი ტელეჟურნალისტიკა (როცა სჭირდება, არაფერი გამოეპარება) კრინტს არ სძრავს, ანუ ჯიუტად არ აშუქებს უამრავ პიროვნულ ტრაგედიას, რაც ამ ე.წ. „უვიზო რეჟიმმა“ გამოიწვია
ბევრად დიდი და საზარელი უბედურება შეიძლება დატრიალდეს ევროკავშირის საზღვრებზე, როდესაც მას სულელური და უპასუხისმგებლო პროპაგანდით თვალებაპრიალებული ქართველების, მათ შორის სრულიად გამოუცდელი და გულუბრყვილო ახალგაზრდების არმია მიაწყდება. ბევრი მათგანი ისარგებლებს ავია-რეისებით ქუთაისიდან, რაკი მართლა ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია.
ამ ადამიანებს წარმოდგენაც არა აქვთ, რამდენად გულქვა, ჩლუნგად სწორხაზოვანი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხადია ევროპული ბიუროკრატია. მათ შორის სასაზღვრო ბიუროკრატია.
საკმარისია რომელიღაც რეგვენ მესაზღვრეს რაიმე არ მოეწონოს, ეჭვი გაუჩნდეს და. . . . . ადამიანს ქვეყანაში არ შეუშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა საბუთი ექნება. განსხვავება ისაა, რომ „სავიზო რეჟიმის“ დროს მას საელჩოდან გამოისტუმრებდნენ უარით, ევროპული აეროპორტიდან „გამოსტუმრება“ კი ბევრად მტკივნეული, ზოგჯერ საშინელი პროცედურაა.
ამაზე უეჭველად იტყვიან: „ერთ-ორი ამგვარი შემთხვევა რომც მოხდეს, ბევრად მეტი ქართველი ხომ მაინც შევაო ევროპაში“.
ჯერ ერთი, ისრაელის მაგალითი ადასტურებს, რომ „თითოოროლა შემთხვევა“ კი არა, მასობრივი დეპორტაცია გველის. მით უმეტეს ამჟამად ევროპაში შექმნილი ანტიემიგრანტული ისტერიის ფონზე. მაგრამ დავუშვათ ასეა. აბა წარმოვიდგინოთ, რა მოხდება საქართველოში, რომელიმე სტუდენტი, გულუბრყვილოდ რომ გაემგზავრება ევროპაში, საზღვარზე დააკავონ, საემიგრაციო ბანაკში მოათავსონ დეპორტაციამდე, იქ კი ავღანელებთან ან არაბებთან მოუვიდეს კონფლიქტი და რაიმე დაემართოს? განა ძნელი პროგნოზირებადია, რა აღშფოთებას, თანაც სრულიად სამართლიან აღშფოთებას გამოიწვეს ეს ქვეყანაში (ტელემედია ყველაფერს ვერ მიჩქმალავს) და როგორ ისარგებლებენ ამით ანტიდასავლური ძალები?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საერთოდაც გაუგებარია, რად გვინდოდა ეს „უვიზო რეჟიმი“? თუკი იგივე საბუთები (ალბათ უფრო მეტიც კი) უნდა შეაგროვოს ადამიანმა, ანუ ამონაწერი ბანკიდან, სამუშაოს ცნობა და ა.შ და ა.შ - განა არ სჯობს, ეს საბუთები საელჩოში მიიტანო და 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზის აღება სცადო, ვიდრე გარისკო და შორეულ ქვეყანაში გაფრინდე, სადაც არა საკონსულოს გამოცდილმა თანამშრომელმა, არამედ ვინმე ხეპრე მესაზღვრემ უნდა გადაწყვიტოს შენი ბედი?! მათ შორის ის, - მოგათავსებენ თუ არა საკონცენტრაციო ბანაკში პირუტყვებთან ერთად.
ამასთან შედარებით, ფინანსური ზარალი „წვრილმანად“ უნდა ჩაითვალოს: ბოლოს და ბოლოს, საელჩოს შემთხვევაში მხოლოდ ვიზის მოსაკრებელს კარგავ, ხოლო აეროპორტიდან უკან მობრუნების დროს - შეუდარებლად მეტს.
ამ ყოველივეს საქართველოს მოქალაქეებს არავინ უხსნის. არავინ ეუბნება, რომ ე.წ. „უვიზო რეჟიმი“ ევროკავშირთან გულისხმობს მხოლოდ ერთს: იგივე საბუთების შეგროვებას მესაზღვრისთვის (და არა თბილისში მდებარე საკონსულოს თანამშრომლისთვის) წარსადგენად, რაც უდიდესი რისკია.
ამას ადამიანებს არ უხსნიან არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის, არც მედიის წარმომადგენლები, რადგან მთლიანად ქართული ისტებლიშმენტი „უვიზო რეჟიმს“ უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და, როგორც ყოველთვის, მოქმედებს საკუთარი ვიწრო ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ ადამიანთა ბედი რომ აღელვებდეთ, ყევლაზე ჯანსაღი, უხიფათო და მიზანშეწონილი რეჟიმი ევროკავშირთან სწორედ ისა, რაც დღეს არსებობს: როდესაც ან მოგცემს საელჩო ვიზას, ან არა; მაგრამ იმის გარანტია მაინც გექნება, რომ „ჯოჯოხეთის ცხრა წრეს“ არ გაივლი ევროპულ „საემიგრაციო ბანაკებში“.

მთელ გვერდზე