თურქულ-სომხური ჩიხი ანუ ნობელის ლაურეატი პუტინი

        ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასათვის «ნობელის» მინიჭების შემდეგ ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ეს პრემია იყო «ავანსი», მათ შორის, თურქულ-სომხური შერიგებისთვის, რის თაობაზეც უკვე გაფორმდა შეთანხმება და მხარეებმა მოილაპარაკეს უახლოეს მომავალში გახსნან საზღვრები.
        სინამდვილეში კი, თუ ვინმეს ეკუთვნის ნობელი ამ საკითხში, იგი ეკუთვნის . . . . ვლადიმერ პუტინს, რაკი სწორედ მისმა აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, აიძულა სომხეთის ხელისუფლება, ეძებნა ალტერნატიული გზები თავისი ქვეყნის იზოლაციიდან გამოსაყვანად: საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და ყოველგვარი სატრანსპორტო კომუნიკაციის საბოლოო შეწყვეტის შემდეგ, სომხები უბრალოდ მიხვდნენ, რომ თურქეთთან (ესე იგი დასავლეთთან და ნატოსთან) კომპრომისის გარეშე მომავალი საერთოდ არა აქვთ. 1988 წელს, ესე იგი ყარაბაღის მოძრაობის დაწყებისას, სომხეთის მოსახლეობა 4 მილიონს აღწევდა. დღეს კი 2 მილიონამდე სომეხი დარჩა სომხეთში. თვით მთიან ყარაბაღში–კიდევ 100 000.
        ანუ, სომხეთს ჰაერივით სჭირდება თურქეთთან საზღვრის გახსნა, რასაც ორი გარემოება ემატება: ამერიკა-ირანის ომის დაწყების შემთხვევაში, სომხები საერთოდ შიმშილით ამოწყდებიან, რადგან ეს ერთადერთი გზაც ჩაეკეტებათ რუსეთთან კავშირისა (ირანის ტერიტორიიდან – კასპიის ზღვის გავლით), ხოლო თუ აზერბაიჯანმა ყარაბაღისთვის ომი დაიწყო, საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსულ შეიარაღებას სომხეთისთვის არ გაატარებს.
        აქედან გამომდინარე, აგვისტოს შემდეგ სომხებისთვის გარკვეული დათმობის საფასურად თურქეთის საზღვრის გახსნა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ რის ფასად?
        ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება გულისხმობს, რომ მხარეები ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და მზად არიან გახსნან საზღვარი ორი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება «ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ» პარლამენტებში დამტკიცდება.
        თვით ხელშეკრულებაში ყარაბაღი საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ერდოგანმა უკვე განაცხადა, რომ დოკუმენტი პარლამენტში რატიფიცირებისათვის მხოლოდ მას შემდეგ შევა, როდესაც სომხეთი დაეთანხმება ე.წ. «მადრიდის პრინციპებს» ესე იგი გაათავისუფლებს აზერბაიჯანის ოკუპირებულ რაიონებს და დააბრუნებს ლტოლვილებს მთიან ყარაბაღში, სადაც დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ ჩატარდება რეფერენდუმი. ესე იგი მაშინ, როდესაც აზერბაიჯანული მოსახლეობის რიცხვი (ბუნებრივი მატების შედეგად) სომხებს გაუტოლდება.
        იგულისხმება აგრეთვე რეგიონში სამშვიდობო ჯარების განლაგება. ოღონდ არა რუსეთის, არამედ ნატის წევრი ქვეყნებისა
        ამ პირობების მიღება პრეზიდენტ სარგსიანისთვის სიკვდილის ტოლფასია, რადგან «ჩასაფრებული» ოპოზიცია მას დამხობით ემუქრება და ამ პროცესში «სომხეთის ღალატით» აღშფოთებული რუსეთის იმედიც აქვს. არმიღება კი სომხეთის ნელ-ნელა დაცლასა და თანდათანობით სიკვდილს ნიშნავს.
        თუმცა «ნობელის ნამდვილ ლაურიატ» პუტინს ეს სულაც არ ანაღვლებს. მას ნამდვილად შეუძლია გაიმეოროს ფრაზა ცნობილი ანეგდოტიდან: «ამათ ხომ არ ჰგონიათ, სომხები თვლით მყავს ჩაბარებულიო»

მთელ გვერდზე