თურქეთში დრონი მეფობენ
   

    სამხედრო პუტჩი თურქეთში ჩაფლავდა. ჩაფლავდა იმდენად სასტიკად და სამარცხვინოდ, რომ ამ ქვეყნის არმიამ სამუდამოდ დაკარგა ის როლი, რაც მას თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ფუძემდებელმა, ქემალ ათათურქმა მიანიჭა. რეჯეფ ერდოღანს კი საბოლოოდ გაეხსნა ყველა გზა საკუთარი „სახელმწიფოებრივი პროექტის“ წარმატებით განხორციელებისთვის.
    პრეზიდენტ ერდოღანამდე (რომელიც უდავოდ ყველაზე დიდი თურქი მოღვაწეა თვით ქემალ ათათურქის შემდეგ) ამ ქვეყანას, ფაქტიურად, არმია მართავდა. სწორედ იგი იყო ჭეშმარიტი „სუვერენი‘ და ძალაუფლების წყარო. საკმარისია გავიხსენოთ თურქული პუტჩების ისტორია:
    1960 წლის 27 მაისს, არმიამ გადააყენა დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი. მოგვიანებით, იგი ჩამოახრჩვეს (!) საგარეო საქმეთა მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად.
    აი, ასე: ადგენენ და ჩამოახრჩვეს. მორჩა და მოსვენება. ამაზე „ადვილი“ რა არის?
    1971 წლის 12 მარტს, არმიას ინფლაციის მაღალი დონე არ მოეწონა და პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი გადააყენა. თუმცა არ ჩამოუხრჩვია, რადგან „დრონი“ თანდათანობით იცვლებოდნენ.
    1980 წლის 12 სექტემბერს არმიამ განაცხადა, რომ გარეკა პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა. სამხედრო დიქტატურა, გენერალ ქენან ევრენის მეთაურობით 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
    1997 წლის 28 თებერვალს, არმიის გენერალურმა შტაბმა ულტიმატუმი წაუყენა პრემიერ-მინისტრ ნეჯმეთდინ ერბაქანს (ისლამისტური პარტიის ლიდერს და დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკურ „მამას“) თუმცა აღარ დაუპატიმრებია. ახალ პრემიერად არმიამ მესუთ ილმაზი დანიშნა.
    ამ სამხედრო გადატრიალებებს ერთი ნიშან-თვისება აერთიანებდათ: ხალხის სრული გულგრილობა. უბრალო თურქები არ ერეოდნენ პროცესებში, თავს არ იკლავდნენ ვინმეს დაცვით, სრულიად გულგრილად, „შორიდან“ აკვირდებოდნენ მოვლენებს........ არმიაც არ ეხებოდა უბრალო ადამიანებს: ცხოვრება სტამბულში გრძელდებოდა ისე, „როგორც ყოველთვის“: თამაშობდნენ ნარდს ჩაი-ხანებში, მზეს ეფიცხებოდნენ ბოსფორზე, დასდევდნენ ტურისტებს, ზანტად მუშაობდნენ თურქეთის შესანიშნავ ჰავაში, შუადღისას თვლემდნენ ჩრდილში თბილი, მალბუნი ნიავით მოთენთილნი და ასე შემდეგ.
    თურქეთიც ასევე ზანტად, უნდილად, უღიმღამოდ ვითარდებოდა და ევროპის მაჩანჩალად, საერთოევროპული ანეგდოტების, ასევე ფრანგთა და ინგლისელთა ზიზღნარევად ქედმაღალი ქილიკის ობიექტად რჩებოდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სულ სხვაგვარად განვითარდა მოვლენები შაბათს გამთენიას. ყველაფერი თითქოს კლასიკურად დაიწყო: არმიამ დაიკავა საკვანძო ობიექტები დედაქალაქში, ალყა შემოარტყა პარლამენტს და პრეზიდენტის რეზიდენციას, სამხედრო ვერტმფრენებმა დაიწყეს შენობების დაბომბვა, ტანკებმა კი ცეცხლი გაუხსნეს პარლამენტს მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ხალხის რჩეული დეპუტატები კურდღლებივით ჩაბარებას აღარ აპირებდნენ.
    რაც მთავარია, არმიამ ვერ შეძლო პრეზიდენტ ერდოღანის უმალვე დაპატიმრება. რეჯეფ ერდოღანმა დიდი ხნის წინ მიიღო წინდახედული გადაწყვეტილება და სპეცსამსახურები, ასევე პოლიცია, არმიის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და საგანგებო სპეცდანიშნულების დივიზია შექმნა, რომელიც არა არმიის შტაბს, არამედ პოლიციას ექვემდებარებოდა. ხელმძღვანელებად კი, ყველგან, საკუთარი მომხრეები დანიშნა.
