ხელისუფლება და ძალაუფლება

    ბოლო დროს, საქართველოს წინაშე წამოჭრილ პრობლემათა შორის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმწვავესია ხელისუფლებისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართების საკითხი.
    ნებისმიერი ქვეყნისათვის ეს ფუნდამენტური პრობლემაა, ამიტომ იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც თვით ქართული სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის უმნიშვნელოვანესი პირობა.
    გარდა ამისა, საკითხი რა მარტო წმინდა ისტორიული, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც, მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს უახლოეს წარსულს.

    ხშირად ვამბობდით და ვამბობთ, რომ «საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა», რომელიც 1921 წლიდან არსებობდა, არ იყო სრულფასოვანი სახელმწიფო.
    რა თქმა უნდა, სავსებით მართებული შეფასებაა. მაგრამ აქამდე ცოტა რამ თუ ითქვა იმაზე, კონკრეტულად რა პირობას არ აკმაყოფილებდა ის «საბჭოთა რესპუბლიკა» იმისათვის, რათა სრულფასოვან სახელმწიფოდ (ანუ უბრალოდ - სახელმწიფოდ) ჩათვლილიყო.
    ეს არც ისე იოლი საკითხია, როგორც ერთი შეხედევით ჩანს, რადგან იმ «რესპუბლიკას», გარეგნულად, სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი ჰქონდა: აღმასრულებელი ხელისუფლების მკვეთრად ჩამოყალიბებული სტრუქტურა, სასამართლო სისტემა, ეროვნული კადრებით დაკომპლექტებული პროკურატურა თუ სხვა ძალისმიერი, სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ.
    შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მთავარი მიზეზი ხელისუფლების ბუტაფორულობა იყო - ანუ ის, რომ საქართველოს ხელისუფალთ მოსკოვი ნიშნავდა. მაგრამ არც ეს არის ნამდვილი, სიღრმისეული მიზეზი. როდესაც 1990 წელს საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლად აირჩია ხელისუფლება, იგი მაინც არ იქცა სრულფასოვან სახელმწიფოდ.
    საბჭოთა საქართველო  ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა ნამდვილი სახელმწიფო არა იმიტომ, რომ მას სახელმწიფოებრივი სტრუქტურები არ გააჩნდა და არც იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება არ იყო დამოუკიდებელი, არამედ იმიტომ, რომ იმ ხელისუფლებას არ ჰქონდა ორგანიზებული იძულების დამოუკიდებლად განხორციელების უნარი, ანუ არ გააჩნდა ძალაუფლება.
    ბოლო წლების განმავლობაში გაშლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფუნდამენტური დოგმის თანახმად, ამის მიზეზი საოკუპაციო ჯარი იყო. მაგრამ თუ გავაანალიზებთ, ეს მაინც არ არის მთავარი მიზეზი. ჭეშმარიტება უფრო რთული და ჩვენთვის ტრაგიკულია. საქმე ის კი არაა მხოლოდ, რომ საქართველოში ძალაუფლების ერთადერთ წყაროს სწორედ ეს ფიზიკური ძალა ანუ რუსეთის ჯარი წარმოადგენდა, არამედ ის, რომ რუსეთმა, ორასწლოვანი ანექსიის განმავლობაში, საქართველოს წაართვა სახელმწიფოებრივი იძულების (ძალაუფლების) ისტორიული ტრადიცია.
    სწორედ ეს გახდა უმთავრესი მიზეზი, რადგან «ძალაუფლება» გაცილებით უფრო ფართო და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფოებრივად უფრო კეთილშობილი ცნებაა, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური (სამხედრო) ძალა. ეს უკანასკნელი ძალაუფლების მხოლოდ ერთ-ერთი (არცთუ გადამწყვეტი) კომპონენტია. ამიტომ «ძალაუფლება» მარტივად გაგებულ ფიზიკურ ძალაზე არ დაიყვანება.
    ძალაუფლება არის ხელისუფლების უნარი, ორგანიზებული იძულების გზით, უპირობოდ და უეჭველად განახორციელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ძალაუფლებისა და ხელისუფლების ერთობა კი იგივე სუვერენიტეტია.
    ამავდროულად იგი გულისხმობს გარკვეული ისტორიული ტრადიციისა და ამ ტრადიციის საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი კულტურის არსებობას.
    ძალაუფლება არის სწორედ ის ცენტრალური ღერძი, რომელიც გულანივით გასდევს სახელმწიფოს და მისი ცხოველმყოფელობის მთელ სისტემას.
    ამ გულანისათვის არავითარი პირდაპირი მნიშვნელობა არა აქვს თვით ხელისუფლების ბუნებას. ხელისუფლება შეიძლება იყოს დემოკრატიულიც და არადემოკრატიულიც, მაგრამ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება რეალური, თუ თან სდევს საზოგადოებაში გარკვეული ცნობიერი სისტემის არსებობა, რომლის გარეშეც ძალაუფლება არ არსებობს.
    რა თქმა უნდა, პირველყოფილი სახით, ძალაუფლება ფიზიკური ძალიდან ამოიზარდა, მაგრამ (კვლავ ვიმეორებ), ისტორიული პროცესის შედეგი ბევრად ამაღლდა მასზე.
    რაც უფრო მეტად ცივილიზებულია ქვეყანა, რაც უფრო ხანგრძლივი და მდიდარია მისი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, მით უფრო ნაკლებად სჭირდება მას ძალაუფლების ფიზიკური ძალით არგუმენტაცია და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია და ღარიბია ეს ტრადიცია, მით უფრო ხშირად ესაჭიროება ხელისუფლებას მიმართოს ძალას, როგორც უკანასკნელ და გადამწყვეტ არგუმენტს.
    ანუ, რაც უფრო განვითარებულია ამ მხრივ სახელმწიფო, მით უფრო შეუმჩნეველია, რომ ძალაუფლების საფუძველი სწორედ მის მიერ დათრგუნული და დამორჩილებული ფიზიკური ძალაა.
    რა თქმა უნდა, ძალაუფლების პრობლემა ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის საკითხს და ეს ორი ცნება არა თუ ავსებს, არამედ გარკვეული თვალსაზრისით გულისხმობს კიდეც ერთმანეთს.

