ტომას ჰამერბერგის ევროპული დიპლომატია

        გასულ კვირას ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლება და კიდევ ორი მათი თანატოლის 10 დღის განმავლობაში გამოშვების დაპირება ევროსაბჭოს კომისარმა, ტომას ჰამერბერგმა დიდი დამსახურებად მიიწერა და საკუთარი მისია ამოწურულად ჩათვალა.
        სინამდვილეში, ევროკომისარმა მხოლოდ დაუდასტურა სეპარატისტებს, რომ მათ აქვთ და კვლავაც ექნებათ საშუალება, «დააშანტაჟონ» არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპული თანამეგობრობა.
        ბუნებრივია, გიორგი რომელაშვილს, ალეკო ცაბაძეს, ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს არავითარი «ლიმონკები» ჩანთაში არ ჰქონიათ. »პრაიმ-ტაიმის» ცნობით, როდესაც ისინი სეპარატისტებმა სოფელ ხეითთან დააკავეს, ზურგჩანთა (სადაც საჭმელი ჰქონდათ) იქვე ადგილზე დაატოვებინეს; შემდეგ ცხინვალში წაიყვანეს, იქ დაკითხეს, მათ შორის თვალთმაქცურად ჰკითხეს: ზურგჩანთა სად დატოვეთო. მერე ტელეკამერების წინ ამოაღებინეს და სწორედ ამ მომენტისთვის წინასწარ ჩადებული ყუმბარები «იპოვეს».
        ზოგიერთს უკვირს: რაღა ბავშვები ამოირჩიეს, განა რამდენიმე დღით ადრე დაკავებულ მეტყევეებს ვერ ჩაუდებდნენო ხელყუმბარებს? მაგრამ საქმე ისაა, რომ სეპარატისტებს სჭირდებოდათ გახმაურებული ინციდენტი, რომელიც საერთოევროპულ რეზონანსს გამოიწვევდა – ჩამოვიდოდა ევროკომისარი და თანასწორ მოლაპარაკებას გამართავდა «ქართულ და ოსურ მხარეებთან».
        სამწუხაროდ, ნაცვლად ბარბაროსული მოქმედების დაგმობისა, ევროსაბჭოს კომისარმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა უკეთესი, გარდა სეპარატისტებთან ვაჭრობისა: ბავშვების სანაცვლოდ კოკოითი ყველა იმ ოსის გათავისუფლებას ითხოვდა, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გასამართლდა სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის. მათ შორის იმ ოსებისა, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობდნენ «სამხრეთ ოსეთში». Uუბრალოდ, კოკოითს მიაჩნია, რომ ოსი საქართველოს ციხეში არ უნდა იჯდეს – რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი.
        ევროპის საბჭოს და მის კომისარს «ადამიანის უფლებების დარგში» ორი გზა ჰქონდა: რუსეთთან დაპირისპირება, მისი ხელდასხმული მარიონეტული რეჟიმების მხილება და კატეგორიული მოთხოვნა პოლიტიკური დემარშებით, ან კოკოითთან ვაჭრობა.
        მან მეორე (ტერორისტებთან გარიგების) გზა არჩია და საქართველოს ხელისუფლებასაც სხვა გზა არ დაუტოვა, რათა ბავშვების გასათავისუფლებლად რამდენიმე ოსი კრიმინალი გაეშვა, რომლებიც მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
        ამით იქმნება საშიში პრეცედენტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც ძვირად შეიძლება დაუჯდეს, მაგრამ ჰამერბერგსა და სხვა ევროჩინოსნებს ეს ნაკლებად აღელვებთ.

მთელ გვერდზე