ვინ აფეთქებდა გივი თარგამაძეს?

    არჩევნებამდე სამიოდე დღით ადრე, თბილისის ცენტრში, უცნობმა პირებმა კინაღამ მოკლეს მთავარი ოპოზიციური ძალის, - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ნიშანდობლივი“ ლიდერი, გივი თარგამაძე.
    ჯერ ჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი, სამართავი პულტით განხორციელდა აფეთქება (როგორც თავად თარგამაძე აცხადებს) თუ ვიღაცამ მანქანის უკანა ძარის ქვეშ პლასტიდით, მაგნიტით ან სხვა საშუალებით მიამაგრა შეყოვნებული მოქმედების ნაღმი. თავის მხრივ, ასეთი ნაღმი შეიძლება რეაგირებდეს მანქანის მოძრაობაზე (ვთქვათ დამუხრუჭებაზე) ან მუშაობდეს ტაიმერით.
    ბოლო ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან ბოროტმოქმედებს სწორედ თარგამაძის მოკვლა სჭირდებოდათ და ზუსტად უნდა სცოდნოდათ, რომ ის მართლა იჯდა მანქანაში, ხოლო მანქანა მოძრაობდა.
    ძალიან უცნაურია, რომ დაუჯავშნავი მანქანა დაინგრა, მაგრამ არ დაიწვა. როგორ არ მოხდა საწვავის ავზის სრული დეტონაცია აფეთქების შედეგად? ასეთ დეტონაციას კი უეჭველად მოჰყვებოდა ისეთი ძალის ხანძარი, რამდენიმე სახანძრო მანქანა იქნებოდა საჭირო, როგორც 1995 წლის 29 აგვისტოს, როდესაც პარლამენტის ეზოში აფეთქდა მანქანა, - როდესაც გვერდით შევარდანაძის ლიმუზინმა ჩაიარა.
    მიუხედავად იმისა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურის ლიმუზინზე კი არ იყო მიმაგრებული, არამედ სხვა მანქანაზე, აფეთქების ტალღამ ლიმუზინის საწვავის ავზის დეტონაცია გამოიწვია!
    აქედან გამომდინარე, შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას, რომ თარგამაძე მართლა ბეწვზე გადარჩა. კიდევ იმიტომაც, რომ მძღოლის გვერდით იჯდა და არა უკანა სავარძელზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    დისტანციური მართვის პულტით აფეთქების ვერსია თუ მართალია, მაშინ განსაკუთრებული ცინიზმითა და თავხედობით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ტერაქტის მომწყობებს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ ის ტერიტორია, სადაც უამრავი დაწესებულებაა, ათეულობით სათვალთვალო კამერით კონტროლდება, ანუ „მიმყოლი მანქანა“ აუცილებლად დაფიქსირდებოდა.
    ამიტომ, ყველაზე მეტად სარწმუნო მაინც ის ვერსია ჩანს, რომ მანქანაზე დაამაგრეს მაღალტექნოლოგიური „ჯოჯოხეთის მანქანა“, რომელიც თვით მანქანის მოძრაობაზე რეაგირებდა.
    ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? წინასაარჩევნო ბრძოლა გადადის ომში, რომელსაც უმოწყალო კანონები აქვს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ლამის პირდაპირ დაადანაშაულა ამ ტერაქტში ოდესის გუბერნატორი და ენმ - ს მოქმედი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი!
    კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: „ვისაც არ უნდა ჩაედინა ეს დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს . . . უმკაცრესად დაისჯება!“
    ამაზე „მსხვილი ნამიოკი“ წარმოუდგენელია: „. . . . . რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს. . . . “ - სწორედაც პირდაპირი მინიშნებაა სააკაშვილზე და ყველამ ასე გაიგო, თავად სააკაშვილისა და „ნაციონალთა“ ლიდერების ჩათვლით.
    მით უმეტეს, ეს განცხადება თავსდება იმ კონტექსტში, რომ „მოსალოდნელია არეულობა“, რომ „იგეგმება რევოლუცია . . . “ ანუ იგულისხმება, რომ გივი თარგამაძის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ ვითომ, რათა შემდეგ ეს საბაბად გამოეყენებინათ რევოლუციისათვის.
