რამ ჩამოაგდო ТУ-154?

    რუსული საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს, ვინც „არა პურითა (და არყითა) ოდენ“, ახალი წელი საბოლოოდ ჩაუშხამდა: რამდენიმე დღის წინ ანკარაში საჯაროდ მოკლეს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი კარლოვი. მკვლელი, - 22 წლის თურქი ფანატიკოსი - აშკარად თურქული საზოგადეობის სიძულვილს გამოხატავდა იმის გამო, რაც რუსულმა ავიაციამ ჩაიდინა ალეპპოში.
რუსები იძულებულნი გახდნენ ეს სისხლიანი, თანაც შეურაცხმყოფელი ინციდენტი გადაეყლაპათ, რადგან დიდმა პოლიტიკოსმა, რეჯეფ ერდოღანმა საქმე ისე მოაწყო, რომ მოსკოვს „სახელმწიფოებრივად შეურიგდა“, ხოლო ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი უკვე „კერძო გამოვლინებად“ აღიქმება: რუსეთს სათქმელი და საპრეტენზიო თურქულ სახელმწიფოსთან თითქოს არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი არათუ პოლიციელი, არამედ თურქული სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი (!) აღმოჩნდა საბოლოოდ.
რაც შეეხება თვითმფრინავს, ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმაა პუტინის რეჟიმისთვის. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ელჩის მკვლელობა ან რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავის აფეთქება სინაის თავზე.
საქმე ისაა, რომ ამ თვითმფრინავით სირიისაკენ მიფრინავდა რუსეთის ეროვნული სიამაყე: ალექსანდროვის სახელობის სამხედრო ანსამბლი. უფრო ზუსტად, ამ ანსაბლის ელიტა - მამაკაც მომღერალთა გუნდი. ისინი, „ხმეიმის“ სამხედრო ბაზაზე, რუსი მფრინავებისათვის კონცერტის გამართვას გეგმავდნენ
Ту-154 პოდმოსკოვიეს ჩკალოვის აეროპორტიდან გამოფრინდა კვირას, შუაღამის შემდეგ და რატომღაც (ჯერ ბოლომდე დაუზუსტებელია რატომ) დაჯდა ადლერის ანუ სოჭის აეროპორტში. ერთი ვერსიით, ბენზინის შესავსებად, მერე ვერსიით, ვიღაც იდუმალი VIP - მგზავრის ასაყვანად.
ბენზინი მოსკოვიდან - სირიამდე ამ თვითმფრინავს, წესით, უნდა ჰყოფნოდა. საერთოდ, ТУ-154 უნიკალური სამგზავრო ლაინერია. მას ევროპის ცაში ფრენა 1990-იან წლებში აუკრძალეს ერთადერთი მიზეზით; ხმაურის გამო. სხვა მხრივ, „ბოინგსა“ და „აერბასს“ ბევრად არ ჩამოუვარდება: სამი ძრავი აქვს, ესე იგი, ამ მხრივ უსაფრთხოა. თან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამგზავრო ლაინერია: 950 კილომეტრს ავითარებს საათში.
კონკრეტულად ის თვითმფრინავი, რომელიც სოჭთან ზღვაში ჩაემხო, 1983 წელსაა გამოშვებული, თუმცა თარიღმა არ მოგატყუოთ: ამ კლასის თვითმფრინავისთვის 33 წელი ბევრი არც არაფერია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ „კაპრემონტი“ ჩატარებული ჰქონდა, ესე იგი ძრავიც გამოუცვალეს და ყველა სასიცოცხლო სისტემაც.
ТУ-154-ს ბოლო კატასტროფები „ადამიანურ ფაქტორს“ უკავშირდება და არა ტექნიკურ ხინჯებს: პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის და მთელი პოლონური ელიტის დაღუპვა 2010 წელს სმოლენსკთან და უკრაინული რაკეტით, იმავე შავი ზღვის თავზე შეცდომით ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავი 2001 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვირას, დილის ექვსის ნახევარზე, ТУ-154 ადლერიდან აფრინდა, მაგრამ ორიოდე წუთში რადარებიდან გაქრა, შემდეგ კი მისი ნამსხვრევები ზღვაში აღმოაჩინეს.
ყველაზე საეჭვოდ ექსპერტებს ორი გარემოება მიაჩნიათ: თუ საქმე ტექნიკურ გაუმართავობასთან გვაქვს, ეკიპაჟი აუცილებლად მოასწრებდა დისპეტჩერებისთვის შეტყობინების გაგზავნას. მით უმეტეს, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი - უგამოცდილესი, პირველი კლასის მფრინავებით. მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც თვითმფრინავი ჰაერში ფეთქდება.
