ბუმერანგი

    პოლიტიკოსთა აზრების დამთხვევა ხშირად ინტერესთა თანხვედრას ნიშნავს.
    რამდენიმე დღის წინ ერთი ასეთი დამთხვევის მოწმე გავხდი: საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ აგრესიული სეპარატიზმის მხარდაჭერა ბუმერანგად დაუბრუნდება რუსეთს.
    ამავე დროს, სოჭში გამართულ შეკრებაზე, რომელიც აფხაზეთისა და ჩრდილოეთკავკასიის პრობლემებს მიეძღვნა, ზუსტად იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა.
    ნიშნავს თუ არა ეს დამთხვევა საქართველო - რუსეთის ინტერესთა თანხვედრას ამ რეგიონში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავიზიაროთ «აფხაზური ფაქტორის» როლი იმპერიულ სისტემაში. ეს სისტემა შემთხვევით რგოლებს არასდროს შეიცავდა. მასში ყველაფერი უდიდესი სიზუსტით არის გათვლილი და მიზანშეწონილი. ამას რუსული პოლიტიკის უაღრესად მაღალი დონეც უწყობდა ხელს.
    ქართულ საზოგადოებაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ უცნაური და პრიმიტიული სტერეოტიპი - რუსული პოლიტიკის უნიჭობისა და უნიათობის შესახებ.
    სინამდვილეში, თუ კრემლის პოლიტიკას კომუნისტური ეკონომიკის სიჩლუნგით გამოწვეულ სირთულეებს ჩამოვაშორებთ, დავინახავთ, რომ ეს პოლიტიკა იყო და არის დახვეწილი, ზუსტი, მახვილგონივრული, მძლავრი და ამავე დროს რაფინირებული.
    ასე რომ არ ყოფილიყო, კრემლი ვერ შეძლებდა ევრაზიის ამ უკიდეგანო და მრავალფეროვან სამყაროზე თავისი ძალმოსილების გავრცელებას.
    იმპერიული პოლიტიკის ხერხებსა და მეთოდებს შორის ჩვენთვის ამჟამად ყველაზე საინტერესოა ერთი - იმპერიული ხელისუფლების ირაციონალობა. იმპერიული ძალაუფლების ყოველი შემდგომი მოქმედება ამ ძალაუფლების მრისხანე არეალში მოქცეული ნებისმიერი სუბიექტისათვის (ადამიანი იქნება ეს თუ მთელი ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა), რაც შეიძლება უფრო მეტად განუჭვრეტელი უნდა იყოს და ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ხელმისაწვდომ ლოგიკურ სქემაში არ უნდა «ჯდებოდეს». სხვათა შორის, სწორედ ამ მეთოდის შედეგია, რომ დღეს ქართული პოლიტიკა ლერწამივით ირხევა აქეთ-იქით და ვერა და ვერ გამოუმუშავებია ერთიანი ხაზი თავისი სტრატეგიული მოწინააღმდეგის მიმართ. რუსეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის კვანძი კი სწორედ აფხაზეთში იკვრება.
    კავკასიას სავსებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მრავალი თვალსაზრისით სწორედ კავკასია გახდა იმპერიული პოლიტიკის «სასინჯი ქვა». გარდა ამისა, კავკასია იყო და არის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო ველიკორუსული პატრიოტული სულისკვეთებისა.
    რათა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს, უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული «მეომრული სულის» ჭეშმარიტი აღმაფრენა, რუსეთში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სწორედ «კავკასიის ომში» მოხდა. ამ ომის სისხლიანი რომანტიკით არის გაჟღენთილი მრავალი შესანიშნავი მოღვაწის, მათ შორის გენიალური რუსი პოეტის - მიხეილ ლერმონტოვის ტრაგიკული ფენომენი.
    შეიძლება გავიხსენოთ მეორე მაგალითი - შამილი. მისდამი რუსების დამოკიდებულება ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მიმაჩნია იმპერიული პოლიტიკა კავკასიის მიმართ უაღრესად რაფინირებულად. ოცდახუთწლიანი ომის შემდეგ, რომელსაც ათიათასობით კავკასიელი და კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი შეეწირა, რუსულმა არმიამ როგორც იქნა ალყა შემოარტყა გუნიბს - მრისხანე იმამის უკანასკნელ თავშესაფარს. ათიათასობით რუსული ხიშტის შემხედვარე მაინც არ გატყდნენ ლომგულა მთიელები - თვალებში შეჰყურებდნენ შამილს და მისი წარბის აქნევისთანავე მზად იყვნენ გადასულიყვნენ თავგანწირულ შეტევაზე. მაგრამ შამილი მოერიდა უმწეო მოსახლეობის სიცოცხლის სასწორზე შეგდებას და დანებება არჩია.
