ტერორი ევროპაში
       

        ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გააფრთხილა ქვეყნის მოქალაქეები, ევროპაში მოგზაურობისას ფრთხილად იყონ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში დიდია ტერორისტული აქტების საფრთხე.
        მართლაც, «ალ – ყაიდას» (და არა «ალ ქაიდას», როგორც ჩვენში უწოდებენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას) საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაკი ევროპაში მაჰმადიანებს ჩაგრავენ, მუსლიმ ქალებს «მოსიარულე კუბოებით» (ესე იგი ჩადრებით) სიარული აუკრძალეს, ხოლო ქმრებს, ძალდატანების შემთხვევაში, 2 წლით ციხე ემუქრებათ, - ალ-ყაიდას მებრძოლებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა ევროპა იმით დასაჯონ, რომ ტურისტებისათვის საყვარელი ადგილები ააფეთქონ იქ მყოფ საბრალო ობივატელებთან ერთად.
        ბუნებრივია ამერიკას არ სურს მისი მოქალაქეებიც მოხვდნენ «დასჯილთა სიაში» და ამიტომაც მოუწოდებს მათ, ფრთხილად იყონ. «საერთოდ არ იმოგზაუროთო ევროპაში» – მეტისმეტი იქნებოდა, თუმცა სიფრთხილისკენ მოწოდებაც კი სენსაციურად ჟღერს, რაკი პირველი შემთხვევაა ისტორიაში. დღემდე ტურისტებისათვის საშიშ ზონებად სახელმწიფო დეპარტამენტი აფრიკისა და აზიის ქვეყნებს ასახელებდა. საქართველოს თაობაზეც არაერთხელ ურჩევია თავისი ტურისტებისთვის: «სვანეთში მოგზაურობას მოერიდეთო». პირდაპირ ვერ დაწერდა: «იმ რეგიონს აფრასიძეთა ოჯახი აკონტროლებსო». თუმცა გაფრთხილება – გაფრთხილებად რჩებოდა.
        რა თქმა უნდა, არც ერთ ქვეყანას არ უყვარს, როცა უცხოელ ტურისტებს აფრთხილებენ – იქ არ ჩახვიდეთო. არა მგონია ამერიკასაც ძალიან გახარებოდა, თუ მაგალითად საფრანგეთი ან გერმანია საკუთარ მოქალაქეებს დააშინებდნენ: «ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ ტერაქტების საფრთხე არსებობს და ნიუ იორკს მოერიდეთო». მით უმეტეს, რომ ეს გაფრთხილება არც უსაფუძვლო იქნებოდა – ახლახანს «თაიმს სკვერზე» ისლამისტმა გარეწარმა კინაღამ ნახევარი ტონა ტროტილი ააფეთქა და მსოფლიო დედაქალაქი ბეწვზე გადაურჩა კიდევ ერთ «საუკუნის ტერაქტს». ის ბომბი, საბედნიეროდ, არ აფეთქდა, თორემ რამდენიმე ცათამბჯენს კიდევ დაანგრევდა – მსხვერპლზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        ევროპელები საკითხს უფრო დელიკატურად მოეკიდნენ. ამერიკის სახელმწიფიო დეპარტამენტმა კი პირდაპირ «აჯახა»: ევროპა მოგზაურობისთვის სახიფათო ადგილიაო და ამას ნამდვილად არ გააკეთებდა სერიოზული ინფორმაციის გარეშე! მართლაც, «ალ – ყაიდას» ევროპის ყველა ქვეყანაში ჰყავს თავისი «მებრძოლი ჯგუფები», რომლის წევრები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის თუ იტალიის მოქალაქეებად ინიღბებიან. Mმრავალი მათგანი შთამომავლობით ევროპელია, ანუ მათი პაპებიც კი ევროპაში დაიბადნენ; თვითონ, ევროპული ენების გარდა, არც ერთი ენა არ იციან და ევროპის გარეთ არასდროს უმოგზაურიათ.