    შედეგად, სპეციალურმა სამსახურებმა დროულად შეატყობინეს პრეზიდენტს პუტჩის შესახებ და არმიამ ვერ მოახერხა მისი ხელში ჩაგდება: ერდოღანი სწრაფად გაეცალა მარმარისის საზაფხულო რეზიდენციას. პოლიციამ კი არმიას („მოულოდნელად“) გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია ძალთა შეუდარებელი უთანაბრობის მიუხედავად.
    ეს ერდოღანის პიროვნული ჭკუისა და წინდახედულობის გამოვლინება იყო.
    მაგრამ მის სასარგებლოდ იმუშავა აგრეთვე სისტემურმა ფაქტორებმაც, რომლებიც არ მოქმედებდნენ და ვერც იმოქმედებდნენ წინა პუტჩების დროს. მით უმეტეს 1960 წელს.
    მაგალითად: არმიამ დაიკავა თურქეთის სახელმწიფო არხი და აიძულა იგი გადაეცა განცხადება „მშვიდობის საბჭოს“ (ესე იგი ხუნტის) ჩამოყალიბების შესახებ. ოღონდ, 1960 წლისგან განსხვავებით, რა აზრი ჰქონდა ამას იმ ვითარებაში, როდესაც თურქეთში ბრწყინვალედ აღჭურვილი და რეგიონულად დიფერენცირებული, თანამგზავრზე დიდი ხნის წინ „ასული“ ათეულობით ტელეარხი მოქმედებს?
    ყველას როგორ გადაკეტავდნენ და გააკონტროლებდნენ?
    როგორ გააკონტროლებდნენ ინტერნეტს, როგორ გააკონტროლებდნენ მობილურ კავშირგაბმულობას?
    პუტჩისტებმა მოახერხეს ერდოღანის დროებითი იზოლირება იმ აზრით, რომ ასე თუ ისე გადაუჭრეს ძალაუფლების ბერკეტებთან მისასვლელი ყველა გზა. ზოგიერთი ცნობით პრეზიდენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰაერში იმყოფებოდა, რადგან ხმელეთზე, ნებისმიერ ადგილას დაშვების შემთხვევაში დააპატიმრებდნენ.
    თუმცა, თვლა წუთებზე იყო, ვინაიდან საჰაერო ძალები პუტჩისტებს ექვემდებარებოდნენ და პრეზიდენტის ლაინერი შესაძლოა უბრალოდ ჩამოეგდოთ: პუტჩში მონაწილე პოლკოვნიკებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ.
    მაგრამ სწორედ ამ მომენტში იმუშავა კიდევ ერთმა სისტემურმა ფაქტორმა: თანამედროვე კომუნიკაციებმა საშუალება მისცეს ქვეყნის ლიდერს, „ხმა მიეწვდინა“ უშუალოდ ხალხისთვის: პრეზიდენტის სტაფმა უზრუნველყო, რომ ერდოღანი მობილური ტელეფონით (ვაიბერით, ფეისბუკით თუ ინტერნეტით) დაკავშირებოდა CNN-ს თურქული განყოფილების ჟურნალისტს, რომელმაც ეს მობილური, პრეზიდენტის გამოსახულებით, პირდაპირ ეთერში უბრალოდ მიიტანა მიკროფონთან და მთელმა თურქეთმა (დიდიან პატარაიანად ხომ ყველა ტელევიზორს იყო მიჯაჭვული) მოისმინა ერდოღანის გენიალურად მახვილგონივრული, ზუსტად გათვლილი მოწოდება: „გამოდით ქუჩებში!“
    „სახლში დარჩითო“, ამას კი არ მოუწოდებდა (არმიისგან განსხვავებით) არამედ პირიქით: „ქუჩებში გამოეფინეთო“. პასუხად, პირველად „თურქული პუტჩების“ ისტორიაში, ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და სწორედ ამით, მხოლოდ და მხოლოდ ამით, შეძლო ერდოღანმა პუტჩისტების დამარცხება. სხვა შემთხვევაში, ვეღარც სპეცსამსახურები უშველიდნენ და ვერც პოლიცია
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ტანკებს ათასობით ადამიანი უპირისპირდება, როცა სამხედრო მანქანებზე ძვრებიან, ჯარისკაცებს თავს ესხმიან და ასე შემდეგ, არმიას ერთადერთი ალტერნატივა რჩება: გახსნას გამანადგურებელი ცეცხლი და მოაწყოს საზარელი სასაკლაო. ფიზიკურად, ეს სავსებით შესაძლებელია: თურქული არმია უძლიერესია ევროპაში გერმანიის შემდეგ.
