პარაზიტი პოლიტიკოსები ევროპას დაესივნენ

    ყოფილ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, მთელს ევრო–ატლანტიკაში სვავებივით წამოიშალენ პოპულისტი პოლიტიკოსები, რომლებიც გაერთიანებული ევროპის საბოლოო დაშლასა და განადგურებას ცდილობენ. თუმცა, უმძიმესი შედეგი რომ დადგება, ამაზე პასუხს არ აგებენ.
    პირველ რიგში სწორედ ეს უპასუხისმგებლობა აერთიანებს და ამსგავსებს ამერიკელ დონალდ ტრამპს, ინგლისელ ბორის ჯონსონს, «ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის» ლიდერ ნაიჯელ პოლ ფარაჯს, ფრანგ მარინ ლე პენს, რომელთა გვერდით შეიძლება დავასახელოთ კიდევ რამდენიმე ევროპელი «მოღვაწე»: «გერმანული ალტერნატივის» ლიდერი ფრაუკე პეტრი, ჰოლანდიელი ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსი, იტალიური «ჩრდილო ლიგის» თავმჯდომარე მატეო სალვინი და ასე შემდეგ: თუკი ვინმე პოპულისტი და მარგინალი იყო ევროპაში, ყველა აღფრთოვანებულია ბრიტანული «ბრექსიტით» და ხელისუფლებაში მოსვლასაც ლამობს. რატომაც არა? მათი იდეები იმარჯვებენ, ერთიანი «დიდი ევროპის» ოცნება კი მარცხდება!
    ბორის ჯონსონი უკვე ღიად ლაპარაკობს, რომ დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ მინისტრი სწორედ ის იქნება: აბა როგორ, ხომ გაიმარჯვა? არ არის გამორიცხული, თვით კემერონმა დაასახელოს მემკვიდრედ კონსერვატიული პარტიის მომავალ ყრილობაზე და მაშინ არჩევნებიც აღარაა საჭირო.
    «ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის» თავკაცი ნაიჯელ ფარაჯი კი ამბობს: ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს «დამოუკიდებლობის მთავრობა» უნდა ჰყავდესო. ანუ, თვითონაც მოითხოვს თანამდებობას (თანამდებობებს) ახალ მთავრობაში, რაკი ყველაზე მეტი გააკეთა, რათა ეს ბედნიერი დღე დამდგარიყო.
    აქ პირველი მსგავსებაა ყველა ევროპელ სეპარატისტს შორის: სინამდვილეში, ძალაუფლებისთვის იბრძვიან პოპულისტური მეთოდებით და სულ არ აინტერესებთ, რა საშინელ შედეგს მოიტანს მათი ნაციონალ–პოპულიზმი.
    მრავალი ძალიან საეჭვო პერსონაჟიცაა მათ შორის: იგივე ფარაჯი მაგალითად, ან ბორის ჯონსონი თუ მარინ ლე პენი. ბევრს დაუჯერებლად მოეჩვენება, მაგრამ გარეგნობით წმინდა წყლის ინგლისელ ბორის ჯონსონს თურქული ფესვები აქვს: მისი პაპის პაპა ალი ქემალ ბეი (Ali Kemal Bey) ცნობილი თურქი ჟურნალისტი, შემდეგ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. თვით ბორისიც ჟურნალისტობდა – ლონდონის მერის ბექგრაუნდშია The Times და The Daily Telegraph.
    ჯონსონი მუდამ იზიდავდა ექსცენტრიული პოლიტიკოსების მოყვარულ ბრბოს და ამ მხრივ ძალიან ჰგავს (ტყუპისცალივით) ამერიკელ დონალდ ტრამპს. სხვათა შორის, თვით ჯონსონიც, 2006 წლამდე, როგორც ბრიტანეთის ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო: «ეს ზანგები რა ყასაბებივით იცინიან ხოლმე?» – ამ ფრაზამ ბრბოს საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა. საარჩევნო კამპანიის დროს კი იმავე ბრბოს შეპირდა: «მე თუ ამირჩევთ, თქვენს ცოლებს მკერდი გაეზრდებათო».
    ჰოდა აირჩიეს აბა რას იზავდნენ? ოღონდ მერე აღარ დაუსვამთ კითხვები; როგორც არ დაუსვამენ კითხვებს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, საინვესტიციო მიმზიდველობას და ევროპულ ბაზრებს დაკარგავს, შესაბამისად, თვითონაც უმუშევრები დარჩებიან.
    თუმცა ბრბო იმას ვერ მიხვდება და არც აღიარებს, რომ სწორედ საკუთარი სიბრიყვით აღმოჩნდა ამ დღეში. ასეთია მისი ბუნება, რითაც ბრწყინვალედ სარგებლობენ პოპულისტი «გიენები», რომლებიც, თვითონ არაფრით რისკავენ: საკუთარი პოპულიზმის გამანადგურებელ შედეგს მერე ვიღაც სხვას დააბრალებენ.
    იმავე ყაიდის «მდედრი გიენაა» მარინ ლე პენი – ფრანგი ნაცისტის, ჟან მარი ლე პენის ქალიშვილი, რომელმაც დიდად გადაასწრო სახელგანთქმულ მამას პოპულიზმსა და დემაგოგიაში. იმდენად, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატად სერიოზულად განიხილება. ისიც აპირებს «დამოუკიდებლობის რეფერენდუმის» ჩატარებას საფრანგეთში და მაგალითად ინგლისელ სეპარატისტთა ტრიუმფი მოჰყავს.