    როდესაც გორბაჩოვმა იმპერიის მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება დაიწყო, მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სწორედ ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში» ძალაუფლების სისტემის მოშლა გახდა.
    შესაძლოა ბევრმა დაუჯერებლად მიიჩნიოს და არც დაგვეთანხმოს, მაგრამ ამ საქმეში მისი მიზანი იყო კომპარტიის, როგორც ფაქტობრივად «ძალაუფლებრივი ღერძის» განადგურება. კომპარტია ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ ღერძის ფუნქციას ასრულებდა და იმპერიისათვის უდიდესი საშიშროება იმაში მდგომარეობდა, რომ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ხელისუფლებებს, შესაძლოა მოეხერხებინათ ამ ბერკეტის ხელთგდება და მისი გამოყენება საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის.
    სხვათა შორის, ბალტიისპირეთში ასეც მოხდა, მაგრამ იმ ქვეყნებში, ყველაფერთან ერთად, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის ტრადიცია, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში, მეორე მსოფლიო ომამდე შეიქმნა.
    კრემლში ზუსტად გათვალეს, რომ ძალაუფლების არსებული სისტემის გარდაუვალი კვდომის შემდეგ, ახლადშობილი სახელმწიფოები უეჭველად დადგებოდნენ ძალაუფლების საკუთარი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე და, უმრავლეს შემთხვევაში, თავს ვერ გაართმევდნენ ამ პრობლემას - იმავე კრემლსა და მისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ფარული თუ აშკარა ძალისხმევის შედეგად.
    ამ გეგმის განხორციელების თვალსაჩინო მაგალითად საქართველო იქცა. იმპერიამ მიაღწია თავისი პროგრამა-მინიმუმის განხორციელებას: დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება - ხელისუფლების გარეთ ძევს. იგი ეკუთვნის არა დემოკრატიული გზით არჩეულ სახელმწიფოებრივ ორგანოებს - პარლამენტს, სახელმწიფოს მეთაურს, არამედ ფიზიკური ძალის მპყრობელს.
    ანუ «ძალა» და «უფლება» კონკრეტულად დაშორდა ერთმანეთს, რამაც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების და მმართველი სტრუქტურების სრული დამბლა გამოიწვია.
    დღეს სახელმწიფოს მეთაური (რომლის ინსტიტუციურ არსში უნდა ერთიანდებოდნენ ხელისუფლება და ძალაუფლება) უაღრესად ტრაგიკულ ვითარებაში აღმოჩნდა: იგი ფლობს მხოლოდ ხელისუფლებას, მაგრამ არა ძალაუფლებას! მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის აღსრულებას საჭიროდ ჩათვლიან ისინი, ვინც რეალურ ძალაუფლებას ფლობს - ანუ ფიზიკური ძალის მპყრობელნი. (ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, სერიოზულ გადაწყვეტილებას და არა იმას, თუ ვთქვათ, სად უნდა მოეწყოს ამა თუ იმ უცხოელი ელჩის მიღების ცერემონიალი). ამავე დროს, პასუხისმგებლობა ყველასა და ყველაფერზე მხოლოდ მას ეკისრება - სწორედ ესაა მისი მდგომარეობის ტრაგიკულობა.
    დღევანდელ საქართველოში შექმნილი სახელმწიფოებრივი ანარქიის პირობებში, ჩრდილოელ მეზობელს ნელ-ნელა, ფრთხილად მიჰყავს საზოგადოება იმ აზრამდე, რომ საქართველოს და მის ხალხს არ გააჩნია სახელმწიფოებრივი ძალაუფლების დამოუკიდებლად განხორციელების უნარი და ჩვენი ქვეყანა განწირულია ან მუდმივი ანარქიისათვის, ან იმისათვის, რომ საქართველოში ძალაუფლების ერთადერთ წყაროს შეიძლება მხოლოდ რუსული სახელმწიფო და მისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა წარმოადგენდეს.
    ამის პირველი სიმპტომი დასავლეთ საქართველოში რუსეთის ჯარის გამოყენება იყო. და თუ ქართველ ერს არ ეყო სულიერი ძალა, უკუაგდოს შიში და გააღვიძოს თავის თავში სახელმწიფოებრივი ინსტიქტი, მაშინ საქართველოში განხორციელებული ძალაუფლება, კვლავ, ისევე როგორც წინათ, საერთო-იმპერიული ძალაუფლების ნაწილი თუ იქნება.

«ივერია-ექსპრესი», 18 დეკემბერი, 1993 წ.
   

მთელ გვერდზე