    როდესაც იგი თავისი სიმაგრიდან გამოვიდა, რუსი ჯარისკაცები უეცრად დამწკრივდნენ და რუსული «ურა» დასჭექეს. მაშინ კი გაფითრდა შამილი - ხომ არ დამცინიანო, - გაიფიქრა. მაგრამ უმალვე აუხსნეს, რომ ეს მისდამი პატივისცემის გამოხატულება იყო. შამილი იოტისოდენადაც არ შეურაცხყო იმპერიამ. უფრო მეტიც - იგი სულ მალე გაათავისუფლეს და მექაში მიმავალი, გზაში გარდაიცვალა. კავკასიის ისტორია შესაძლოა სულ სხვაგვარად წარმართულიყო, შამილისათვის მაშინ რუსებს რაიმე შეურაცხყოფა რომ მიეყენებინათ - მაგრამ სწორედ ამაშია ველიკორუსული პოლიტიკის დიდოსტატობა - რუსეთმა შეძლო კავკასიის გატეხვა ისე, რომ დაუსრულებლად გამოხატავდა მისდამი პატივისცემას. ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში აქ არავითარი პარადოქსი არ არის, ამის კარგად გასააზრებლად ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ლევ ტოლსტოის ორი შესანიშნავი ნაწარმოები - «ჰაჯი მურატი» და «კავკასიელი ტყვე».
    ყველაზე დიდი პრობლემა კავკასიაში რუსეთისათვის საქართველო იყო. პეტერბურგშიც და მოსკოვშიც შესანიშნავად ესმოდათ, რომ საქართველოს შესწევდა ძალა, ჰქონდა საკმარისი პოტენციალი, რათა ახალი «კავკასიური ამბოხის» ინიციატორი გამხდარიყო. ამიტომ იმპერიამ ძალიან დიდი ძალისხმევის, რუდუნების, გამჭრიახობის შედეგად შექმნა კავკასიაში რგოლი, რომელიც იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შეუშლიდა კავკასიელი ხალხების ანტიიმპერიულ სულისკვეთებათა გაერთიანებას და მძლავრი ბერკეტი გახდებოდა იმპერიის ხელში როგორც ამიერ, ასევე იმიერ კავკასიის სამართავად. ეს რგოლი იყო აფხაზეთი.
    დიდი პოლიტიკის ერთ-ერთი უსამართლობა ისიცაა, რომ თუნდაც შესანიშნავად მოფიქრებული, მაგრამ უძალო პოლიტიკა (ანუ პოლიტიკა, რომელსაც ფიზიკური ძალა არ მოსდევს) ხშირად უმწეო ფრინველივით ფართხალებს იმპერიულ მახეში.
    მწარედ ცდება ის, ვინც ფიქრობს, თითქოს აფხაზური სეპარატიზმი, ანუ აფხაზური ნაციონალიზმი, პრორუსულია თავისი შინაარსით. სინამდვილეში პრორუსული რიტორიკა მხოლოდ ჭეშმარიტი მიზნების შემნიღბავი ფარდა იყო და სხვა არაფერი. აფხაზებმა ერთ-ერთმა უკანასკნელებმა ჩააგეს მახვილი «კავკასიის ომში». ამის შემდეგ რუსეთმა «წყალობა უყო» საქართველოს და მისი ისტორიულად განუყრელი ეს ტერიტორია კვლავ «დაუბრუნა». ნუთუ მას არ შეეძლო მაშინ, როდესაც საქართველო სრულიად უძალო იყო, თავად შეეერთებინა აფხაზეთი? - რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ შორსმჭვრეტელურად გათვალა: აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა გააერთიანებდა ჩრდილოეთ კავკასიას და ეს ერთობა შეიძლებოდა საბედისწერო გამომდგარიყო რუსული ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, რუსეთმა დაიწყო ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის მაქსიმალური გაღვივება და ამ წინააღმდეგობაზე ბალანსირება.
    თავის მხრივ აფხაზთა ლიდერები, სამწუხაროდ, სულიერად სამუდამოდ მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ იმ დიდ ქართულ ერთობას, «აფხაზთა მეფე» ლეონ მეორემ რომ შექმნა. თავიანთი ანტირუსული, ანტიიმპერიული პოლიტიკის ქვაკუთხედად მათ რუსულ-ქართული წინააღმდეგობის მაქსიმალურად გაღვივება აქციეს. მათი ლიდერები წინასწარ განზრახულად აღიზიანებდნენ ქართველობას თავიანთი «სუფთა რუსულით» თუ «რუსეთთან შეერთების» დემაგოგიური მოთხოვნით, თუმცა უკვე მაშინვე მათი მიზანი იყო არა რუსეთთან შეერთება, არამედ ე.წ. «ჩრდილოეთ კავკასიური ერთობის» შექმნა, რომელსაც მყარი საფუძველი გაუჩნდა ერთიანი ეის (რუსულის) არსებობის პირობებში.
    სხვათა შორის, ესეც ველიკორუსული იმპერიის ერთ-ერთი უცნაურობაა. მისი ყველაზე ძლიერი იარაღი - რუსული ენა მის წინააღმდეგვე შეიძლება შემობრუნდეს.