    მეტისმეტად რთული „კონსტრუქციაა“.
    მაგრამ არც ისაა ნაკლებად რთული და არადამაჯერებელი, რომ, თითქოს, „ოცნება კლავდა თარგამაძეს„.
    მორალი ან ამაზე „წამსვლელ - არწამსვლელობა“ არაფერ შუაშია: ძველი ლათინები, რომელთა გენიალურ გამოცდილებას თითქმის არასდროს ვითვალისწინებთ საქართველოში, ახლაც გვირჩევენ ასეთ შემთხვევებში დავსვათ კითხვა: qui prodest? ანუ, ქართული სლენგით, „ვის აწყობს?“
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რაში „აწყობდა“ ხელისუფლებას გივი თარგამაძის აფეთქება? მისი ან მისი თანაპარტიელების დასაშინებლად? აშკარა სისულელეა!
    კიდევ ვიმეორებ: თარგამაძე მართლა ბეწვზე გადარჩა. უკან რომ მჯდარიყო, საბედისწერო არჩევნები მისი პანაშვიდის თანხლებით გაიმართებოდა. მაშასადამე, მეორე კითხვა უფრო რელევანტურია: რას მოუტანდა ხელისუფლებას, რა სარგებელს მისცემდა, თუ შაბათის არჩევნები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის მძვინვარე და ბობოქარი გასვენების ფონზე ჩაივლიდა, - სავსებით სამართლიანი და გასაგები ბრალდებებით, პირდაპირი ჩართვებით სამგლოვიარო მსვლელობიდან, და ა.შ და ა.შ?
    ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მარცხი იქნებოდა გარდაუვალი, რადგან ეს ტრაგედია დაახლოებით ისეთივე შოკის როლს შეასრულებდა, როგორც ციხის კადრებმა შეასრულა - 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
    ანუ, სულაც არ უნდა გამოირიცხოს „მესამე“ ან „მეოთხე“ ძალის ვერსია. მით უმეტეს, რომ გვაქვს მკაფიო ისტორიული მაგალითი: 10 წლის წინ, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, ხოლო სიტუაცია არანაკლებ ფეთქებადი იყო, ვლადიკავკაზიდან ჩამოსულმა ოსმა (საქართველოდან ლტოლვილი იყო), რომელიც აშკარად რუსული სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა კინაღამ მოკლა ოპოზიციონერი საკუთარი კარის ზღურბლთან. მიზანი ქვეყანაში ვითარების არევა იყო და არა რომელიმე მხარის გამარჯვება. შესაძლოა, ასეთივე სცენარია ახლაც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კიდევ ერთი სერიოზული ვერსიით კი, გივი თარგამაძეს ჰყავდა ძალიან გავლენიანი მტრები, რომლებსაც მან თავის დროზე სისხლი გაუშრო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ პროცესში და მათ ისარგებლეს არასტაბილური ვითარებით, რათა სწორედ ახლა გაესწორებინათ მისთვის ანგარში, რაკი იცოდნენ, რომ პირად შურისძიებას პოლიტიკური ელფერი მიეცემოდა, ანუ ძველი (2004-2005 წლების დროინდელი ექსპროპრიაციების) საქმეთა ჩხრეკას ან არავინ დაიწყებდა, ან არავინ დაიჯერებდა.
    ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს საქმე „ცხელ კვალზე“ არ გაიხსნა არჩევნებამდე, „კოლმეურნეობის მოედანზე“ მომხდარი აფეთქება აუცილებლად დაამჩნევს „კვალს“ თვით არჩევნების შედეგს. შესაძლოა „არა იმდენს“, არა გადამწყვეტს (განსხვავებით იმ შემთხვევისგან, თუ გამოუსწორებელი ტრაგედია მოხდებოდა), მაგრამ მაინც შესამჩნევ და მნიშვნელოვან კვალს.
   

        მთელ გვერდზე