    ამგვარ ბრძანებას ფანატიკოსი ქემალისტი პოლკოვნიკები კიდეც გასცემდნენ, არაფერი დაუშლიდათ, მაგრამ უშუალოდ „მსროლელი“ ხომ თვითონ ვერ იქნებოდნენ? უშუალოდ უნდა „ესროლა“ იმ საწყალ ჭაბუკს, რომელიც ტანკში იჯდა, ან პოსტს დარაჯობდა პარლამენტთან, ან სახლმწიფო ტელევიზია აიღო. სწორედ მას უნდა გაეხსნა ცეცხლი. თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც ერდოღანმა ზუსტად გათვალა, რაკი მისი უკანასკნელი შანსი იყო: ძალიან ძნელია ჯარისკაცმა ან დაბალი რანგის ოფიცერმა თუ სერჟანტმა მიიღოს გადაწყვეტილება (რომც უბრძანონ) და ესროლოს ათასობით უიარაღო თანამემამულეს - მისივე თანატოლს, მის სისხლსა და ხორცს, მის ენაზე მოლაპარაკე უიარაღო ადამიანს! არა მტერს, არამედ ისეთივე თურქს, როგორიც თავადაა.
    მართლა სისხლისმსმელი ცხოველი უნდა იყოს, ამაზე წავიდეს. პუტჩისტი პოლკოვნიკები (ვიმეორებ) „ხელს მოაწერდნენ“, მაგრამ რიგითი ჯარისკაცები? სერჟანტები?
    სწორედ ხალხის აქტიურობამ გადაარჩინა ერდოღანი და (დიახაც) გადაარჩინა დემოკრატია თურქეთში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ერთის მხრივ, ახალი დროის, ახალი ეპოქის პირმშოა და, მეორეს მხრივ, თავადაა ამ ეპოქის შემოქმედი. საუბრები მისი რაღაც „ფუნდამენტალისტურ-ისლამისტობის“ შესახებ, თითიდან გამოწოვილი მტკნარი სისულელეა!
    ერდოღანი კონსერვატორია. მაგრამ კონსერვატორია იმავე აზრით და გაგებით, როგორც, მაგალითად, კონსერვატორები იყვნენ რონალდ რეიგანი და მარგარეტ ტეტჩერი. უბრალოდ, თუ ისინი ქრისტიანულ ღირებულებებს ეყრდნობოდნენ თავიანთი ქვეყნების მოდერნიზებისას, ერდოღანი საამისოდ „ზომიერი ცივილიზებული ისლამის“ ღირებულებებს ეყრდნობა. საქმე მხოლოდ „აიფონებში“, „უაიბერსა“ და „თუითერში“ როდია. თუმცა ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა. მთავარი ისა, რომ ერდოღანი დროსთან და ეპოქასთან სინქრონში მოქმედებს:
    სწორედ პრეზიდენტ ერდოღანის დროს აყვავდა თურქეთი! რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, სწოერდ მისი მმართველობისას შეიძინეს თურქებმა შრომისა და ყოფითი ურთიერთობის ჭეშმარიტად ევროპული კულტურა. ანუ, მის დროს გამოვიდნენ ჩაი-ხანათა ეზოებში, ტკბილი ნიავის ფონზე, მალბუნ ჩრდილში ზანტად მთვლემარე მდგომარეობიდან და შეუდგნენ ფანატიკურად (მაშასადამე ევროპულად) შრომას.
    შედეგად, თურქეთი, პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ევროპის ერთ - ერთი ყველაზე განვითარებული ეკონომიკისა და სოციალური სისტემის (მათ შორის შესანიშნავი ჯანდაცვის) ქვეყნად იქცა!
    უმარტივესი მაგალითი (თუნდაც ერთი - ასეულობით ასეთივე მაგალითიდან): სტამბულის მეტრო, რომელიც ერდოღანმა ააშენა და ბოსფორი დააძლევინა, უდავოდ საუკეთესოა ევროპაში ყველა თვალსაზრისით.
    როგორ შეიძლება ამის შედარება იმასთან, რაც ირანში მოხდა მას შემდეგ, რაც ამ დიდ სახელმწიფოს გონებადაბნელებული ფანატიკოსი მულლები დაეუფლენ და შუა საუკუნეებში დააბრუნეს - ბრბოს მიერ ქალების ქვებით ჩაქოლვის ტრადიციით?
    რა თქმა უნდა, ერდოღანი ავტორიტარია და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისკენ ისწრავის, მაგრამ ეთხელ და სამუდამოდ უნდა განვასხვავოთ ავტორიტარიზმი - ტოტალიტარული დიქტატურისაგან.
    ერდოღანი ვერ დაამარცხებდა პუტჩისტებს, იგი რომ პოპულარული ლიდერი არ ყოფილიყო და მილიონობით სრულიად გულწრფელი მომხრე არ ჰყოლოდა. მის დასაცავად სწორედ ის თურქები გამოვიდნენ, ვინც ეზიარა ცივილიზაციისა და პროგრესის სიკეთეს, ხოლო ისლამი მათ ცხოვრებაში დაახლოებით ისეთივე როლს ასრულებს, როგორც ქრისტიანობა, - ნებისმიერი, მორწმუნე ევროპელის ყოფაში.