    რუსეთში ზოგიერთებს ძალიან უკვირდათ და უკვირთ - რატომ არ მოითხოვდნენ აფხაზები რუსეთთან შეერთებას ისეთივე დაჟინებით, როგორი დაჟინებითაც ამას მოითხოვდნენ ოსები? ასეთ «დაეჭვებულთა» დასამშვიდებლად არძინბამ (რომელიც სხვათა შორის კარგი პოლიტიკოსია) შემდეგ ეშმაკობას მიმართა: მან გაუგზავნა წერილი რუსეთის უზენაეს საბჭოს «აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სახელით» და სთხოვა, გაევრცელებინა აფხაზეთზე რუსეთის პროტექტორატი ან მიეღო იგი რუსეთის შემადგენლობაში.
    არძინბამ შესანიშნავად იცის, რომ არავითარი იურიდიული ძალა ამ დოკუმენტს არ გააჩნია. დავაკვირდეთ: უზენაესი საბჭოს სახელით მიმართვას აკეთებს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ მიმართვის საფუძველზე რუსეთი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას (რომც სურდეს) რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შემოყვანის თაობაზე.
    ამავე დროს, არძინბა და მისი ჩრდილოეთკავკასიელი მოკავშირენი ოსტატურად «უკრავენ ხელ-ფეხს» რუსეთს, ერთგულების დეკლარაციებთან ერთად ფარულად აშინებენ, რომ თუ თუ საქართველომ აფხაზური სეპარატიზმის დამარცხება შეძლო, მაშინ «მთელი ჩრდილოეთ კავკასია აღდგება რუსეთის წინააღმდეგ» და თუმცა მოსკოვში შესანიშნავად ესმით, რომ ეს მხოლოდ საბაბია ე.წ. «ჩერქეზული ნაციონალიზმის» გამოვლენისა, ისინი იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ოსტატურად გაკეთებულ პოლიტიკურ სვლებს.
    კრემლს თავადაც მძლავრი კოზირები აქვს: აფხაზეთის კონფლიქტის მეშვეობით იგი ერთდროულად მართავს სიტუაციას როგორც ამიერ, ასევე იმიერ კავკასიაში, ერთდროულად «აშინებს» როგორც ქართველებს, ასევე ჩერქეზებს.
    ამავე დროს, რუსეთში იმასაც ხვდებიან, რომ თუ ამ კონფლიქტში საბოლოოდ აფხაზურმა მხარემ გაიმარჯვა და სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, ეს ნამდვილად კატასტროფა იქნება, რადგან იმპერიული სისტემიდან სწორედ ის უმნიშვნელოვანესი «რგოლი» ამოვარდება, რომელიც კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი იყო.
    მართლაც, აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა გეოპოლიტიკური სიტუაცია წარმოიშობა თუ არძინბამ და «მთიელ ხალხთა კონფედერაციამ» შეძლეს აფხაზეთის ქცევა სრულფასოვან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
    ასეთ შემთხვევაში რუსეთი თავის სამხრეთ საზღვართან მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც არც ერთი თვალსაზრისით არ იქნება რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ამ ტერიტორიაზე მოხდება კონფედერაციის ძალთა კონცენტრაცია, «ბოევიკთა» და «ტერორისტთა» მომზადება, ანტირუსული იდეოლოგიის მატერიალური უზრუნველყოფა (ლიტერატურა, პრესა, პროკლამაციები) და ა.შ. რუსეთს კი ქმედითი ზომების მიღება ყოველივე ამის წინააღმდეგ ძალზე გაუჭირდება, რადგან თუ იგი თავის ჯარებს აამოქმედებს, მაშინ ჩრდილოეთ კავკასია კვლავ აბობოქრდება «აფხაზეთის ხელახალი ანექსიისა და ახალი გენოციდის» საბაბით - აფხაზეთი ხომ ფორმალურად რუსეთის ნაწილი არ იქნება! ამავე დროს, აფხაზთა გამარჯვება ამ ომში აღაფრთოვანებს ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს და ისინი თავიანთ «ეროვნულ-განმათავისუფლებელი» მოძრაობას წამოიწყებენ მოსკოვის წინააღმდეგ. ადიღეველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ინგუშები, ავარელები - ერთობლივ სახელმწიფოებრივ სისტემას შექმნიან, რომლის საფუძველი, საყრდენი გახდება აფხაზეთი. გავიხსენოთ - ე.წ. «კონფედერაციის» დედაქალაქად ტყუილად როდი გამოაცხადეს სოხუმი! ასე რომ, აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერა მართლაც ბუმერანგივით დაუბრუნდება რუსეთს და ამ ჭეშმარიტებას მოსკოვში უკვე ნათლად აცნობიერებენ თვით ის ძალებიც კი, რომელნიც არ მალავენ თავიანთ ანტიქართულ განწყობას. აფხაზეთმა შეიძლება გაიმარჯვოს ომში, მაგრამ მის დამოუკიდებლობას რუსეთი არ ცნობს.
    «ივერია-ექსპრესი», 20 ივლისი, 1993წ.

მთელ გვერდზე