გარდა ამისა, ნამსხვრევები ძალიან დიდ ფართობზეა აღმოჩენილი ზღვაში. ერთი შეხედვით ესეც ადასტურებს ჯერ კიდევ ჰაერში აფეთქების ვერსიას. მით უმეტეს, რომ ვიდეოჩანაწერიც გაჩნდა სოჭის თავზე უეცარი ხანმოკლე „სიკაშკაშისა“.
მაგრამ სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ ნამსხვრევები, დიდ ფართობზე, შესაძლოა ზღვის დინებას გაეტანა, ვიდეოჩანაწერი შესწავლილი არაა - ამგვარი უეცარი გამონათება ღამის ცაში ბევრია და, რაც მთავარია, თუ ტერორისტული აქტი იყო, როგორ უნდა მოეხერხებინათ ტერორისტებს მისი განხორციელება? ყველა ვინც თვითმფრინავში ავიდა მოსკოვის აეროდრომზე, გულდაგულ გაჩხრიკეს. ისევე, როგორც მათი ბარგი, ანუ მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. თვითმფრინავი ჩრდილო ოსეთის „მოზდოკის“ აეროპორტში უნდა დამჯდარიყო თითქოს და სრულიად შემთხვევით დაჯდა სოჭთან. ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა?
შემდეგ: ადლერში თვითმფრინავს საკვები ან სხვა რაიმე ნივთები არ მიწოდებია: უბრალოდ საწვავი დაუმატეს ისე, რომ არავინ გამოსულა და არავინ შესულა, მაგრამ . . . ყველა ამ ინფორმაციას ახლა ის უწყებები ავრცელებენ, რომლებსაც „კუდი ეწვით“, რაკი ეშინიათ, რომ გაცოფებული ხელისუფლება მათზე იყრის ჯავრს. ამიტომ, ბუნებრივია, იტყვიან, ყველაფერი შევამოწმეთ, ბორტზეც არავინ აგვიყვანია და არანაირი საგანი არ მიგვიწოდებიაო.
უმთავრესი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: ამინდი იდეალური იყო, ეკიპაჟი ზეგამოცდილი, თვითმფრინავი ახლად შემოწმებული და გარემონტებული . . . . დავუშვათ ჰაერში მწყობრიდან გამოვიდა ან მესაჭემ დაუშვა შეცდომა და ლაინერი ეწ. „ჰორიზონტულ სტუპორში“ ჩავარდა, როცა „მოფარფატე ფოთოლივით“ ეცემა ძირს. ამგვარი რამ შესაძლებელია, მაგრამ გამორიცხულია ეკიპაჟს ვერ მოესწრო მიწაზე სიგნალის გადმოცემა. ამისთვის ხომ სულ რამდენიმე წამია საკმარისი - ღილაკზე თითის დაჭერა თუნდაც.
ოღონდ, თუ თვითმფრინავი ჰაერში ფეთქდება, ამასაც ვერ ასწრებენ - სიკვდილი წამის მეათედში მოდის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და თუ მაინც ტერაქტი იყო . . . . ვინ? როგორ? გუშინ, ღამის თოქ-შოუში, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საოცარი რამ თქვა: „ეს ხომ სოჭია . . . . . . იქვეა აფხაზეთი, აფხაზეთი კი საქართველოა“. წარმოგიდგენიათ? „აფხაზეთი კი საქართველოაო“. ასე თქვა სიტყვა სიტყვით.
მაგრამ, ეს ყოველივე ჯერ მხოლოდ ვერსიებია, რომლებიც შესაძლოა არც დადასტურდეს. ყველაზე არსებითი მაინც ისაა, რომ რუსებმა ახლა პირველად იგრძნეს, რას ნიშნავს გლობალური გავლენისათვის ბრძოლა: როცა ელცინის ეპოქაში ახლო აღმოსავლეთის საქმეებში საერთოდ არ ერეოდნენ, სახლებს ჩრდილო კავკასიელი ტერორისტები უფეთქებდნენ - ჩეჩნეთის გამო შურის საძიებლად. ახლა პუტინმა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს რეგიონში, ძალიან სერიოზული ომი წამოიწყო; ალეპპოს აღება იმ ომის დასასრული ნამდვილად არ არის: რუსეთს ფანატიკოსებით სავსე ქვეყნებში იმდენი მოსისხლე მტერი გაუჩნდა, ამგვარი ექსცესებისგან დაცულნი და გარანტირებულნი ნამდვილად ვეღარ იქნებიან.

მთელ გვერდზე