პასუხისმგებლობის ტვირთი
   

    ედუარდ შევარდნაძის სენსაციურმა განცხადებამ გადადგომის შესახებ კვლავ შეგვახსენა, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც 1988 წლიდან დაიწყო საქართველოში, არ დამთავრებულა საქართველოს პირველი პარლამენტის არჩევით - იგი გრძელდება და გრძელდება კვლავ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის სიბრტყეზე.
    ამავე დროს, ისევ დგება დღის წესრიგში პოლიტიკაში ზნეობისა და პრაგმატიზმის ურთიერთმიმართების პრობლემა. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ბრძოლა ზნეობა-უზნეობის კატეგორიებით არ შეიძლება განისაზღვროს, დარწმუნებულნი ვარ: საქართველოს შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ვალდებულია, მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდეს, რადგან საქმე ეხება ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას ბოროტების იმპერიის «კლანჭებიდან» ანუ იმის მიღწევას, რისი მიღწევაც მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ხერხებითა და მეთოდებით არის შესაძლებელი. რადგან «უზნეობით» დახსნილი საქართველო ის საქართველო არ იქნება, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობდით და ვოცნებობთ.

    თანამედროვე «ზვიადისტური» მოძრაობის უზნეობა უპირველეს ყოვლისა იქედან ჩანს, რომ ამ მოძრაობის მხარდამჭერთ დეკემბერ-იანვრის მოვლენები ბოროტებად მიაჩნიათ, და რატომღაც თავიანთ უპირველეს მტრად ედუარდ შევარდნაძეს ასახელებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს იმ მოვლენებში არავითარი ბრალი არ მიუძღვის.
    იმათ კი, ვინც მართლაც მოახდინა სახელმწიფოს გადატრიალება (ამ მოვლენების შეფასება ამჯერად არ არის ჩვენი მიზანი) დღეს უკვე თავიანთ «მეგობრებად» თუ «მოკავშირეებად» მიიჩნევენ. რამდენადაც ვიცი, წვეულებებსაც უმართავენ. ღმერთმა ყველა მტერი კეთილად შეარიგოს საქართველოში, მაგრამ, დალოცვილებო, თუ გუშინდელ «ნამდვილ მოსისხლეთ» ასე ადვილად ურიგდებით, იმას მაინც რა სინდისით ამბობთ, რომ «დეკემბერ-იანვრის მოვლენები შევარდნაძემ მოაწყო, რათა ქართველთა გვამებზე დაყრდნობით ძალაუფლება მოეპოვებინაო?!».
    1991 წლის მარტში, როდესაც შევარდნაძე თბილისში დაბრუნდა, იგი ვერ იტყოდა, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური იყო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, ვერც იმას იტყოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო შედეგი მმართველ ბლოკში მომხდარი განხეთქილებისა, რადგან ასეთი განცხადების შემდეგ ის ჯგუფი, რომელსაც მაშინ რეალური ძალაუფლება ეპყრა ხელთ, არ მისცემდა მას მოქმედების საშუალებას. ასეთ შემთხვევაში კი არც «დაბრუნებას» ჰქონდა აზრი.
    სამწუხაროდ, როდესაც ვნებები ბობოქრობს, რაციონალური განსჯა ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. განაწყენებული და გამწარებული ადამიანი თითქოს ყოველთვის ეძებს სიძულვილის საგანს, რათა შვება იგრძნოს, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციური აღტკინებაა და სხვა არაფერი.
    რაციონალური თვალსაზრისით კი, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პოლიტიკა არის პროცესი და თუ ამ პროცესის განვითარებას მივადევნებთ თვალს, უეჭველად შევამჩნევთ - ასპარეზს ტოვებენ სწორედ ის ძალები, რომელთა ურთიერთქიშპმა, ურთიერთსიძულვილმა გაუტანლობამ და ორგულობამ დაღვარა საქართველოში ზღვა სისხლი.
    ედუარდ შევარდნაძის გადადგომა კატეგორიულად დაუშვებელი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას უეჭველად მოჰყვა სისხლისღვრის ესკალაცია. ედუარდ შევარდნაძის გადადგომა, თუ მის საერთაშორისო სახელს გავითვალისწინებთ, სამუდამოდ შეარყევდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ავტორიტეტს მსოფლიო არენაზე. ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ საქართველო უარს ამბობს დემოკრატიაზე (რისი სიმბოლოცაა დასავლეთში შევარდნაძე).
    ქვეყანას კი, რომელიც ამ გზაზე ამბობს უარს, დასავლეთი არ დაეხმარება.
    სახელმწიფოს მეთაურის გადადგომა კიდევ ერთხელ შეარყევდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურის და ხელისუფლების (როგორც ასეთის) ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში, უავტორიტეტო ხელისუფლება კი (თუნდაც მესამეს ან მეასეს) არანაირი რეალური ძალაუფლება არ ექნება.
    უმთავრესი პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული სახელმწიფო დგას, არის ბრძოლისუნარიანი, დისციპლინირებული არმიის ჩამოყალიბება. ჩვენში «თოფიანი კაცი», ყოველგვარ იდეოლოგიურ საყრდენსაა მოკლებული. შეიარაღებულ ძალას კი უდიდესი კულტურა სჭირდება. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თვითდამკვიდრებას, თუ აილაგმება ყველა ის ნაძირალა, რომელიც ერთხელ ქვეყნისათვის გაისვრის, ასჯერ კი - საკუთარი ჯიბისთვის.
    მაგრამ ამისათვის მძლავრი და მტკიცე ძალაუფლებაა საჭირო. სწორედ ამ მიზანს ისახავს ის «საგანგებო ვითარება», რომლის გამოცხადების სურვილიც გახდა მოვლენათა კატალიზატორი. ეს მდგომარეობა არ ემუქრება დემოკრატიას. პირიქით, - იგი მიზნად ისახავს დემოკრატიული პრინციპების, პარლამენტარიზმის იდეის გადარჩენას.

    სწორედ ამ დროს, დასავლეთ საქართველოში კვლავ იფეთქა შურმა და ბოღმამ. დიახ, სწორედ ამ ქვენა გრძნობებმა, რადგან არავითარი სხვა საფუძველი ყოველივე იმას, რაც იქ ხდება, არ გააჩნია. გამსახურდიას მომხრე ფორმირებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ «ძმათა სისხლისღვრის» გამო მთელი პასუხისმგებლობა სწორედ და მხოლოდ მათ დაეკისრებათ.

«ივერია-ექსპრესი», 15 სექტემბერი, 1993წ.

მთელ გვერდზე