    ერდოღანმა ზომიერი ისლამი აქცია მოდერნიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად. ეს იდეოლოგია (ანუ, სწრაფი განვითარება ისლამის დროშით და ისლამურ ღირებულებებზე დაყრდნობით) ბევრად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა თურქთა აბსოლუტური უმრავლეოსობისათვის ვიდრე ხალხისგან სრულიად მოწყვეტილი კლასიკური „ქემალიზმი“, რასაც ეყრდნობოდა და ეყრდნობა არმია. უფრო ზუსტად, მისი ტრადიციული გენერალიტეტი, რომელიც ქემალმა, თავის დროზე, ჩამოაყალიბა და „მომართა“ საიმისოდ, რათა თურქეთის ევროპეიზაციის გარანტი ყოფილიყო. თუმცა, მიუხედავად ცალკეულ პოლკოვნიკთა კლანურ-კორპორატიული ამბოხისა (ნიშანდობლივია, რომ ამჯერად უმაღლესი გენერალიტეტის დიდი ნაწილი პუტჩს მაინც არ მიემხრო) სინამდვილეში, თურქეთის განვითარებისა და მოდერნიზების ნამდვილი გარანტი დღეს სწორედ თურქული დემოკრატიაა, რომელსაც ამ ქვეყნის უდავოდ დიდმა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ახალი სიცოცხლე და ეროვნული განვითარების საზრისი შთაბერა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სულ სხვა საქმეა, რომ ეს საზრისი და „ერდოღანის ფილოსოფიიდან“ ბუნებრივად გამომდინარე ოსმანიზმი (მაშასადამე ნაციონალისტური ექსპანსია) სულაც არ შეესატყვისება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაკი უეჭველად გულისხმობს თურქეთის გავლენისა და „რბილი აგრესიის“ ზრდას. მათ შორის საქართველოშიც (აჭარაში); ოღონდ ამას ისლამურ ფუნდამენტალიზმთან, ანუ, თურქეთის ირანის მსგავს ისლამურ სახელმწიფოდ ქცევასთან საერთო არაფერი აქვს გარეგნული ანტუარჟის გარდა.
    სამხედრო პუტჩმა, ამ აზრით, საქართველოს დამატებითი შანსი შესძინა, რაკი, ბრძოლის ლოგიკიდან გამომდინარე, ერდოღანმა, პუტჩის ჩახშობის შემდეგ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და „ინჯირლიკის ამერიკულ სამხედრო ბაზას ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა! ფრენებიც აკრძალა (პირველად ისტორიაში), ანუ, ფაქტიურად, ეს ბაზა დახურა. ალბათ დროებით, თუმცა ფაქტია, რომ ერდოღანი კატეგორიულად მოითხოვს ამერიკელებისგან მთავარი მტრის - ფათხულჰ გიუნელის ექსტრადირებას.
    თურქულ-ამერიკული კონფლიქტი ახლა რომც ჩაცხრეს (არც ისე იოლი იქნება), ამერიკელებს მაინც მოუწევთ იმაზე დაფიქრება, ვის და როგორ შეიძლება აწი დაეყრდნონ რეგიონში, თუკი მათი უცვლელი მოკავშირე, - თურქული არმია - კარგავს იმ როლს, რასაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა.
    ბუნებრივია, რეგიონის რუქას თუ გადახედავენ, საქართველოსაც შეამჩნევენ ალბათ; ანუ პატარა, სრულიად ლოიალაურ ქვეყანას, სადაც ამგვარი პრობლემები, რა თქმა უნდა, არასდროს შეექმნებათ.
    ეს თითქოს ზრდის იმის შანს, რომ ვაშინგტონმა საქართველოში პოზიციების განმტკიცება სცადოს საქმით და არა ფუჭი დეკლარაციებით. თუმცა რაკი ამ შანსის გამოყენება უკვე რუსეთის გავლენის სფეროში რეალურად შემოჭრას გულისხმობს, საეჭვოა ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელ თუ მომავალ ადმინისტრაციას საამისო შნო და უნარი აღმოაჩნდეს. ამიტომ, ისევ ხმელთაშუა ზღვის მეექვსე ფლოტის იმედად დარჩებიან.
    „საქართველოში ბაზა რად უნდათ“, როცა ეს ფლოტი იქვე ჰყავთო - ხშირად მოისმენ. მაშინ ინჯირლიკის ბაზა რაღად უნდოდათ? რაკი ჰქონდათ, მაშასადამე სჭირდებოდათ კიდეც.
    თუმცა, „საქართველო და თურქეთი“ - უკვე სულ სხვა საუბრის თემაა.

                მთელ გვერდზე