უკრაინა ირჩევს კაპიტულაციას

    უკრაინის საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, კიევში საოცარი რამ მოხდა: რუსეთის სპეცსამსახურებმა დღისით, მზისით, ხალხით და პოლიციით სავსე ქუჩაზე მოიტაცეს რუსული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლეონიდ რაზვოზჟაევი, იქვე ნემსი თხარეს, დააძინეს და იმავე საღამოს მოსკოვურ ციხე მატროსსკაი ტიშინაში ამოჰყო თავი.
    ან საზღვარზე როგორ გადაიყვანეს, ან სად გაგონილა თავმოყვარე ქვეყანაში მეზობელმა სახელმწიფომ ასეთი თავხედური ოპერაცია ჩაატაროს, პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი მოიტაცოს, საზღვარზეც უპრობლემოდ გადაიყვანოს და ამ ქვეყანამ წრიპინიც ვერ გაბედოს?
    არც წამოუკნავლია უკრაინის ოფიციალურ ხელისუფლებას. გამოქვეყნდა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ–ერთი მოადგილის კომენტარი, რომელმაც საერთოდ გამაოგნებელი რამ თქვა: რაზვოზჟაევის მოტაცებაზე სისხლის სამართლის საქმეს არ აღვძრავთ, რადგან ის ხომ ყაჩაღებს არ მოუტაციათ – რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიტაცესო!
    და ეს ყოველივე ხდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელზეც ლიდერობს პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეგიონების პარტია. სწორედ ის პარტია, რომლის ლიდერები კრინტს ვერ ძრავენ და პროტესტის გამოთქმასაც ვერ ბედავენ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის უკანმოუხედავი და მოურიდებელი მოქმედების გამო.
    ჯერ–ჯერობით ამ არჩევნების საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მთავარი ტენდენცია უკვე გამოიკვეთა: იანუკოვიჩის მმართველი პარტია გვარიანად უსწრებს მისი მთავარი მოწინააღმდეგის, იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკოვშინას. რეგიონებს დაახლოებთ 35–36 პროცენტი აქვთ, ხოლო ბატკოვშჩინას – 21–22 პროცენტი.
    თანაფარდობა კიდევ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მთავარი უკვე ცხადია: იანუკოვიჩი კვლავ იგებს არჩევნებს, ხოლო იულია ტიმოშენკო, ისევე როგორც მთელი ნარინჯისფერი რევოლუციური მოძრაობა მწარედ მარცხდება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ეს მოძრაობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც კიევის ცენტრალურ მაიდანზე ასეულობით ათასი უკრაინელი შეიკრიბა და რადიკალური ცვლილებები მოითხოვა. უკრაინულ რევლუციას სამი ლიდერი ჰყავდა: ვიქტორ იუშჩენკო, იულია ტიმოშენკო და უკრაინის ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი ალექსანდრე მოროზი.
    რევოლუციამ გაიმარჯვა, პრეზიდენტმა კუჩმამ ძალაუფლება იანუკოვიჩს მაშინ ვერ გადაულოცა, პრეზიდენტი კი ვიქტორ იუშჩენკო გახდა. მაგრამ ამის შემდეგ ნარინჯისფერმა პრინცესამ და იუშჩენკომ, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, ერთმანეთი დაჭამეს, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა იმ იდეალებს, რისთვისაც ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა. იუშჩენკო სრული ჩვარი აღმოჩნდა: ვერც ერთი რეფორმა ვერ გაატარა. ოლიგარქიას ვერაფერი გაუბედა. პრემიერ–მინისტრად მან იულია ტიმოშენკო დანიშნა. თუმცა ქალბატონი იულია იმდენად დააშინა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ, რომ გადაწყვიტა, დათმობებით გასულიყო ფონს და მოსკოვთან ურთიერთობა არ გაემწვავებინა. ამიტომ, მთავარ საკითხში – ბუნებრივი აირის ფასზე – რაც უკრაინული სახელმწიფოსთვის სამკვდრო–სასიცოცხლო თემაა, სრულიად კაპიტულანტურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც გაზის ფასი მიება ნავთობზე ფასს. ანუ სანამ ნავთობი ძვირი იქნება, უკრაიანა გაზში იმაზე ძვირს გადაიხდის, ვიდრე გერმანია!
    ამ ქალბატონს მერე ძალიან გაუკვირდა, რომ ახალმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა დააპატიმრა, ხოლო ყოფილმა მეგობარმა იუშჩენკომ მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სასამართლოში. წყეულიც იყოს – წამოსცდა ერთხელ უკრაინის მოქმედ პრემიერ–მინისტრ აზაროვს ამ ხელშეკრულებაზე საუბრისას.
    იულია ციხიდან ხელმძღვანლობს თავის პარტიას, რომელიც, ასე თუ ისე, კონკურენციას უწევს რეგიონალებს. 20 პროცენტი არც ისე ცოტაა მათ მდგომარეობაში. გარდა ამისა, დაახლოებთ 15–16 პროცენტი აქვს უკრაინის კომუნისტურ პარტიას, 12–13 პროცენტი კი მოკრივე ვიტალი კლიჩკოს უდარ–ს, ხოლო პარტია თავისუფლებას 7–8 პროცენტი.
    თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ იანუკოვიჩი და მისი კურსის მიმდევრები, ასევე რუსეთთან კაპიტულანტური პოლიტიკის მომხრეები, მომავალ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებენ. თან ეს მხოლოდ პროპორციული სიებით. პარლამენტის მეორე ნახევარი კი (250 დეპუტატი) მაჟორიტარული წესით ირჩევა.
    უკრაინული პოლიტიკისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იანუკოვიჩის გუნდი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში განაგრძობს ქვეყნის მართვას, ხოლო რუსეთთან ურთიერთობებში საბოლოო კაპიტულაცია და ევრზიულ კავშირში შესვლა მხოლოდ დროის საქმე იქნება.
    იანუკოვიჩი ის პრეზიდენტია, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე (სევასტოპოლში) რუსეთს სამხედრო ბაზა 40 წლით დაუკანონა; ის პრეზიდენტია, რომლის ადმინისტრაცია კრინტს არ ძრავს, როცა მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები თავხედურად იტაცებენ ადამიანს დედაქალაქის ცენტრში. მაშასადამე, მოგვწონს თუ არა, ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია! იგი სულ უფრო მეტად იხრება ევრზიული პროექტისკენ, ხოლო ამ კურსის საბოლოო გაფორმება პუტინისთვის მხოლოდ დროის და ტექნიკის საქმე ხდება.
    თუ, რასაკვირველია, ამერიკა არ გამოერკვა ძილქუშიდან და რაიმე არ იღონა ნავთობზე ფასების დასაგდებად, რაც რუსეთის ახლო სამეზობლოს (მათ შორის საქართველოსა და უკრაინას) შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

მთელ გვერდზე