        ამის მიუხედავად, რაღაც პათოლოგიური და ჩლუნგი სიძულვილით სძულთ ის ქვეყანა (ამ შემთხვევაში, ევროპა, როგორც მთლიანი ცივილიზაცია), სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ; სადაც უმრავლეს შემთხვევაში მდიდრულად ცხოვრობენ და არც არაფერი უჭირთ: რამდენიმე წლის წინ ლონდონის მეტროში რომ ტერაქტები მოაწყვეს გარეწრებმა – მატერიალურად საკმაოდ შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ.
        ამდენად, «ალ ყაიდას» ტერორი გონივრულ ახსნას არ ექვემდებარება და საერთოდ არაფერი შველის გარდა . . . . ტყვიისა შუბლში! მაგრამ როგორ გინდა ეს ცოფიანი ფანატიკოსი ნორმალური ადამიანისგან გაარჩიო.? - სად როდის იბღავლებს «ალაჰუუუუ აქბააააარ!!!» და ააფეთქებს მკერდზე დამაგრებულ ბომბს, არავინ იცის. შეიძლება ეს მოხდეს პარიზში, - ეიფელის კოშკთან, ან ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე, თუ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან. ესე იგი, სწორედ იქ, სადაც ყოველთვის ბევრი ტურისტია: ისვენებენ ადამიანები, ტკბებიან სილამაზით, ეცნობიან ევროპას და არ იციან, როდეს გაისმის პირუტყვული ბღავილი, შემდეგ კი . . . . . . აფეთქების ხმას უკევ ვეღარც გაიგონებენ.
        დღეს ყველა ევროპულ დედაქალაქში, ტურისტთა თავშეყრის ადგილებში, უკვე იმდენი პოლიციელია, თავი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გეგონება. დადიან ავტომატმომარჯვებული შავოსნები და ტურისტებს უბღვერენ. მერადა, ვის აშინებენ ან ვის იცავენ ამით? უბედურება ისაა, რომ ყალბი პოლიტკორექტულობის გამო ნამდვილ მიზეზებზე და გამოსავალზე არავინ საუბრობს.
        გამოსავალი კი მხოლოდ ერთია: «ალ ყაიდას» პოტენციური «მასალა», ესე იგი ამ ქვეყნებში მცხოვრები, შესაბამისი «იდენტობის» მატარებელი თემები მკაცრად უნდა კონტროლდებოდნენ. რა ისტერიკაც არ უნდა მოაწყონ ადამიანის უფლებათა დამცველებმა, ნამდვილად გამართლებულია მოსმენაც, თვალთვალიც და წერილების თუ «სმს» -ების კითხვაც მაშინვე, როგორც კი პოლიციელს ან სპეცსამსახურებს «გონივრული ეჭვი» გაუჩნდებათ და არა სასამართლოს ხანგრძილივი და ხშირად უსარგებლო პროცედურებით.
        თუ ადამიანს ბოროტი არა აქვს განზრახული, ამის წინააღმდეგი წესით არ უნდა იყოს. 11 სექტემბრის შემოქმედი გარეწრები ჩვეულებრივ ამერიკელებად გამოიყურებოდნენ. იმ დროს ამერიკაში ჯერ კიდევ არ იყო მიღებული «პატრიოტული აქტი» და არც სპეციალური სამსახური (homeland security) ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ამიტომაც მოახერხეს ტერორისტებმა ჩანაფიქრის აღსრულება.
        მათ ინგლისელ «კოლეგებს» კი დიდი ხნით ადრე უთვალთვალებდნენ «მი-6» -ის თანამშრომლები და ატლანტიკის თავზე ათამდე ლაინერის ერთდროულად აფეთქებაც ამიტომ ვერ შეძლეს კოკა კოლას ბოთლებით შეტანილი ნიტროგლიცერინის გამოყენებით. სწორედ 2007 წლის ამ ოპერაციის შემდეგ აიკრძალა თვითმფრინავში სითხის შეტანა.
        სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის: ევროპა ან უნდა დანებდეს «ალ ყაიდას» და დასაკლავი ციკანივით შეუშვიროს კისერი, ან უნდა აღიაროს, რომ მიმდინარეობს სასტიკი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ომის დროს კი ყველა მეთოდი «მოსულა».

მთელ გვერდზე