    ძალიან გვანან ერთმანეთს გამოყენებული ტექნოლოგიით ამერიკიდან – ევროპამდე. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ბრბო ყველგან ერთნაირია. მთავარი საიდუმლო სიტყვა კი, რითაც ერთმანეთს ცნობენ და ჩვენც შეიძლება ვიცნოთ, ესაა: «მარტივი!»
    ყველა მათგანი იყენებს ამ «მემ» – ს საჯარო გამოსვლებში: «ეს პრობლემა მარტივია», «ეს საკითხი ძალიან იოლად შეიძლება გადავჭრათ», «აქ საქმე არის ძალიან მარტივად», «ამაზე ადვილი რა არის?» «ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ დგამს ამ მარტივ ნაბიჯებს, რომ კორუმპირებულია, თორემ ეს ხომ ელემენტარულია?» «ეს ხომ მარტივია», «ეს ხომ სულ იოლია?»
    მაგალითად, «ავდგეთ და გამოვიდეთ ევროკავშირიდან» – ამაზე ადვილი რა არის? მაგრამ ამას რომ შოტლანდიის ბრიტანეთიდან გამოყოფა მოჰყვება, ამაზე ვინღა აგებს პასუხს? «არ ვიცით – ვიღაც სხვა, ყველა ჩვენს გარდა».
    ასევე, დონალდ ტრამპი: «ავაშენოთ კედელი მექსიკის საზღვარზე, ავკრძალოთ ამერიკაში მუსლიმების შემოსვლა, ესე იგი დავაწესოთ ბარიერი რელიგიური ნიშნით. ამაზე ადვილი რა არის?»
    მატეო სალვინი: «რატომ უნდა ვაჭმევდეთ სამხრეთ იტალიას? ავდგეთ და გამოვეყოთ, გვექნება მილანი, ვიცხოვრებთ ბედნიერად, ხომ მარტივია?»
    რატომ არ უნდა «ამ ბოროტ ხელისუფლებებს», ამ «კორუმპირებულ ბიუროკრატებს», ასეთი იოლი და მარტივი გადაწყვეტილებების მიღება რთული პრობლემების გადასაწყვეტად? «იმიტომ, რომ ხალხის მტრები არიან, ჩვენ კი – ხალხის მეგობრები ვართ, ამიტომაც აგვირჩიოს ხალხმა და სულ ადვილად, სულ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებებს»
    «ხალხს» უყვარს სიმარტივე. იმიტომ, რომ თავად მარტივია.
    ადრე თუ ისტორიული დემოკრატიული ტრადიცია ეწინააღდმეგებოდა პოპულიზმსა და დემაგოგიას, როცა რამდენიმე (ორი–სამი) სერიოზული პარტია ცვლიდა ერთმანეთს ხელისუფლებაში, ახლა, რაც უფრო განვითარდა მასობრივი კომუნიკაცია, ეს ვითარებაც შეიცვალა: დემოკრატია ყოვლისმომცველი გახდა, ინფორმაცია – ყველგანმსუფევი და საყოველთაო. დემოკრატიამ «ასოთმავნებლობა» დაიწყო, ანუ საკუთარი თავის მოსპობა–განადგურება, რაც კატასტროფული შედეგით დასრულდება, ვინაიდან როდესაც პოპულისტი პოლიტიკანები თავისას მიაღწევენ, ხელისუფლებაში მოვლენ, რთული პრობლემების «უმარტივესად» გადაწყვეტას შეუდგებიან და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავენ, შედეგიც სულ მალე დადგება; მაგრამ, როგორც ითქვა, ამ შედეგს ყველას და ყველაფერს დააბრალებენ, საკუთარი პოპულიზმისა და უპასუხისმგებლობის გარდა. ამ ყაიდის ხელისუფალს მუდამ შეეშინდება ძალაუფლების დაკარგვის, რათა პასუხი არ აგოს! ანუ, მთლიანობაში, ჩამოყალიბდება ნოყიერი «ბულიონი» სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი სამოქალაქო ომისთვის.
    ყველაზე უარესი ისაა, რომ არავითარი რეცეპტი ამ საშინელების წინააღმდმეგ არ არსებობს: დემოკარტია შობს პოპულიზმს, რომელიც შემდეგ ტრიალდება თვით დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, იწვევს დაპირისპირებას, ისტორიულ ნგრევას და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.
    ერთადერთი საშუალება, რაც არსებობს დამანგრეველი პოპულიზმის წინააღმდეგ – პოზიტიური პოპულიზმია, როდესაც ელიტები წყვეტენ პრობლემებს (მიგრაციის, უმუშევრობის, უკრაინის, რუსული მუქარის და ა.შ), მერე კი ამ გამარჯვებებს სათანადოდ აფიარებენ, რათა ბრბოში დამალულ პატარა ადამიანს საკუთარი ძალა და შეძლება დაანახონ.
    ოღონდ საქმეც ისაა, რომ ევროპის დღევანდელმა მმართველებმა ამგვარი უნარი ვერ გამოიჩინეს და ყველგან ყველაფერი წააგეს (სირიიდან – უკრაინამდე) რისი წაგებაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. შედეგიც დადგა და ეს მხოლოდ დასაწყისია:
    «ბრექსიტი» ანეგდოტად მოგვეჩვენება ამერიკაში «ტრამპიზმის» გამარჯვებისთანავე

                    მთელ გვერდზე